– ქალბატონო ეკა, წლევანდელი სასწავლო წელიც პანდემიით შექმნილი რთული ვითარების ფონზე დაიწყო. როგორი მომზადებული ხვდება სისტემა ახალ სასწავლო წელს და რა იქნება ის სიახლეები, რომლის დანერგვასაც გეგმავთ სასკოლო განათლების მიმართულებით?
– პირველ რიგში, გამოვიყენებ შესაძლებლობას და თქვენი გაზეთის მეშვეობით, კიდევ ერთხელ მივულოცავ ყველა სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო – ბავშვები ელოდებოდნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ახალ მიდგომებს, საინტერესო გაკვეთილებს… წარმატებას ვუსურვებ მათ. ძალიან მინდა, რომ მასწავლებლები აქტიურები იყვნენ და ყველა სიახლე, რომელსაც მათ განათლების სამინისტრო შესთავაზებს, კარგად გაზიარებული და თითოეულ მოსწავლემდე იყოს მიტანილი. ფაქტობრივად, მასწავლებელი არის ის ადამიანი, პროფესიონალი, რომლის იმედად არის თითოეული მოსწავლე, მშობელი, ზოგადად, სისტემა. ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინი, განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს მიიტანენ თითოეულ ბავშვამდე.
რაც შეეხება სასწავლო წლისთვის მზადებას, წელს, ორივე მიმართულებით ვიმუშავეთ – რას გავაკეთებდით საკლასო ოთახში დაბრუნების შემთხვევაში და რას – დისტანციური სწავლებისას. რადგან მოლოდინი იყო, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, შეიძლება, სწავლა საკლასო ოთახში არ დაწყებულიყო, ორივე შემთხვევისთვის გავაკეთეთ დაშვებები.
პანდემიის პერიოდში ვიმყოფებით და ამიტომ, ახლა, საკლასო ოთახში დაბრუნებისთვის, უმნიშვნელოვანესია, სკოლაში ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულება იყოს გამართული და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები – ზედმიწევნით დაცული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით, დღეს, სკოლები მზადაა, ყველა საჭირო რესურსი შესყიდულია და გამოყენების შესახებ ინფორმაციაც აქვთ სკოლებს, ამასთან ერთად, მათ, ამ კუთხით, წინა წლის გამოცდილებაც დაუგროვდათ.
ელექტრონული ჟურნალის სიახლე შეეხება როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ სწავლებას. როგორც იცით, შარშან ელექტრონული ჟურნალის პილოტირება მიმდინარეობდა და გამოვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში ყველა საჯარო სკოლის ჩართვა – უნდა გამოგვეცადა, როგორ იმუშავებდა ეს რესურსი, რომ შემდეგ შეგვძლებოდა იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც უშუალოდ მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა. ამ პრობლემებზე ზაფხულის პერიოდში ვიმუშავეთ, რომ კიდევ უფრო გაგვემართა ელექტრონული ჟურნალი. ჩაშენდა სხვადასხვა ველები, ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია განმავითარებელი შეფასება მოვიტანო, რომელიც თემებად არის ჩაშლილი და მასწავლებელს შეუძლია, ინსტრუქციის მიხედვით, ასახოს განმავითარებელი შეფასება. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში, მიმდინარეობდა მასწავლებლების გადამზადება, ახალ კურიკულუმთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ გვყავს მხარდამჭერი ჯგუფები, მუნიციპალურ დონეზე, რომლებიც შინაარსის ნაწილში ეხმარებიან საგნის მასწავლებლებს, როგორ დანერგონ ახალი მეთოდოლოგია საგანთან მიმართებაში.
სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ინფორმაცია მემორანდუმის შესახებ, რომელიც სამ ინტერნეტ პროვაიდერთან გავაფორმეთ და რომლის საფუძველზეც, მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიან ფასებში მიიღებენ ინტერნეტ მომსახურებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეღავათებით ისარგებლებენ არა მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, არამედ კერძო სკოლისაც. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რითაც დავიწყეთ სასწავლო წელი.
ასევე მნიშვნელოვანია ახალი ელექტრონული პლატფორმის ამოქმედება, რომლის პრეზენტაციასაც უახლოეს დღეებში ვგეგმვათ. ეს იქნება პლატფორმა, სადაც ანგარიშები საგნების მიხედვით აისახება და ერთად იქნება თავმოყრილი ყველა ინფორმაცია მასწავლებლის მიერ შემუშავებული საქმიანობის შესახებ, თუ როგორ იყენებს ეროვნულ სასწავლო გეგმას სასწავლო პროცესში. პლატფორმის გამოყენებას მასწავლებლები უკვე სექტემბრის ბოლოს შეძლებენ.
კარგი სიახლეები გვაქვს ინკლუზიური განათლების მიმართულებით. დაფინანსების მოდელი კიდევ უფრო მეტად განვითარდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. გადამზადდნენ ასისტენტები, ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი კომპეტენცია. ნაწილი უკვე გადამზადდა, წლის ბოლომდე კი, სისტემაში დასაქმებული ყველა ასისტენტის გადამზადებას დავასრულებთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ დავიწყეთ მასწავლებლების გადამზადება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან სამუშაოდ და აქცენტს ვაკეთებთ არა მარტო სპეცმასწავლებელსა და დამხმარე სპეციალისტზე, არამედ მასწავლებელზე, რომელიც სსსმ მოსწავლესთან მუშაობს.
ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დასრულდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებული ვარიანტის დოკუმენტზე მუშაობა და საჯარო სივრცეშიც განთავსდა. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოერგოს ეროვნული სასწავლო გეგმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
– რას მოხმარდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაზრდილი თანხები და აისახება თუ არა მასწავლებელთა სახელფასო დანამატებზე?
– მასწავლებლისთვის კლასში ყველა მოსწავლე თანაბარია, არა აქვს მნიშვნელობა, სსს მქონეა თუ ტიპური განვითარების, მასწავლებელი ვალდებულია, თანაბრად/ერთნაირად იმუშაოს გაკვეთილზე მყოფ ყველა მოსწავლესთან. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ სპეციალური მასწავლებლები გახდნენ მასწავლებლები და მათ არა აქვთ განსხვავებული სტატუსი. ამიტომ, ახლა, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემაში რამდენიმე ტიპის მასწავლებელი გვყავს: მასწავლებელი, რომელიც საგანს ასწავლის, მოწვეული მასწავლებელი… და სპეციალური მასწავლებელი. რაც შეეხება მათ სახელფასო პოლიტიკას, აქაც თანაბარი პირობებია და სპეციალური მასწავლებლის ხელფასიც იმდენივეა, რაც პრაქტიკოსის. თუმცა, ძალიან კარგი სიახლე იყო ის, რომ წელს, პირველად ჩვენი განათლების ისტორიაში, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდა. ამ მიმართულებით, სასიხარულოა, რომ შედეგების მიხედვით, გამოცდაზე რეგისტრირებული მასწავლებლების 50%-ზე მეტმა სპეციალურმა მასწავლებელმა ბარიერის გადალახვა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სტატუსი აიმაღლეს. შესაბამისად, უკვე გვყავს უფროსი სპეციალური მასწავლებლები. მათი ხელფასი უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასის თანაბარი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური მასწავლებლებიც გაჰყვებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზას.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას მოხმარდება დამატებითი დაფინანსება, გეტყვით, რომ ეს ფული, ფაქტობრივად, ხმარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სრულყოფილი გარემოს შექმნას, დამხმარე რესურსებს, დამხმარე სპეციალისტებს, რეალურად, ეს არის მათი მხარდამჭერი თანხა. ყველა სკოლაში გავაგზავნეთ შეტყობინება/ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესურსოთახის მოწყობა ყველასთვის სავალდებულოა, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული როგორ უნდა იყოს რესურსოთახი აღჭურვილი, რა არის ამისთვის მინიმალური საჭიროება. დამატებითი დაფინანსება, ასევე, გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე სპეციალისტების აყვანას და რესურსოთახის აღჭურვას საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსებით. ასევე, დამატებითი დაფინანსებიდან, შეიძლება, სკოლამ გარკვეული თანხა სპეციალური მასწავლებლის ხელფასისთვისაც გამოიყენოს, თუკი მისი ხელფასის ასანაზღაურებლად თანხა აკლდება.
– აქვე გკითხავთ იმ პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების შესახებ, რომლებმაც წელს ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, კიდევ რამდენჯერ შეძლებენ გამოცდაზე გასვლას?
– რადგან წელს პირველი წელია, რა თქმა უნდა, მათ შესაძლებლობა აქვთ, მომავალ წელსაც გავიდნენ გამოცდაზე და ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა, გახდნენ უფროსი მასწავლებლები. რადგან პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს, დღეს არსებული ჩანაწერით, მხოლოდ 2023 წლამდე აქვთ სტატუსის ამაღლების უფლება, სპეცმასწავლებლის მხარდასაჭერად, ჩვენ მოვამზადეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ამ ვადას ეხება. ჩვენი სურვილია, სტატუსის გასაუმჯობესებლად განკუთვნილი ვადები კიდევ რამდენიმე წლით გადაიწიოს და, 2023 წლის ნაცვლად, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, დამატებით, კიდევ რამდენიმე წელი მივცეთ იმისათვის, რომ გახდეს უფროსი მასწავლებელი. შესაბამისად, კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ, მათ გამოცდაზე გასვლის კიდევ რამდენიმე შანსი მიეცემათ.
– ქალბატონო ეკა, რა მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთებას გეგმავთ წელს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით? დიდი ხანია, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები ელიან კარიერული წინსვლის ახალ სქემას, როდის შეძლებენ ახალი სქემის მიხედვით სტატუსის ამაღლებას?
– განათლების სამინისტრომ, მინისტრის ბრძანებით, შექმნა კომისია, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სამინისტროს, მასწავლებლის სახლის და ჩვენი სსიპ-ების წარმომადგენლები; ასევე, სპეციალისტები გარე ორგანიზაციებიდან, განათლების ექსპერტები. ჯგუფი მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარების დოკუმენტის გადამუშავებაზე მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ იმ თანამედროვე ხედვებსა და რეფორმებს, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი მიზანია რეფორმის განხორციელება არა მხოლოდ მასწავლებლის მიმართულებით, არამედ სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობთ, მაგალითად, ახლა ვიწყებთ მუშაობას სკოლის ლიდერობასთან დაკავშირებით, ასევე, ვაპირებთ რესურსცენტრების ფუნქციების გადახედვას. როდესაც სკოლებზე ვსაუბრობთ, ყველა ჭრილში უნდა დავინახოთ.
აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ვალდებულება სწორედ იმ დოკუმენტის გადახედვაა, რომელიც მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას არეგულირებს, ძალიან მოკლე ხანში, დაასრულებს მუშაობას და გვეცოდინება საბოლოოდ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ შეძლებენ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები პროფესიული კარიერის გაგრძელებას – შესაძლოა იგივე პრინციპები დარჩეს, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს.
– თქვენ ახსენეთ, რომ სკოლის ლიდერობის მიმართულებით იწყებთ მუშაობას, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობთ და როდის იგეგემება რამდენჯერმე გადადებული დირექტორების სერტიფიცირება?
– დირექტორების სერტიფიცირების საკითხი მართალია გადაიდო, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს და, როგორც გითხარით, ახლა ვიწყებთ სკოლის ლიდერობის მიმართულებით ახალი სისტემის შემუშავებას, რომელიც რეალურად იქნება მათი განვითარების გზა. გვინდა, დირექტორს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ამ მოდელსაც, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავამუშავებთ.
– ქალბატონო ეკა, აუცილებლად უნდა გკითხოთ წინა წლის გამოწვევებზეც. რა იყო ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე დადგა? ერთ-ერთი, რომელიც თვალშისაცემად გამოიკვეთა, დისტანციურ გაკვეთილებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობაა, თქვენ რას გვეტყვით?
– მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოსწავლეები ვერ უბრუნდებოდნენ საკლასო ოთახს. ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, ბავშვმა მიიღოს ხარისხიანი განათლება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაც სწორედ ეს არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახში დასწრებით ორგანიზება. ცხადია, ამას გარკვეული გამოწვევები მოჰყვება. თქვენ ხელმისაწვდომობა ახსენეთ, სწორედ ხელმისაწვდომობის კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემის მიერ ეს პრობლემა კარგად არის გაცნობიერებული და ისიც, რომ გვაქვს რეგიონები, სადაც გართულებულია ინტერნეტზე წვდომა, ასევე, არსებობს სოციალური ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები, ჩვენ ინტერნეტ პროვაიდერებთან ვიმუშავეთ, რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტები მოგვემზადებინა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ინტენსიურად ვაწარმოებთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რომ ყველა რეგულაცია მაქსიმალურად იყოს დაცული.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, გარკვეული პრობლემები გვქონდა მასწავლებლების მიმართულებითაც – გამოწვევა ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ მიმართულებითაც უამრავი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ, როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგიები ყოველდღიურად იცვლება, იცვლება მიდგომებიც და, შესაბამისად, საჭიროა მუდმივ რეჟიმში განვითარებაზე ზრუნვა. ამიტომ, ამ ნაწილში კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სულ ორი წელია, რაც ამ პირობებში აღმოვჩნდით და მსგავსი პრობლემები გაჩნდა. სისტემაში კი, 50 ათასზე მეტი მასწავლებელი გვყავს, ერთბაშად ყველას შესძინო ის კომპეტენციები, რომელსაც 21-ე საუკუნის განათლება ითხოვს, რთულია. რასაკვირველია, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა და, როგორც გითხარით, გარკვეული პერიოდი დასჭირდება მასწავლებლების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვასა და კიდევ უფრო განვითარებას. ამასთანავე, ვმუშაობთ სხვადასხვა პროგრამებზე, ციფრული სახელმძღვანელოებისა თუ რესურსების შექმნაზეც. ამ რესურსისა და ცოდნის თავმოყრა კი, მეტ დროსა და მუშაობას მოითხოვს.
– რა გაკეთდა ან რა ინტერვენციებს გეგმავთ იმ მოსწავლეებისთვის, ვინც პანდემიის პერიოდში სრულფასოვნად ვერ ჩაერთო სასწავლო პროცესში და გარკვეული ჩამორჩენა აქვს ესგ-ს მიხედვით?
– დოკუმენტში პირდაპირ არის ასახული, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს გარკვეული გამოწვევები (გაცდენა ან სხვა ტიპის), სკოლამ უნდა დააორგანიზოს დამატებითი სამუშაოები იმისთვის, რომ მან შეძლოს, დაეწიოს იმ პროგრამას, რომელიც, გაკვეული მიზეზების გამო, გამოტოვა ან ვერ დასძლია და მეტი მუშაობა სჭირდება იმისათვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
– სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სტატისტიკა, რომელიც სამინისტრომ გაასაჯაროვა, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება – ათასობით ბავშვი ვერ იღებს განათლებას, არ დადის სკოლაში… რა ტიპის მუშაობა მიმდინარეობს მათთან, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და რა სერვისები/შეთავაზებები გაქვთ განათლების გარეშე დარჩენილი მოზარდებისთვის?
– პროგრამა უწყვეტია. ახლა, როდესაც დასრულდა მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვის პროცესი, სექტემბრის ბოლოდან, იგივე ციკლი დაიწყება, რაც განათლების სამინისტრომ წინა წელს გაიარა. ჩვენ შევძლებთ, ზამთრის პერიოდში, ალბათ, იანვრის ბოლოს, განვაახლოთ მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ. ცხადია, მხოლოდ მონაცემების დადგენით არ შემოიფარგლება ჩვენი მუშაობა და სკოლის მიღმა დარჩენილი იდენტიფიცირებული ბავშვების მშობლებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები, რომ ბავშვები სკოლებში დავაბრუნოთ და სასწავლო პროცესში ჩავრთოთ. სხვათა შორის, ასეთი ბავშვების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. თუმცა, კიდევ უფრო ზუსტ მონაცემებს 2021-2022 წლის კვლევის დასრულების შემდეგ ვნახავთ.
– ქალბატონო ეკა, 4 ოქტომბერს სწავლის პირისპირ დაწყებას, პირველკლასელების გარდა, სხვა კლასების მოსწავლეები და მასწავლებლებიც დიდი იმედით ელიან. როგორია თქვენი მოლოდინი, გადაინაცვლებს თუ არა გაკვეთილები საკლასო ოთახებში და იქნება ეს საყოველთაო თუ დიფერენცირებული მიდგომით?
– დიახ, ეს იქნება სწორედ დიფერენცირებული მიდგომა. როდესც გვეცოდინება ვირუსის გავრცელების პროცენტული მაჩვენებელი, მუნიციპალურ და ქალაქის დონეზე, სკოლები იმ ლოკაციებზე გაიხსნება, სადაც ეს მაჩვენებელი 4% ან 4%-ზე დაბალი იქნება. ეს მიდგომა შეეხება არა მხოლოდ პირველკლასელებს, არამედ უკლებლივ ყველა კლასების მოსწავლეებს. იმედია, ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე