21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

განათლების კვირეული – „ევროკავშირი განათლებისთვის“ დაიწყო

spot_img

საარჩევნო პერიოდში განათლების პოლიტიკის საკითხების აქტუალიზებისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, განათლების პოლიტიკის ცენტრი, განათლების კამპანიის ფარგლებში „ევროკავშირი განათლებისათვის“, კვირეულს მართავს.

კვირეული პანელური დისკუსიით „ევროკავშირი განათლებისათვის“ გაიხსნა და გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დადებითი მხარეები აქვს და რა ტიპის განვითარება მოჰყვება ევროინტეგრაციას უშუალოდ განათლების სისტემისათვის.

„განათლების კამპანიით, რომელიც სხვადასხვა, მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს, გვინდა საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ როგორ უწყობდა დღემდე ხელს ევროკავშირი საქართველოს განათლების სისტემას და რას ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაცია განათლების სისტემის განვითარებისათვის. ამ მიმართულებით ჩვენი ორგანიზაცია ამზადებს გადაცემას „დიალოგი განათლებაზე“, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველკვირეულად გადის; მოეწყობა დოკუმენტური ფილმის „ეროვნული გამოცდები“ ჩვენება, გამოიცემა გაზეთი „დიალოგი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება, გაიმართება წიგნის „რა დაემართა საბჭოთა უნივერსიტეტს“ პრეზენტაცია და ჩატარდება ფოტოკონკურსი „კადრი სკოლიდან“, – განაცხადა განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

კვირეულის ფარგლებში, 23-29 სექტემბერს, მასწავლებლების ჩართულობით თბილისსა და რეგიონებში გაიმართება თემატური ღონისძიებები: სამაგიდო თამაშები, ფილმის ჩვენებები, შეხვედრები სასკოლო თემთან, ასევე, ამბის თხრობის ფესტივალი „ერთი ამბავი ევროპაზე“. კვირეული დაიხურება 29 სექტემბერს, ქუჩის აქციით „მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის“.

განათლების კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრი“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის, ასევე, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში მხარდაჭერით ახორციელებს.

„განათლების პოლიტიკის ცენტრი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების სისტემის განვითარებას, მისი სოციალური ფუნქციის აქტუალიზებასა და სისტემის მართვის დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ცენტრი ხელს უწყობს თანამშრომლობის სივრცეების შექმნას და ახორციელებს შესაბამის კვლევით, ადვოკატირებისა თუ სხვა თემატურ საქმიანობას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები