გთავაზობთ ბიოლოგიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს აბიტურიენტებისათვის:
✅ გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ფაქტობრივი მასალის ცოდნა; ამ ცოდნაზე დაყრდნობით მოვლენის არსის ახსნა, მიზეზსა და შედეგს შორის კავშირის დადგენა.
✅ ყურადღებით გაეცანით დავალების პირობას და ჩაწერეთ პასუხი შესაბამის ველში. უხეშად გადასწორებული ან გაურკვეველი ხელწერით დაწერილი პასუხი შეცდომად ჩაითვლება.
✅ გაითვალისწინეთ, რომ გამოცდაზე მოგეთხოვებათ ილუსტრაციებიდან და დიაგრამებიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება მოცემული დავალების გადასაჭრელად.
✅ ყურადღება მიაქციეთ გენეტიკური დავალების თანმხლებ მითითებას –„პირველ შეკითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის ან სხვა სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში დანარჩენი პასუხები არ შეფასდება“ – ნუ შეცვლით თვითნებურად სიმბოლოებს;
✅ გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ დავალებაში შეკითხვა ისეა დასმული, რომ კონკრეტულ, ამომწურავ პასუხს მოითხოვს. არასრული ან ნახევრად სწორად გაცემული პასუხი დადებითად არ შეფასდება. გახსოვდეთ ისიც, რომ პასუხის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, პასუხი იყოს სწორი და შეესაბამებოდეს დავალების პირობას;
✅ არ იჩქაროთ გამოცდაზე – ყურადღებით შეავსეთ პასუხების ფურცელი, ნუ დაუშვებთ ტექნიკური ხასიათის შეცდომებს; გამოცდისათვის განკუთვნილი დრო სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მშვიდად შეძლოთ მუშაობა და გამოავლინოთ თქვენი ცოდნა.
◊ ბიოლოგიის ტესტი 70 ქულიანია – შედგება 40 დახურული ტიპის დავალებისა და ღია დავალებებისაგან. ღია დავალებებში აბიტურიენტს შეუძლია 30 ქულის დაგროვება. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
◊ აბიტურიენტს გამოცდაზე მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენება კონკრეტული მიზნით, ასევე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ლოგიკურად, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბება.
◊ აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.