გვესაუბრება ნიკოლოზ ფარჯანაძე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
⇒ რა არის დღეს განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა?
– გამოწვევა შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ მთავარია თავად გამოწვევის არსის გააზრება, რადგან გამოწვევა რეალურად არის შესაძლებლობა, რომ სისტემა გაჯანსაღდეს და თანმიმდევრული რეფორმებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების კვალდაკვალ მივიღოთ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, მთავარი გამოწვევა ალბათ თავად განათლების არსის გააზრებაა დღევანდელი გლობალური კონტექსტის ჭრილში. ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია, რა ტიპის საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რა მოთხოვნებს ვუყენებთ განათლების სისტემას. ნამდვილად განსაკუთრებულ სიახლეს არ ვიტყვი, რომ დღეს სწორად უნდა გავიაზროთ, რა ტიპის საზოგადოებაა 21-ე საუკუნის საზოგადოება. დღევანდელ საზოგადოებას ხშირად ახასიათებენ ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებად და ალბათ სწორედ ამ ფენომენის სათანადოდ გააზრებაა უმთავრესი გამოწვევა. თუკი ამ არსს გავიაზრებთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი გამოწვევა შესაძლებლობად იქცევა, თუკი სწორ პრიორიტეტებს დავსახავთ.
⇒ შესაბამისად, რას ნიშნავს, თქვენი აზრით, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება?
– ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება აუცილებლად უნდა გავიაზროთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკასთან, ან ცოდნის ეკონომიკასთან კავშირში. ამ საკითხზე მომუშავე მკვლევრები და განათლების სპეციალისტები ცოდნის ეკონომიკას განმარტავენ ორი პერსპექტივიდან – ცოდნა, როგორც სერვისებისა და წარმოების განვითარების შესაძლებლობა და ცოდნა, როგორც სერვისი, რომელიც თავისთავად შეიძლება იყოს დიდი შემოსავლის წყარო. განათლების სისტემისა და ცოდნის განვითარებას უკავშირდება სახელმწიფოსა და ძლიერი ეკონომიკის ფორმირება და განვითარება. მრავალ კვლევაშია წარმოდგენილი ეს პოსტულატი, რომ სწორედ ძლიერი განათლების სისტემის ფორმირებამ განაპირობა მრავალი ევროპული სახელმწიფოს განვითარება. კვლევებით ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ განათლებაში განხორციელებული ინვესტიციები და საგანმანათლებლო რეფორმები და ინიციატივები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს თავად სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების კეთილდღეობას. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ ამ კვლევებით მიღებული გამოცდილება და სწორად გავიაზროთ ცოდნის ეკონომიკა.
განხორციელებული კვლევების და ამ კვლევების საფუძველზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების კვალდაკვალ უნდა გაუმჯობესდეს მომსახურების (ნებისმიერი სერვისი, იქნება ეს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის თუ სხვა) თუ წარმოების (სოფლის მეურნეობისა თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის წარმოება) პროცესი და შესაბამისად, გაიზარდოს ეკონომიკური სარგებელი. მეორე მხრივ, განათლება თავად არის სერვისი, რომელიც შეიძლება არა მარტო ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. სწორედ ამ ხედვას იზიარებს არაერთი თანამედროვე სახელმწიფო. განათლების საერთაშორისო ბაზარი დიდ ფინანსურ შესაძლებლობას სთავაზობს ქვეყნებს. განათლების სფეროდან მიღებული შემოსავლებით მოწინავე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა ქვეყანა.
⇒ თქვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ცოდნის ეკონომიკისა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების სწორად გააზრება რას ნიშნავს საქართველოსთვის?
– ამ საკითხების სწორად გააზრება ნიშნავს ქართული საგანმანათლებლო სივრცისათვის სწორი პრიორიტეტების განსაზღვრას. ეს დებულება არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით არ მივდივართ. შესაძლოა, უშუალოდ ამ ტერმინებს განათლების სივრცეში ბევრი არ იყენებს, მაგრამ კონცეფციაზე ფიქრი და მსჯელობა მიმდინარეობს და მისი პრაქტიკული რეალიზებისათვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო პოლიტიკისა და კონკრეტული საგანმანათლებლო რეფორმების დონეზე. ამ შემთხვევაში ძირითად აქცენტს გავაკეთებ უმაღლეს განათლებაზე, რადგან სწორედ ეს მიმართულებაა ჩემი საქმიანობისა თუ კვლევის ძირითადი არეალი.
აუცილებელია უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება თანმიმდევრული, სწორი სათანადო პრიორიტეტების განსაზღვრით. განათლების მაღალი ხარისხი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და რეგიონული მასშტაბით საქართველოს როლის გადააზრებას. მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებით, ბუნებრივია, გაუმჯობესდება, როგორც ზემოთ აღინიშნა, სერვისებისა და წარმოების ხარისხი. აქვე გაუმჯობესდება ცოდნის ეკონომიკის კონცეფციით გათვალისწინებული მეორე კომპონენტიც – ხარისხიანი განათლების შეთავაზება რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა გულისხმობს დამატებით შემოსავალს უნივერსიტეტებისათვის, მოთხოვნას განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ასევე მოთხოვნას ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე და ა.შ. ამასთან, საერთაშორისო სტუდენტები, ასევე, გულისხმობს ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მეტ ინტერნაციონალიზაციას, მეტი საერთაშორისო გამოცდილების შემოტანას და დანერგვას ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. განათლების ინტერნაციონალიზაცია, ამ თვალსაზრისით, არ არის მარტივი საკითხი, თუნდაც რეგიონის დონეზე, რადგან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის ფაქტორი, სადაც ბევრი უმაღლესი რეიტინგის საერთაშორისო უნივერსიტეტია და ნამდვილად დიდი გამოწვევაა ამ პირობებში, რეგიონულ დონეზეც კი, კონკურენციის გაწევა. თუმცა, აქაც ეს მიზანი მიუღწეველი არ არის. ბევრ ქართულ უნივერსიტეტს განსაზღვრული აქვს საკუთარი ნიშა და საკმაოდ წარმატებითაც ახორციელებს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის საკითხს. მიუხედავად ამისა, ამ საკითხის ცალკეული უნივერსიტეტების დონეზე გადაწყვეტა საკმარისი არ არის. საჭიროა ინტერნაციონალიზაციის პრიორიტეტების განსაზღვრა ეროვნულ და საუნივერსიტეტო დონეებზე, რაც ხორციელდება კიდეც. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის როლისა და ფუნქციის განსაზღვრა და ამ ხედვის ჩამოყალიბებაში, ჩემი შეფასებით, განსაკუთრებული როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
⇒ საინტერესოა კარგად გავმიჯნოთ, რა როლი აქვს სახელმწიფოს და ცალკეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას?
– სახელმწიფოს როლია, სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის დონეზე დაარეგულიროს ეს საკითხი. კანონმდებლობა განმარტავს კიდეც, რა ტიპის უნივერსიტეტებია საქართველოში და როგორ რეგულირდება მათი საქმიანობის არეალი. აქვე მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რა სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია საქართველოში და ამასთანავე, რა არის საერთაშორისო გამოცდილება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არის უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი და კოლეჯი. საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. ზოგადად, არსებობს უნივერსიტეტების საერთაშორისო ტიპოლოგია. არის გერმანული, ანგლო-საქსური და ლათინო-ამერიკული მოდელი. გერმანული მოდელი გულისხმობს მეტ ორიენტირებულობას კვლევაზე და ამ მოდელის ნიმუშად შეიძლება განვიხილოთ, მაგალითად, გერმანია, შვედეთი, ნიდერლანდები, იაპონია. ანგლო-საქსური მოდელი თანაბარ აქცენტს აკეთებს კვლევასა და სწავლებაზე. ამ მოდელის ტიპურ ნიმუშებად დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის განხილვა შეიძლება. ლათინო-ამერიკული მოდელი ორიენტირებულია სწავლებაზე და ამ ტიპის უნივერსიტეტებია, მაგალითად, არგენტინის, ჩილეს, ბრალიზიის უნივერსიტეტები. ქართული კანონმდებლობის მიხედვით რეგულირდება უნივერსიტეტების სახეები და ჩვენი მოდელი ახლოს დგას ანგლო-საქსურ მოდელთან, რომელიც, როგორც აღინიშნა, თანაბარ აქცენტს აკეთებს კვლევასა და სწავლებაზე. როგორც უკვე ვახსენეთ, ცალკეულმა უნივერსიტეტმა, მნიშვნელოვანია, თავადვე განსაზღვროს საკუთარი როლი და ფუნქცია. ამ შემთხვევაში, ჩემი პირადი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია სწორად განიმარტოს კვლევის არსი – რა ტიპის კვლევისკენ უნდა მიმართოს უნივერსიტეტმა ძალისხმევა და სწორად შეაფასოს საკუთარი რესურსები.
⇒ რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევაზე მომეტებული აქცენტის გაკეთება?
– კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდება საუბრის დასაწყისში განხილულ საკითხს – ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება. ნამდვილად არ იქნება დიდი სიახლე, თუკი ვიტყვი, რომ ძირითადად ვსაუბრობთ ორი ტიპის კვლევაზე – წმინდა (თეორიული – basic) კვლევა და გამოყენებითი კვლევა. კვლევის ორივე ტიპი ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას – გენერირებას. ახალი ცოდნა იძლევა შესაძლებლობას, ამაღლდეს სწავლება-სწავლის და კვლევის ხარისხი. შესაბამისად, ახალი ცოდნა ხელს უწყობს წარმოების ეფექტიანობის ზრდასა და სერვისების ხარისხის ამაღლებას, თუ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ვისაუბრებთ. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა ახალი ცოდნის გენერირება, რაც, როგორც აღვნიშნე, პრაქტიკული დანიშნულებისაა და ასევე უკავშირდება უნივერსიტეტის მესამე მისიას – მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნის პროცესში. განათლება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადო სიკეთეა.
⇒ როდესაც უნივერსიტეტის როლზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებული აქცენტი კეთდება როგორც კვლევაზე, ასევე სწავლება-სწავლაზე. რა მექანიზმები არსებობს ამ პროცესების ხელშესაწყობად და ვისი ჩართულობით უნდა განხორციელდეს?
– კვლევისა და სწავლება-სწავლის ხარისხზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეს პროცესები უნდა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით. აქვე მინდა გამოვყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის როლი და ფუნქცია. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები აანალიზებს როგორც კვლევის, ასევე სწავლება-სწავლის პროცესს. განხორციელებული შეფასებების შედეგად ცენტრს აქვს ხედვა, რომ აუცილებელია კვლევაზე მეტი აქცენტის გაკეთება, რაც შეიძლება განხორციელდეს ორი მიმართულებით – სადოქტორო პროგრამების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა. ორივე ასპექტი უნივერსიტეტის კომპეტენციაშია. თუმცა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც გარე შეფასების განმახორციელებელი, მუდმივად ზრუნავს შეფასების პროცესის დახვეწასა და განვითარებაზე, რათა შეფასების შედეგებმა უკეთ შეუწყოს ხელი როგორც სადოქტორო პროგრამების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის ძალისხმევით ან პროცესების შიდა და გარე შეფასებით საბოლოო მიზნის მიღწევა ძალიან რთულია. აუცილებელია უნივერსიტეტების, სახელმწიფოსა და პოტენციური დამსაქმებლის მჭიდრო თანამშრომლობა. ამ მოსაზრებაშიც ახალი არაფერია. განათლების მკვლევართა მიერ შემუშავებული სამგანზომილებიანი მოდელი (ე.წ. Triple Helix) სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობაზე აკეთებს აქცენტს – უნივერსიტეტი, სახელმწიფო და ინდუსტრია. პოტენციური დამსაქმებლების, ზოგადად რომ ვთქვათ, ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირებისა და განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტების მიერ წარმოებული კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისითაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ტიპის თანამშრომლობა. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი პრეროგატივაა, მოქნილი საკანონმდებლო ბაზისა და რელევანტური რეგულაციების მეშვეობით, კვლევისა და სწავლება-სწავლის ხელშეწყობა.