აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უცხოეთში სტაჟირების პროგრამის მონაწილე ბელგიელ სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი.
პროგრამის მონაწილე სტაჟიორები – ზოე ზორზეტტო და თეო პეეტერსი ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართველ პედაგოგებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, ატარებენ გაკვეთილებს ინგლისურ და ფრანგულ ენებში.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თეო პეეტერსი ესპანური ენის გაკვეთილებს უტარებს მოსწავლეებს, რომლებმაც არჩევანი ესპანური ენის შესწავლაზე გააკეთეს.
პოლ ბრიანერტი სტაჟირებას ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინგლისურენოვანი გიდის, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე გადის.
მაია ხაჯიშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ბენეფიციარმა მიიღოს მონაწილეობა და ევროპაში გაემგზავროს გამოცდილების მისაღებად. „რაც შეეხება უცხოელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაჟირებას, ქართველი ახალგაზრდებისთვის, უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობა, კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანა დგამს მტკიცე ნაბიჯებს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე,“ – განაცხადა მინისტრმა.
დავით ბაციკაძემ პროგრამის მნიშვნელობასა და მისი გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა.
სტაჟიორებმა მადლობა გადაუხადეს სამინისტროს პროგრამის გამართული მუშაობისთვის, დაუდასტურეს მათი პროფესიული ზრდისთვის სტაჟირების მნიშვნელობა, ასევე, საგანგებოდ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ პროგრამა, გარდა პროფესიული გამოცდილებისა, მათ ქართული ენის შესწავლისა და ქართული კულტურის გაცნობის საშუალებას აძლევს.
2006 წლიდან დღემდე, უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტაჟირება 30-მა უცხოელმა გაიარა, ხოლო აჭარიდან ევროპაში – 136-მა ახალგაზრდამ.