საქართველოს მთავრობის მიერ პროფესიული განათლება პრიორიტეტულ დარგადაა დეკლარირებული. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, სისტემაში მიმდინარე ცვლილებებმა მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათის წარმატებები განაპირობა, ძირეული ცვლილება ამ სფეროში ისევ არ გვაქვს. სწორედ ეს გახდა გასულ წელს ახალი კანონის მიღების საფუძველი, რომლის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა ჩვენს გაზეთში.
ამჯერად, სისტემის მთავარი ფიგურის, პროფესიული მასწავლებლის როლის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და დირექტორების განვითარების სახელმწიფო პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე.
— ახალი კანონით რა შეიცვალა პროფესიულ მასწავლებელთან მიმართებაში. რითია ეს ცვლილება მნიშვნელოვანი და უკეთესი?
— კანონი პროფესიული განათლების შესახებ 2018 წელს იქნა მიღებული და ის, თავის მხრივ, ბევრი სიახლის დანერგვის საფუძველი გახდა სისტემაში. გარდა პროფესიული განათლების მოდერნიზაციისა, კანონი ასევე მიზნად ისახავს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას განვითარების გზით. ახალმა კანონმა შესაძლებელი გახადა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემა ჩამოყალიბდეს, როგორც ცალკე დოკუმენტი, რომელიც ექვემდებარება კანონს.
კანონი პროფესიული განათლების შესახებ ამგვარად განმარტავს მასწავლებლის პროფესიას:
„პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ საქმიანობის დაწყება, მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად.
პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“
— მოჰყვა თუ არა რეალური ცვლილება ახალ კანონს, რა განხორციელდა, ერთი წლის განმავლობაში, პროფესიული განვითარების კუთხით?
— 2019 წელს, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. პროექტის ფარგლებში მზადდება მასწავლებლის სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის რეგულირების დოკუმენტი. პროექტში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტები და გვიზიარებენ გამოცდილებას, პროფესიული მასწავლებლის მომზადების საუკეთესო გამოცდილებების შესახებ. უცხოელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული გამოცდილება თანხმდება იმ არსებულ გამოწვევებთან, რომლებიც არსებობს პროფესიული მასწავლებლების წინაშე, რათა შემუშავდეს მასწავლებლების საჭიროებებსა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროფესიის რეგულირების ფორმირება.
მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენებლთან, მათი მოსაზრებების მოსასმენად და გასათვალისწინებლად, დოკუმენტზე მუშაობის დროს. პროფესიული მასწავლებლის სტანდარტსა და რეგულირების დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად, პროექტის ფარგლებში, მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი წესიც მუშავდება, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე იქნება მორგებული.
— პედაგოგების როგორი კონტინგენტი გვყავს, დღეისათვის, პროფესიულ განათლებაში — აკმაყოფილებენ თუ არა თანამედროვე მოთხოვნებს?
— თანამედროვე მოთხოვნებია თავად დინამიური და სწრაფად ცვალებადი. შესაბამისად, თანამედროვე მოთხოვნებიც ერთგვარად სუმბურული და არც თუ ისე მკაფიოდ გასაგები ცნებაა. მასწავლებლის სტანდარტი ან ნებისმიერი პროფესიის სტანდარტი აძლევს საშუალებას პროფესიის წარმომადგენელს, რომ გააკეთოს თვითშეფასება და დაგეგმოს საკუთარი პროფესიული განვითარება. დღეისათვის, პროფესიაში არსებული მასწავლებლების ასაკობრივი ზღვარი ძალიან მრავალფეროვანია. გვყავს როგორც 21, ასევე 70 წელს ზემოთ მასწავლებლები. მასწავლებლის კომპეტენტურობა მხოლოდ ასაკზე არანაირად არ არის დამოკიდებული. ასაკის აღნიშვნა იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ პროფესიაში ახალი კადრების შემოდინების საჭიროება გვაქვს მწვავედ.
პროფესიულ განათლებაში კიდევ ერთი დიდი სიახლე გვაქვს — ეს არის ზოგადი განათლების კომპონენტის ინტეგრირება პროფესიულ განათლებაში, რაც საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად, სტუდენტმა ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აიღოს და სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს. ამ სიახლის შემოტანასთან ერთად, აუცილებელია პროფესიული მასწავლებლების ახალი ტიპის შემოსვლა — პროფესიული მასწავლებელი, რომელიც ზოგადი განათლების კომპონენტებს ასწავლის.
