საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
კერძოდ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებენ საქართველოში STEM საგნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეისწავლის უკვე არსებულ და ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებთან მუშაობის შესაძლებლობებს, რათა მათ შესთავაზოს აშშ-ში აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამები. თავის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან MCC-ის მეორე კომპაქტის (Compact II) მიზნების ხელშესაწყობად STEM-ის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.
ხელმოწერის ღონისძიებაზე მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სამომავლოდ ითანამშრომლებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ხელმოწერის ღონისძიების დასრულების შემდეგ, მიხეილ ჩხენკელმა ადელა დე ლა ტორესთან სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. ეს მიდგომა შენარჩუნდება და მომავალში აკადემიური პროგრამები შეიქმნება კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.
მიხეილ ჩხენკელმა ადელა დე ლა ტორესთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილა.
მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრისთვის სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ (IBA) ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ააწყო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას პროტონული მეთოდით. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ჩიკაგოში გამართულ ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მონაწილე არაერთმა მეცნიერმა გამოთქვა აღფრთოვანება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს დამოკიდებულება აღფრთოვანებას იწვევს ევროპელ მეცნიერებშიც. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მოხარული იქნება, თუკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. ეს იქნება ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი შესაძლებლობა.
***
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა SDSU-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამ კუთხით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და SDSU-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზი გავუსვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის გავლენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
SDSU საქართველო არის კომპაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამერიკულ სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოში, დაახლოებით, 800 სტუდენტი ირიცხება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას STEM ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
მქონდა პატივი, დავსწრებოდი წლევანდელი დიპლომების გადაცემის ცერემონიას და პირადად შევხვედროდი SDSU-ს რამდენიმე გამორჩეულ კურსდამთავრებულს საქართველოში. ეს არის საქართველოს პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში. ნამდვილად საამაყოა ის შედეგები, რასაც SDSU-სა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე მივაღწიეთ.
უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია STEM დისციპლინებში და უახლესი STEM განათლების მიწოდების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მოსამზადებლად, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტის წარმატებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ SDSU ახორციელებს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს “STEM კვლევისა და აკადემიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საერთაშორისო კვლევის სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორეს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს SDSU-ს სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის დღის წესრიგში.“
SDSU საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორებმა და დეკანებმა, ფონდ ქართუს წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის დონორმა ორგანიზაციებმა და სხვა.
***
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ამასთან, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობაც აქვს.