5 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ და ინგლისურ ენებზე წიგნად გამოცემული სამეცნიერო ნაშრომის – „ენათა შერწყმის ბოლშევიკური კონცეფცია და ენობრივი პოლიტიკა 30-იანი წლების აფხაზეთში“ – პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომის წარდგენას სსუ-ის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია გახსნა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, თეიმურაზ გვანცელაძესა და სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი მონოგრაფიის წარდგენისთვის.
პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო საკვლევი პერიოდის ობიექტური ეთნიკურ-დემოგრაფიული და ენობრივი ვითარების აღწერა, არქივებში დაცული დოკუმენტების საფუძველზე. როგორც პროექტის მონაწილეები აღნიშნავენ, მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივში მოსალოდნელზე დიდი რაოდენობითაა დაცული 30-იანი წლების საბუთები, რომლებშიც ასახულია: ვინ, როდის და სად გეგმავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე 30-იან წლებში განხორციელებულ ეთნიკურ-დემოგრაფიულ და ენობრივ პოლიტიკას; ვინ აფინანსებდა და აკონტროლებდა ამ პოლიტიკას, როგორი იყო გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი; რა იერარქიულ საფეხურებზე ნაწილდებოდნენ აქციათა ინიციატორ-დამგეგმავნი, შემსრულებელნი და მაკონტროლებელნი; ხორციელდებოდა თუ არა ანალოგიური პოლიტიკა საბჭოთა კავშირის სხვა მოკავშირე რესპუბლიკებსა და ავტონომიებში; არსებობს თუ არა თბილისის თვითნებობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მრავალი სხვა.
მონოგრაფიაში პირველად განიხილება XX საუკუნის 30-იანი წლების აფხაზეთში კომუნისტური ენობრივი პოლიტიკა ამ მხარეში გავრცელებული ყველა ენის მიმართ. ავტორები, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებსა და ავტონომიებში იმავე პერიოდში მიმდინარე ენობრივ პროცესებთან შედარების გზით, აანალიზებენ აფხაზურ-ქართული ურთიერთობის ენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. წიგნს გამოყენებული საარქივო მასალის ნაწილიც ერთვის.
მონოგრაფიის შესავალში ვკითხულობთ, რომ სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოტანილ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოყოფილია ენობრივი პოლიტიკის ორი ეტაპი – 1935 წლის ჩათვლით და 1935 წლის მომდევნო.
„პირველ ეტაპზე, უმცირესობათა უფლებების დაცვის მოტივით, რეალურად გაიზარდა აფხაზური, ბერძნული, სომხური, ესტონური, გერმანული და თურქული ენების, აგრეთვე ლაზურისა და მეგრულის ფუნქციონირების მასშტაბი (შეიქმნა ან შეიცვალა ზოგი დამწერლობა, დაარსდა დაწყებითი სკოლები, გაზეთები, თეატრალური დასები, გამოიცემოდა წიგნები, იქმნებოდა ტერმინოლოგია…), მაგრამ პარალელურად ფართოვდებოდა რუსული ენის ფუნქციონირების სფეროები. ამ ფონზე, აფხაზური და ქართული ენები მხოლოდ ფორმალურად რჩებოდნენ სახელმწიფო ენებად, თუმცა აფხაზური სამწიგნობრო ენის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობდა რეჟიმი, განსაკუთრებით კი – ახალი ანბანის საკავშირო ცენტრალური კომიტეტი; მეორე ეტაპზე დაიწყო დაუფარავი, აგრესიული რუსიფიკაცია, რასაც შედეგად მოჰყვა აფხაზეთში ზოგიერთი ენისთვის ადრე მინიჭებული უფლებების შეკვეცა. ამ ეტაპზე, მცირედ გაიზარდა ქართული ენის, როგორც საქართველოს სსრ სახელმწიფო ენის უფლებები.
ნაშრომში, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, განიხილება ენასთან დაკავშირებული აფხაზურ-ქართული ურთიერთობის პრობლემები, რომლებიც ანალიზდება სხვა მოკავშირე რესპუბლიკებსა და ავტონომიებში იმავე პერიოდში მიმდინარე ენობრივ პროცესებთან შედარების გზით. ამ ახლებურმა რაკურსმა ბევრი საკითხი სრულიად სხვაგვარად წარმოაჩინა“ (რობერტ მესხი, გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტის“ რედაქტორი).
პროექტზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე, იმუშავეს: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ (პროექტის ხელმძღვანელი), ფილოლოგიის დოქტორებმა – სოფიკო ჭაავამ (პროექტის კოორდინატორი) და გვანცა გვანცელაძემ, ფილოლოგიის მაგისტრმა, დოქტორანტმა მონიკა ხობელიამ, აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ბოგვერაძემ.
მონოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ზუსტად იმეორებდა სხვა ავტონომიებში მიმდინარე პროცესებს, მიჰყვებოდა, როგორც მაშინ ამბობდნენ „საბჭოური პოლიტიკის გენერალურ ხაზს“. ეს გენერალური ხაზი კი ემყარებოდა ლენინ-სტალინის კონცეფციას, მსოფლიოში სოციალიზმის გამარჯვების შემდგომ ენათა და ხალხთა გარდაუვალი შერწყმა-გაქრობისა და საბოლოოდ ერთი, (ინგლისური) ან ორი (ინგლისური და რუსული) ენის გავრცელების შესახებ, ანუ ბოლშევიკები საბჭოთა კავშირში არსებულ უკლებლივ ყველა ენას (გარდა რუსულისა) გასაქრობად განწირულად მიიჩნევდნენ. ამ კონცეფციას ერგებოდა ენობრივი პოლიტიკის უკლებლივ ყველა აქტი, რაც განაპირობებდა ენებზე მასობრივი ძალადობის განუხრელ ზრდას 20-30-იან წლებში… ამის გათვალისწინება სულ სხვაგვარად წარმოაჩენს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. მონოგრაფიაში ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა გაანალიზებულია მაქსიმალურად ფართო თვალთახედვით, ზოგად საბჭოური პოლიტიკის კონტექსტის გათვალისწინებით.
პრეზენტაციაზე პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ არქივებში უამრავი დოკუმენტი გამოვლინდა, რომელიც აქამდე არც ისტორიკოსებისთვის, არც მეცნიერებისთვის ცნობილი არ იყო და ნათელს ჰფენს ყველაფერს. „მთელი ენობრივი პოლიტიკა სრულებით არ განსხვავდებოდა იმ პოლიტიკისგან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ახორციელებდა სხვა რესპუბლიკებსა და ავტონომიებში. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზთა ბრალდებები ქართველების მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია.
ჩვენი გუნდის წევრებისთვის, ფსიქოლოგიურად, ძალიან მძიმე იყო სისხლიანი და საშინელი 30-იანი წლების მასალაზე მუშაობა – იმდროინდელი პოლიტიკური რეჟიმის არაადამიანური სისასტიკე და დაუნდობლობა, ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება, დასმენები, დახვრეტები, დემაგოგიური პოლიტიკური სლოგანები, სიყალბე და ყოვლად აუტანელი ფსიქოლოგიური გარემო სულს გვიხუთავდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მკვლევართა მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო.
ჩვენ ვეცადეთ, მონოგრაფია არ გადაგვექცია „პოლემიკური პინგ-პონგის“ ასპარეზად და აკადემიურობის ფარგლებში დავრჩენილიყავით. როცა აფხაზი მეცნიერი რაღაცას დაწერს და ქართველი გამოეხმაურება, ამ ქართველს კვლავ აფხაზი პასუხობს და ა.შ. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ, თავი შეგვეკავებინა საპირისპირო თვალსაზრისის მქონე კონკრეტულ ავტორებთან პოლემიკისგან და არც საკითხის შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა წარმოვადგინეთ. ჩვენთვის მთავარია არა კონკრეტულ მეცნიერებთან კამათი, არამედ კონკრეტული პრობლემების კვლევა, დოკუმენტებსა და ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით. ნაშრომზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ რაც იმ პერიოდში ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით აფხაზეთში ხდებოდა, ზიარი იყო სსრკ-ის ყველა ენისთვის. ვგრძნობდით, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ ამ ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებამ მაინც დიდი სტიმული შეგვძინა. არქივში აღმოჩნდა დოკუმენტების მთელი წყება, რისი დამუშავებაც ვერ მოვასწარით. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე წარდგენილი გვაქვს ახალი პროექტი“.
ავტორთა ჯგუფის აზრით, პროექტის მონაწილეთაგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სოფიკო ჭაავას მიერ თბილისის არქივებში აღმოჩენილი მრავალი აქამდე უცნობი დოკუმენტი როგორც აფხაზეთის ასსრ-ს, ისე საქართველოს სსრ-ს ენობრივი ვითარების შესახებ: „მე აფხაზეთიდან ვარ, 12 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი იძულებით დავტოვე. ჩემი მშობლებისგან ვიცოდი, რომ აფხაზებთან კარგი ჰარმონიული, ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, როცა სამეცნიერო სფეროში გიწევს მუშაობა, იქ ბევრი რამ სხვაგვარადაა. ბრალდებები ხშირად მომისმენია აფხაზებთან საუბრისას, მაგრამ პირველად გავიგე სამეცნიერო ბრალდებები და პრეტენზიები, რომლებსაც ისინი ჩვენ გვედავებიან, მათ შორის, 1939 წელს, აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შემოღებას. ანუ მათ ჰგონიათ, რომ ეს ქართველების მხრიდან განხორციელებული ენობრივი პოლიტიკის ნაწილი იყო, რითაც ჩვენ, ვითომ და, ვცდილობდით აფხაზების გაქართველებას. ისინი გვეუბნებიან: „ამ ქმედებით თქვენ შელახეთ ჩვენი ენობრივი და კულტურული უფლებები. ჩვენი მშობლები, ბაბუები მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ სკოლიდან, რადგან თქვენ აიძულეთ ქართულად სწავლა“. ჩვენ მიერ აღმოჩენილი თუ მოძიებული მასალებიდან დგინდება, რომ ეს არ იყო ქართველების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკა, ეს იყო საბჭოთა ენობრივი პოლიტიკის კონტექსტში განხორციელებული რეფორმა, რომელშიც მოჰყვა აფხაზეთიც, ანუ სატიტულო ერის ენაზე გადაჰყავდათ სწავლება. რა თქმა უნდა, საქართველოში სატიტულო ენა ქართული იყო, ამიტომ აფხაზეთშიც ქართულ ენაზე გადავიდა სწავლება. ამ დოკუმენტების საფუძველზე, პირდაპირ შეგვიძლია აფხაზებს ვუთხრათ, რომ ეს ბრალდება და პრეტენზია, რომელიც ჩვენ მიმართ აქვთ, უსაფუძვლოა,“ – ამბობს სოფიკო ჭაავა.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული ვერც ერთი მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს თეიმურაზ გვანცელაძის ნაშრომებს: „ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სსუ-სთან, ვატარებთ ერთობლივ ღონისძიებებსა და კონფერენციებს და, დარწმუნებულ ვარ, ასეც გაგრძელდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ თეიმურაზსა და მის გუნდს. მზად ვარ, ყველანაირად შეგიწყოთ ხელი. მკითხველს – ქართველებსა და აფხაზებს – სწორედ ასეთი საფუძვლიანი, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობილი ნაშრომები უნდა შევთავაზოთ. კარგი იქნება, თუ ეს წიგნი რუსულადაც გამოიცემა, რადგან, სამწუხაროდ, თანამედროვე აფხაზეთში, ძირითადად, სწორედ ამ ენაზე საუბრობენ“.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა, თსუ პროფესორმა მერაბ ჩუხუამ მადლობა გადაუხადა საავტორო ჯგუფს, თეიმურაზ გვანცელაძის ხელმძღვანელობით, ნაყოფიერი შრომისთვის და საინტერესო, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი მონოგრაფიისთვის: „პოლიტიკა პოლიტიკაა, სამეცნიერო კვლევა კი ის პროცესია, რომელიც სწორედ სამეცნიერო სივრცეში უნდა შესრულდეს. საარქივო მასალებს ეფუძნება წინამდებარე სამეცნიერო ნაშრომი, რასაც მივესალმები. მინდა გითხრათ, რომ აფხაზები ყველაფერს კითხულობენ, გულისყურით უსმენენ იმას, თუ რას ვიტყვით აქ – საქართველოში. ქართული მენტალობა ყოველთვის ღია იყო იმისთვის, რომ აფხაზებს საკუთარი ენა განევითარებინათ. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაშიც კი გვიწერია, რომ აფხაზური აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაა. ჩვენ სატიტულო ერი ვართ, ეს საქართველოა და ქართველმა უნდა აიღოს მზრუნველობა სხვა ერის მიერ შეცდომაში შეყვანილ აფხაზებზე. ქართული მენტალობა ყოველთვის იყო ღია იმისთვის, რომ აფხაზეთი და ყველაფერი აფხაზური სრულყოფილად განვითარებულიყო. უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის, რაც დღემდე აფხაზებსა და ქართველებს შორის გრძელდება. აფხაზები ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლეები არიან, რა თქმა უნდა, ქართველ სატიტულო ერთან ერთად, რომელმაც, ამ იმპერიულ სივრცეში, აფხაზებს აფხაზობა შეუნარჩუნა“.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: მანანა ბუკია, მერაბ ნაჭყებია, მაია მირესაშვილი, მწერალი და ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი. გამომსვლელებმა ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ორი ერის დაახლოებისა და შერიგების პერსპექტივებზე.
აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი საარქივო და საილუსტრაციო მასალა დიდ დახმარებას გაუწევს მკვლევრებს, სარგებლობას მოუტანს სტუდენტებს, მეცნიერებს და საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას, ვინაიდან ამ ნაშრომის დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
მოამზადა მაკა ყიფიანმა