პროფესიული მასწავლებლის პროფესიის რეგულირებაზე მუშაობის დროს, გაჩნდა ასევე პროფესიული მასწავლებლის ახალი კატეგორია — კომპანიის ინსტრუქტორი. კომპანიის ინსტრუქტორს ცალსახად ვერ დავარქმევთ მასწავლებელს, რადგან ის არ არის სასწავლებელში დასაქმებული, თუმცა პროფესიულ სტუდენტთან მუშაობს კომპანიის ფარგლებში.
— პროფესიული მასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური პროფესიაა, აქედან გამომდინარე, ხომ არ არის საჭირო მათი გადამზადება გარკვეული პერიოდულობით. ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად და რა სისტემა გვაქვს მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.
— პროფესიული მასწავლებლების განვითარების ღონისძიებები 2011 წლიდან იგეგმება სისტემურად. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებები ორ მიმართულებაზე დაფუძნებით იგეგმება: ერთი მხარე არის მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებები, ხოლო მეორე — სისტემაში მიმდინარე სიახლეები და ცვლილებები. მაგალითად, 2016 წელს, ჩატარდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, მილენიუმის პროექტთან თანამშრომლობით. ამ კვლევის საფუძველზე, შემუშავდა პროფესიული მასწავლებლის პედაგოგიური კურსი.
მას შემდეგ, რაც სისტემაში მოდულური სწავლება შემოვიდა, განხორციელდა პროფესიული მასწავლებლების გადამზადება მოდულური სწავლების მეთოდებზე. ასევე დაგეგმილია მასწავლებელთა გადამზადება მოდულური სწავლების ფორმებზე და კომპანიის ინსტრუქტორთან თანამშრომლობაზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კიდევ ერთი ფორმაა საწარმოში ტრენინგები, რაც გულისხმობს რეალურ სამუშაო გარემოში მასწავლებელთა გადამზადებას. პროფესიული განვითარების ეს ფორმა განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს მასწავლებლებში და ყოველწლიურად ხორციელდება პრიორიტეტულ პროფესიებში.
— როგორია პროფესიული მასწავლებლის ცვლის მაჩვენებელი?
— 2019 წელს ჩავატარეთ კვლევა „პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთა სამუშაოზე აყვანის არსებული პროცედურების დადგენა“, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მასწავლებელთა არსებული რაოდენობისა და არსებული ვაკანსიების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ რიგ სასწავლებლებში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 ვაკანსია ჩნდება, ზოგან ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი ან უფრო დაბალია. მასწავლებელთა ვაკანსიების რაოდენობა დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ სად მდებაროებს ესა თუ ის სასწავლებელი. რეგიონებში მასწავლებელთა ცვლა შედარებით უფრო სტატიკურია, ხოლო თბილისში — უფრო დინამიური. ზოგადად მასწავლებელთა რაოდენობა, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. დაარსდა ახალი სასწავლებლების ფილიალები, ასევე, მოდულური სწავლების ფორმამ გამოიწვია ახალი მასწავლებლების შემოდინება პროფესიაში, რამაც მასწავლებელთა რაოდენობა, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, გააორმაგა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:
⇒ კოლეჯებში მასწავლებელთა რაოდენობა 8-დან 112-მდე მერყეობს, რაოდენობა დამოკიდებულია სასწავლებლის სიდიდესა და განსახორციელებელ პროგრამებზე;
⇒ საშუალოდ ერთ სასწავლებელს უჩნდება, წლიურად, ათი ვაკანსია;
⇒ რეგიონის და მაღალმთიანი რეგიონების სასწავლებლებს უჭირთ მასწავლებლების დაინტერესება;
⇒ ისეთ პროფილურ კოლეჯებს, როგორებიცაა: სამუსიკო, ტელეხელოვნების, სასპორტო, შემუშავებული აქვთ მასწავლებელთა მოძიების საკუთარი მეთოდები;
⇒ უმეტესობა ამბობს, მასწავლებელთა დაქირავება რომ იყოს გამჭვირვალე, საჭიროა ერთიანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
⇒ სასწავლებლები ვაკანსიას განათავსებენ სასწავლებლის ვებგვერდზე და/ან დახმარებას სთხოვენ ნაცნობებსა და კოლეგებს.
ანა ფირცხალაიშვილი