ქალბატონზე, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, გამოგიტყდებით და, თავადაც ბევრი არაფერი ვიცოდი. ისე მოხდა, რომ ბედმა უცნაურად დაგვაკავშირა, თუ ამას „დაკავშირება“ შეიძლება ვუწოდოთ. რამდენიმე წლის წინ, ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში, ქალთა დღისათვის მიძღვნილ მორიგ შეკრებაზე, რომელსაც ფოთელი ქალბატონები ესწრებოდნენ, ახალ და საინტერესო წამოწყებაზე ისაუბრეს — ნოტიო ლოლუას სახელობის მედალიონის დაარსების შესახებ გვაუწყეს. მერე ისე მოხდა, რომ ამ მედალიონის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ბედნიერი მფლობელიც მე აღმოვჩნდი.
პირველად იმ საღამოს ვნახე ამ პატივცემული ქალბატონის ფოტოც, რომელიც სადღესასწაულო აქსესუარს ამშვენებდა, 21 ფოთელი კონკურსანტის ფოტოსთან ერთად და სახელობით მედალიონზეც იყო გამოსახული
სიხარულის, მოულოდნელობისა და ბევრი სხვა ემოციის შემდეგ ჩემმა მეხსიერებამ შორეულ წარსულში ჩემს უბის წიგნაკში ჩაწერილი ერთი ამბავიც გაიხსენა, ნოტიო ლოლუასა და ყველა ფოთელისათვის კარგად ცნობილი მისი ძმის — ლოტბარ ძუკუ ლოლუას შესახებ: მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ძუკუ ლოლუა ჯგუფურ ჩხუბში გარეულა. სამწუხაროდ, ჩხუბი მკვლელობით დამთავრებულა. ძუკუ დაუპატიმრებიათ და რვა წელიც მიუსჯიათ. მის დას, ნოტიო ლოლუას, ძმის საპატიმრო ვადის ნახევარი თავის თავზე აუღია და და-ძმას 4 წელი ერთად გაუტარებიათ გვერდიგვერდ საკანში ისე, რომ ძმას ამის შესახებ არაფერი სცოდნია.
თავის დროზე ამ ამბავში დის ერთგულებამ და უპირობო თავგანწირვამ მომხიბლა, ისიც წაკითხული მქონდა, „რომ არა ნოტიო, ძუკუ არაფერი იქნებოდა, ნოტიომ მთელი თავისი ცხოვრება ძმას შესწირა ფაქტობრივადო“. წლების შემდეგ კი, ბევრი ისეთი რამ გავიგე ნოტიოს შესახებ, რომ გულწრფელად მგონია, ბევრმა, ძალიან ბევრმა უნდა გაიგოს, ვინ იყო იგი. ფაქტებს, მშრალად და ქრონოლოგიური სიზუსტით მოთხრობილთ, ნებისმიერი მსურველი მოიძიებს, ინტერნეტ სივრცის ვრცელ და უკიდეგანო სამყაროში, თუმცა ვერც ამ ფაქტების გარეშე შევძლებთ ნოტიოს დამსახურების გაცნობას ხალხისთვის. მაინც რით იყო მნიშვნელოვანი ნატო, იგივე ნოტიო ლოლუას ღვაწლი ფოთელთათვის და არა მხოლოდ ფოთელთათვის? უპირველეს ყოვლისა იმ საქმიანობით, რომლისთვისაც მას „განმანათლებელი“ უწოდეს. როგორი ტიტულია? — „განმანათლებელი, რომელიც ქალებს დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლიდა“ და როდის? მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული. მაშინ, როცა განათლება და დამოუკიდებლობა ბევრი ქალისთვის დღესაც სასურველ-საოცნებოდ რჩება.
ამონაწერი ნოტიოს ბიოგრაფიული ცნობებიდან: „1989 წელს დაამთავრა ბათუმის კერძო სასწავლებელი, დაბრუნდა ფოთში და კერძო სამკერვალო დააარსა, თავის გარშემო ათამდე ქალი შემოიკრიბა და შექმნა ერთგვარი ამხანაგური კოლექტივი. 1895 წლიდან თავისი სახელოსნო გარდაქმნა კერძო პროფესიულ ექვსთვიან კურსებად, რისთვისაც მას შესაფერისი დიპლომი მოსთხოვეს, მეგობრების დახმარებითა და თავის სახელოსნოში შეგროვილი მცირე თანხით იგი გაემგზავრა თბილისში, სადაც ექვსი თვის მეცადინეობის შემდეგ მიიღო დიპლომი და ფოთში დაბრუნდა. სკოლას მიენიჭა „ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებლის“ სახელწოდება. 1907 წლიდან აქ ისწავლებოდა ჭრა-კერვა, ხატვა-ხაზვა, ქსოვა, გამოჩენილ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ნაწარმოებების ოქრომკედით ამოქარგვა და ამოქსოვა, აგრეთვე, ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, სამოქალაქო ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, გალობა, სიმღერა და საღვთო ისტორია…“ ეს მშრალი ფაქტებია ოდენ… ადვილი წარმოსადგენია, რა შრომაა ამ ფაქტების მიღმა — სასწავლებლის არსებობის მანძილზე გამოშვებული ხუთასი კურსდამთავრებული, რომელთაც პროფესიული განათლება ჰქონდათ მიღებული… არსებული ფასიანი სკოლების ფონზე ღარიბი ოჯახების შვილებისთვის უფასოდ სწავლება… ბრძოლა ქალთა უფლებებისათვის, საზოგადოებაში მათი როლის გაზრდისათვის… პრესაში ატეხილი დისკუსიებისათვის პასუხის გაცემა… საქარგი და საქსოვი დაზგების შეძენა (ადგილობრივი მონაზვნისაგან უსესხებია ამის თანხა), ჯერ სკოლის გახსნა, მერე ექვსთვიან კურსებად გადაკეთება… საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად სკოლა-პანსიონის დაკარგვა (საბჭოთა მთავრობამ ის საფაბრიკო სკოლად გადააკეთა), ბრძოლა უამრავ წინაღობასათან, მასა და მის სკოლა-პანსიონს რომ უქმნიდნენ ისევე, როგორც ყველა კარგ საქმესა და წამოწყებას ჩვენში… ჩემთვის ნოტიო ლოლუა, უპირველესად, ის მამაცი ქალბატონია, რომელმაც მაშინ, როდესაც სამეგრელოში სწავლა მხოლოდ რუსულ ან მეგრულ(!) ენებზე იყო დაშვებული, თავის სკოლაში ყველა საგნის სწავლება მხოლოდ ქართულად დაუშვა. ეს ნამდვილად დიდი საქმე იყო!
და კიდევ ერთი რამ, რაც გამორჩეულად მომწონს ამ ქალბატონის საქმიანობაში — ქალები, რომლებიც ნოტიოს სკოლა-პანსიონში სწავლობდნენ, სწავლის დასრულების შემდეგ, მიდიოდნენ თავიანთ სოფლებში და იქაც ხსნიდნენ ასეთივე სკოლებს იმ განათლების საფუძველზე, რომელსაც ნოტიოს სკოლაში იღებდნენ. დიახ, ნოტიო ლოლუა სწორედ ის განმანათლებელი იყო, რომელმაც საკუთარი წამოწყებით თემის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა (სხვათა შორის, ნოტიო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრიც ყოფილა). აი, სწორედ ამიტომ მგონია, რომ ბევრმა უნდა იცოდეს ამ ამაგდარი ქალბატონის შესახებ, დროს რომ უსწრებდა, შრომისა და დამოუკიდებლობის ფასი იცოდა, უმეცრების სიბნელის გასაფანტავად ყველაფერს აკეთებდა. უნდა ვიცოდეთ, უნდა გვახსოვდეს, უნდა ვბაძავდეთ, პატივს უნდა ვცემდეთ და გვახსოვდეს, რომ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის!“.