შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად ემზადება გამოცდების ჩასატარებლად. ცენტრმა უკვე უზრუნველყო საგამოცდო ტესტების აპრობაცია, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის მოსამზადებელი ტრენინგებისა და ტესტირების ჩატარება.
ამჟამად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით მიმდინარეობს პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, დამხმარე მასალების (რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის) ბეჭდვა-დახარისხება, ასევე საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. დასრულების ეტაპზეა ლეპტოპებში სპეციალური პროგრამის ჩაწერა. დასასრულს უახლოვდება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაცია და ანალიზი სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე, მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ცენტრი სულ მალე დაიწყებს საგამოცდო ცენტრების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, არა ერთი ღია კარის დღე ჩატარდა 2025 წლის გამოსაცდელებისათვის, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში. რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის უახლოეს მომავალში კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება, რომელიც სრულად საგამოცდო პროცესსა და წესებს შეეხება. შეხვედრის კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
2025 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით უკვე გაიმართა საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაც, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა გამოცდებისთვის მზადების სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი აქტივობები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.