ქეთევან გარაყანიძე
სსიპ ბათუმის №3 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საბავშვო მწერალი
მხატვრული ლიტერატურის კითხვა რომ თანამედროვე სკოლის დიდი პრობლემაა, ახალი არავისთვისაა.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად (უკანასკნელი წლების მანძილზე) გამომცემლობებმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს: შექმნეს ვიდეო და აუდიოწიგნები, ილუსტრირებული გამოცემები, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება, რთულია, მოზარდი კითხვის პროცესში ჩართო.
რისი კითხვა სურთ ახალგაზრდებს
ვფიქრობთ, თანამედროვე უფროსკლასელს წიგნი რომ მოაწონო, მისი ინტერესები და მისწრაფებები უნდა გაითვალისწინო. გააცნო მწერალი, რომელსაც შეუძლია, აჩვენოს სამყარო, რომელიც მისთვის კონტექსტისა და შინაარსის მიღმა არ დარჩა.
კლასიკური ლიტერატურის კითხვა და გააზრება სწორედ მაშინ რთულდება, როცა ბავშვს თანამედროვე ადამიანის ემოციებზე, ფიქრებსა და განცდებზე წარმოდგენა არ აქვს.
როგორი უნდა იყოს წიგნი, რომელსაც სიამოვნებით წავიკითხავთ
ამ კითხვას ჩვენ მიერ შერჩეულმა აუდიტორიამ საინტერესო პასუხი გასცა. თქვეს, რომ მათ დავით ქართველიშვილის რომანში „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ თხრობის უშუალო და მიმზიდველი სტილისტიკა ხიბლავთ, რომლის წყალობითაც პერსონაჟებთან მეგობრობის ემოცია უჩნდებათ.
ლიტერატურა საკუთარ თავს ყველაზე კარგად სწორედ მაშინ გამოხატავს, როცა სინამდვილეს თვალებში უყურებს, ამიტომ არ არსებობს იმაზე უკეთესი ლიტერატურა, ვიდრე სინამდვილე, რომელშიც მკითხველი ცხოვრობს. რომანში ყველაფერი იმით იწყება, რასაც თანამედროვე ადამიანი, მცდელობის მიუხედავად, ვერსად გაურბის – დიდი მოწყენილობისა და გაუცხოების ისტორია, რომელიც ავტორმა დამახასიათებელი (გამორჩეული) თხრობის წყალობით შესანიშნავ ლიტერატურულ კომპოზიციად გარდაქმნა. სწორედ ეს თავისებურება აქცევს რომანს ახალგაზრდებისთვის შინაარსიან ლიტერატურად:
- მთავარი პერსონაჟი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. მიუხედავად უცნაურობისა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს მასთან ურთიერთობა;
- მთავარი გმირი ძალიან საინტერესო, სასაცილო და უცნაური ადამიანია. ის რომ რეალური იყოს, ვიმეგობრებდით;
- ტექსტი მკაფიოდ წარმოაჩენს პიროვნული სტანდარტების თემას, რომელიც გაჯერებულია მთხრობელი პერსონაჟის დაკვირვებებით;
- მაინტერესებს, როგორ ახერხებს მთხრობელი პერსონაჟი უხერხული სიტუაციიდან ისე გამოსვლას, რომ უხერხულობას არ გრძნობს;
- მიხარია, რომ მომეცა საშუალება, თანამედროვე ავტორის თვალით შევხედო სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობ.
ეს იმ ჩანაწერების ფრაგმენტებია, რომლებიც მკითხველთა კლუბის წევრებმა კითხვის დაწყების წუთიდან მოინიშნეს ჩანაწერების კრებულებში.
თხრობის უშუალობასთან ერთად, დავით ქართველიშვილის რომანი საინტერესოა იმის გამოც, რომ საკუთარ თავში აერთიანებს ავტორის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობასა და წარმოდგენებს თანამედროვე ადამიანისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგალითად: კარჩაკეტილობის, მარტოსულობისა და, ზოგადად, განსხვავებული მრწამსისა და ღირებულებების სისტემაში ადამიანის ბედის შესახებ.
სწორედ ამ ღირებულებათა გაჟღერების გამო, ვფიქრობთ, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ თანამედროვე (ახალგაზრდა) მკითხველის დაინტერესებისა და შემდგომში წიგნის წარმატების მთავარი მიზეზი გახდება.