27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

spot_img

გპფ- სასტიპენდიო პროგრამას უკვე 130-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ფაქტობრივად, ერთადერთი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც მიზანმიმართულად მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს და მისი საქმიანობა, ძირითადად, მიზნად ისახავს, გააძლიეროს მასწავლებლის როლი და რეპუტაცია, დააფინანსოს ისეთი იდეები და ინიციატივები, რომელიც პედაგოგის ფუნდამენტური მისიის განხორციელებასა და რეალიზებას ემსახურება. დღეს საზოგადოებამ უკვე შეიყვარა და პოპულარულიც კი გახდა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტები: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, დებატების სწავლება განათლების მიღების სხვადასხვა ეტაპსა და რგოლში და სხვა პროექტები, რომელსაც გპფ, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ფინანსურად უჭერს მხარს. ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც იგი მეხუთე წელია ახორციელებს რეგიონულ უნივერსიტეტებში, სასტიპენდიო პროგრამა „მომავალი პედაგოგია“. მისი მიზანია გამორჩეული სტუდენტების წახალისება, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

პროექტი, ფონდის ინიციატივით, 2020 წელს დაიწყო და თუ პირველ ეტაპზე მხოლოდ სამ რეგიონულ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდებოდა, დღეს გპფ-ს შვიდი პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წამახალისებელი პროგრამა ერთგვარი მოტივაციაცაა რეგიონის მცხოვრებთათვის, აბიტურიენტებისთვის, მათთვის ვინც ეხლა ფიქრობს, აირჩიოს მომავლის პროფესია ან უკვე ეუფლება მას. სტიპენდიანტთა შერჩევის პროცესს თავად უნივერსიტეტი უძღვება სრულად და ფონდი, უკვე საუკეთესო და გამორჩეულ კანდიდატს, სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს.

მოქმედ 70 სტიპენდიანტთა და აწ უკვე კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა 130-ზე მეტ ახალგაზრდას მოიცავს. ფონდის სტიპენდიანტების ის თაობა, რომელმაც უკვე დაასრულა სწავლა, პროფესიით აგრძელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქსა და სოფელში.

აღსანიშნავია, რომ ფონდისთვის უნივერსიტეტთან და სტიპენდიანტთან ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სტიპენდიის დაფინანსება სწავლის პერიოდში – გპფ ერთგვარ მონიტორინგს უწევს მთელ ციკლს, თუ როგორ გადადის სტუდენტი ერთი საფეხურიდან მეორეზე, ეცნობა რა სტიპენდიანტთა აკადემიურ მოსწრებას, რამდენად ერთვება სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა პროექტებში, როგორაა ჩართული პრაქტიკის პროცესში, როგორ საქმდება და აქაც ადევნებს თვალს უკვე დასაქმებულ სტიპენდიანტთა კარიერულ განვითარებასა და წარმატებას.

მიმდინარე აკადემიურ წელს მოგვეცა შესაძლებლობა და კვლავ ვეწვიეთ პარტნიორ უნივერსიტეტებს, გავეცანით ახალ სტიპენდიანტებს და მივიღეთ ინფორმაცია იმ წარმატებებზე, რასაც ახალგაზრდები აღწევენ სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, დავესწარით უკვე ყოფილი სტიპენდიანტების ღია გაკვეთილებს სამცხესა და შიდა ქართლში. შთამბეჭდავი იყო ჯერ კიდევ ახალბედა პედაგოგების მონდომება, მათი მოსწავლეების წარმატება, კმაყოფილი დირექტორებისა და გამოცდილი კოლეგების დამოკიდებულება, თუ როგორი სიხარულით ხვდებიან ახალ კადრს სკოლაში, ისეთ ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებიც ცვლიან სწავლების მოდელსაც და მოსწავლეებთან მუშაობის სპეციფიკასაცსაოცარია, როგორ უყრიან საფუძველს ინოვაციებს საკუთარ კლასში და როგორი მოტივაციით უძღვებიან სასკოლო პროცესს. ყოველივე ეს თითქოს ბუნებრივად აძლიერებს და ამძაფრებს კიდეც ჩვენს დამოკიდებულებასა და ენთუზიაზმს, რომ კვლავაგავაგრძელოთ ინვესტირება განათლებაში, და წავახალისოთ, დავუფასოთ შრომა და საქმის სიყვარული მონდომებულ ახალგაზრდებს,“ – აღნიშნავს ზურაბ კერვალიშვილი.

ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტში, სომხურენოვან სკოლაში ვიზიტი, სადაც ახალგაზრდა პედაგოგს უკვე თამამად შეუძლია იამაყოს იმ შედეგებითა და ახალი უნარებით, რაც მისმა მოსწავლეებმა გამოავლინეს. და ეს არაა მხოლოდ კონკრეტული საგნის ცოდნის ამაღლება, ან ქართულად ამეტყველება და ახალი მიდგომების სწავლა. ეს ერთგვარი მაგალითია, თუ როგორ შრომობენ ახალგაზრდები გამოწვევებით სავსე რეალობაში, როგორ ცვლიან მიკრო გარემოს და ამით როგორ აძლევენ ბიძგს სხვებსაც თავის ირგვლივ. ასევე ემოციების გარეშე ვერ გავიხსენებთ ოკუპირებული საზღვრისპირა ზოლის ერთერთ სკოლაში სტუმრობას, სადაც ასევე ჩვენი გამორჩეული სტიპენდიანტი აგრძელებს ოჯახის ტრადიციას და წარმატებით ნერგავს ახალ მეთოდებს საკუთარი სოფლის სკოლაში, – დასძენს ფონდის დირექტორი.

ფონდის სტიპენდიანტები, დამატებით, ჩართულები არიან გპფ-ს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტში, როგორიცაა, მაგალითად, დებატების ტექნიკისა თუ სოციალურ-ემოციური უნარების შესწავლა. მათ აქვთ შესაძლებლობა,  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი პედაგოგებისაგან მიიღონ პრაქტიკული რჩევა-დარიგებები, დაესწრონ მათ გაკვეთილებს და ვორქშოპებს.

სასტიპენდიო პროგრამის ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა და გვინდოდა ეს, ერთგვარად, ყოფილიყო დიდი ჯაჭვის/წრედის ნაწილი. ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას, რომლის ერთ-ერთი მიზანიცაა დარგში მეტი და მოწადინებული ახალგაზრდა კადრი შემოვიდეს, მეორე მხრივ, ვცდილობთ დავეხმაროთ პროექტებს, რომლებიც მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის შექმნიან უკეთეს სასწავლო რესურსს, და თუკი მეტი ახალგაზრდა ისურვებს დარგში შემოსვლას, მოინდომებს და შეძლებს განათლების ფაკულტეტებზე მაღალი აკადემიური შედეგებით სწავლას, რატომაც არ უნდა დავუფასოთ მათ ეს გადაწვეტილება და შრომა? ჩვენი სტიპენდიით გვინდა მათი მოტივაცია კიდევ უფრო ავამაღლოთ და ეს მოტივაცია სხვებისთვისაც ვირუსულად გადამდები გახდეს. ქალბატონი ინნას, ფონდის დამფუძნებლის, მიზანიც ხომ ესაა, მის მიერ უანგაროდ გაღებული ქველმოქმედება მის ქვეყანაში მოხმარდეს ყველაზე კრიტიკულ რგოლს, რომელიც პასუხისმგებელია განათლებული და ქვეყნის მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი გამართლებულია და ამ გზაზე მარტოები არ ვართ და იმედია, არც ვიქნებით. გვჯერა, კიდევ მეტი ორგანიზაცია, კერძო პირი თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ჩადებს ინვესტიციას განათლებისა და განათლებული საზოგადოების ფორმირების მიმართულებით, – ამბობს ზურაბ კერვალიშვილი

⇒ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ: დღეისათვის, ფონდის მიერ სასტიპენდიო პროგრამაზე დახარჯულია თითქმის 400 000 ლარი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზებას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ, ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150₾-ს.

⇒ ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი, 2017 წელს, ქალბატონ ინნა გუდავაძის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რათა სკოლაში განათლებული, წარმატებული, თავისუფალი და პატრიოტი მოქალაქე აღიზარდოს. გპფ-ის ძირითადი მიმართულებებია სასკოლო და პროფესიული განათლება; უმაღლესი განათლების მიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ ფონდის ინვესტიციით რეგიონულ უნივერსიტეტებში მომავალი პედაგოგების წახალისებისა და სასწავლო პროგრამებისა თუ პროცესების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით. დღეისათვის, გპფ-ს, ჯამში, 5 მილიონი ლარის 45-ზე მეტი საგანმანათლებლო გრანტი აქვს დაფინანსებული.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები