21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გაიცანით საუკეთესო ათეული

spot_img

28 ივნისს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ათეული დასახელდა. მათგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი დააჯილდოვებს.

გაიცანით საუკეთესო ათეული 

 

ნუკრი კარკაძე

ბაღდათის №1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი:

სოფელში, ჩემი სახლის აივანზე, ოჯახის წევრები და მეგობრები ინტერესით ველოდით 13 საათის შესრულებას. დაგვასწრო უახლოესმა ადამიანმა, დამირეკა და მახარა საუკეთესო ათეულში მოხვედრა. ალბათ, მთელმა ფერსათმა გაიგო ჩემი არამუსიკალური ხმა…

ჩემთვის ეს კონკურსი უმნიშვნელოვანესია! მასში მონაწილეობა უკვე წარმატებაა. ის უთვალავ შესაძლებლობებს გვაძლევს მასწავლებლებს, რომ უფრო განვვითარდეთ და სხვა თვალით დავინახოთ ჩვენი პროფესია, ახლოს გავიცნოთ წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მომავალი თაობებისთვის, ქმნიან და ნერგავენ ინოვაციურ მეთოდებს და მათი პროფესიული გამოცდილება გავიზიაროთ. საუკეთესო ათეულის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამ საოცარი მასწავლებლების ჩამონათვალში ჩემი სახელისა და გვარის დანახვა მერიდება კიდეც.

ყოველდღიური სწავლებისას მასწავლებელი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. საგაკვეთილო პროცესში არაფორმალური განათლების, პროექტული სწავლების დანერგვა უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. რა უნდა ვასწავლოთ და როგორ? ვფიქრობ, ჯანსაღი ღირებულებების სწავლება მთავარი გამოწვევაა. ჩემი აღმზრდელის, 85 წლის მასწავლებლის, მაგალითს მოვიყვან. იგი დღემდე ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. მოსწავლეები გვქმნიან მასწავლებლად, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, მივიდეთ მათ გულამდე, ამოვიცნოთ მათი ძალიან საინტერესო მისწრაფებები და გავითვალისწინოთ.

გიორგი ლიპარიშვილი

თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა მასწავლებლისგან მოსალოცი შეტყობინებით გავიგე. ათეულის დასახელების დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში. მეძინა, ფაქტობრივად, სიხარულმა გამომაღვიძა, გამომაფხიზლა. სიხარულით დავდიოდი, ცოტა ხანს ვერ ვჯდებოდი, მიხაროდა ჩემ გამოც, მოსწავლეების გამოც, პროფესიის აღიარების გამოც, მასწავლებლობა ხომ „უჩინარი“ პროფესიაა, ნაყოფის გვიანმომსხმელი ხესავით.

ეს კონკურსი მასწავლებლობის აღიარებაა. ზურგის ქარია, ხელის ბიძგება, ძალის მომატება, რომ ჩემი საქმე უფრო მეტი შემართებით, ყურადღებით, დაკვირვებითა და მზრუნველობით ვაკეთო. თვითდარწმუნების წყალდასხმა, რომ სწორ გზაზე ვმოძრაობ და კიდევ მეტი მოძრაობაა საჭირო.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წევრობა შესაძლებლობას მომცემს, ჩემი სწავლების ფორმები კიდევ უფრო გავამრავალფეროვნო და უფრო მეტ სივრცეებში გავაზიარო. ჩვენ ხომ ისედაც გამოცდილების ფართოდ გაზიარების საუკუნეში ვცხოვრობთ.

ამასთანავე დამეხმარება, რომ სოფლებში მოძრავი გაკვეთილების იდეა დავასაქმო და ბევრ ბავშვს, თავიანთი ხელჩართულობით, ვაჩვენო რამდენი რამის კეთება შეუძლია.

დღეს იმდენი გამოწვევაა საქართველოს სკოლებში, რიგითობით დაწყება და პირველობის მინიჭება, ასე ერთი სიტყვით, ცოტა რთულია. ჩემი აზრით, სწავლების ფორმაა მაინც ერთ-ერთი დიდი გამოწვევა. სალექციო ტიპის სწავლება გაკვეთილებზე უშედეგოა, კეთებით სწავლაა მნიშვნელოვანი, ასე საკუთარ შეცდომებსაც და საკუთარ მიღწევებსაც უფრო ნათლად ხედავს ბავშვი, თავდაჯერებაც ემატება და საკუთარი თავის რწმენაც (ეს ორი ერთი და იგივეა, მაგრამ ერთად უფრო ძლიერია).

წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა, ჯერ მაგალითით, დაკვირვებით, აქტივობით ჯობია ცნობიერების გაღვივება, გონება ბურთს ჰგავს, თამაში უყვარს, ათამაშებული გონება სპორტულ შეჯიბრამდე წინასწარ გახურებული სხეულივითაა, რომელიც უფრო კარგ და უმტკივნეულო შედეგს გვაძლევს.

21-ე საუკუნის მასწავლებელი „მოსწავლებელი“ უნდა იყოს:))) – მოსწავლეც იყოს და მასწავლებელიც. იყოს მოსწავლისნაირი ცნობისმოყვარე, მრავალინტერესიანი, მეგობრული, დამკვირვებელიც და გამკვირვებელიც… მასწავლებლის პროფესია თავის თავში ბევრ პროფესიას აერთიანებს: ცოტა-ცოტა ფსიქოლოგობას, მსახიობობას, მეცნიერებას, გამომგონებლობას, შოუმენობას, სპორტსმენობას, ადვოკატობას, მზარეულობას, დამლაგებლობას… ადამიანობას…

საუკუნე პირობითია, ყველა დროის ადამიანს, განსაკუთრებით მასწავლებელს განვითარება, პირად და სხვების განვითარებაზე ზრუნვა, მუდმივი ძიება, აღმოჩენა და გაზიარება უხდება.

 

ნანა მარღანია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:

როდესაც გამოცხადდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის საუკეთესო ათეული, ამ დროს, სკოლაში ვიყავი. ვერ აგიღწერთ იმ სიხარულს და ემოციებს, რომელიც იმ წუთებში განვიცადე. ეს იყო უდიდესი ემოცია, კიდევ უფრო მეტი პასუხიმგებლობა საკუთარი თავის და სასკოლო საზოგადოების წინაშე. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი კოლეგები და ერთად გავიზიარეთ ეს წარმატება. იყო უამრავი მოლოცვა, ზარები, შეტყობინებები მეგობრების, კოლეგების, კურსდამთავრებულებისგან და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისგან, რომლებიც არიან ჩემი მთავარი მოტივატორები და უდიდესი სტიმულის მომცემნი. ჩემი სიხარულის მსგავსმა გაზიარებამ და გამოხმაურებამ კიდევ ერთხელ დამანახა საზოგადოების უპირობო სიყვარული.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში ყოფნა ჩემთვის საპასუხიმგებლო და საპატიო აღიარებაა. 2017 წლიდან თვალს ვადევნებ პროექტის მიმდინარეობას და ვხედავ რამხელა შესაძლებლობა გეძლევა შენ, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, იყო უფრო მეტად რეალიზებული, გაიზიარო და გაუზიარო ცოდნა და გამოცდილება ფართო აუდიტორიას. საუკეთესო ათეულის წევრობა ზრდის ჩემს მოტივაციას და განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევს.

21-ე საუკუნის მასწავლებლის კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებსა და გამოწვევებს. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, ის მოდერატორია, მენტორი და ინოვატორი. მასწავლებელი მზად უნდა იყოს გამოწვევებისთვის, მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და ნერგავდეს ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას. მან უნდა შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან და მშობლებთან, რათა შექმნას მეგობრული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო გარემო. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა მრავალფეროვნება, მათ შორის, კულტურული და სოციალური, მათი ემოციები, ხედვები, ინტერესები და შესაძლებლობები. მასწავლებელი უნდა იყოს ემპათიური, იცოდეს, როგორ მართოს თავისი და მოსწავლეების ემოციები, რათა შექმნას პოზიტიური და სტაბილური სასწავლო გარემო. მოერგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, შესაძლებლობებს და ამ მიზნით გამოიყენოს სწავლების უნივერსალური დიზაინი. მან უნდა შეძლოს მოსწავლეების მოტივაციისა და ინტერესის გაზრდა სწავლა-სწავლების პროცესში. 21-ე საუკუნის მასწავლებელმა, აკადემიურ განათლებასთან ერთად, თავის მოსწავლეებს უნდა გამოუმუშაოს სწორი დამოკიდებულებები და ღირებულებები, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, განსხვავებულის მიმღებლობა და მოამზადოს ისინი მომავალი ცხოვრებისათვის, ასწავლოს გამოწვევებთან გამკლავების და მიზნის მიღწევის გზები.

 

ნათია ნაფეტვარიძე

თბილისის №161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

ძალიან გამიხარდა, როცა ათეულში დასახელებულ რჩეულ მასწავლებლებს შორის აღმოვჩნდი. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვღელავდი, ვცდილობდი, სხვა საქმეზე ვკონცენტრირებულიყავი დილიდან და არ მეფიქრა, როდის მოვიდოდა დაანონსებული 13:00 საათი და როდის გამოაცხადებდნენ ათეულის კლუბის წევრებს. ლაივის ყურება ვერ შევძელი, ჩემმა რეკომენდატორმა – ჩემმა მოსწავლემ და ახლა უკვე წარმატებულმა მასწავლებელმა, ანა კინწურაშვილმა მახარა ძალიან კარგი ამბავი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოპოვება, გარდა იმისა, რომ თავისთავად სასიხარულო ფაქტია გამოცხადებული აღიარების გამო, უამრავ კარს გვიღებს, გვაძლევს საშუალებას, უფრო ადვილად მოვიპოვოთ ჩვენი იდეებისა თუ კონკრეტული საქმეებისადმი ნდობა როგორც კოლეგებში, ასევე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში. ჩემთვის უკვე ერთგვარი ხარისხის ნიშანია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და მისი ათეულის კლუბის წევრობა ნამდვილად მეამაყება.

21-ე საუკუნეში მასწავლებლებს კომპლექსურად უნდა ჰქონდეთ რამდენიმე ძირითადი თვისება, რათა ეფექტურად აღზარდონ მოსწავლეები სწრაფად განვითარებად სამყაროში:

♦ უნდა ჰქონდეთ სწრაფი ადაპტაციის უნარი, ღია უნდა იყვნენ ცვლილებებისთვის, რადგან ტექნოლოგია და საზოგადოება მუდმივად ვითარდება.

♦ ჰქონდეთ განვითარებული ციფრული წიგნიერება: ტექნოლოგიების ცოდნა მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მასწავლებლებისთვის. მათ მარტივად უნდა გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები სწავლების, სწავლისა და თანამშრომლობისთვის.

♦ უნდა შეეძლოთ, ხელი შეუწყონ და განავითარონ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარი, წაახალისონ ისინი, გააანალიზონ ინფორმაცია, პრობლემებს მიუდგნენ შემოქმედებითად.

♦ არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეძლონ სწავლება მულტიკულტურულ, ინკლუზიურ გარემოში, სადაც თითოეული მოსწავლეიქნება დაფასებული.

♦ რასაკვირველია, მასწავლებელმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა.

♦ასევე აუცილებელია, შეეძლოთ თანამშრომლობა და კომუნიკაცია კოლეგებთან, მშობლებთან და საზოგადოებასთან, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეთა სწავლას. მათ უნდა ჰქონდეთ მკაფიო და კონსტრუქციული კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

♦ 21-ე საუკუნის მასწავლებელი წარმოუდგენელია ემპათიისა და ემოციური ინტელექტის გარეშე: მათ უნდა აჩვენონ თანაგრძნობა, მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი დაუჭირონ საკუთარ მოსწავლეებს.

♦ ასევე მნიშვნელოვანია (და მის გარეშე წარმოუდგენელიც) კრეატიულობა და ინოვაციების წახალისება. გაკვეთილებმა მოსწავლეებში ინტერესი უნდა გამოიწვიოს და გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა, განუვითაროს გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.

♦ და, რაც მთავარია, ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსწავლეები ღირსეულ ადამიანებად, ღირსეულ მოქალაქეებად.

* დაბოლოს, მასწავლებელი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის, მოსწავლეებსაც სწორედ ეს უნდა ასწავლოს.

სწორედ ასეთი მასწავლებლები შეძლებენ, აღზარდონ არა მხოლოდ აკადემიურად წარმატებული მოსწავლეები, არამედ სრულყონ ისინი პიროვნულად და მოამზადონ  რთულ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად

თუ მკითხავთ, არის თუ არა ასეთი მასწავლებლის არსებობა სკოლის მთავარი გამოწვევა, დიახ, არის, არა იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ ცოტაა პროფესიონალი კადრი, არამედ იმიტომ, რომ მასწავლებელში ამ უნარების განვითარებას მეტად ხელშემწყობი გარემო სჭირდება, მამოტივირებელი პროცესები. პოტენციალი არის, და ამის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დიმიტრი პოპოვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი:

შევიგრძენი, როგორ დამიფასდა განვლილი პროფესიული საქმიანობა, მოხდა მისი წარმატებულად აღიარება. მივხდი, რომ ეს იყო რაღაც ახლის დასაწყისი, ახალი შესაძლებლობების გამოწვევების სტარტი.

ეს კონკურსი და ამ გუნდის წევრობა შესაძლებლობას მომცემს, შემოვიკრიბო დაინტერესებული კოლეგები და ერთობლივად შევძლოთ STEAM მიმართულების მხარდაჭერა; შევეცადო ამ მიმართულებით დაფინანსების მოპოვება, რადგანაც საინჟინრო რესურსის ქონა სკოლებში გააძლიერებს კვლევა-ძიების აქტივობების განხორციელებას, პროფორიენტაციას. მინდა, სკოლის შიგნიდან გავაჟღერო ინიციატივები, რომლებიც სკოლის საჭიროებებზე იქნება მორგებული და უპასუხებს იმ პრობლემებს, რომლებიც რეალურადაა სკოლაში, რადგანაც თავად ვაწყდები ამ პრობლემებს და ვფიქრობ მათ მოგვარებაზე. ეს იქნება თანასწორთა აქტივობები, STEAM სწავლების მხარდასაჭერად და არა მხოლოდ.

ამ ეტაპისთვის, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ბევრი გამოწვევაა, რთულია მათ შორის პირველის გამოვლენა, რადგან ყველაფერი ერთი სისტემის ნაწილია და ძლიერიც და სუსტი გადაწყვეტილებები ჯაჭვური პრინციპით აისახება მთელ სისტემაზე. ვფიქრობ, იმისდა მიუხედავათ, რომ თანამედროვე განათლების სისტემის განვითარებაზე ძალიან ბევრი ახალი საგანმანათლებლო პროექტია ორიენტირებული, განათლების სისტემაში მოღვაწე პირები მაინც ძველი პრინციპებით ხელმძღვანელობენ.

ამ საუკუნეში იმდენად სწრაფად ხდება ყველაფრის განვითარება, რომ 21-ე საუკუნის მასწავლებელიც, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს სულ განვითარების პროცესში, ეცნობოდეს სიახლეებს საგნობრივ ჭრილში, ჰქონდეს გლობალური მოქალაქის თვისებები, იცნობდეს გლობალურ გამოწვევებს და მოსწავლეებთან ერთად მუშაობდეს მათ გადაჭრაზე, საგაკვეთილო თუ პროექტების განხორციელების გზით; იყოს მენტორი და ქოუჩი კოლეგისთვის, მოსწავლისთვის – მამოტივირებელი. აღარ ჩავუღრმავდები ტექნოლოგიების ფლობას, რადგან ტექნოლოგია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სამომხმარებლო დონეს და ახლა, შექმნის, ინჟინერიის, რობოტოტექნიკის თუ პროგრამირების ერაში, მასწავლებელი ინოვაციის გამავრცელებელი უნდა იყოს.

 

ინგა მოსიაშვილი

ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი:

ეს იყო საოცრად ამაღელვებელი ემოცია სიხარულის, ტირილ-სიცილისა და ბედნიერების. ჩვენს ლაბორატორიაში ისეთი ოვაციები დატრიალდა, გაოგნებული ვიყავი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. შეუფასებელია ეს განცდა…

ამ კონკურსის აპლიკაცია, პირველად, შარშან შევავსე, გასაუბრების ეტაპამდეც მივედი, მაგრამ ათეულში ვერ მოვხვდი. თუმცა, მალევე, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე ჩემი პედაგოგიური მუშაობა. 2024 წლის კონკურსი რომ გამოცხადდა, ცოტას ვორჭოფობდი შემევსო თუ არა… აქ კი ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელმა, ელისო აბრამიშვილმა მოსვენება არ მომცა… ჩემი უსაყვარლესი მოსწავლის და ასევე ასოციაცია „ბიოს“ დამფუძნებლის წარდგინებამ ჯილდოზე საბოლოოდ გადამაწყვეტინა კონკურსში მონაწილეობა. ამიტომ, ეს კონკურსი ჩემთვის დიდი იმედი და მოტივაციაა, შრომის დაფასებაა, ახალი გამოწვევებია… იმის დასტურია, რომ არასოდეს არ უნდა გაჩერდე, არ უნდა შეწყვიტო განვითარება და სიახლეების დანერგვა სკოლაში.

ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სასკოლო კვების საკითხი მიმაჩნია. როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, ვისურვებდი, შეიქმნას ისეთი ე.წ. „ლანჩბოქსი“, რომელიც მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე იქნება გათვლილი და მათი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ზრდა-განვითარებისთვის ხელშემწყობი. არჩეული შესაბამისი მენიუ დატვირთული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტით, ამავდროულად, მოსწავლეებს განუვითრდებათ ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევები.

რადგან 21-ე საუკუნე გამოწვევების საუკუნეა, მასწავლებელი მზად უნდა იყოს, პასუხი გასცეს ამ გამოწვევებს და შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოამზადებს, გარკვეულ წვლილს შეიტანს მის აქტიურ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

 

ნათია ნარსავიძე

დმანისის №3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრის სტატუსის ფლობა ჩემი პროფესიული საქმიანობის უდიდესი აღიარებაა.

ძნელია აღვწერო ის ემოცია, რომელიც დამეუფლა ათეულში დასახელების დროს. არ ვიცი, რაღაც გიჟური, არაბუნებრივი განცდა იყო, ძალიან პატარა ადამიანი ვიყავი ამ სიხარულის „გაძლებისთვის“. პირველმა ეიფორიამ რომ გადაიარა, რაც ვიგრძენი, იყო მადლიერება. მადლიერება ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებიც ჩემი პედაგოგები იყვნენ, მადლიერება ჩემი მოსწავლეებისა და ჩემი ოჯახის მიმართ. მათ გარეშე, მათი მხარდაჭერისა და ნდობის გარეშე ვერ შევძლებდი იმას, რაც შევძელი. ამ მადლიერებას ახლდა შიში, შიში გაათმაგებული პასუხისმგებლობისა და გამოწვევების.

ეროვნული ჯილდოს ათეულში დასახელება შესაძლებლობას მაძლევს, გავიცნო არაერთი ძლიერი პედაგოგი და საგანმანათლებლო სივრცის წარმატებული ადამიანი, შევძლებ გავიზიარო მათი პრაქტიკა და გამოცდილება. მაქვს მოლოდინი, რომ ეს ტიტული ჩემს ხმას და სიტყვას უფრო ღირებულს გახდის, რაც ბევრი პრობლემის წამოჭრასა და მოგვარებაში დამეხმარება.

პრობლემები კი განათლების სისტემაში უამრავია, მაგრამ ყველაზე მეტად მტკივა პედაგოგთა საზოგადოებაში, სქემის გავლენით, მიღებული დაპირისპირება, რასაც ვშიშობ ახალი სახელფასო ფორმულა კიდევ უფრო გაამწვავებს, ეს კი პირდაპირ დააზარალებს მოსწავლეს და, რა თქმა უნდა, არც განათლების ხარისხს წაადგება სასიკეთოდ.

როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი? 21-ე საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს სიახლეების მაძიებელი, მაღალი ტექნოლოგიური უნარებით აჭურვილი და უნდა ჰქონდეს კარგი თანამშრომლობითი კულტურა, იუმორთან შეზავებული. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი – უნდა იყოს „ადამიანი“, სახელმწიფო როგორ საგანმანათლებლო რეალობასაც არ უნდა ქმნიდეს, მასწავლებელი, უპირობოდ, მოსწავლის მოტრფიალე უნდა იყოს, ახსოვდეს, რომ მისთვის რიგითი მოსწავლე ვიღაცისთვის მთელი სამყაროა და მასწავლებელი, თავისი საქმიანობით, მშობელს იმედს უნდა აძლევდეს, რომ მის შვილს უკეთესი მომავალი ექნება.

 

ნათია უჩავა

თბილისის №126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი:

როცა ათეულში დამასახელეს, ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. ძალიან გამიხარდა!

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ვიყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი. ვფიქრობ, პროფესიულად უფრო განვვითარდები და გავიზრდები, მომეცემა მეტი შანსი, გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები და გავაცნო ფართო აუდიტორიას.

დღეს სკოლა და, ზოგადად, მასწავლებელი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მასწავლებლებს და მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში უწევთ განათლების მიღება და გადაცემა. ხშირად მასწავლებლებში დაბალია მოტივაცია, რომელიც დამოკიდებულია გარემოზე და მიმდინარე მოვლენებზე. ვისურვებდი, ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს ჰქონდეს როგორც ფიზიკური, ასევე ისეთი სოციალური გარემო, სადაც სწავლების პროცესი ჰარმონიული იქნება.

21-ე საუკუნის მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, იზრდებოდეს და არ უშინდებოდეს სიახლეებს. ყოველთვის უნდა ცდილობდეს, საგაკვეთილო პროცესი იყოს ხალისიანი, საინტერესო და ბავშვების ინტერესებზე მორგებული, უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და ბავშვები.

 

სოფიო ქუხილავა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

ეს წუთები არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიარებიდან, ეს იყო ზღვარგადასული სიხარულის, ბედნიერების და საოცარი ემოციების დამტევი წუთები. პირველ რიგში, გიხარია, რომ დაინახეს, აღიარეს, დააფასეს შენი შრომა და ძალისხმევა. ესე იგი რაღაცას სწორად აკეთებ, ესე იგი მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებ, ეს კი უდიდეს მოტივაციას გაძლევს, რომ არასოდეს გაჩერდე და მეტი შემართებით გააგრძელო შენი საყვარელი საქმის კეთება.

იყო საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების რიგში, ერთი მხრივ, უდიდესი პატივია, მეორე მხრივ – უდიდესი პასუხისმგებლობა. უნდა გაამართლო ეს ნდობა და სტატუსი, ამავდროულად, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ზრდის. შესაძლოა, შენც გახდე მაგალითი სხვისთვის და შთააგონო სხვა, გახდეს პოზიტიური ცვლილების ინიციატორი.

21-ე საუკუნის მასწავლებელი უნდა იყოს ინოვატორი, მუდმივად ეძებდეს სიახლეებს, არ შეწყვიტოს პიროვნული და პროფესიული ზრდა-განვითარება. სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი მისია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაა, მოსწავლეებს უნდა ასწავლოს, როგორ გახდნენ წიგნიერები, მედიაწიგნიერები, ეკოწიგნიერები, კარგი მოქალაქეები, განუვითაროს სამეწარმეო და ციფრული უნარ-ჩვევები; იზრუნოს კოლეგების განვითარებაზე, არ შეეშინდეს ექსპერიმენტების და, რაც მთავარია, არასოდეს შეწყვიტოს სწავლა.

სკოლა ვერ ამზადებს ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის, ეს კი, დიდწილად, განპირობებულია იმითაც, რომ არაფორმალური განათლების წილი დაბალია სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლა ვერ სთავაზობს ინოვაციურ მიდგომებს, როგორიცაა სტემ განათლება. სკოლის მისია კი სწორედ აქტიური მოქალაქის აღზრდაა, რომლებიც 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებას შეძლებს, ვინაიდან სასწავლო პროცესი, ცოდნის შეძენის გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების განვითარებას უნდა სთავაზობდეს, როგორიცაა გამჭოლი უნარები და კომპეტენციები.

 

ნინო შუხოშვილი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობის და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი:

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპამდე მოვედი და გარკვეული მოლოდინი მქონდა, ვფიქრობდი, შესაძლებელია, ბევრი ჩემი კოლეგა ასევე იმსახურებდა ათეულში ყოფნას… რომ დამასახელეს, გული კინაღამ ამომვარდა.. ეს იყო სიხარულის, პატივისცემის, ნდობის, აღიარების, დაფასების განცდა… მთელი დღე მეტირებოდა და ვერ ვსაუბრობდი…

ეს კონკურსში ჩემთვის ნიშნავს აღიარებას, ჩემი პროფესიის პოპულარიზაციას, პასუხისმგებლობას და მოტივაციას, უკეთ ვაკეთო ჩემი საქმე. ამ გუნდის წევრობა დიდი პატივია… ვფიქრობ, მომცემს ახალი ცოდნის მიღების, გაზიარებისა და პროფესიული განვითარების მეტ შესაძლებლობას.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, დღეს, არაერთი გამოწვევაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ვერ აძლევს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ საკუთარი ადგილის პოვნასა და კეთილდღეობის შექმნაში დაეხმარება.

მასწავლებელიც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიცემა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, თანამედროვე მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სწავლის პროცესს საინტერესოს გახდის, მორგებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, აღუძრავს ცნობისმოყვარეობას და, საბოლოო ჯამში, საგნობრივი ცოდნის მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს მათში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას. ამისთვის კი მასწავლებელი თვითონაც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, იყოს მზად სიახლეებისადმი, ფეხს უწყობდეს თანამედროვე გამოწვევებს და მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას აძლევდეს, რომ შეუძლებელი არაფერია – მონდომებით, ცოდნით, შრომით, მოთმინებით და დისციპლინით ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

◊◊◊

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები