როგორც ცნობილია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, წელს, პირველად ჩაატარა გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიულ უნარებში. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, სადაც განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის.
უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით აბარებდნენ, საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულად განსაზღვრული იყო 70. დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრების მიხედვით, წამყვანობის მსურველს უნდა დაეგროვებინა ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 42 ქულაზე მეტი; ხოლო მენტორობის მსურველს — ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი, ანუ, მინიმუმ, 52.5 ქულაზე მეტი.
2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე აპლიკანტმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა — უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა — წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა. წელს ყველა მსურველს მხოლოდ ერთი საგნის არჩევის უფლება ჰქონდა, ასევე, სურვილის შემთხვევაში — უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე, დამატებით, საგნის გამოცდას ვერ აირჩევდა. რამდენმა აპლიკანტმა შეძლო წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწოდებთ. მანამდე კი, გაგაცნობთ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების მოსაზრებებს ტესტირების შესახებ, ამ გადასახედიდან — როგორი იყო სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა, რომელსაც რამდენიმე წელია ელოდნენ პედაგოგები, რა შენიშვნები აქვთ და როგორ ხედავენ მსგავსი ფორმატის გამოცდის საჭიროებას.
ელენე
ბეთლემიშვილი
გორის №3 და №8 საჯარო სკოლების
დაწყებითი
კლასების მასწავლებელი
ჩემთვის ეს გამოცდა იყო ჩემი გამოცდილების სხვისთვის წერილობით გაზიარება. შინაარსში უცხო არაფერი ყოფილა, რადგან ამ ლიტერატურას წლებია ვეცნობი და სიახლეების პრაქტიკაში გამოყენებას მუდმივად ვცდილობ. თუმცა, ტესტში ზოგიერთი დავალების პირობა მეტ დაზუსტებას საჭიროებდა. ვეთანხმები პოზიციას, რომ აუცილებელია, მასწავლებელი მუდმივად ეცნობოდეს განათლების სიახლეებს, ნერგავდეს საკლასო ოთახში, უზიარებდეს კოლეგებს გამოცდილებას, მათთანაც განიხილავდეს მეთოდების ეფექტიანობას და ვითარდებოდეს თავის პროფესიაში.
მიუხედავად ამისა, ჩემთვის „კარიერული ზრდის“ ეს სისტემა მიუღებელია. აღარ დავიწყებ ანალიზს, როგორ დაიწყო ეს პროცესი, რა პირობებით, რამდენჯერ შეიცვალა, რამდენად არათანმიმდევრულია, როგორ გვაყენებს მასწავლებლებს არათანაბარ მდგომარეობაში და რამდენად ბიუროკრატიულია. კონკრეტულად ამ გამოცდას, მე პირადად, ველოდებოდი 2018 წლის შემდეგ, რადგან იმ წლის სექტემბერში დააანონსეს, რომ გაზაფხულზე ჩატარდებოდა და ჩვენ მოგვცეს არჩევანის უფლება. მოგვიანებით კი აღმოვაჩინეთ, რომ თურმე არანაირი არჩევანის უფლება არ გვქონდა, რადგან გამოცდა არ ჩატარდა ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი…
თუ გამოცდის მიზანია, უკეთესი კადრი იყოს სკოლაში მოსწავლეთა უკეთესი განათლებისთვის, ვფიქრობ, სხვა სახის მხარდაჭერა გაცილებით ეფექტიანი იქნება.
კარგი, მე ჩავაბარე გამოცდა, ავიღე მენტორის სტატუსის შესაბამისი ქულა, მაგრამ რა მხარდაჭერას მიცხადებს განათლების სამინისტრო? სკოლა? როგორ შემიწყობს ხელს მე ან ჩემს მოსწავლეებს, რომ ის, რაც თეორიულ გამოცდაზე დავადასტურე, მაქსიმალურად გავააქტიურო და გამოვიყენო საკლასო ოთახში? მაგალითად, დიფერენცირებული სწავლებისას (რასაც სტაბილურად ვიყენებ კიდეც), მუდმივად მჭირდება რესურსების ადაპტირება, დაბეჭდვა. ამავე დროს, გაუმართავია სკოლაში ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე განათლების და უსაფრთხო გარემოს შემადგენელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგანმანათლებლო ლიტერატურა, სიახლე, მეთოდი, სტრატეგია, პრობლემა მასწავლებელმა საკუთარი მუშაობის საჭიროების საფუძველზე განიხილოს, საკლასო ოთახში მოსინჯოს, დააკვირდეს, შეისწავლოს, გააუმჯობესოს სწავლა-სწავლების პროცესები. ასეთი პრაქტიკა ჩვენ გვაძლევს შედეგებს, დამოკიდებულებებს, არგუმენტებს და ფასდაუდებელ გამოცდილებას. საგანმანათლებლო თეორიების საგამოცდოდ დაზეპირება რთულიცაა და არაფრის მომცემიც. ამიტომაც ვფიქრობ, პრაქტიკულ ნაწილში მეტი მხარდაჭერა სჭირდება მასწავლებელს, ვიდრე ტრენინგები ან თეორიული გამოცდაა. სისტემამ ეს ძირეულად უნდა შეცვალოს. სკოლას საკმარისი ბერკეტიც და ფინანსებიც უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარ საჭიროებებზე მეტი შესაძლებლობებით იმუშაოს და შედეგებიც თავად უხაროდეთ და არა მხოლოდ ვინმეს დასანახად.
საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გავყევი ამ შეთავაზებას, ჩავაბარე გამოცდა, სტატუსით „უფროსმა“, გადავლახე წამყვანის ბარიერიც და მენტორის ბარიერიც, მაგრამ ახლა უნდა ჩავება „მარათონში“, ვაგროვო დოკუმენტები, რათა რამდენიმე წელში დავადასტურო, რომ მეტი ხელფასი მეკუთვნის (მათი პირობა ასეთია). მოდი, ვიქნები ამბიციური და თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი — მე მთელი ჩემი პრაქტიკის მანძილზე ძიებაში ვარ. ყველა პრაქტიკულ მიგნებას, შექმნილ რესურსს ვაზიარებ საჯაროდ, ვეხმარები კოლეგებს (არა მარტო ჩემს სკოლაში), თუ ამის საჭიროება აქვთ. ასევე, ვდგავარ მოსწავლეებთან, მინდა და ვახერხებ, რომ ლაღები იყვნენ. ვცდილობ, მათ შემოქმედებით გამოვლინებებს ძალა შევმატო, თავდაჯერება მივცე, გავამხნევო, მხარი დავუჭირო და ვასწავლო — როგორ ისწავლონ და გახდნენ დამოუკიდებლები.
თუ ვინმე დაინტერესდება და მკითხავს რას ვაკეთებ, სიამოვნებით მოვუყვები ჩემს გამოცდილებაზე. დოკუმენტების ატვირთვას კი არც ახლა დავიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მზად მქონდეს კიდეც. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს დოკუმენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის გაზიარებული სიახლეები, რისთვისაც ღირს მეტი დროის დათმობა.
თეა
ალიმბარაშვილი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის
საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების (I-IV)
წამყვანი მასწავლებლი
2022 წელს პირველად ჩატარდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში, სადაც რეგისტრირებული იყო 12500-ზე მეტი პედაგოგი.
საცდელი ტესტირების შემდეგ უნდა დადგენილიყო გამოცდის საბოლოო ფორმატი, როგორიცაა დავალებათა რაოდენობა, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ტესტური დავალების სირთულე და დისკრიმინაციის ინდექსი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ წამყვანი და, განსაკუთრებით, მენტორი მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობებს, ვთვლი, რომ საგამოცდო ბარიერი მენტორი მასწავლებლებისთვის არასწორად იქნა შერჩეული. სრულიად ნორმალურია, მასწავლებელსა და მასწავლებლობის მსურველს, გამოცდა წამყვანის სტატუსის ასამაღლებლად წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს, თუ მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტს დააგროვებს, რაც უტოლდება ნებისმიერი ჩასაბარებელი საგნის გამოცდის ბარიერს. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მაქსიმალური ქულა 70%-ზე მეტი არ უნდა დაწესებულიყო. ჩავლილმა პროფესიული უნარების გამოცდამ ვერ აღმოაჩინა მასწავლებელთა კომპეტენტურობა , გამოცდილება და შესაძლებლობები. ელვის სისწრაფით გავრცელდა შემდეგი ფრაზები: წიგნი არ გადამიშლია, ისე ჩავაბარე, პატარას ხელში რას მოვასწრებდი? ერთი წელია, რაც დავიწყე მუშაობა, ასეთ შედეგს მეც არ ველოდი. ჩავაბარე გამოცდა და ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ პორტფოლიოში რა აქტივობები უნდა განვათავსოთ? 31აგვისტომდე ყოფილა პორტფოლიოს წარდგენა და დამეხმარეთ, გთხოვთ, ნერვიულობისაგან ლამის არის მოვკვდე…
დაფაცურდნენ გამოუცდელი პედაგოგები, დაანონსდა ტრენინგებიც პორტფოლიოს შექმნასთან დაკავშირებით, ეს ის პორტფოლიოა, მე რომ სტატია მივუძღვენი და 13000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს. დიახ, მათ უნდა სცოდნოდათ , რომ სტანდარტის მეორე ნაწილში მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის, რომელიც მარტო წაკითხული კი არა, დანერგილი, განხორციელებული, ნაცადი მაინც უნდა ჰქონოდათ პრაქტიკაში. არ ვკიცხავ , ვუსურვებ წარმატებებს ყველას, ვინც პრაქტიკული ნაწილის ურთულეს გზას დაადგება, მაგრამ დიდი უსამართლობაა, რომ კულისებს მიღმა დავრჩით ისეთი პედაგოგები, რომლებიც დიდი სიყვარულითა და რუდუნებით ვავსებდით „ჯადოსნურ საქაღალდეს“. ასეთი პედაგოგები, 2020 წლამდე და შემდეგ, უზიარებენ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას, ატარებენ სკოლის/ადგილობრივი საზოგადოების საჭიროების კვლევებს, აფასებენ ინტერვენციების შედეგებს, შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს, კარგად გამოსდით აზრის სტრუქტურირება და მისი სრულყოფილად ჩამოყალიბება, საკუთარი და სხვისი ნაშრომის კრიტიკულად შეფასება, მოძიებული ინფორმაციის ანალიზი, გააჩნიათ დემოკრატიული კულტურა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ფლობენ ციფრულ უნარებს, ხელს უწყობენ ინკლუზიური გარემოს შექმნას, ამყარებენ კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მონაწილეობენ საერთაშორისო, ქსელურ, სათემო პროექტებში, კონფერენციებში, ფორუმებში, საკუთარ მოსწავლეებს ასწავლიან ციფრული რესურსების შექმნას, აცნობენ უამრავ ვებგვერდს, ონლაინ შეხვედრების დროს ინტელექტუალურ, შემეცნებით თამაშებში რთავენ მათ.
მენტორობა არ ასოცირდება საბოლოო მიღწევებთან, არ უნდა უკავშირდებოდეს საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვის საფრთხეს. დღეს ჩვენი ფიქრები და ემოციები ამოუწურავ შეგრძნებებად იქცა, ამიტომ ჩვენი მოსაზრებების გამოაშკარავება მართებულად მიმაჩნია.
თვალსაჩინოა აღნიშნული გამოცდის წარუმატებლობის მიზეზები: დროის სიმცირე, არასწორად ფორმულირებული დახურული კითხვები, საგამოცდო ბარიერის ხელოვნური ზრდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, დავალებათა მოცულობის გაზრდა.
რამდენიმე დახურული შეკითხვა ორ სავარაუდო პასუხს მოიცავდა და მისი წინასწარ გათვლა შესაძლებელი არ იყო. დროის სიმცირის გამო, ორჯერ ან სამჯერ წაკითხვის საშუალებაც არ გვქონდა, მაშინვე წარმოიქმნა საკუთარი თავის მიმართ კატეგორიული მოთხოვნები: ვერ მოვასწრებ, აღარ არის საჭირო დავალების ხელმეორედ წაკითხვა, მე ეს არ უნდა მეშლებოდეს, შეუძლებელია ვცდებოდე… სწორედ ამ დროს ვუშვებდით შეცდომებს.
მოგვეცით საკმარისი დრო, მომავალში მაინც, ფიქრისთვის, ჩვენთვის ხომ დროის ლიმიტი პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის არავის დაუწესებია. შუაღამემდე, უსაყვედუროდ, გვიწერია მატრიცები, გაკვეთილის გეგმები, კვლევები, სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების სცენარები, ტესტები, შეგვიქმნია ვიდეოგაკვეთილები, ონლაინ რესურსები.
2023 წლის პროფესიული უნარების გამოცდაზე გასასვლელად ისევ მოვემზადებით წინსვლის მსურველი პედაგოგები. არ მინდა მასწავლებლები აპროტესტებდნენ, ჩიოდნენ, იტანჯებოდნენ. სავსებით შესაძლებელია, გამოცდის ნაწილში შევიდეს ცვლილებები: დაწესდეს მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის 70%-ზე მეტი მაქსიმალური ქულა; გაზარდონ საგამოცდო დრო ერთი საათით; მოხდეს დახურული კითხვების პილოტირება და იმგვარად დახვეწა, რომ ნასწავლის, გამოცდილის დაკავშირება შევძლოთ და ზუსტ პასუხს მოიცავდეს; შესაბამისი გამოცდების საშუალებით, გადამოწმდეს გამსწორებელთა კომპეტენტურობაც; მთლიანი დატვირთვა პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეს.
მე კი, ჩემი კოლეგების მსგავსად, ისევ გავაგრძელებ საინტერესო, შინაარსიან პედაგოგიურ ცხოვრებას, დავგეგმავ სასწავლო პროცესს, დავამატებ სიახლეებს. იცით, რაზე ვფიქრობ? მიხარია, რომ არსებობს ისეთი პედაგოგი, რომელიც სულით და გულით მეპატიჟება საკუთარ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან თანამშრომლობისთვის, მაქვს უნარი გავუზიარო მათ ციფრული თხრობის ტრენინგზე მიღებული ცოდნა, ონლაინ ჩართვების დროს ვათამაშო ინტელექტუალური თამაშები, მათ შორის, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი თამაში — kahoot /https://kahoot.com/ და რაც მთავარია, გავახარო ჩემი მოსწავლეები, განსაკუთრებით კი — დინარა, ფატიმა, გულნარა.
წარმატებულ 2022-2023 სასწავლო წელს ვუსურვებ თითოეულ პედაგოგს.
ნინო
ფსუტური
სსიპ გორის №8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის
პედაგოგი
მასწავლებელთა სერტიფიცირება 2010 წლიდან დაიწყო. კონკრეტულად, 2010 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა. კომპეტენციის დადასტურება ბიოლოგიაში შესაძლებელი გახდა 2011 წლიდან, სწორედ ამ წელს გავედი და ჩავაბარე ორივე გამოცდა. ამის მერე, 2012 წელს, იყო კომპეტენციის დადასტურება ინგლისურსა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში; შემდგომ — უკვე სტატუსის ცვლილების აქტივობები, შიდა და გარე დაკვირვება, რომელსაც ასევე წარმატებით გავართვი თავი და მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. წელს კი, გავედი გამოცდაზე, რომელიც დამეხმარება მოვიპოვო მენტორი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ გამოცდასაც წარმატებით გავართვი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი იყო ძალიან მაღალი (75%), რაც ნიშნავს, რომ მენტორის სტატუსის მსურველ პედაგოგს, მინიმუმ, 53 ქულა უნდა დაეგროვებინა და მეტი, 70-დან (ჩემი შედეგი 59 ქულაა).
ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ უნდა არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს რამდენად ზრუნავს მასწავლებელი პროფესიულ ზრდაზე და რამდენად აისახება ეს მოსწავლეების მიღწევებზე. რა თქმა უნდა, ასეთი უხარვეზო მექანიზმის შექმნა ძალიან რთულია. თუმცა, ამის გამო, ამ მექანიზმზე უარი არ უნდა ითქვას, პირიქით, უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს და გამჭვირვალე გახდეს.
წლევანდელი გამოცდა მართლაც გამოწვევა იყო ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, რადგან პირველად ტარდებოდა და, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალი იყო ზღვარი. საგამოცდო ტესტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, შეფასებით დაწყებული და სწავლების უნივერსალური დიზაინით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც ვატარებდი, ასევე, ვესწრებოდი კოლეგების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ეს არასდროს არ არის საკმარისი. ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკის გადატანა საგამოცდო ფურცელზე. მინდა აღვნიშნო, რომ გადასახედია საგამოცდო დრო. ამის თქმის საბაბს მაძლევს ჩემი ბევრი კოლეგის შედეგი, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ჰქონდათ გონივრული პასუხები კითხვებზე, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს მისი დაფიქსირება.
2006 წლიდან დღემდე, ვასწავლი ბიოლოგიას გორის მე-8 საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურზე. ახლა ვარ ეტაპზე, როდესაც თავი უნდა მოვუყარო ყველა იმ აქტივობას, რაც ბოლო პერიოდში განვახორციელე სწავლა-სწავლების პროცესში და რაც ყველაზე მთავარია, გაასმაგებული პასუხისმგებლობით გავაგრძელო ზრუნვა ჩემი მოსწავლეების ცოდნის ამაღლებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევის გამომუშავების ხელშეწყობაზე. მენტორის სტატუსი ბევრ პასუხისმგებლობას გაკისრებს მოსწავლეების, კოლეგებისა და, ზოგადად, სასკოლო საზოგადოების წინაშე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მენტორის სტატუსის მქონე ბევრი პედაგოგი ნიშნავს სასიკეთო ძვრებს სკოლაში და თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ფუჭია ეს ძალისხმევა.
კახა
გაბუჩია
სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის №53 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
სსიპ ს. ჭიაურელის სახელობის თბილისის №54 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება მაშინ დავგეგმე,როდესაც გამოცხადდა, რომ ახალი სქემით, მხოლოდ გამოცდის ფორმატით, შეძლებდნენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბევრი ვიფიქრე, შევძლებდი თუ არა დამოუკიდებლად გამერთვა თავი ამ გამოწვევისთვის. ბევრ ჩემს კოლეგას ვეკითხებოდი სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესახებ, ვიღებდი რჩევებს მენტორი მასწავლებლებისგან, ვესწრებოდი ონლაინ სემინარებსა თუ კონფერენციებს, რათა მიახლოებით მაინც მცოდნოდა, რა ფორმატისა იქნებოდა ტესტი, რომელიც უნდა შეგვესრულებინა გამოცდაზე. არ მქონია განცდა იმისა, რომ გამოცდას ვერ ჩავაბარებდი, რადგანაც ჩემი პრაქტიკა, რომელიც 18 წელს ითვლის, დამეხმარებოდა საორიენტაციო საკითხების გააზრებასა და დაძლევაში. გამოცდის ფორმატი, ერთი შეხედვით, ორიენტირებული იყო სააზროვნო-სამსჯელო საკითხებზე, ანალიტიკურ უნარსა და ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე.
რაც შეეხება საგამოცდო დროს, ვფიქრობ, არასაკმარისია. სასურველია, პედაგოგებს მიეცეთ საშუალება, გამოცდაზე არა ოთხი, ხუთი საათი იმუშაონ. ფუნქციური წერა როცა დავასრულე, მაშინ დასრულდა გამოყოფილი დრო (გამოცდა დავწერე „თეთრად“, ანუ გადაწერისთვის ცალკე დრო არ დამითმია). ვფიქრობ, აუცილებელიცაა და სასურველიც, მასწავლებელმა, გამოცდაზე გასვლის წინ, თავი მოუყაროს იმ საკითხებს, რომლებსაც ის ყოველდღიურად იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში. კითხვები (დახურული იქნება თუ ღია) ზოგადი განათლების ყველა ასპექტიდან გვხვდება: ინკლუზია, სსსმ მოსწავლე, ფორმალური და არაფორმალური განათლება თუ სხვა. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.