ბავშვთა შრომითი მიგრაცია და ექსპლუატაცია – ვინ და როგორ იცავს სამუშაოდ წასული ბავშვების უფლებებს? ამ საკითხით, ს/ო „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, ჯერ კიდევ, 2015 წელს დაინტერესდა, როცა ახალგაზრდული ცენტრის – „ლიდერთა სკოლის“ ერთ-ერთმა მოსწავლემ ისაუბრა თავის სოფელში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როგორ გადადიოდნენ თანატოლები სეზონურ სამუშაოზე თურქეთში, რის შემდეგაც ორგანიზაციამ აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა გადაწყვიტა. პირველი კვლევით საკმაოდ ყურადსაღები ფაქტები და დეტალები გამოიკვეთა, რაც მეორე კვლევის საფუძველი გახდა. უახლოეს დღეებში ორგანიზაცია წარადგენს მიმდინარე წლის კვლევის მასალებს, რაც შედარების შესაძლებლობას მოგვცემს – როგორია დინამიკა ან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის ორ პერიოდს შორის?
ჩვენს მკითხველს კი, ბავშვთა შრომითი მიგრაციისა და ექსპლუატაციის შესახებ კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ორგანიზაციის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ სოციალური მიმართულების მენეჯერი სალომე ჭიჭინაძე გააცნობს.
⇑⇓ რატომ დაინტერესდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ბავშვთა შრომითი მიგრაციის საკითხით
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ძირითადი საქმიანობის დაფარვის არეალია გურიის რეგიონი – ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი. უკვე წლებია, ოზურგეთში მოქმედებს ახალგაზრდული ცენტრი „ლიდერთა სკოლა“, სადაც ჩვენი პარტნიორი თუ არაპარტნიორი სკოლების მოსწავლეები ეუფლებიან სამოქალაქო განათლების მიმართულებით ცოდნას. „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლემ, რომელიც რელიგიური უმცირესობებით დასახლებული სოფლიდან იყო, დისკუსიურ ფორმატში, განაცხადა, რომ მის სოფელში ასეთი პრაქტიკა იყო დანერგილი, მისი თანატოლები სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ თურქეთში. ჩვენი ცენტრის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი დაინტერესდა ამ საკითხით, უფრო დეტალურად ჩაეკითხა და აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვნები, ერთმანეთის წამხედურობით (ერთგვარ პრაქტიკადაც იყო დანერგილი), გადადიოდნენ სეზონურ სამუშაოებზე თურქეთის რესპუბლიკაში და იქ საქმდებოდნენ, ძირითადად, თხილისა და ჩაის პლანტაციებში. როგორც რესპონდენტები კვლევის ფარგლებში წარმოებულ გამოკითხვებში აღნიშნავდნენ, იქ მუშაობით იძენდნენ ფინანსურ დამოუკიდებლობას, ჰქონდათ გარკვეული შემოსავალი, რომელსაც თავადვე განკარგავდნენ, ამიტომ ეს ძალიან მიმზიდველი გახდა იმ მოზარდებისთვისაც, რომლებსაც ამგვარი ფინანსური დამოუკიდებლობის მიღება სურდათ. შესაბამისად, უკვე იმ დროისთვის, როდესაც კვლევა ჩატარდა (ეს იყო 2015 წელი, ანალიტიკური ანგარიში მომზადდა 2016 წელს), არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკამ ფართო მასშტაბები მიიღო. რესპონდენტები ცხოვრობდნენ ქედის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ჩოლოქის მეურნეობაში.
⇑⇓ რა გამოიკვეთა 2015 წლის კვლევის ფარგლებში
გამოიკვეთა, რომ, ძირითადად, პრობლემა აქტუალურია გურიისა და აჭარის რეგიონებისთვის, რადგან სწორედ ამ რეგიონში მცხოვრები არასრულწლოვნები გადადიოდნენ, შრომითი მიგრაციის მიზნით, თურქეთში. მაშინ ორგანიზაციას ნაკლებად ჰქონდა სოციოლოგიური კვლევების ჩატარების გამოცდილება, ამიტომ მოვიწვიეთ კვლევითი ორგანიზაცია „სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი. მას ჰყავდა ინტერვიუერების გუნდი, რომელმაც განახორციელა საველე სამუშაოები. კვლევის ფარგლებში, სულ, გამოიკითხა 223 რესპონდენტი, რომელთა უმეტესი ნაწილი, იმ ეტაპისთვის, უკვე სრულწლოვანი იყო, თუმცა კი, 16-17 წლის ასაკისთვის, მათ უკვე ჰქონდათ თურქეთში სამუშაოდ გადასვლის გამოცდილება. მცირე ნაწილი კი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. რესპონდენტების რეკრუტირება მოხდა ე.წ. „თოვლის გუნდის“ მეთოდით (ერთმა მეორესთან გადაამისამართა, იმან სხვასთან და ა.შ.). უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბავშვები უპრობლემოდ დაგვთანხმდნენ, ჩართულიყვნენ კვლევაში, განსხვავებით ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევისგან. ძირითადად, იქ გადასვლის მიზეზსა და მიზანზე საუბრისას, პირველ და მთავარ მოტივად რესპონდენტები ფინანსურ დამოუკიდებლობას ასახელებდნენ, რაც სრულ თანხვედრაშია დღევანდელი კვლევის მონაცემებთან.
⇑⇓ 2023 წლის კვლევა
წლევანდელ კვლევაში 165 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათი ძირითადი მოტივიც იგივე რჩება – ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება, ოჯახის დახმარება ფინანსურად (მეორე და მესამე მოტივი, პროცენტულად, ოჯახთან იყო დაკავშირებული – დახმარებოდნენ სიღარიბის დაძლევაში). ეს იყო მთავარი მოტივები. რა თქმა უნდა, მათ პირველად მოტივაციას, რომ სურდათ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა, მიესალმებოდნენ ოჯახის წევრები. როგორც მაშინ, ისე წლევანდელი კვლევის ფარგლებშიც, გამოიკვეთა, რომ ოჯახის წევრები ინფორმირებულნი არიან არასრულწლოვნების შრომით მიგრაციაში ჩართვის თაობაზე, ანუ არ არის ის მომენტი, რომ ისინი ფაქტის წინაშე დგებიან. ძალიან საინტერესოა, რომ 2015 წლის კვლევაში ბავშვის შრომით მიგრაციაში წასვლას მიესალმებოდნენ მშობლები, განსაკუთრებით დედები, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამით შვილები შრომითი უნარებს შეიძენდნენ.
გენდერულად, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ბიჭი. რანჟირებულ სამუშაო ადგილებში ძირითადი თხილისა და ჩაის პლანტაციებია, მცირე წილი მოდის ჩაისა და თხილის ქარხნებსა და მშენებლობაზე. შესაბამისად, ჩაისა და თხილის პლანტაციებია თურქეთში დასაქმების ძირითადი არეალი, სადაც სჭირდებათ ე.წ. შავი მუშახელი. განსხვავებულია ანაზღაურება, რომელიც 2015 წელს გაიცემოდა და რომელსაც ახლა იღებენ.
⇑⇓ რა არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება შრომითი მიგრაციის ამ ორ პერიოდს შორის
როგორც ვთქვი, მოტივები იგივეა. რაშია განსხვავება? თუ მაშინ გადიოდნენ 16-დან 18 წლის ასაკამდე შუალედში, თუმცა კი, მცირე პროცენტს მანამდეც ჰქონდა მიღებული პრაქტიკა (14-15 წლის ასაკში), ახლა, ასაკი რანჟირდება 14-დან 16 წლამდე, ანუ არასრულწლოვანთა ასაკი გაახალგაზრდავდა. თუმცა, ნაკლებია მასშტაბი და ამის მიზეზი, პირველ რიგში, არის პანდემია, როდესაც ჩაკეტილი იყო საზღვარი, შესაბამისად – მიმოსვლაც. ახლა, როდესაც აღდგა ცხოვრების ჩვეული რიტმი, მაინც არ არის ის მასშტაბები, რაც 2015-ში და რატომ? გაუფასურდა თურქული ლირა. თუ 2015-ში ჩაის პლანტაციებში დასაქმებული არასრულწლოვნების დღიური შემოსავალი 60 ლირამდე იყო, მოცემულ ეტაპზე, თანხა გაორმაგებულია და უტოლდება 120 ლირას, ამასთან, მაშინ, ვიზიტების მიხედვით, ხელფასის ზრდის ტენდენცია იკვეთებოდა, ახლა კი ერთ ნიშნულზეა (120 ლირა და მეტი).
⇑⇓ შრომითი პირობები
კვლევებში იდენტურია შრომით პირობებთან და დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2015 წლის კვლევის მსგავსად, 2023 წლის კვლევამაც გამოავლინა, რომ არასრულწლოვნები თურქეთში, როგორც წესი, არანორმირებული სამუშო განრიგით მუშაობენ, ანუ პლანტაციებში ატარებენ 9 საათსა და მეტ დროს. საქართველოს კანონმდებლობით, 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა — კვირაში 24 საათს.
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვებს, ღია ცის ქვეშ, უწევთ 9 საათი მუშაობა. ამბობდნენ, რომ ის სიტყვიერი შეთანხმება, რა პირობებშიც მოუწევდათ ყოფნა და მუშაობა, უმეტესად არ ირღვეოდა დამსაქმებლის მხრიდან. გამოყოფილი იყო საერთო სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ერთი საათი შეეძლოთ დაესვენათ. როგორც წინა, ისე ამჟამინდელი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა უკმაყოფილების გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება ცუდი სამუშაო პირობები (32%), რაც განაპირობებს თურქეთში სამუშაოდ ხელმეორედ წასვლის მოტივაციის არქონას. ამჟამინდელი მონაცემებით, კიდევ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც არასრულწლოვანი მოქალაქე საქმდება, გარდა იმისა, რომ საზღვრის კვეთაზე უნდა ჰქონდეს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ნოტარიულად დადასტურებული თანხმობა, მას, ასევე, უნდა ჰქონდეს ნოტარიულად დადასტურებული თანხმობა, რომელიც დამსაქმებელს უნდა წარედგინოს. 2015 წელს გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნებს საზღვრის კვეთისას ჰქონდათ მშობლების თანხმობები, მესაზღვრეები მათ არ სთხოვდნენ ამგვარი დოკუმენტის წარდგენას. მოცემული ეტაპისთვის ეს რეგულაცია გამკაცრდა, შესაბამისად, მესაზღვრეები სთხოვენ თანხმობებს. თუმცა, როგორც წინა კვლევაში, ამჟამინდელ კვლევაშიც დამსაქმებლები არ სთხოვენ არასრულწლოვნებს მშობლის თანხმობებს. წინა კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ შეისწავლა თურქეთის შრომითი კანონმდებლობა. როგორც აღმოჩნდა, თურქული კანონმდებლობა არ ავალდებულებს დამსაქმებელს, რაიმე ტიპის ხელშეკრულება გააფორმოს პირთან, რომელიც წლამდე პერიოდით საქმდება მასთან. შესაბამისად, ეს არის ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. დიდი ალბათობით, თურქეთის მხარემ საერთოდ არ იცის, რა რეგულაცია არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანთა დასაქმების სფეროში. ამას გარდა, მას შეუძლია თქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება თურქეთში შრომით ურთიერთობებზე, აქედან გამომდინარე, რა ვალდებულება აქვს, რომ ეს მოსთხოვოს.
ძირითადად, არასრულწლოვანთა სამუშაოდ წასვლის პერიოდი ემთხვევა მაის-ივნისს. რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა (95%-ზე მეტი) პასუხობს, რომ შრომითი მიგრაცია არდადეგების დროს და არა სასკოლო გაკვეთილების პერიოდში განხორციელდა. შესაბამისად, არ იკვეთება სკოლის გაცდენის პრაქტიკა.
⇑⇓ რა იციან მუნიციპალიტეტებმა და სკოლებმა ბავშვთა შრომითი მიგრაციის შესახებ
როგორც წინა კვლევაში, ისე ახალში მეორადი ჯგუფის წარმომადგენლები, ვისაც უშუალო შეხება აქვთ ბავშვებთან (იგივე მუნიციპალიტეტები ან სკოლები), ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან ამგვარი ფაქტების შესახებ, რაც გამორიცხულია, რადგან, პატარა თემებია, შესაბამისად, ყველა ერთმანეთს იცნობს და იციან ოჯახების საერთო სიტუაცია. 2015 წელს ჩვენთვის პირველი კვლევა იყო და ამიტომ დავიჯერეთ, შესაძლებლად ჩავთვალეთ, რომ შეიძლება მეორე ჯგუფის აქტორებს არ სცოდნოდათ ამ პრაქტიკის შესახებ, მით უმეტეს, თუ არდადეგების პერიოდში ხდებოდა ბავშვების გადასვლა. მოგვიანებით, კვლევის შემდეგ, როდესაც შრომითი მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები დავიწყეთ, გადავწყვიტეთ ტრენინგების ჩატარება, რადგან მივხვდით, რომ ამ მიმართულებით მეტი უნდა გვემუშავა მშობლებთან, ბავშვებთან, მასწავლებლებთან, ადმინისტრაციებთან, თემის, სოფლის თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. აღმოჩნდა, რომ ყველამ გადასარევად იცოდა ყველაფერი, სახელობითად იცოდნენ ოჯახები, რომელი ოჯახიდან რამდენი არასრულწლოვანი იყო წასული. მაგალითად, ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, მასწავლებელი მეუბნებოდა, რა ქნას ამ ბავშვმა, მამა არ ჰყავს, გარდაიცვალა, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია და დედა ვერ მუშაობსო, შესაბამისად, რადგან უკვე თინეიჯერია, გადადის სეზონურ სამუშაოზე, ოჯახს ხომ უნდა რჩენაო. მაშინდელი კვლევის გამოხმაურებების (მაშინ მედია ძალიან დაგვეხმარა ამ მიგნებების პოპულარიზაციის საქმეში) შემდეგ სკოლებმა ინტენსიურად დაიწყეს ბავშვების სკოლაში დასწრების აღრიცხვა, რაც მანამდე არ ხდებოდა, ანუ იცოდნენ, რომ მიდიოდნენ და არ აღრიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც აღრიცხვის სისტემა ამუშავდა, ბავშვებიც ერიდებიან მაქსიმალურად, ვთქვათ, მაისის დასაწყისში წასვლას და მიდიან მაისის ბოლოს და ივნისში, როდესაც ნაკლებად ინტენსიურია სასწავლო პროცესი.
⇑⇓ ფიქრობენ თუ არა არასრულწლოვნები, რომ მათი უფლებები ირღვევა
ახლანდელ კვლევაში, რესპონდენტთა მესამედი აღნიშნავს, რომ შრომით მიგრაციაში მათი უფლებები ირღვეოდა. ისინი მიუთითებენ ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა, დამსაქმებლის მხრიდან ბულინგი, აბუჩად აგდება, ცემა, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, შესვენების, ანუ იმ ერთი საათით დასვენების გარეშე მუშაობა, რომელზეც ზეპირსიტყვიერი შეთანხმება იყო; პირადი დოკუმენტების ჩამორთმევა, რაც საერთოდ არ გამოვლენილა წინა კვლევაში და ახალია; სამუშაო პერიოდში ჭამის აკრძალვა; ოჯახის წევრებთან დაკავშირების შეზღუდვა; დაპირებული ანაზღაურების შემცირება ან საერთოდ არ მიცემა; მძიმე საცხოვრებელი პირობები და სხვა. ყველა ეს გარემოება, ერთმნიშვნელოვნად, მიუთითებს არასრუწლოვანთა უფლებების შელახვაზე და ძალადობრივ მოპყრობაზე.
