29 ივნისი, შაბათი, 2024

ახალი შვეიცარიული სტანდარტის მეცხოველეობის პროფესიული პროგრამები რაჭაში

spot_img

მეცხოველეობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის მიღების მსურველთათვის მაღალი დონის პროფესიული პროგრამები საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.

მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტის აკრედიტებულ კურსებს „ბლაუენშტაინ ედუ“ ნერგავს. პროექტი „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ ამბროლაურის პროფესიულ კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება.

„ბლაუენშტაინ ედუ“ უკვე აქტიურად მუშაობს სასწავლო პროგრამისა და სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე შესაქმნელად. კომპანიამ საქართველოში მოიწვია შვეიცარიელი (HAFL-ის -Bern School of Agricultural, Forest, and Food Sciences) ექსპერტი ანდრეას შეურერი, რომელიც მესაქონლეობის ადგილობრივ პრაქტიკას გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებსა და სპეციალისტებს შვეიცარიული პრაქტიკა გაუზიარა. ექსპერტმა კახეთსა და რაჭაში დიდი და საოჯახო ფერმებიც დაათვალიერა, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს, მოძიებული და შეგროვებული ინფორმაცია კი გამოყენებული იქნება მეცხოველეობის პროფესიული პროგრამების შექმნის პროცესში.

შვეიცარიელმა ექსპერტმა „ბლაუენშტაინ ედუს“ მეცხოველეოების პროფესიული პროგრამის პედაგოგებისთვის ინტენსიური ტრენინგებიც ჩაატარა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი საკითხები ქართველ სპეციალისტებს გაუზიარა.

„ბლაუენშტაინ ედუმ“ კერძო სექტორის პარტნიორებსაც უმასპინძლა და უკვე მოიპოვა მხარდაჭერა მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების კომპანიებისგან, მათ შორის კერძო პარტნიორები მზად არიან გადამზადებული სპეციალისტები თავიანთ კომპანიებში დაასაქმონ.

„ბლაუენშტაინ ედუ“ პროექტს „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პარტნიორი ორგანიზაციების USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“, პროფესიული უნარების სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით განახორციელებს.

დაგეგმილია ორ შვეიცარიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (HAFL და Schweizer Fleisch-Fachverband1 (SFF)) თანამშრომლობა.  პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, სადაც განსაკუთრებით თვალშისაცემია კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. გრძელვადიანი მიმართულება მოიცავს მეცხოველის  12 თვიან და ყასბების მოსამზადებელ 6,5 თვიან კურსებს, ასევე 2 თვიან  მოკლევადიან კურსებს.

კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება ამბროლაურში მდებარე პროფესიულ კოლეჯში „ერქვანი“, პრაქტიკულ კურსს კი ბენეფიციარები კომპანია „ბლაუენშტაინის“ საფერმე და საწარმოო ბაზაზე გაივლიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები