ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი „ილია“ (დირექტორი – იოსებ მატიაშვილი) საგარეჯოში 2000 წლის 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს და მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. მათ შორისაა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის მიმართულებაც. 2019 წლიდან კოლეჯში ეს პროგრამა მომზადება-გადამზადების სამთვიან კურსს მოიცავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ პოზიციაზე, ძირითადად, არაპროფესიონალები მუშაობენ, გასაგებია, რატომაც დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ (რამდენიმე სხვა პროგრამასთან ერთად) საბავშვო ბაღის აღმზრდელის საგანმანათლებლო პროგრამა 2021 წლიდან. ახალგაზრდების დაინტერესება სწორედ ხელმისაწვდომობის ზრდამაც განაპირობა.
ამჟამად ამ პროგრამას კოლეჯში 11 პროფესიული სტუდენტი ეუფლება, ამდენივემ შარშან დაამთავრა და თითქმის ყველა დასაქმებულია. მარეხ ღვინაშვილი მეორეკურსელია, პირველი პროფესიით მედდაა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხანი იმუშავა სპეციალობით, მიხვდა, მთლად მისი საქმე რომ არ იყო და, 7-წლიანი მუსიკალური განათლების წყალობით, საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა მუსიკის მასწავლებლად. სწორედ აქ, ბავშვებთან ურთიერთობით აღმოაჩინა, რომ მისი ადგილი საბავშვო ბაღშია და ერთი წლის წინ სტუდენტიც გახდა. თეორიული კურსი უკვე გაიარეს, დეკემბრიდან გრძელვდიანი, 6-კრედიტიანი პრაქტიკული პროექტი დაიწყება და კოლეჯში ნასწავლით უკვე საბავშვო ბაღში გამოსცდიან საკუთარ თავს. „ყველაფერი, რაც აქ ვისწავლე, ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო: პროფესიული ეთიკა სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში, კომუნიკაცია, ენა და მეტყველება, ადრეული და სკოლამდელი ასაკის კვლევები, კურიკულუმი (გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმუშაოთ სკოლამდელ დაწესებულებაში) – ეს ის მოდულებია, რომლებიც უკვე ვისწავლეთ და ჩავთვალეთ კიდეც. გარდა ამისა, გავიარეთ ზოგადი კურსიც – ინგლისური ენა, მეწარმეობა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. დამეთანხმებით, სამივე ერთნაირად საჭიროა თანამედროვე პედაგოგისთვის. ველოდები პრაქტიკის დაწყებას, სადაც გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს გამოვცდი საქმეში, იმ აქტივობებსაც გავეცნობი, რომლებსაც მომავალში გამოვიყენებ, როგორც აღმზრდელი“.
თამარ სამხარაული და მარეხი კურსელები არიან. თამარმა უფრო მოკლე გზა გაიარა პროფესიის არჩევამდე, მას სხვა გატაცება არც ჰქონია, სკოლის დამთავრებისას უკვე იცოდა, სად გააგრძელებდა სწავლას – რაკი ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს და გამოსდის კიდეც, აღმზრდელის პროფესიაზე უყოყმანოდ გააკეთა არჩევანი. ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, საინტერესო მოდულები გაიარეს და ბევრი რამ ისწავლა. ორივენი მარიამ კოხტაშვილის მადლიერები არიან, სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის, რომელიც სპეციალობას უკითხავს სტუდენტებს. ამბობს, რომ, როცა კურსს დაასრულებს, აუცილებლად აღმზრდელად იმუშავებს, თუმცა კიდევ ერთი პროფესიის შესწავლა აქვს გადაწყვეტილი. „აქ ყველა მიმართულებაზე გამოცდილი სპეციალისტები ასწავლიან, ყველა პირობა გვაქვს, რასაც ავირჩევთ სრულყოფილად დავეუფლოთ, მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ბუღალტრული აღრიცხვა შევისწავლო,“ – ამბობს თამარი.
ქალბატონი მარიამიც ადასტურებს, რომ ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, ძალიან მონდომებული და ინტერესიანი ადამიანები მოდიან, ზოგი უმაღლესი განათლებითაც, სხვადასხვა მიზეზითა და მოტივაციით, „არჩევანიც მრავალფეროვანი აქვს ჩვენს კოლეჯს და დასაქმების გარანტიაც აქვთ კურსდამთავრებულებს. ერთი შარშანდელი კურსდამთავრებულისთვის „სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელი“ მეორე პროფესია იყო, ფარმაციის კურსი ჰქონდა გავლილი, ძალიან კარგი სტუდენტი იყო, ახლა ერთ-ერთი წარმატებული ბაღის მენეჯერია,“ – გვითხრა მარიამ კოხტაშვილმა.
დასაქმების ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 38 საბავშვო ბაღია და აღმზრდელის პოზიციაზე მოთხოვნა თითქმის ყველგანაა. კოლეჯის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც სულ რაღაც 2 წელიწადში ეუფლებიან პროფესიას, გარანტირებული დასაქმება სერიოზული მოტივაციაა. პროფესიული განათლების ხიბლიც ხომ ესაა – მოკლე ვადაში სასურველი პროფესიის შესწავლა და დასაქმება.
ანა ფირცხალაიშვილი