„ახალ განათლებაში“ გამოქვეყნებული მეთოდური სტატიები დახმარება და გზის გაკვალვაა მათთვის, ვინც მასწავლებლობისთვის ემზადება. მეც მათ რიცხვში ვარ. ვეცნობი პედაგოგთა წარმატებულ გამოცდილებას, ასევე, საინფორმაციო წერილებსაც, რომლებიც ისეა შედგენილი, რომ ერთგვარი მეთოდური ორიენტირია სიახლეების გაცნობისა და დანერგვის მსურველთათვის. მრავალთაგან სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის პრობლემამ დამაინტერესა და გავბედე, სტატია მომემზადებინა.
ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მონაწილეობა პროექტში „უნივერსიტეტი — სკოლას“, რომელსაც განათლების ფაკულტეტი ახორციელებდა. კონფერენციაზე, ჯერ კიდევ მოსწავლემ, ორი მოხსენება წარვადგინე ინგლისურ ენასა და ბიოლოგია-ბუნებისმეტყველებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავერთე ეროვნული გამოცდებისა და შეფასების კვლევაში, საიდანაც მივიღე რეკომენდაცია: თქვენ წარმატება გელით დაწყებითი განათლების სპეციალობაზე. ამ რეკომენდაციამ გადამაფიქრებინა სხვა არჩევანი და, სკოლაში მიღებული ცოდნით, დაწყებითი განათლების მიმართულებაზე ჩავაბარე. ჩვილბავშვიანობის გამო (ორი შვილი მყავს) აკადემიური შვებულება დამჭირდა. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გამიმართლა და მოვხვდი მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე. გაცდენილი დრო უქმად არ დამიკარგავს, ვკითხულობდი. პროფესორები — მადონა მიქელაძე, ნანა მაკარაძე, ლელა თავდგირიძე, ნინო ცინარიძე, ნატო შეროზია, დარეჯან გელაძე, ნანა მამულაძე, მარიეტა გურგენიძე, თათია ნაკაშიძე, ქეთევან შოთაძე, ქეთევან ბერიძე, ნანა გვარიშვილი და სხვები — თეორიულ ცოდნასა და უნარებთან ერთად, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის გზებსა და საშუალებებს გვასწავლიან. განსაკუთრებით აღვნიშნავ დეკანის, პროფესორ ლელა თურმანიძის თანადგომას. დეკანატი, ონლაინ სწავლების დროსაც კი, ყველა პირობას გვიქმნის შემოქმედებითი ძიებისთვის.
პირველი პედაგოგიური პრაქტიკა წამყვან მასწავლებელთან, ნონა ბოლქვაძესთან, გავიარე, მეხმარებოდა მე-20 სკოლის დირექტორი ანა დავითაძე.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, მოვედი ამ პრობლემასთან, რომელსაც ჩართულობის ხარისხის ამაღლება ჰქვია. ერთმანეთს დავუკავშირე კონსულტაციები, რჩევები, რეკომენდაციები, თეორიული ცოდნა, წარმატებული გამოცდილება და აქტივობების რამდენიმე ნიმუში შევიმუშავე, რომელიც შევთავაზე სოფლის სკოლის მასწავლებელს, სადაც კლასში 15 მოსწავლე იყო და ქალაქის სკოლის მასწავლებელს, სადაც კლასში 25 მოსწავლეზე მეტი იყო. ორივე შემთხვევაში, მხარდაჭერა მივიღე და განვიზრახე, თქვენც გაგიზიაროთ.
აქტივობა: კითხვების დასმა ტექსტის წაკითხვის შემდეგ
IV კლასი
ა) ინსტრუქცია:
⇒ მოიფიქრე კითხვა ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით და ჩაწერე
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
⇒ მოიფიქრე კითხვა მოქმედ პირთან მიმართებაში და ჩაწერე
…………………………………………………………………………………………….
……………………………………………………………………………………………..
⇒ მოიფიქრე კითხვა ტექსტში მოცემული რომელიმე ფრაზის დასაზუსტებლად (როგორ გესმით, რას ხედავთ და ა.შ.)
…………………………………………………………………………………………….
……………………………………………………………………………………………..
⇒ მოიფიქრე კითხვა მხატვრული ხერხების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
ბ) ინსტრუქცია:
შეკითხვები გადააწოდე რომელიმე თანაკლასელს შენი არჩევანით, განუსაზღვრე დრო, პასუხის მიღების შემდეგ ჩაწერე უკუკავშირი და მოპასუხესთან შეთანხმებით წარმოადგინე.
V კლასი
ა) ინსტრუქცია:
⇒ მოიფიქრე კითხვა ტექსტის ძირითადი იდეის გამოვლენისათვის და ჩაწერე
…………………………………………………………………………………………….
……………………………………………………………………………………………..
⇒ მოიფიქრე კითხვა, რომელიც გამოავლენს იდეის გამზიარებელ ან მაპირისპირებელ შეხედულებას
…………………………………………………………………………………………….
……………………………………………………………………………………………..
⇒ მოიფიქრე კითხვა, რომელიც გამოხატავს ვარაუდს ძირითადი იდეის განხორციელების შედეგებთან მიმართებაში
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
⇒ მოიფიქრე კითხვა, რომელიც ეხება იდეის გამოხატვისთვის ავტორის მიერ გამოყენებულ მხატვრულ ხერხს
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
ბ) ინსტრუქცია:
შეკითხვები გადააწოდე თანაკლასელს შენი არჩევანით, განუსაზღვრე დრო, შემდეგ ჩაწერე უკუკავშირი და მოპასუხესთან შეთანხმებით წარმოადგინე. მოსწავლის მიერ პასუხების წარმოდგენის შემდეგ, განმავითარებელი შეფასებისათვის, მასწავლებელი აანალიზებს კითხვა-პასუხს. ანალიზი შეიძლება მოიცავდეს:
ა) დასმული იყო ერთი კითხვა და იყო მკაფიო, რამაც პასუხის პოვნა გააადვილა;
ბ) პასუხისთვის განსაზღვრული დრო იყო საკმარისი, მოპასუხე გაგებით შეხვდა შემკითხველის კომენტარს;
გ) შემკითხველმა და მოპასუხემ გამოავლინეს ტექსტზე მუშაობის, ურთიერთსწავლების, თანამშრომლობის, უკუკავშირის უნარები. სასურველი იქნება ………………………………….. (აქ ჩაიწერება რჩევები სუსტი მხარის დასაძლევად, საჭიროების შესაბამისად).
ემოციებით გადმოცემული სათქმელი
IV კლასი
ინსტრუქცია: დააკვირდი შენი თანაკლასელის მიერ წაკითხული ლექსის ემოციურ გავლენას მსმენელზე და შეაფასე შემოთავაზებული კრიტერიუმებით (შეგიძლია შეცვალო ან დაამატო):
⇒ წაკითხვისას სიტყვები მკაფიოდ ისმოდა/არ ისმოდა;
⇒ ემოციის გამოხატვისას გამოიყენა/ვერ გამოიყენა ინტონაცია, ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია;
⇒ ახსენი წამკითხველის მიერ ემოციების გამოხატვამ/ვერ გამოხატვამ რითი შეუწყო/ვერ შეუწყო ხელი ლექსის ძირითადი სათქმელის გაგებას.
⇒ კითხვის პროცესში შეძლო/ვერ შეძლო ავტორის სათქმელი გადმოეცა ემოციურად, რამაც გამოიწვია/ვერ გამოიწვია მსმენელის დაფიქრება ან აღფრთოვანება ან აპლოდისმენტი და ა.შ.
⇒ მასწავლებლის დახმარებით, შეაფასე დადებითი მხარე და შემდეგ მიეცი რჩევა მეგობარს: რა უყოს ემოციებს, ემოციების როგორი გამოხატვაა უმჯობესი და რა შემთხვევაში — ინტონაციით, ჟესტიკულაციით, ხმის ტემბრით და ა.შ.
სიყვარულით გავასწოროთ ერთმანეთის შეცდომები
V კლასი
ინსტრუქცია:
ა) შეაფასეთ: რამდენად შეძლო თანაკლასელმა, მის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში, საკუთარი ცოდნის, უნარების წარმოჩენა.
გამოიყენეთ მოცემული კრიტერიუმები, შეგიძლიათ შეცვალოთ ან დაამატოთ:
⇒ პრეზენტაციისთვის შექმნა/ვერ შექმნა შესაფერისი გარემო;
⇒ რესურსები ხელს უწყობდა წარმოდგენილის უკეთ გაგებას, ან პირიქით;
⇒ საუბრობდა დამაჯერებლად, საკითხის ცოდნით, ან პირიქით;
⇒ შეძლო/ვერ შეძლო მსმენელთა დაინტერესება, აქტიურად ჩართვა;
⇒ შეძლო/ვერ შეძლო საკუთარი ცოდნის წარმოჩენა;
⇒ შეკითხვაზე პასუხობდა თავაზიანად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეკითხვა არ მოსწონდა ან პირიქით;
⇒ პრეზენტაციის პროცესში თავი ეჭირა/ვერ ეჭირა სერიოზულად, ქმნიდა/ვერ ქმნიდა პოზიტიურ განწყობას;
⇒ აქვს ან არ აქვს უნარი, წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი სხვების წინაშე.
ბ) რჩევები მეგობარს: რა იყო მისი ძლიერი მხარე/სუსტი მხარე? რა გააუმჯობესოს, რა გააძლიეროს?
