დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე წარუდგინა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2023 წლის 28 დეკემბრიდან. ირაკლი კობახიძემ იგი დაახასიათა, როგორც კვალიფიციური და ერუდირებული პროფესიონალი. “მოხარული ვარ, რომ ის გააგრძელებს საქმიანობას მინისტრის პოზიციაზე,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის. აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ გუნდის წევრობა. ასევე მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს “მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ მათ განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით, შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი,” – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
⇒ ალექსანდრე წულაძე
დაბადების თარიღი: 07.06.1984
♦ განათლება:
2001-2006 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალისტი;
2009-2010 – რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტი, LLM;
2011-2016 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი.
♦ აკადემიური საქმიანობა:
2018 – 2023 – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2011-2019 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2018-2020 - სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის აკადემიური დირექტორი;
2016 – კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ);
2015 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი;
2013 – მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია).
♦ სამუშაო გამოცდილება:
2023/12 – 2024/08 – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
2010 – 2011 – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;
2007-2009 – იურიდიული კომპანიის იურისტი;
2005-2006 – სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
ალექსანდრე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.