„რომ დავიბადებით, სამყაროს გარგარის ჯემის და ქორფა ბალახის სუნი ექნება, თუმცა, ჟანგისა და მტვრისაც“
როცა პირველად სიტყვა „ლომგული“ გავიგე, მაშინ არც რიჩარდ ლომგული გამეგონა და არც ამ სიტყვის ახსნა შემეძლო. სკოლის ბიბლიოთეკაში ხელში ჩამივარდა ასტრიდ ლინდგრენის წიგნი, რომელსაც „ძმები ლომგულები“ ერქვა. წიგნი ორ ძმაზეა, ორ ლომგულზე, მაგრამ თავდაპირველად პატარა სკორპას თავი ლომგული კი არა, სამყაროში სულ ყველაზე სუსტი ბიჭი ჰგონია. მერე ისწავლის, რომ მის მკერდში ნამდვილი ლომგულის გული ცემს. ჩემთვის ამ წიგნით მოთხრობილი მთავარი ამბავი სწორედ ესაა: ამბავი ბავშვებზე, რომლებმაც ყველა შიშზე გაიმარჯვეს, რადგან ყველა ბავშვი, სინამდვილეში, ძალიან უშიშარია. ამის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. და ახლა ნინო ხარატიშვილმა „ლომგულები“ დაწერა. წავიკითხე წიგნი და უფრო გაბედულად გავიმეორე, რომ ბავშვები ყველაზე მამაცები არიან, ოღონდ ბავშვებს ბავშვობა უნდა შეუნარჩუნდეთ. ვკითხულობდი „ლომგულებს“ და ექოსავით ჩამესმოდა ეს სიტყვები – წინადადებიდან წინადადებამდე, გვერდიდან გვერდამდე.
“ლომგულები” გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის პირველი საბავშვო წიგნია, რომელიც თავდაპირველად წიგნად სულაც არ იყო ჩაფიქრებული. ის სცენაზე გასაცოცხლებლად დაიწერა. საბავშვო პიესის წიგნად ქცევა ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რადგან, როგორც ავტორი აღნიშნავს, დრამატურგიული სტრუქტურა კლასიკური საბავშვო ლიტერატურისთვის, ალბათ, ცოტა უჩვეულოა. თუმცა, მერწმუნეთ, ღირს მწერალს ამ ექსპერიმენტში გავყვეთ.
ბრიტანელი ფოტოგრაფის, ჯეიმს მორისონის ფოტოწიგნი ნინო ხარატიშვილისთვის „ლომგულების“ დაწერის ერთ-ერთ მთავარ შთაგონებად იქცა. მორისონმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ბავშვები თავიანთ ოთახებში გადაიღო. ეს ფოტოწიგნი ერთგვარი დოკუმენტია, საბუთია იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვები თანასწორები სულაც არ არიან. ამ წიგნში უთანასწორობა არ ლაპარაკობს – ის ფოტოებიდან გვიმზერს, და მას, მაგალითად, ბანგლადეშელი ბიჭის თვალები აქვს, რომლის ოთახიც ჭერის გარეშე, ღია ცის ქვეშ მდებარეობს.
მორისონის წიგნში ასევე შევხვდებით ბავშვებს, რომლებისთვისაც ბავშვობა არავის წაურთმევია, რადგან იქ დაიბადნენ, სადაც ბავშვთა უფლებები მხოლოდ ფარატინა ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არაა; იქ, სადაც სახელმწიფოს სათავეში მყოფი ხალხი მათ უფლებებს პატივს სცემს და ამ უფლებების დასაცავად ძალ-ღონეს არ იშურებს.
ძალიან საინტერესოა წიგნის სტრუქტურა: ჩვენ პერსონაჟების გაცნობას ბანგლადეშიდან ვიწყებთ, შემდეგ გერმანიაში გადავდივართ, იქიდან სენეგალში, სენეგალის შემდეგ მალი უნდა მოვინახულოთ, მის შემდეგ კი ესპანეთია, რომელსაც ჯერ საფრანგეთი მოსდევს, შემდეგ ინდოეთი. დაბოლოს, ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ – ბანგლადეშში. ჩემთვის წიგნის მთავარი კონცეფციაც მისი სტრუქტურიდან გამომდინარეობს და ასეთია: არ აქვს მნიშვნელობა, დედამიწის რომელ წერტილში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენ იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვიდგენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„ლომგულები“ გვაფიქრებს გლობალიზაციასა და გლობალურ პრობლემებზე; გვაფიქრებს იმ მიზნით, რომ ეს პრობლემები გავითავისოთ, ჩვენად მივიღოთ.
ვაღიარებ, წიგნის კითხვისას ვფიქრობდი და ველოდებოდი, რომ „ლომგულებში“ საქართველო და ქართველი ბავშვებიც გაკრთებოდნენ, მათი თანმდევი პრობლემებით; ალბათ იმიტომ, რომ ნინო ხარატიშვილი ძალიან ბევრს წერს სამშობლოზე, მის წარსულსა და აწმყოზე. მერე დავფიქრდი და ასე გადავწყვიტე, რომ საქართველოს ამბავი ჩვენ, მკითხველებმა უნდა მოვყვეთ. ბრილკას თაობამ, რომელმაც კარგად ვიცით, რომ ბანგლადეშელი პატარა ბიჭის, ანანდის, თავგადასავალი, რომელიც სიღარიბის გამო, სწავლის ნაცვლად უზარმაზარ ქარხანაში სათამაშოებს კერავს, იმ ქართველი ბავშვის თავგადასავალიცაა, რომელიც, მაგალითად, სკოლაში სიარულის ნაცვლად, სკოლასთან ახლოს ჯართს აგროვებს. თითოეულის დაკარგული ბავშვობა გვეხება ყველას, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და რა ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ.
ამიტომ, ეს წიგნი, ჩემთვის, უპირველესად, დიდებისთვის დაწერილი წიგნია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ბავშვების უკეთეს მომავალზე და ვინც ამ პასუხისმგებლობას ძალიან ხშირად თავს არიდებს.
მე არ ვიცი, ლიტერატურას შეუძლია თუ არა ადამიანების ძირეული გარდაქმნა, მაგრამ მინდა, ასე მჯეროდეს. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ამ წიგნს სწორედ ბავშვების ბედის განმკარგავ ხალხს ვურჩევდი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია იულია ბ.ნოვიკოვას შთამბეჭდავი ილუსტრაციები, უსიტყვოდ რომ გვიყვებიან იმ ცხოვრებაზე, რომლებშიც ბავშვები სწავლის ნაცვლად შრომობენ, გადარჩენის გზებს ეძებენ, იბრძვიან და არ ნებდებიან.
ლომზე დიდი გული არავის აქვს, ლომგულის პატიოსანი სიტყვა კი მხოლოდ მას შეუძლია მისცეს ვინმეს, ვინც ცხოველთა მეფესავით გულადია. ამ წიგნში ბავშვები არიან ის ლომგულები, რომლებიც თავიანთი თანაგანცდის უდიდესი უნარით, საკუთარი მომავლის გასაუმჯობესებლად თუ ოჯახის უკეთესი ახალი დღისთვის, მეგობრის სიხარულისა და დედამიწის უკეთეს ადგილად გადაქცევისთვის გულუხვად იღებენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ.
„ლომგულებით“ დღევანდელ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ბავშვების პერსპექტივიდან ვუმზერთ. ნაადრევი ქორწინება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის სირთულე, ბავშვთა შრომა, მიგრაციის პოლიტიკა, ემიგრაცია, სუროგაცია, ბავშვებზე ძალადობა… – მათზე ბავშვები საუბრობენ, ამ გზებს ბავშვები ადგანან, და თითოეულ მათგანს აერთიანებს ერთი მთავარი რამ: ისინი ნამდვილი ლომგულები არიან. თითოეული მათგანი გულის სიღრმეში სამყაროს ხელა კეთილშობილებას დაატარებს. ხშირად გულის მომწურავიც კია იმის გააზრება, რომ ბავშვობადაკარგულები არასდროს კარგავენ სამყაროს ნდობას და არ ჩერდებიან. იბრძვიან, იბრძვიან, თავგანწირულად, მტკიცედ და ჯიუტად, და რაც ყველაზე მთავარია, არასდროს ივიწყებენ ერთმანეთს. წიგნის ერთ-ერთი მთავარი იდეა ესეცაა, რამდენად განსხვავებულია ბავშვის სამყარო, რომელსაც უკიდურესი უსამართლობა და თანმდევი პრობლემებიც კი ვერ სვრის, ვერ აჭუჭყიანებს.
ნინო ხარატიშვილმა პიესა გერმანიის ერთ-ერთი ძალიან პატარა ქალაქის საბავშვო თეატრისთვის დაწერა. ამ პატარა ქალაქში შესანიშნავი საბავშვო თეატრი აქვთო, აღნიშნა მან. განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს იმას, რომ ეს თეატრი არაა ქვეყნის დედაქალაქში, არამედ ძალიან პატარა ქალაქში, სადაც ბავშვებს ისეთივე განვითარება შეუძლიათ, როგორც დედაქალაქში მცხოვრებ ახალ თაობას. ტყუილად არ ვახსენებ ევროპას, რადგან ვფიქრობ, ევროპის, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვისთვის საუკეთესო სივრცის იდეას ამ წიგნში ბანგლადეშელი პატარა ბიჭი, ანანდი, სრულიად გამორჩეული გზით გვაჩვენებს. მის მიერ შეკერილი ლომი, რომელიც ცოცხალია და ბიჭს მალულად ესაუბრება, მალე ევროპაში გაიგზავნება. დიახ, ამ ქარხანაში სათამაშოები ბავშვებისთვის იკერება და ეს შესანიშნავია, მაგრამ ამ ქარხანაში სათამაშოებს ბავშვები კერავენ, და ეს ძალიან სევდიანია.
ანანდი ფიქრობს, რომ ღმერთი ოროპაში (გვპირდება, რომ მალე უფრო „კარქათ“ წაიკითხავს და დაწერს) ცხოვრობს, და წერილსაც, შესაბამისად, ასე იწყებს: „ბატონ ღმერთს ოროპაში“.
ევროპისკენ სწრაფვა ანანდისთვის ბედნიერებასთან, განათლებასთან, მშობლებთან და ძმასთან ერთად სიხარულით სავსე ცხოვრებასთანაა გაიგივებული. ანანდი მთელი არსებით ილტვის ევროპული სივრცეებისკენ.
ლომგული ბავშვები გვასწავლიან, რომ ნახევარსიკეთეები ვერ იხსნის სამყაროს, მხოლოდ სრული, აბსოლუტური. სწორედ ასე იქცევა კიანოც, რომელსაც სენეგალში გადავყავართ და ზულასთან ბაასში ვეცნობით. ბოლოს, როდესაც კიანო ზულას ემშვიდობება, თავის ყველაზე საყვარელ ნივთს – ლომს ჩუქნის, რადგან სჯერა, რომ ეს ლომი განსაკუთრებულია და მას ბედნიერება მოაქვს. ბიჭი, რომლის ერთადერთი ნუგეშიც ლომი იყო, ამ ნუგეშს სხვას აძლევს და ასე აგრძელებს გზას. გულში კი ერთი სანუკვარი სურვილი აქვს შენახული: შეეძლოს ხელოვნური წვიმა გამოიგონოს, რათა ისეთ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორიც, მაგალითად, მალია, იქიდან გაქცევა აღარ მოუწიოთ, როდესაც დიდი გვალვა ისევ დადგება.
„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრენა შესაძლებელია, ანდა მანქანით სიარული და მთვარეზე დაჯდომაც კი და რა ვიცი, კიდევ, ათას რამეს. მარტო ჩემნაირ ვიზიონერებს შეეძლოთ ამის წარმოდგენა. იმათაც რომ ესმინათ თავიანთი მამებისთვის და მარტო ფულზე ეფიქრათ, არც მიწისთხილის ჩიფსები გვექნებოდა და არც ნაყინი. წარმოგიდგენია? მიხვდი?“
კიანო თავის მეგობარს, ამარის, ეუბნება, შენ მომავლის კაცი ხარო. მომავლის ადამიანი კიანოსთვის სამყაროზე მოფიქრალი ადამიანია, რომელიც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. კიანომ იცის, რომ ასე რომ არ ეფიქრათ სხვებსაც, სამყარო აქამდე ვერც მოვიდოდა.
იოვანაც მომავლის ადამიანია. ამარი იოვანას მაშინ ხვდება, როდესაც გოგონა საკუთარი ქვეყნიდან ესპანეთში გამოექცევა ნაადრევ ქორწინებას. ოღონდ გარბის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი დისთვისაც, რათა ესპანეთში იმუშაოს, მერე საკუთარი და გამოისყიდოს და მას თვალებზე ბრჭყვიალების წასმა და უცხო კაცის ცოლობა არ მოუწიოს. იოვანას და ცხოველთა ექიმობაზე ოცნებობს, გოგონებს საკუთარი მიზნები აქვთ, და შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მათი დაბადებისთანავე განწირულია.
ეს წიგნი არ გვეუბნება, რომ ცხოვრება თავისთავადაა სასტიკი. არა. ეს წიგნი გვეუბნება, რომ დედამიწას ბავშვებისთვის შეუსაბამო ადგილად დიდები აქცევენ; ბავშვები კი, რომლებსაც პატარაობიდანვე, განათლების მიღების ნაცვლად, მძიმე შრომა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება უწევთ, ყველაზე მეტს ფიქრობენ, როგორ შეცვალონ ასეთი სამყარო.
და მაინც, შეძლებენ ლომგული ბავშვები ოცნებების ახდენას?
წაიღებს ანანდის ლომი წერილს „ოროპაში“?
რას უპასუხებს ან უპასუხებს კი საერთოდ ოროპაში მცხოვრები ღმერთი ბანგლადეშელ ბიჭს?
ან რა შეიძლებოდა ეკითხა ანანდის მისთვის?
იქნებ აინტერესებდა, ხედავდა თუ არა იმ ბავშვებს, რომლებიც ნამდვილი ლომგულებივით უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს;
იქნებ აინტერესებდა, რატომ თელავენ ფეხქვეშ ბავშვთა უფლებებს მმართველები;
იქნებ უნდოდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, სად მიდის იმ ბავშვების ოცნებები, რომლებსაც არ გაუმართლათ და კარგ სახელმწიფოებში არ დაიბადნენ…
თქვენ როგორ ფიქრობთ?
დაბოლოს, ვულოცავ ყველა ბავშვს პირველ ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მათ ვუსურვებ, ეცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მათი უფლებების დაცვა უმაღლეს ფასეულობად იქნება ქცეული!
მელანო კობახიძე