რჩევისას გამოიყენე წამახალისებელი სიტყვები. რჩევები შეგიძლია ჩამოაყალიბო დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით.
გ) რა გაიზიარა მეგობარმა: ჩაწერე, როგორ მიიღო მეგობარმა შენი შეფასება და რჩევები.
ვისთან ვიმუშაო წყვილში
III-IV კლასი
ინსტრუქცია:
⇒ დაფაზე წერია დავალების სამი ვარიანტი. ერთ წყვილს, ერთ-ერთის შესრულება შეუძლია, შეფასებას ექვემდებარება წყვილის შექმნა, წყვილებში მუშაობის პროცესი.
⇒ მეწყვილეს არჩევანი თავისუფალია, დავალების შესრულების ფორმა და მეთოდი წერია დაფაზე. დრო — 10 წუთი.
მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას კომენტარით, რომელიც მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს: რა უფრო შედეგიანი აღმოჩნდა — როცა მეწყვილე აირჩევა დავალების პირობების გაცნობამდე თუ შემდეგ; წყვილში დავალების შესრულება გადაინაწილეს თუ ერთად გააკეთეს? თანამშრომლობდნენ თუ წარმოიშვა კონფლიქტი, ერთმა წარმოადგინა თუ ორივემ? წყვილებში რა იყო ძლიერი მხარე/სუსტი მხარე და რა ვისწავლეთ ერთმანეთისგან სუსტი მხარის დასაძლევად?
მსჯელობა: განმეორებით რომ შეასრულოთ დავალება, რას შეცვლიდით?
III-IV კლასი
როგორ დავეხმაროთ:
ა) ვისაც არ უნდა დავალების შესრულებაში ჩართვა;
ბ) ვისაც არ შეუძლია დავალების შესრულება.
ინსტრუქცია: დაფაზე დაწერილი დავალება არის ინდივიდუალური, მისი შესრულება მოეთხოვება ყველას, მაგრამ განსაზღვრული დროის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ: „მოსწავლემ არ შეასრულა დავალება ან მოსწავლემ ვერ შეასრულა დავალება“. ორივე მხარის მიმართ გამოვხატოთ ემპათია (თანაგრძნობა) და დავეხმაროთ უკეთესი შედეგების მიღწევაში.
♦ ვიმსჯელოთ: ჯერ მოვუსმინოთ, ვინც არ შეასრულა დავალება — რა იყო მიზეზი (არ მოეწონა დავალება, განწყობა არ ჰქონდა, უბრალოდ დასვენება ამჯობინა). გთხოვთ, მივცეთ რჩევები, დავიწყოთ დადებითით: გვჯერა, რომ იცის საკითხი; გამოიჩინოს სიმტკიცე, დაძლიოს „არ მინდა“ და თავი კარგად წარმოაჩინოს; იქნებ ურჩევნია, დავალება მერხთან კი არა, ფანჯრის რაფაზე ან დაფაზე შეასრულოს, სცადოს, ოღონდ სხვებს ხელი არ შეუშალოს.
♦რჩევები მათთვის, ვინც ვერ ასრულებს დავალებას: მოვისმინოთ რაში სჭირდება დახმარება — დავალების ინსტრუქციის გაგებაში, ვერ გაარჩია დავალების შესრულების პირობა; არ იცის რა მეთოდით შეასრულოს; აქვს შიში, რომ დრო არ ეყოფა, ჩქარობს და სწორად ვერ ასრულებს; არ წაუკითხავს ის ტექსტი, რასაც დავალება ეყრდნობა; მიჩვეულია სხვის დახმარებას და დამოუკიდებლად მუშაობის შიში აქვს; არ აქვს საკუთარი შესაძლებლობის იმედი.
გთხოვთ, მივცეთ რჩევები. რჩევების მიწოდებისას, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მიზანია მისდამი თანაგრძნობა და სურვილი, მიაღწიოს უკეთეს შედეგს.
თითოეული აქტივობის შესრულება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ რამდენჯერმე შესრულების შემდეგ, შედეგი მიღწეულია. მუშაობის პროცესი ორიენტირებულია არა ქულებზე, არამედ წარმატებაზე. მთავარია საკუთარი ცოდნითა და უნარებით მოპოვებული შედეგებით სიხარულის განცდა.
მარიამ მახარაშვილი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი
გამოყენებული ლიტერატურა:
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024;
2. გაზეთი „ახალი განათლება“, 2020-2021;
3. პროფესიული უნარები, მ. ბოჭორიშვილი, 2019;
4. შალვა ამონაშვილი, საუბრები, ინტერნეტრესურსი, 2020-2021;
5. ნ. ლაბარტყავა, „განმავითარებელი შეფასების საშუალებები“, კრებული „მასწავლებლის წიგნი“, II, 2015.