ბავშვთა უფლებების დაცვა დიდი ხანია სამყაროს სერიოზულ „თავშისახლელ“ პრობლემად იქცა, რდაგან არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა სახელმწიფოებმა ბავშვზე ორიენტირებულად აქციონ სისტემები და მისი ჭეშმარიტი ინტერესები უზენაესი გახადონ. ჩვენს ქვეყანაში ეს თემა განსაკუთრებით მწვავეა, რადგან მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის აზრის მოსმენა და მისი ჩართვა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უშუალოდ მას ეხება. ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბავშვს უფლებებზე წინ მოვალეობები აქვს, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტის აზრით, ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამართლებულია, ძალადობის მსხვერპლ უუფლებო ბავშვებს კი არ ვუსმენთ, მათი არ გვჯერა, ხშირად, სამწუხაროდ, მათ ნაამბობს წარმოსახვად აღვიქვამთ და ტყუილშიც ვადანაშაულებთ. ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, სადაც 36-59 თვის ბავშვთა მხოლოდ 58%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი.
ამის ფონზე კი, ყოველწლიურად, 1 ივნისს – „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ მასშტაბური ღონისძიებებით თავმომწონედ ვულოცავთ და ვახსენებთ, რომ მათ აქვთ უფლებები, რომ ეს დღე მსოფლიოში მათ დასაცავად დაწესდა.
სინამდვილეში როგორია მათი რეალობა ჩვენს ქვეყანაში? როგორ იცავს ბავშვს სახელმწიფო? აღიარებს თუ არა საზოგადოება მის უფლებებს და რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით ვლინდება – ამის შესახებ გვესაუბრება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იურისტი ანა აბაშიძე
როგორ აღიქვამს საზოგადოება ბავშვს
ჩემი აზრით, მთავარი, ძირი პრობლემა, რომლისგანაც შემდეგ ბევრი სხვა პრობლემა ჩნდება, არის ის, რომ საზოგადოება ბავშვს არ აღიქვამს როგორც სუბიექტს, რომელსაც აქვს უფლებები და ღირსება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს. მას არ უყურებს როგორც თანასწორს, ხედავს როგორც „პატარა ადამიანს“, რომელსაც სრულწლოვანებამდე ადამიანისთვის დამახასიათებელი სრულყოფილი თვისებები არ აქვს და ცალსახად არ აღიარებს მის უფლებებს. ეს არის ყველა გამოწვევის მიზეზი, საზოგადოების დონეზეც, კონკრეტულად ოჯახების დონეზე და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დონეზეც. ბავშვის შესახებ ასეთი წარმოდგენები ქმნის მთავარ პრობლემას, რასაც საზოგადოება ადეკვატურად ვერ პასუხობს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენნაირი ორგანიზაციები ლაპარაკობენ ბავშვთა უფლებებზე, ხშირად ვაწყდებით წინააღმდეგობას, პრაქტიკულად, ყველასგან, გარდა ბავშვისა. ანუ ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ხდება – მშობელიც, მასწავლებელიც, მეზობელიც… იმიტომ, რომ ისინი არ აღიარებენ ბავშვს პიროვნებად და სრულყოფილ მოქალაქედ. ბავშვს ჩვენი დახმარება ხშირად სჭირდება, ძირითადად, განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, არც სხვა მიმართულებით არის ის აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი, თანასწორი პიროვნება.
როგორ აღიქვამს სახელმწიფო?
ეს შეიძლება ორ დონეზე განვიხილოთ: პირველი – როგორ აღიქვამს კანონმდებლობის დონეზე. კანონმდებლობის დონეზე მეტ-ნაკლებად ადეკვატურად აღიქვამს, კანონებში წერია, რომ ბავშვს აქვს უფლებები, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და მეორეც, ბოლოსდაბოლოს, ბავშვთა კონვენციის მონაწილე ქვეყანა ვართ, ასევე, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენს შიდა კანონმდებლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურადაა ასახული ბავშვთა დაცვისა და თავისუფლების უფლებები. მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან, თვითონ ადამიანები, ხელისუფლების წარმომადგენლები არ აღიარებენ კანონს. არ არის გათავისებული, მაგალითად, ის, რომ ბავშვის შეურაცხყოფა ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც ზრდასრული ადამიანის; ის, რომ ბავშვზე არ უნდა იძალადო. თუკი კონკრეტული სრულწლოვანი თანამოქალაქის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობა დაგეკისრება, როგორ შეიძლება იგივე ქმედება გაამართლო ბავშვთან მიმართებაში, მით უფრო, თუკი პარალელურად აღიარებ, რომ ბავშვი სამართლის სუბიექტია და აქვს უფლებები. ასეთი პარადოქსული დამოკიდებულებაა. ის, რაც კონსტიტუციაში წერია, პრაქტიკაში არ სრულდება, პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო მოსამსახურეებისა თუ მოხელეების მხრიდან. სწორედ ამიტომ იქმნება ყველაზე დიდი პრობლემა. როცა ითხოვს ბავშვი სხვადასხვა დონეზე დახმარებას – იქნება ეს სკოლა, გასაჩივრების მექანიზმი, სასამართლო, პოლიცია – თუ მას არ უჯერებენ, სერიოზულად არ აღიქვამენ, თუ ის სახელმწიფოში არ არის მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც მოქალაქე, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება, მათ შორის იმასაც, რაც კონსტიტუციაში წერია. აი, ასეთ ვითარებაში ვართ დღეს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ვითარება არ არის იგივე, რაც 15 წლის წინ. კანონმდებლობაც ბევრად უფრო დაიხვეწა და აღქმა (პრობლემა, რაზეც უკვე ვისაუბრე), მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიდის პოზიტიური ცვლილებებისკენ. მას ხელს უწყობს, მაგალითად, სასამართლო დავები, რომლებსაც ბავშვები აწარმოებენ, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობა, სადაც სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს – მაგალითად, გააძლიეროს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურია და უკეთესობისკენ მივდივართ, მაგრამ ის მინიმალურიც კი არ არის, რასაც ბუნებრივად ითხოვს ბავშვის უფლება.
მოსახლეობის 60 პროცენტის აზრით, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდები უფრო ამართლებს (იუნისეფის 2013 წლის კვლევა)
პირველ რიგში, ეს კვლევა და უამრავი სხვაც იმ რეალობას ადასტურებს, რაზეც ვილაპარაკეთ – როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ბავშვებთან მიმართებაში. როდესაც, მაგალითად, ბავშვზე ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას ამართლებენ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი აღიარებული არ არის პიროვნებად, ის ერთგვარი საკუთრებაა (ამ შემთხვევაში – მშობლების), უფრო უსულო საგანი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც, მათი აზრით, არ აქვს უფლებები, შესაბამისად, არც მასზე ძალადობაა კანონდარღვევა. ეს ზუსტად ასახავს საზოგადოების წარმოდგენებს ბავშვზე. ამიტომ, არ გამკვირვებია კვლევის შედეგი, ასე რომ არ ყოფილიყო, აბსოლუტურად სხვა ვითარებაში იცხოვრებდნენ ბავშვები.
სამოქალაქო სექტორის როლი
ჩვენი როლი, პირველ რიგში, ის არის, რომ, ერთი მხრივ, გავუწიოთ სხვადასხვა სახის – სამართლებრივი თუ სხვა ტიპის დახმარება, მეორე მხრივ კი, ვეცადოთ, შევცვალოთ ის სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომელიც საზოგადოებას აქვს. ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ – პირადად ვუსმენთ ბავშვებს და ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა მხოლოდ ბავშვის აზრს აქვს. დანარჩენის, მათ შორის, მშობლების მოსაზრებები, დამატებითი ინფორმაციაა, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითვალისწინებთ, თუ ის ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს ემსახურება. მოკლედ რომ ვთქვა, პარადიგმას ვცვლით – მთავარია ბავშვი და შემდეგ დანარჩენი სხვა. ამას ბავშვი გრძნობს და, რეალურად, თანასწორად აღიქვამს თავს. ეს ფაქტორი კი, უმნიშვნელოვანესია მისი სრულუფლებიან მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, პარლელურად, ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციასაც ვეწევით, ხშირად ვესაუბრებით მათ ამის შესახებ, ვაწყობთ სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებსა და სემინარებს. ვარწმუნებთ, რომ სწორედ ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები საზოგადოებაში.
ქუჩის ბავშვები და სახელმწიფოს სტრატეგია
პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ სახელმწიფოს არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, არ აინტერესებს ეს თემა და თვალს ხუჭავს, თითქოს ვერც კი ხედავს ბავშვებს ქუჩაში. რა ხდება სინამდვილეში? ბავშვის ქუჩაში გამოსვლის მთავარი ფაქტორი სოციალური სიდუხჭირე არ არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავარი ფაქტორი, ფინანსური მოგების მიზნით, ორგანიზებულად, ბავშვების ექსპლუატაციაა, მათი შრომის უკანონოდ გამოყენება, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ტრეფიკინგსაც კი უთანაბრდებოდეს. რეალურად, ორგანიზებულ დანაშაულს აქვს ადგილი. ვფიქრობ, სოციალური სიდუხჭირეც არის ბავშვის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი, მაგრამ არა მთავარი. ამის შესახებაც ძალიან კარგად იცის სახელმწიფომ, თუმცა, მისი მხრიდან პასუხი აქაც უმოქმედობაა. რადგან სახელმწიფოს არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, ამიტომ ხდებიან ბავშვები ექსპლუატაციის მსხვერპლი, მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურადაც და ფიზკურადაც. პირადად მქონია ასეთი საქმეები. იმის გამო, რომ „ვიღაც ექსპლუატატორის“ მიერ დასახელებული თანხა კონკრეტულ დღეს ვერ მიიტანა, მეორე დღეს კიდევ უფრო ნაკლები თანხა იშოვა, არაერთგზის გახდა ძალადობის მსხვერპლი. მეორე მხრივ, აქ მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოება არანაირად არ არის დაცული (ვერც იქნება), რადგან, დღის განმავლობაში, საშიშ ტერიტორიაზე იმყოფებიან. სარისკო და მჭიდრო გზები, გზაჯვარედინები, ადგილები, სადაც მანქანების უწყვეტი მოძრაობაა – ეს ყველაფერი ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დიდი რისკის შემცველია. ამის გარდა, სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი. გამონაბოლქვის მავნებლობა ჩვენს ქვეყანაში, მაღალია. ყველაზე მავნებელი კი, ზუსტად იმ დონეზეა, რა დონეზეც ბავშვები არიან – დაბლა, მეტრ ან მეტრ-ნახევარ სიმაღლეზე.
რამდენიმე დღის წინ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, მანქანა დაეჯახა მათხოვრობის დროს. იმის გარდა, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, მათი განვითარება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სახელმწიფოს კი არავითარი სტარტეგია არ აქვს ამ მიმართულებით
ბულინგი – რა ხდება სკოლებში
ამ თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავ, პირველ რიგში, რა ტიპის კულტურაა სკოლებში ჩამოყალიბებული. შემთხვევით, თავად კულტურა ხომ არ არის ძალადობრივი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ის, რაც სკოლებში ხდება – მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა, საქმეების გადაწყვეტის ტრადიცია, შენიშვნის მიცემის ან ინფორმაციის გაზიარების მეთოდები – ყველაფერი ძალადობრივია. ამიტომ ჯერ ამას უნდა დაერქვას სახელი – არასწორი კულტურა და ამის შემდეგ განვიხილოთ მეორე თემა. ხომ არ არის სკოლებში ბულინგისთვის წამახალისებელი გარემო შექმნილი, მათ შორის, ინფრასტქუტურა, დაზიანებული კუთხეები, საკლასო ოთახი, ინვენტარი და ა.შ. რამდენად გაცნობიერებული აქვს თანამშრომლებს ბავშვთა უფლებები და აღიარებენ თუ არა მას. თუ თანამშრომელი ამბობს, რომ ბავშვს უფლება არ გააჩნია ან ამბობს, რომ ბავშვს უფლებასთან ერთად მოვალეობებს რატომ არ ასწავლით – ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ იმ გარემოში ვერ იქნება დაცული თანასწორობის პრინციპი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა – ოდითგანვე, საქართველოში (არა მხოლოდ საქართველოში, თუმცა, ბევრმა ქვეყანამ შეცვალა ეს მიდგომა) ასეთი მიდგომა იყო: ბავშვმა არაფერი არ იცის, მასწავლებელმა ყველაფერი იცის. ეს ე.წ. საბანკო სისტემაა, რომ ჩვენ ინვესტიციას ვაკეთებთ სუფთა ფურცელზე. ამ სისტემაში თანასწორობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ერთ მხარეს არიან მცოდნენი და მეორე მხარეს – აბსოლუტურად უცოდინარი ბავშვები. მათგან არაფრის მიღება არ შეგვიძლია, მხოლოდ იქით თუ მივცემთ რამეს. ეს სრულიად უთანასწორო დამოკიდებულება, რასაკვირველია, არასწორია, მეტიც – ტყუილია!
სწავლების პროცესი ინტერაქტიული, ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს, ეს ბუნებრივიცააა. უბრალოდ, ადამიანები ამას არ აღიარებენ. შესაბამისად, აქ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ბულინგიც მაშინ იჩენს თავს და მძლავრდება, როცა გარემო უთანასწორო და ჩაგვრაზე ორიენტირებილია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა, თვის მხრივ, სრულყოფილი უნდა იყოს, მაგრამ უმთავრესი მაინც კულტურა და ის დამოკიდებულებებია, რომელიც ჩვენს საჯარო სისტემებში აუცილებლად შესაცვლელია. ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ და განათლების სამინისტროს ყურადღებასაც ვიქცევთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან ამ მიმართულებით მცდელობები არაეფექტურია, რადგან თვითონ სისტემა, რომელზეც სკოლები დგას აბსოლუტურად მიუღებელია. მესმის, რომ ძლაიან რთულია ღირებულებების შეცვლა, მაგრამ დიდ უმრავლესობას, უბრალოდ, ამის სურვილიც კი არ აქვს. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ახლა ბავშვების გაძლიერებაა უფლებრივი თვალსაზრისით – მათი მხარდაჭერა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების დახვეწა.
ნომერ პირველი გამოწვევა
თუ მეკითხებით ერთი და ყველაზე მთავარი გამოწვევა რა არის, გეტყვით, რომ სიღარიბე. ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და არავინ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რადგან, ასეთ მცირე ასაკში შიმშილი მათი განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორია.
ათბალიანი შეფასების სისტემიდან რამდენი ეკუთვნის სახელმწიფოს
ძალიან ობიექტური რომ ვიყო, მაქსიმუმ, 5 ქულას დავუწერ სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
იმედის მომცემი – ახლა ბავშვის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის
იმედის მომცემი ის არის, რომ ამ ეტაპზე ბავშვები ბევრად უფრო აქტიურები, გამხნევებულები და მოტივირებულები არიან, ვიდრე წინა წლებში. სწორედ ბავშვების გაძლიერება შეცვლის არსებულ ვითარებას. მათი როლი გადამწყვეტია და რეალურად ყველაზე ეფექტურიც. ძალიან პოზიტიურია ისიც, რომ ახლა ბავშვის ხმა უფრო ხმამაღალია, მეტად ისმის მათი გამბედავი ხმა, ის უფრო გამზიარებელია საკუთარი პრობლემების. ამ დროს კი, ადვილია იპოვო მხარდამჭერები, მათ შორის, ჩვენი სახით ან ოჯახია წევრების და ა. შ.
არ ვუსმენთ ბავშვებს!
დიახ, ეს მწვავე პრობლემაა – ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, რაც კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის. როცა ბავშვთან თანამშრომლობით და მისი მონაწილეობით არ წყდება საკითხი, რომელიც უშუალოდ მას ეხება, ასეთ დროს ბავშვი თავად უშლის ხელს მის აღსრულებას. ეს პრობლემაა სკოლაშიც, ოჯახშიც, საზოგადოებაშიც. ამიტომ, მოვუსმინოთ ბავშვებს!
ესაუბრა ლალი ჯელაძე