⇑⇓ დამსაქმებლები ხედავენ, რომ ეს ბავშვები მხარდამჭერების გარეშე არიან
ახალი კვლევა 2022-23 წლებს მოიცავს, წინა და ახლანდელ სეზონებს. ანაზღაურება დღეისათვის გაორმაგებულია – 120 ლირამდეა ასული, თუმცა ლირის მსყიდველობითი უნარი ნაკლებია და შესაბამისად, ეს თანხა ვეღარ იწვევს ისეთ კმაყოფილებას და ყველაზე მთავარი, შრომითი პირობები კვლავ რჩება მძიმე, ისევე როგორც დამოკიდებულებებია გაუარესებული. სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იმავე დამსაქმებლებთან საქმდებიან, რადგან დასაქმების არეები საზღვრისპირა ქალაქებია, ორდუ და რიზე. სავარაუდოდ, უფლებრივი მდგომარეობების გაუარესებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ არასრულწლოვნებს, თურქეთში პირველი ვიზიტისას და დასაქმებისას, თან არ ახლდნენ მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები, პირველი რიგის მხარდამჭერები), რაც არ გამოვლენილა 2015 წლის კვლევაში. მშობლები არიან ადამიანები, ვინც მათ უფლებებს დაიცავენ, შესაბამისად, დამსაქმებლები ხედავენ, რომ ეს ბავშვები მხარდამჭერების გარეშე არიან ჩამოსულები და როგორც უნდათ ისე ექცევიან მათ.
⇑⇓ „მზაკვრული“ შეთავაზება არასრულწლოვნებს
რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ზოგადად, პოლიტიკური ვითარების პრიორიტეტმა ევროპაში გადმოინაცვლა და სირიაში საომარი მოქმედებები აღარ არის იმდენად აქტუალური. რატომ ვამბობ ამას? სექსუალურ ძალადობასთან ერთად, 2015 წლის კვლევაში ისიც გამოვლინდა, რომ ამ ბავშვებს ჰქონდათ შეთავაზება, აზიის რომელიმე ქვეყანაში (მაგ., სირიაში) წასულიყვნენ ისლამისტურ სამხედრო ჯგუფებში სამსახურის დასაწყებად. ასეთი შეთავაზებები სულ 5 რესპონდენტს ჰქონდა (2 მათგანი ამბობდა, რომ მსგავსი შემოთავაზება არაერთხელ მიუღია, ხოლო 3 – რომ შემოთავაზება ერთხელ ჰქონდა). 2023 წლის კვლევაშიც, 5 რესპონდენტი (3%) ადასტურებს, რომ თურქეთში ყოფნის დროს მიუღია შეთავაზება აზიის რომელიმე ქვეყანაში (მაგ., სირიაში) წასვლასთან დაკავშირებით, ისლამისტურ სამხედრო ჯგუფებში სამსახურის დასაწყებად.
ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი არასრულწლოვანია და რამდენადაც კარგად არ უნდა იცოდეს თავისი უფლებები, შეიძლება ვერ დაიცვას საკუთარი თავი ან ვერ განსაზღვროს ის რისკები, რომელიც მის ქმედებას/გადაწყვეტილებას შეიძლება თან სდევდეს, ამისთვის სჭირდება კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი. დედები, რომლებიც მიესალმებოდნენ ბავშვების გასვლას სამუშაოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მას შემდეგ, რაც დაბრუნებულთა 16%-ს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკვე წინააღმდეგი იყვნენ, რომ ბავშვი ხელმეორე ვიზიტით წასულიყო თურქეთში.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო კამპანიების შედეგად, თვითონ ბავშვებსაც და მშობლებსაც აბსოლუტურად ეცვლებოდათ დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. თითქოს, თვალები ეხილებოდათ მშობლებს. თუმცა, კამპანიები აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ, რათა გარკვეული პერიოდულობით, ამასთან, ყველა სამიზნე თემში, ჩავატაროთ საგანმანათლებლო აქტივობები, რათა შევცვალოთ მშობლებში/ბავშვებში/პროფესიონალებში არსებული ეს არასწორი დამოკიდებულებები. ჩვენი კამპანიების შედეგად, არაერთი მონაწილე ამბობდა, რა კარგია, ეს რომ გავიგე, აქამდე არ ვიცოდიო.
⇑⇓ და ყველაზე მთავარი, რაც გამოვლინდა
სამოქალაქო განათლების ნაწილში ძალიან ბევრს ელაპარაკებიან ბავშვებს და თითქოს საკუთარ უფლებებსაც ასწავლიან, შრომის უფლებაც ხომ კარგადაა განსაზღვრული, თუნდაც ბავშვის უფლებათა კონვენციაში, მიუხედავად ამისა, არც ერთ რესპონდენტს, წინა კვლევაში, არ აღუნიშნავს, რომ ამგვარი მდგომარეობით (9 საათი რომ მუშაობდნენ ღია ცის ქვეშ) მათი შრომითი უფლება ირღვეოდა. აღმოჩნდა, რომ თურმე არ იციან.
⇑⇓ საჭიროა მშობლის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა
იმიტომ, რომ თუ მუშაობის სეზონი მოდის ივნისზე, ადმინისტრაცია და სკოლა ამ კუთხით ვერ ჩაერთვება. სკოლამ, რა თქმა უნდა, თავის კურიკულუმებში უნდა ასახოს, რომ არა მარტო შინამეურნეობებში (საქართველოშიც ბევრია ასეთი შემთხვევები, უხდიან დღიურ სამუშაოზე და ბავშვები აცდენენ სკოლას, მიდიან მეზობლის ბაღ-ვენახების ან ბოსტნების დასამუშავებლად), არამედ საზღვარგარეთ წასვლაზეც მოახდინოს აქტუალიზაცია და მაქსიმალურად ეცადოს, ბავშვს გააგებინოს, რომ ამას არეგულირებს როგორც საერთაშორისო აქტი, ისე შიდა კანონმდებლობა. უცხო ქვეყნის კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევიჭრებით და ამის ილუზიას არც მაშინ ვიქმნიდით, როდესაც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მივმართეთ. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, კომიტეტის ინიციატივით შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააერთიანებდა პარლამენტარებს, სამართლის ექსპერტებს, რომლებსაც ექნებოდათ კონკრეტული პასუხი როგორ შეიძლებოდა, უცხო ქვეყანაში შენი ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქე ყოფილიყო უფლებრივად დაცული, ან ახალი საკანონმდებლო აქტი შექმნილიყო, რომელიც რაღაც ფორმით ამ საკითხს დაარეგულირებდა.
ჩვენი ორგანიზაცია, როგორც კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების საბჭოს წევრი, მუდმივად ვცდილობთ, კოალიციის საქმიანობების ფარგლებში, ნებისმიერ ასეთ მწვავე საკითხებზე გავაჟღეროთ ინფორმაცია და მოვახდინოთ რაიმე ფორმით რეაგირება. სწორედ ამ მიზნით, როგორც 2015-ის, ისე 2023 წლების კვლევის მიგნებები აისახა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების ალტერნატიულ ანგარიშში.