მარინე დეკანოიძე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მნიშვნელოვანი ასპექტია მოსწავლის შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, მისწრაფებებსა და საბაზისო უნარებზე ორიენტაცია, რასაც ეფუძნება განმავითარებელი შეფასება.
როგორც ცნობილია, განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლის დროს და მისი მიზანია, დაადგინოს რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება, სწორად დაგეგმოს სწავლება და თითოეულ მოსწავლესთან მიაღწიოს სასწავლო მიზნებს. განმავითარებელი შეფასებისთვის ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მოსწავლეების შესახებ, რომელიც მოიცავს სწავლის სტილს, შესაძლებლობებს, ტემპს, ინტერესს, საჭიროებებსა და მისწრაფებებს, რომელთა ამოცნობა და წახალისება მასწავლებლის ძირითადი ამოცანაა მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. რადგან მასწავლებლისთვის მთავარი გამოწვევაა მოსწავლეებში მოტივაციის აღძვრა, ანუ მათთვის სასურველი სიტუაციის შექმნა და განწყობა, საგაკვეთილო პროცესში სრულად ჩართვისათვის, ყოველივე ეს მოითხოვს ბავშვის შინაგანი ბუნების, სულიერი სამყაროს საფუძვლიან გაცნობას და გააზრებას.
სწორედ განმავითარებელი შეფასების დროს, დიფერენცირებულ მიდგომებში, მეხმარება ფარული კურიკულუმი, რომელიც არის „განათლების სისტემის თანმხლები მოვლენა, ცოდნა, ღირებულებები და უნარები, რომელსაც ბავშვებს გადავცემთ არაპირდაპირი გზით“. ფარული კურიკულუმი საშუალებას იძლევა, საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, ვიმსჯელოთ სრულიად განსხვავებულ, არაპროგრამულ, ყოფით, ცხოვრებისეულ საკითხებზე. ამ დროს იცვლება საგაკვეთილო რუტინა და მოსწავლეებს თავისუფალი სივრცე ექმნებათ, სადაც თავისუფლად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს, ინტერესებს, ღიად მსჯელობენ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებზე, რაც მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ინფორმაციის მოპოვებას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელი პირობაა მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია სასწავლო მიზნის მისაღწევად, რადგან ამ ურთიერთობით დგება ეფექტური შედეგი, იქმნება ის ერთობლივი პროდუქტი, რასაც ცოდნა და მასზე დაფუძნებული სხვადასხვა უნარ-ჩვევა ჰქვია.
ეფექტური სასწავლო მიზანი რომ მიღწევადი იყოს, ყოველ ახალ სასწავლო წელს, განსაკუთრებით ახალ კლასთან შეხვედრას და ურთიერთობას, ვიწყებ დიაგნოსტიკური ტესტების გამოყენებით, რათა დავადგინო რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები. ვიკვლევ მოსწავლეთა ინტერესის სფეროს და ვახდენ მათ რანჟირებას, რომ შემდეგში, სასწავლო აქტივობების შედგენის დროს, გავითვალისწინო. ყველაზე ხშირად, კომპლექსური დავალებების საბოლოო პროდუქტის შექმნის (კომპლექსურ დავალებაში საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად ფართო არჩევანი ეძლევათ) დროს ვლინდება მოსწავლეთა გამოცდილება. ისინი თავისუფლად საუბრობენ თავიანთ განწყობებზე, იხსენებენ შემთხვევას არასასკოლო ცხოვრებიდან, ასევე იმაზე, თუ როგორ ეხმარება მათ განწყობები და დამოკიდებულებები დავალების შესრულების დროს. ზოგი ამბობს, რომ ახალ ტექსტზე მუშაობა უადვილდება მუსიკის თანხლებით, ზოგი სწავლის დროს ხატავს და ასე აანალიზებს ინფორმაციას, ქმნიან დიორამას, წერენ ესეს.
ხშირად მოსწავლის გამოცდილებას ახალი მასალის ახსნის დროს ვიყენებ, ასე მაგალითად:
გიორგის ძალიან უყვარს მანქანები და შეუძლია მათზე ბევრი საინტერესო რამ მოუყვეს მეგობრებს, რადგან, მათგან განსხვავებით, აქვს ავტომობილზე წვდომა და, შესაბამისად, მისი ტარების გამოცდილება. როდესაც აკუმულაციურ რელიეფზე ვამზადებდი საკითხს, გადავწყვიტე, ახალი მასალის ახსნის დროს, გიორგის გამოცდილება გამომეყენებინა, კერძოდ, როდესაც გაკვეთილზე კითხვა დავსვი, თუ რას წარმოადგენს აკუმულაცია, იქვე დავძინე, რომ ამის ახსნაში, შესაძლოა, გიორგი დაგვხმარებოდა. ამისათვის მას შევახსენე ავტომობილის ერთ-ერთი ნაწილი – აკუმულატორი და ვთხოვე, აეხსნა ჩვენთვის, თუ რა ფუნქციას ასრულებს ის. მართლაც, გიორგიმ აგვიხსნა აკუმულატორის, როგორც დენის დაგროვების ფუნქციის მატარებლის დანიშნულება, შესაბამისად, აკუმულაცია დაგროვებას ნიშნავსო. უკვე ძალიან ადვილად, ერთად ავხსენით, როგორ იქმნება, აკუმულაციის შედეგად, აკუმულაციური რელიეფი, ხოლო სხვადასხვა წარმოშობის ფხვიერი დანალექი ქანების დაგროვების შედეგად – აკუმულაციური ვაკე.
გიორგიმ და მისმა მეგობრებმა ხალისით აღნიშნეს, რომ არასოდეს დაავიწყდებოდათ ეს გაკვეთილი.
გამოყენებული ლიტერატურა: