18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

განათლების სისტემა საუკუნეების წინ (საერო სკოლის ჩამოყალიბებამდე)

spot_img

მერი გიბიშვილი
სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

განათლების სისტემა მუდმივად განახლებადი პროცესია, ყველა თაობას თავისი სურვილები, მოთხოვნები და მიზნები აქვს. ფაქტია, ცოდნა – ეს არის ყველა ადამიანის ფუნდამენტი, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების ნებისმიერ ასპექტს. განათლებული ადამიანი ქვეყნის, სახელმწიფოს სოციალურ-კულტურული მდგრადობის საფუძველია.

სტატიაზე მუშაობის დროს, გავეცანი უამრავ მასალას და, მასზე დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ განათლებას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სპეციალური სასწავლო დაწესებულებები ჯერ კიდევ არ არსებობდა. სურვილი განათლების მიღებისა იმდენად დიდი იყო, შემოიღეს „შინ“ სწავლის მეთოდი. ადრე ფეოდალურ საქართველოში, განათლების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მაღალი წოდების ოჯახების შვილებს ჰქონდათ. შინ იწვევდნენ მასწავლებლებს ან გააბარებდნენ წარჩინებულთა ოჯახებში აღსაზრდელად. ცდილობდნენ, აღეზარდათ გონებრივად და ზნეობრივად განვითარებული, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საგანმანათლებლო კერები ჩნდება ეკლესია-მონასტრებში და იმდროინდელი განათლების პროგრამა, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს: „თუ საქართველოში რაიმე სკოლები არსებობდა ქრისტიანობის შემოსვლისა და განმტკიცების პერიოდში,ის უნდა ყოფილიყო მოწყობილი ნაზიბინის სკოლის ყაიდაზე“. ეს რა თქმა უნდა, განპირობებული იყო იმით რომ, როდესაც ჩვენთან დაიწყო საქრისტიანო მწერლობა, აღმოსავლეთ საქართველოში სწორედ ნაზიბინის სკოლა იყო გაბატონებული.

ქრისტიანობის დასაწყისში სწავლა-განათლების არსებობას ხაზს უსვამს ლეონტი მროველი. მისი ცნობით, მცხეთაში საკმაოდ განვითარებულია მწიგნობრობა. იმ დროს, მცხეთაში, აქვთ ე.წ. რაღაც ძველი და ახალი წიგნები, ასევე წიგნი ნებროთისი.

განუზომელია ასურელ მამათა ღვაწლი ქართული პედაგოგიკური აზროვნების წინაშე. მათ მიერ დაარსებული სამონასტრო კერები, შემდგომში, იქცა საგანმანათლებლო ცენტრებად. ქართული ქრისტიანული ცენტრები ხელმძღვანელობდნენ ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი ეფრემ ასურის თხზულებებით. საყურადღებოა,რომ მოწაფის ნებისყოფის გამოწრთობისა და განმტკიცებისთვის, წინა პლანზე, წამოწეულია წინააღმდეგობათა გადალახვის უნარის გამომუშავება. ყურადღება ეთმობოდა მოსწავლის შეთვისების უნარს, ცოდნისადმი ინტერესისა და მისწრაფების აღძვრას, ცოდნის შინაგან რწმენად გადაქცევას, ფორმირებას ისეთი პიროვნებისა, რომელსაც შეუძლია თავისი რწმენისა და შეხედულების დაცვა. მასწავლებელს „მოძღვარს“ უწოდებდნენ, რომელსაც კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული აღზრდის მიზანი და მნიშვნელობა.

ექვთიმე ათონელის პედაგოგიკური სასწავლო-სამეცნიერო ტრადიციები განაგრძო და უფრო მაღალ დონეზე აიყვანა XI საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, გიორგი ათონელმა. აღსანიშნავია, რომ იგი, ბაგრატ VI-ის თხოვნით, 1060 წელს ჩამოვიდა საქართველოში და შეუდგა განათლების სფეროში მოღვაწეობას. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებას უთმობდა. კარგად ესმოდა, რომ სწავლება და აღზრდა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებლობებს უნდა შეუფარდონ. ამიტომ ბავშვის განვითარების საწყის საფეხურად მას სკოლამდელი ასაკი მიაჩნდა. კარგად ესმოდა, რომ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია. „ჰასაკითა სრულთა“ სწავლება უკვე „შეუძლებელ არს“. ამ დროს გონება არც თუ ისე ამთვისებელია, ხოლო, პირიქით, მოზრდილის გონება იმდენად ჩვილია, რომ ადვილად გამოძერწავ, როგორ მიმართულებასაც მისცემ მის გონებას, იმ მიმართულებით წავა. ამიტომ მოზარდობის ასაკი სწორედ შესაფერისი პერიოდია სწავლებისათვის. გიორგი მთაწმინდელს არ ავიწყდება, რომ დაწყებითი სკოლის ასაკში, სწავლასთან ერთად, ბავშვს თამაშიც უნდა. ბავშვს სათამაშო დრო უნდა დარჩეს, რაც მისი სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია.

საინტერესოა ასევე იოანე პეტრიწის მოსაზრებები სწავლასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ ყოველი ცოდნის მიღებას თავისი წესი აქვს, გარკვეული პედაგოგიური მიდგომა სჭირდება. სწავლა მარტივიდან რთულზე გადასვლით უნდა მოხდეს, რათა ეს რთული გასაგები გავხადოთ. მოსწავლემ ბევრი წიგნი უნდა წაიკითხოს, რადგან წიგნი ცოდნის მიღების წყაროა, მაგრამ წაკითხული რომ შეიმეცნო, საჭიროა კითხვის კულტურა გამოიმუშაო და დაიცვა. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ, რომ ხმამაღლა კითხვა გონებას ფანტავს და წაკითხულის შინაარსს ვერ ჩასწვდება. კარგად რომ აითვისოს მასალა, მას სჭირდება ხელახლა წაკითხვა და გამეორება.

XII საუკუნიდან, თანდათანობით, ვითარდება განათლება და პედაგოგიური აზროვნება, ყალიბდება საერო სკოლა. დავით აღმაშენებელი აარსებს გელათის აკადემიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა ალექსანდრიული სკოლის მემკვიდრეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენისა და ცოდნის ჰარმონიის შესახებ მოძღვრება, ასევე ივირონის, მანგანისა და პეტრიწონის აკადემიის გამოცდილება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები