27-30 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდებოდა. წელს გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 800-ზე მეტი იყო. გამოცდებს საქართველოს მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტში აბარებდნენ, პირველ დღეს – წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მომდევნო დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის.
27 ივლისს, გამოცდაზე, 82%-მდე მაგისტრანტობის მსურველი გამოცხადდა, დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო, პირველი დღის სესიებზე 40-ზე მეტი გამოსაცდელი არ გამოცხადდა. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.
28 ივლისს, დარეგისტრირებულებიდან, ტესტირებაზე 82%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.
29 ივლისს ტესტირებაზე გამოცხადდა 81%-მდე გამოსაცდელი. დაიგვიანა ხუთმა აპლიკანტმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო სესიებზე არ გამოცხადდა 130-ზე მეტი მონაწილე.
30 ივლისს 82%-მდე მაგისტრობის კანდიდატი გამოცხადდა, დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 130-ზე მეტი მონაწილე.
საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა 2021 წლის გამოცდების ძირითადი სესიები. დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge
დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. უკვე განსაზღვრულია თარიღები იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ქიმიის, ფიზიკის, ზოგადი უნარების, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ლიტერატურისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებზე დასწრება, მათთვის დამატებითი სესიები 1-2 აგვისტოს ჩატარდება. დეტალები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2463
უკვე დაწყებულია აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.