3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ახალი გამოწვევა მასწავლებლებისთვის – როგორ გამოვთვალოთ წლიური ქულა

spot_img

მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა შეფასებისა და წლიური ქულის განსაზღვრის ახალი მოდელი დამტკიცდა, პედაგოგიურ წრეებში ფართოდ განიხილება,  რომელ ვარიანტს აირჩევს სკოლა ან რა უპირატოსობა აქვს მოსწავლის განმავითარებელი შეფასების დანერგვას და, საერთოდ, როგორ მოახერხონ შეფასება ისე, რომ მოსწავლეებს შორის თანსწორობის პრინციპი მაქსიმალურად დაიცვან. ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში მოსწავლეთა შეფასება ძალიან საფრთხილო და ფაქიზი საკითხია, თუმცა, მოსწავლის შრომა არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაიკარგოს.

 

 

 

ნანა მონიავა, თბილისის № 63 საჯარო სკოლის დირექტორი:

 

 

 

?შეფასებისთვის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს. ერთი შეხედვით, ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ პირველი ვარიანტი, სადაც წერია, რომ პირველი სემესტრის შეფასების მიხედვით შეფასდეს მეორე სემესტრიც, უფრო ხელსაყრელია. თუმცა, ეს შეიძლება საინტერესო იყოს მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც, მაგალითად, მუდმივად კარგად მეცადინეობენ, მნიშვნელობა არა აქვს სასწავლო წლის დასაწყისია თუ დასასრული. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც თავიდან ცოტა უჭირთ ხოლმე, მერე უფრო აუმჯობესებენ და მეორე სემესტრში კარგ შედეგებს აჩვენებენ. გამოდის, რომ ასეთ მოსწავლეებს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაც მეორე სემესტრში გააკეთეს, ის წარმოაჩინონ და ადეკვატურად შეფასდნენ. ან პირიქით, შეიძლება ვინმემ უფრო ცუდად იმეცადინა და ა.შ. ამიტომ, ჩვენი აზრით (ჩემს მასწავლებლებსაც ვესაუბრე და განვიხილეთ ეს საკითხი), ბოლომდე მისაღები არ არის პირველი ვარიანტი, რომ პირველი სემესტრის ნიშნები გადავიტანოთ უცვლელად და წლიური ქულაც ასე გამოვიყვანოთ. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ვინმესთვის ეს კარგია, მაგრამ, ჩვენთვის მისაღები არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიყენოთ მეორე ვარიანტი და წლიური ქულა პირველი სემესტრის ქულებისა და, მეორე სემესტრის ექვსი კვირის მიხედვით გამოვიყვანოთ, ამას დავამატოთ დისტანციური სწავლების დროს დავალებებზე გაკეთებული შეფასებებიც. მოსწავლის შრომა არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაიკარგოს. კარგია, რომ სამინისტრომ ალტერნატივა მოგვცა და მხოლოდ ერთი ვარიანტით არ გვთხოვს შეფასებას.

?დისტანციურ სწავლებაში ჩართული იყო სკოლის მოსწავლეთა 99 პროცენტი, ამდენად, დისტანციური სწავლების შეფასება არ გაგვიჭირდება. ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებიც თიმსში ვერ შემოდიოდნენ იმის გამო, რომ რაიონებში იყვნენ წასულები და იქ ტელეფონი არ იჭერდა. თუმცა, მესენჯერით, პერიოდულად, მათთან მაინც ვახერხებდით დაკავშირებას. დანარჩენი კი, როგორც გითხარით, ჩართულია დისტანციურ სწავლებაში. ე.წ. კომპლექსური დავალებები, ზოგიერთ საგანში, ორი მაინც გვაქვს გაკეთებული, ეს კი, რეალურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასებები მეტ-ნაკლებად სამართლიანი იყოს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განმავითარებელ შეფასებას, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ვიყენებდით – ყველა ნამუშევრის შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კომენტარს და ეს ძალიან ხელსაყრელია როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ყველა ნამუშევარი, საშინაო დავალება იყო თუ სხვა აქტივობა კომენტირებულია მასწავლებლის მიერ – მაგალითად, რაზე გააკეთოს აქცენტი, რომ გააუმჯობესოს შედეგი ან რა გამოუვიდა კარგად. ბავშვები მართლა ცდილობენ, ასეთი შეფასებების შემდეგ, გაუმჯობესებული ნამუშევრები გადმოაგზავნონ. ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს. შეფასების პროცესიც უფრო ღიაა და მშობლების ჩართლობაც უფრო მაღალი.

?კომპლექსური დავალება შეიძლება მოიცავდეს 8-10 გაკვეთილს. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლე განმავითარებელი შეფასებით ფასდება და მას საშუალება აქვს, მასწავლებელთან ერთად, იმუშაოს შესრულებული დავალების გაუმჯობესებაზე. დღეს შეიძლება, პირობითად, მან ექვს ქულაზე შეძლოს დავალების შესრულება, მაგრამ მესამე სამუშაო დღეს იმდენად გააუმჯობესოს, რომ 9 ქულაც დაიმსახუროს. კომპლექსური დავალების მუშაობის პროცესში მოსწავლეს, რომელსაც დასაწყისში ხუთი ეკუთვნის, ბოლოს შეიძლება ათიც დაეწეროს, ანუ მან ეს განმავითარებელი შეფასების შედეგად შეძლოს.

სასურველია, განმავითარებელი შეფასება ცხრილის მიხედვით გაკეთდეს, რომელიც დონეებად იქნება დაყოფილი – დაბალი, საშუალოზე დაბალი, საშუალო, საშუალოზე მაღალი და კარგი. ხუთდონიან შეფასებებში, პირობითად, თუ მონიშნავ საშუალოზე მაღალს, ეს ნიშნავს, რომ მას 7-8 ქულას შეუსაბამებ და ა.შ. კლასიდან კლასში გადასაყვანი ქულა 5-ზე დაბალი არ უნდა იყოს.

? მე თვითონაც ვასწავლი ახლა მეოთხე კლასს და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გეგმის მიხედვით მქონდა გათვალისწინებული, რომ ამ პერიოდში მესწავლებინა, ვერ ვასწავლე – უნდა დამეწყო წილადების სწავლება, მაგრამ ვერ დავიწყე. თუმცა, ეს არანაირად არ ქმნის შფოთვისა და შიშის საფუძველს, რადგან ეს თემა ვერ გავიარე, მე ეროვნულ სასწავლო გეგმას ჩამოვრჩი, იმიტომ, რომ სტანდარტი არ მავალდებულებს, რომ წილადები მაინც და მაინც მეოთხე კლასში ვასწავლო. სტანდარტის მიხედვით, მოსწავლეებს წილადები დაწყებით საფეხურზე უნდა ვასწავლო და ამიტომ, ვალდებულება მაქვს, ეს თემა საფეხურის მიხედვით გავიარო და არა კლასის მიხედვით. ასე რომ, ნებისიერი თემა, რომელსაც ახლა ვერ მოვასწრებთ, გადავიტანოთ შემდეგ კლასში, რადგან ჩვენი სტანდარტი საფეხურების მიხედვითაა გათვლილი.

? სამწუხაროა, რომ სისტემას ჰყავს მოსწავლეები, რომლებიც ვერ ერთვებიან ონლაინ სწავლებაში. ასეთ მოსწავლეებთან აუცილებლად მოგვიწევს ინდივიდუალურად მუშაობა, არც ერთი მოსწავლე არ უნდა დარჩეს იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მისმა თანაკლასელებმა გაიარეს, მან კი, გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ შეძლო. თუკი სკოლაში ასეთი ბავშვი ბევრია, მაშინ ასეთმა სკოლამ შეფასების სწორედ პირველი ვარიანტი შეიძლება აირჩიოს და, თანასწორობის პრინციპი რომ დაიცვას, მოსწავლეები პირველი სემესტრის ქულებით შეაფასოს. თუმცა, როგორც გითხარით, ამას ყველა სკოლა თავად გადაწყვეტს, შეთავაზებული ვარიანტებიდან მისთვის ხელსაყრელს აირჩევს.

 

 

ელისო აბრამიშვილი, საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი:

 

 

?  ჩემი აზრით, მოსწავლე უნდა შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მოსწავლის პორტფოლიოს წარმოება და მასზე დაკვირვებაა. შესაბამისად, ის უკუკავშირი, რომელიც ყველა დავალების შემდეგ ხდება, უფრო მკაფიო პასუხს იძლევა, რა იცის მოსწავლემ კარგად ან რა უნდა განავითაროს და როგორ. რაც მთავარია, ამით მოსწავლემ თვითონვე უნდა შეძლოს საკუთარი თავის შეფასება. ეს, ალბათ, დაახლოებით, ისეთივე გამოწვევა იქნება მასწავლებლებისთვის, როგორც დისტანციური სწავლება იყო და იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს, რადგან ჩვენი უმთავრესი ამოცანა კონკურენტუნარიანი და მოაზროვნე მოქალაქეების გაზრდაა, რომლებმაც 21-ე საუკუნის გარემოში უნდა დაიმკვიდრონ თავი. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს განმავითარებელი შეფასებაა. რეალურად, მასწავლებელთა უმრავლესობას, დისტანციური სწავლებისას, ამის კეთება ყოველდღე უწევს, დავალებებზე უკუკავშირით. ასევე, იმ განმსაზღვრელი შეფასებებითაც, რომელსაც, გარკვეული თავის ან თემის დასრულების შემდეგ, ტესტირების სახით ვაკეთებთ.

? საშინაო დავალებაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, რადგან აუცილებლად მიმაჩნია, რომ მოსწავლეს დავალების არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ – მან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი დავალება და დააკავშიროს გარემოსთან. ამაში ძალიან გვეხმარება კომპლექსური დავალებები, რომელიც სწორედ იმ შემოქმედებითობასა და საგანთა შორის ინტეგრირებას მოითხოვს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი და რაც მთავარია, იმ უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რაც 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, კომპლექსური დავალება, რომელსაც ახლა გვთავაზობენ, ცოდნის შემაჯამებელიც უნდა იყოს და, ამავდროულად, შემოქმედებითი, პრაქტიკულიც და დისკუსიის საშუალებასაც უნდა აძლევდეს მოსწავლეს. მას კითხვაზე მხოლოდ ერთი მზა პასუხი არ უნდა ჰქონდეს, უნდა ეძებოს და იაზროვნოს და ისე მივიდეს სწორ პასუხამდე. რაც მთავარია, საგნებში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს – ამის საჭიროება უნდა დაინახოს. მერწმუნეთ, ამას მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებით ვერ მივაღწევთ, განმავითარებელი უკუკავშირი, საშინაო დავალებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია.

? ჩემი ძირითადი მოლოდინი განმავითარებელ შეფასებაზე სწორედ ეს არის და მეტიც, თუ გვინდა, ხელი შევუწყოთ დიფერენცირებულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ალბათ, ამის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენი სკოლის მნიშვნელოვანი ტაქტიკაა – აწარმოოს მოსწავლის პორტფოლიო, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და მიღწევებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელსა და დირექციას შორის ურთიერთობა/თანამშომლობა იყოს დაბალანსებული – თანამშრომლობითი გარემო გადამწყვეტია სკოლაში, რაც უმეტესწილად მმართველი რგოლის, დირექტორის დამსახურებაა, ამ შემთხვევაში, ჩემი სკოლის მაგალითზე და ჩვენს დირექტორზე, ლიკა გომართელზე ვსაუბრობ. მისი ძალისხმევით, სკოლაში ისეთი მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო ჩამოყალიბდა, რომ ამ რთულ პერიოდშიც კი, მასწავლებლების, მშობლების, სასწავლო ნაწილის და პირადად მისი ჩართულობით, კლუბური მუშაობის გაგრძელებაც კი შევძელით – სკოლაში არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

? ამის გარდა, ერთობლივად გადავჭერით პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტთან დაკავშირებით – ერთობლივი ძალებით შევუძინეთ მოდემი. ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყოველი კვირის ბოლოს, სკოლაში, სპეციალურ ყუთში მოსწავლეებს დაბეჭდილ დავალებებს ვუტოვებთ. მშობლები მოდიან და მიაქვთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ამ პრობლემებს დავძლევთ, რადგან თავიდან ონლაინ სწავლებაც ხომ ასე რთული გვეგონა. მახსოვს, როგორ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს გაკვეთილზე ჩართვისას, მაგრამ დღეს ეს უკვე ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა და ისეთივე ჩვეულებრივია ონლაინ სივრცე, როგორც ცოტა ხნის წინ საკლასო ოთახი იყო. თითქოს მუდმივი კავშირი გაქვს მოსწავლესთან სწორედ განმავითარებელი შეფასებით – ყოველდღიურად უგზავნი დავალებას, მერე ის შესრულებულს გიტვირთავს, მერე ასწორებ და უგზავნი უკუკავშირს, აძლევ რეკომენდაციებს, რომელსაც მოსწავლე ისევ თავიდან უბრუნდება და ასე გრძელდება უწყვეტად, ვიდრე სასურველ შედეგამდე არ მიხვალ. შეფასებები კი, მხოლოდ და მხოლოდ, მის განვითარებაზეა ორიენტირებული – ეს არის რჩევებით უკეთეს შედეგამდე მისასვლელი გზა, რომელსაც მოსწავლეები გაცილებით უფრო მოტივირებულები გადიან, უკეთესად მოქმედებს მათზე – მოდი ახლა ამას ასე გავაკეთებ, წინა ჯერზე რაღაც არ გამომივიდა… ეს იცით, რას ჰგავს? კარგი მეგობრის რჩევას, რომელიც ყოველთვის გულწრფელია შენთან და ცდილობს სწორი გზა დაგანახოს, თუ ამჩნევს, რომ რაღაც არასწორად გამოგდის. ჩვენც ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ, ვაუმჯობესებთ, სწორედ ასეა განმავითარებელი შეფასებისას, მაგრამ ამით მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მოსწავლეებისგან.

? ზოგადად, ამ ვითარებაში მოსწავლეთა შეფასება ძალიან საფრთხილო და ფაქიზი საკითხია, მაგრამ კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია – რას ვაკეთებთ, როგორ გავერთიანდით მოსწავლეების დასახმარებლად, როგორ გაიზარდა მშობლების ჩართულობა და ა.შ. შემიძლია ისიც დაუფარავად გითხრათ, რომ დიახ, შრომატევადია განმავითარებელი შეფასებების კეთება, მაგრამ თუ მასწავლებლის დანიშულება მომავალი თაობის აღზრდაა, ბუნებრივია, ამ სირთულეს არ უნდა მოერიდო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თუ ასე არ ფიქრობ, მაშინ უარი უნდა თქვა ამ პროფესიაზე. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები