დღეს, პირველ სესიაზე, მასწავლებლები აბარებენ ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მუსიკის, სომხური ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას, ხოლო მეორე სესიაზე აბიტურიენტები – ზოგადი უნარების გამოცდას, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
გუშინ დასრულდა უცხოური ენის სასესიო 3 დღე. პირველი ორი დღე აბიტურიენტები ინგლისურ ენას აბარებდნენ ორ სესიად, მესამე დღის პირველი სესიაც ინგლისური ენის ტესტირებას დაეთმო, მეორე კი – ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდას.
პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ცენტრში 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა; მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14 საათზე დაიწყო და საგამოცდო ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან 79%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა.
მეორე სესიაზე ტესტირება პედაგოგებმაც გაიარეს – მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეები ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ასევე აზერბაიჯანული ენის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) გამოცდას აბარებდნენ. ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან 87%-ზე მეტი მასწავლებლის გამოცდის მონაწილე გამოცხადდა. დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.
ხვალ მათემატიკის გამოცდის დღეა, აბიტურიენტები ტესტირებას ორ სესიად გაივლიან. პედაგოგები კი შეისვენებენ და 15 ივლისს, პირველ სესიაზე, გეოგრაფიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და მეორე სესიაზე ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) გამოცდებს ჩააბარებენ.
გისურვებთ წარმატებას!