სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგაკვეთილო პროცესის ისე აგებას, რომ მოსწავლეს თავად გაუჩნდეს ცოდნის მიღების მოთხოვნილება, თავად იყოს საკუთარი სწავლების აქტიური სუბიექტი. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაში ვლინდება ნამდვილი პედაგოგის ოსტატობა: მოსწავლე, შინაგანი ინტერესის საფუძველზე, აღმოაჩენს საგნებისა და მოვლენების თვისებებს და კანონზომიერებებს, სწავლის პროცესში მას ეტაპობრივად ეზრდება ცნობისმოყვარეობის ხარისხი, რაც, გარკვეული დროის შემდეგ, ცოდნისმოყვარეობაში გადაიზრდება. როცა მოსწავლის მოქმედებას, გარეგანის ნაცვლად, შინაგანი სტიმულები მართავს, იზრდება სასწავლო მასალის გააზრებულად დამახსოვრების ხარისხი, ადვილად ხორციელდება მისი კოდირება, მარტივად ინახება ხანგრძლივ მეხსიერებაში და ცოდნის ტრანსფერიც ეფექტურად ხორციელდება. მსგავს პედაგოგიურ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული ჯონ დიუის პედაგოგიური კონცეფციაც, რომლის გამოხატულებასაც წარმოადგენს „კეთებით სწავლა“. ყურადღებას აღარ გავამახვილებ დიუის პედაგოგიური კონცეფციის ძირითადი პოსტულატების მიმოხილვაზე. უბრალოდ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან განვიხილავ ერთ საგაკვეთილო პროცესს, რომელიც, გარკვეულწილად, დაემყარა ცოდნის ტრანსფერის პრინციპებსა და ჯონ დიუის კონცეფციას.
აღნიშნული გაკვეთილი ჩავატარე III კლასში, კერძოდ, ბუნებისმეტყველებაში. თემატიკა შეეხებოდა მზის სისტემას, მზის ოჯახში შემავალ პლანეტებს. თემის შესწავლის წინ, მოსწავლეებს, ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, დავპირდი, რომ მზის სისტემის შესახებ გაეცნობოდნენ არა მხოლოდ საინტერესო ფოტო, არამედ ვიდეომასალასაც და, რაც მთავარია, შესაძლებლობა მიეცემოდათ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, დაემზადებინათ „მზის ოჯახის“ მაკეტი, რომელიც განთავსდებოდა საკლასო ოთახის თვალსაჩინო ადგილას, მიეთითებოდა მაკეტის შემქმნელთა ვინაობა და მე, აღნიშნულ მაკეტს გამოვიყენებდი, როგორც რესურსს სხვა მოსწავლეებისთვის ამავე თემის ასახსნელად.
დაპირებისამებრ, ვაჩვენე მზის სისტემასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალა, ვთხოვე, კარგად გაეაზრებინათ წიგნში მოცემული ინფორმაცია, რომ გაადვილებოდათ მზის სისტემის მაკეტის დამზადება. საკუთარ საამქროში დავამზადე 9 ბურთულა და მეორე გაკვეთილზე, მაკეტისთვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარით, შევუდექით საგაკვეთილო პროცესს. რამდენიმე საკვანძო შეკითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, დაფაზე მაკეტის ზოგადი კონსტრუქცია დავხაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მაკეტის დამზადების პროცესში ჩემი ფუნქცია შემოიფარგლებოდა გეზის მიცემით და ისეთი წვრილმანი საქმიანობით (ბურთულებზე მცირე ნახვრეტების გაკეთება, მავთულის წვეროების სიმეტრიულად მოღუნვა…), რაც მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდიდა მესამეკლასელთა საქმიანობას. საოცარი სანახავი იყო, როგორ გადაინაწილეს მოსწავლეებმა როლები — ზოგი, სხვადასხვა ზომის მავთულს ჭრიდა ბრტყელტუჩათი, ზოგი კიდევ მზისა და პლანეტების შეღებვით იყო დაკავებული. დამზადდა მაკეტისთვის საჭირო თითოეული ნაწილი. რესურსის შექმნის წინ კვლავ დავსვი რამდენიმე შეკითხვა, რომლებზე პასუხიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა მაკეტის სწორად დამზადებას. მაკეტის ცენტრში ოქროსფრად მოელვარე მზე განთავსდა, რომლის ღერძზეც 8 სხვადასხვა ზომის მავთული დამაგრდა და, თანმიმდევრობის სრული დაცვით, თითოეულ მავთულზე წამოეგო შესაბამისი პლანეტა. გაკვეთილის მიწურულს „მზის ოჯახის“ მაკეტი უკვე დამზადებული იყო. დაპირებისამებრ, დამზადებული რესურსი, ბავშვების გვარ-სახელებით, საკლასო ოთახის თვალსაჩინო ადგილას განთავსდა.
აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის მარტივი ტრანსფერი, თავად ჩაერთვნენ რესურსის შექმნის პროცესში და განიმტკიცეს მიღებული ცოდნა.
მოსწავლეთა მოლოდინი სრულად გამართლდა. ისინი აღტაცებული დარჩნენ საკუთარი ნამუშევრით და მიღებული ცოდნაც, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ. როცა ცოდნის შეძენის პროცესს ახლავს ინტერესი, მოსალოდნელი აღმოჩენებით მოგვრილი სიხარული, იმის შეგრძნება, რომ თითოეული მოსწავლე მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, ორმაგად საინტერესო ხდება სწავლების პროცესი, იზრდება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ნდობა, ურთიერთპატივისცემა, რაც წარმატებით უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მიღწევას.
რომან აბაშიძე
განათლების აკადემიური დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. ტბელ აბუსერისძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფ. ქიძინიძეების საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი