ნათია ჭუმბურიძე
თბილისის №186 და №221 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
დღემდე მახსოვს, სკოლაში მიღებული შეფასებით გამოწვეული ნეგატიური თუ პოზიტიური ემოციები… არც იმას დავმალავ, მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, ხშირად, საგნის სწავლების მოტივაციას რომ განსაზღვრავდა… მართლაც, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მიღებული შეფასებები ადამიანების განწყობის გამომწვევი ძლიერი ბერკეტია. მაშინ, როცა თითქმის არ არსებობს კორელაცია სკოლაში მიღებულ ნიშნებსა და ცხოვრებაში მიღწეულ წარმატებას შორის, ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა: ხელფასი, თანამდებობა, სტატუსი, გავლენა, ბედნიერება და სხვ. (შამსონ და სხვები, 1984). ამ მართლაც განსაცვიფრებელი აღმოჩენის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რა აზრი აქვს შეფასების სისტემას? ის, რაც მოგვიანებით წარმატების საწინდარი ხდება, არც ტესტით იზომება და არც შეფასების ჩვენეული სისტემით. საუბარია სწავლის შეფასებასა და შეფასების არსებული სისტემების არასახარბიელო შედეგებზე, რის საფუძველზეც, 1990-იან წლებში, შეფასების ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო (საფიერი, ჯ გოუერი, რ. 2010).
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს კარგად ესმოდეთ შეფასების აზრი. გააზრებული ჰქონდეთ შეფასების მიზანი. იცოდნენ, რას ითხოვს მათგან მასწავლებელი. კონკრეტულად, რომელ აქტივობაში აფასებს და რატომ. რა შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ მიღებული შეფასება. სწავლების მიზნების ახსნა მხოლოდ დასაწყისია იმ ციკლისა, რომელიც მიზნებს სწავლის გამოცდილებასა და შეფასებასთან აკავშირებს. მაღალი ხარისხის სამუშაო კრიტერიუმებისა და თანმხლები შეფასების განსაზღვრა ნათელს ხდის მიზნების არსს.
მოსწავლეებისთვის (მასწავლებლებისა და მშობლებისთვის) ნათელი წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ, თუ რა უნდა შეძლონ მოსწავლეებმა, კარგი შეფასების ძირითადი პირობაა. არაფერია იმაზე სასარგებლო მოსწავლეთა ძალისხმევის კონცენტრირებისთვის, ვიდრე განმარტების თანხლებით რეალური მაგალითის ჩვენება, თუ როგორ წარმოაჩენს კონკრეტული ნიმუში მოსწავლეებისთვის მისაღწევად დასახულ შედეგებს (საფიერი, ჯ გოუერი, რ. 2010).
მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა გამართული კითხვის შეფასების რუბრიკის შესახებ. რამდენიმე წლის მანძილზე ვამუშავებდი ამ რუბრიკას, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ფორმას იღებდა, იხვეწებოდა და მოსწავლეების საჭიროებებს ერგებოდა. ამჯერად, მესამეკლასელთათვის, წელს განხორციელებული აქტივობების შესახებ მოგიყვებით.
თავდაპირველად, მოსწავლეებს გავაცანი გამართული კითხვის მახასიათებლები. ვაჩვენე გამართული კითხვის თვითშეფასების პლაკატი.
რამდენიმე გაკვეთილი დავუთმეთ ამ პლაკატზე მუშაობას. ისინი ჩემთან ერთად აფასებდნენ ერთმანეთის მიერ წაკითხულ ტექსტს. ამ პლაკატზე წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთობლივი მსჯელობის შედეგად, გამოვკვეთეთ 4 კრიტერიუმი, რომლის დაცვაც გამართულად წაკითხვის საწინდარი იქნება. ესენია:
♦ სიტყვების სწორად წაკითხვა;
♦ სასვენი ნიშნების გამოყენება;
♦ ზომიერი სისწრაფით კითხვა;
♦ ინტონაციით ტექსტში ასახული ემოციების სწორად გადმოცემა.
შემდეგ სანიმუშოდ წავიკითხე ტექსტის კონკრეტული მონაკვეთი და ვთხოვე, გამართული კითხვის მახასიათებლები ამოეცნოთ, ჩემ მიერ წაკითხული მონაკვეთიდან.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეები გავაფრთხილე, რომ იმავე მონაკვეთს წავიკითხავდი, მათ კი უნდა აღმოეჩინათ რომელი კრიტერიუმი არ გავითვალისწინე. ეს დავალება ძალიან მოეწონათ. სხარტად და ხალისით აღმოუჩინეს მასწავლებელს „დაშვებული შეცდომები“. განხორციელებული აქტივობების შემდეგ, ერთობლივად შემუშავებული კრიტერიუმების გამოყენებით, თვითშეფასების რუბრიკა შევქმენი, მოსწავლეებს გავაცანი და შევსების ინსტრუქციაც მივაწოდე.
ორიოდე სიტყვით მინდა განვმარტო, რატომ თვითშეფასება და არა მასწავლებლის შეფასება, როგორც ეს ტრადიციულად მიღებული და დანერგილია ჩვენს სასკოლო სისტემაში. თვითშეფასება ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარია. ადამიანის ქცევა სწორედ თვითშეფასებიდან არის ნაკარნახევი.
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს, ხშირად მოსდის კონფლიქტი ირგვლივ მყოფებთან, რითაც ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა, რის გამოც განვითარების პროცესში შესაძლოა სრულად ვერ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზება. ასეთი ბავშვი ძალიან ხშირად უარს ამბობს მასწავლებლის წინადადებაზე, მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში, კონფერენციაში ან ნებისმიერ სხვა ღონისძიებაში იმ მოტივით, რომ თავს ვერ გაართმევს დავალებას. თუმცა, უმეტესად, ყოველგვარი მონაცემი აქვს აღნიშნულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. მაღალი შეფასების მიღებისას ასეთ ბავშვს ხშირად ჰგონია, რომ ნიშანი მოუმატეს. სინამდვილეში, არცთუ იშვიათად, ასეთ შემთხვევაში, შეფასება სავსებით ობიექტურია (ოსიაშვილი, ქ. 2014 http://mastsavlebeli.ge/?p=2097).
ვინაიდან, თვითშეფასების დონე გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო შედეგებზეც, ვფიქრობ, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მოსწავლეთა თვითშეფასების დონის განსაზღვრაზეც და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაზე.
მას შემდეგ, რაც მოსწავლე ტექსტს წაიკითხავს გაკვეთილზე, იცის, რომ თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსოს. იმისთვის, რომ ეს შეფასება ობიექტური იყოს, მოსწავლეებს თვითშეფასების მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრე. ავუხსენი, რომ არც მაღალი თვითშეფასებაა მისაღები და არც დაბალი, სასურველია ვისწავლოთ არსებული სიტუაციის ობიექტურად შეფასება. მოსწავლეთა გამართული კითხვის თვითშეფასების კითხვარის შევსებულ ვერსიას ყოველი გაკვეთილის ბოლოს ვამოწმებ და, საჭიროების შემთხვევაში, განვიხილავ მას მოსწავლესთან, ინდივიდუალურად.
ერთ-ერთ კლასში გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც უჭირთ დაშვებული შეცდომების დანახვა. საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, რომელი სიტყვები წაიკითხეს შეცდომით. წარმომიდგენია, რას გრძნობდნენ მაშინ, როცა მასწავლებლისგან განმავითარებელ კომენტარს იღებდნენ… როგორი გაურკვევლობა იყო მათ გონებაში… ისინი სრულიად ვერ გააცნობიერებდნენ მასწავლებლის სიტყვებს, რადგან ვერ ამჩნევდნენ დაშვებულ შეცდომებს… თვითშეფასების კითხვარზე მუშაობის დროს აღმოვაჩინე დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეები, რომლებიც კითხვის გაწაფული უნარის მიუხედავად, ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ უმაღლეს შეფასებას… შესაძლოა, სხვა კლასშიც იყოს მსგავსი შემთხვევები, რომელთაც დროული აღმოჩენა სჭირდება, რათა სწორი მიმართულება მიეცეს მათი თვითშეფასების ფორმირებას განათლების მიღების პროცესში, დაწყებით საფეხურზე.
პრაქტიკამ მიჩვენა, რომ გამართული კითხვის თვითშეფასების კითხვარის დახმარებით შესაძლებელია: მოსწავლეთა თვითშეფასების დონის განსაზღვრა, რაც მათ ეხმარება მეტაკოგნიციაში, საკუთარი ქმედების გააზრებასა და თვითშეფასების უნარის ჩამოყალიბებაში და განმავითარებელი შეფასების ფუნქციასაც ასრულებს. ამ შეფასების რუბრიკაზე მუშაობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მოსწავლეები აჯამებენ მიღებულ შედეგებს და გამოკვეთენ საჭიროებებს. ადგენენ, რომელი მიმართულებით აქვთ სამუშაო, რა გამოსდით კარგად, სად სჭირდებათ დახმარება. მშობელიც თვალს ადევნებს შვილის განვითარებას და აფასებს სწავლის პროცესს.
- მოცემული გამართული კითხვის თვითშეფასების რუბრიკა ეფუძნება სწავლის მნიშვნელოვან მიზნებს;
- გვთავაზობს წარმატების ნათელ კრიტერიუმებს;
- მოსწავლეებს რთავს თვითშეფასებაში, ერთობლივ კრიტიკასა და მიზნების დასახვაში;
- უვითარებს მეტაკოგნიციის უნარს.
ამასთან, გამართული კითხვის თვითშეფასების რუბრიკაზე მუშაობა სასწავლო პროცესის ორგანული ნაწილი ხდება. ის მოსწავლეთათვის ყოველდღიური შედეგის გაზომვის წინაპირობაა, რადგან მუდმივად ადევნებს თვალს საკუთარ პროგრესს თუ რეგრესს და იაზრებს, რომ წარმატება მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამ გზით მომავალი ცხოვრებისეული პრობლემების გამკლავებისთვის საჭირო უნარებსაც ივითარებს და არსებული რეალობის ობიექტურად გააზრებასაც სწავლობს.