გაიცანით ფინალისტი

0
9948

ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი

 

ფინალისტის სტატუსით თავს უკვე გამარჯვებულად ვგრძნობ. ჩემთვის ეს გზა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ შედეგის მოლოდინი – აქამდე მოსვლა უდიდესი აღიარებაა როგორც პირადად ჩემთვის, ისე ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის. წინ მოლოდინისა და ემოციების რამდენიმე დღეა, მაგრამ ყველაზე დიდი სიხარული ისაა, რომ ამ პროცესში დავრწმუნდი – მასწავლებლის შრომას ნამდვილად აქვს ძალა და მისი ხმა ყველგან ისმის. ამიტომ, რა შედეგითაც  არ უნდა დამთავრდეს, ეს ძალზე საინტერესო და ლამაზი პროცესი, ჩემთვის მთავარი უკვე მიღწეულია.

ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ ამ გზაზე ჩემმა მოსწავლეებმა  და სტუდენტებმა  დაინახეს, რომ შრომა ფასდება, განათლება ძალაა. ყველაზე დიდი გამარჯვება მათ თვალებში დანახული სიამაყის გრძნობაა, კოლეგების, მშობლების სითბო და ის განცდა, რომ მარტო არ ვდგავარ – ჩემ უკან დგას მთელი სკოლა და თაობა. ეს არის ძალა, რომელიც გამარჯვებაზე ბევრად მეტია.

პირველი, რასაც გავაკეთებ, ამ გამარჯვებას ჩემს სკოლასა და  რეგიონს მივუძღვნი. შევქმნი კლუბს, სლოგანით – “საერთო ენა-საერთო მომავალი”. ეს იქნება სივრცე, სადაც ქართულენოვანი და სომხურენოვანი მოსწავლეები ერთად იმუშავებენ საერთო სათემო პროექტებზე და ერთმანეთის გამოცდილებას გაიზიარებენ. კლუბის მთავარი ღირებულება იქნება მეგობრობა, თანამშრომლობა და განსხვავებულობის მიღება.

კლუბის ფარგლებში, ყველა აქტივობა წარიმართება სახელმწიფო ენაზე, რაც სომხურენოვან ახალგაზრდებს ქართულის უკეთ შესწავლაში დაეხმარება, ხოლო ქართულენოვან მოსწავლეებს – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების უკეთ გააზრებაში.

სწავლების მთავარი პრინციპი სამიზნე აუდიტორიის ნდობის მოპოვებით იწყება. მოსწავლემ შენში გულწრფელობა და პატივისცემა  თუ იგრძნო, უპირობო ნდობას გამოგიცხადებს. იქ, სადაც ნდობა და სიყვარულია, სწავლებაც მარტივდება. მასწავლებლის მხრიდან გაკეთებული ობიექტური  და პოზიტიური  უკუკავშირი მოსწავლეში სწავლის მოტივაციას აღვიძებს. მასწავლებლის მთავარი  მიზანი უნდა იყოს, არა მხოლოდ სწავლება, არამედ  საკუთარი თავის აღმოჩენა სწავლის პროცესში.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