ეკა ღვინიაშვილი
სსიპ თბილისის №82 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, „კატოს სკოლის“
დამფუძნებელი
დიდი ხნის შემდეგ, ვაგრძელებ სტატიების ციკლს აქტივობებზე.
აქტივობა 1. ტექსტზე მუშაობა
„ფისო“ – ედუარდ უგულავა
ფისო
სავარძელში ფისო
არხეინად ზისო,
რახანია თაგვებს
არ აკარებს პირსო.
აკრუტუნდა ფისო:
თაგვი არა, ისო…
ჰოდა, კანფეტებით
პირი გამოივსო.
- წაიკითხე ტექსტი და შემოხაზე უცხო სიტყვები.
- როგორ ხმას გამოსცემს ფისო/კატა?
- რა საჭმელი უყვარს ფისოს (ტრადიცულად)?
- რატომ დაიწუნა თაგვი?
- რომელი ტკბილეული მიირთვა ფისომ?
- შექმენი პატარა საინფორმაციო ბარათი და გააკეთე პრეზენტაცია.
მასწავლებელი წინასწარ უმზადებს მოსწავლეს ბარათს.
ზოგი მოსწავლე თავად ხატავს, ზოგი აფერადებს, ზოგი აწებებს კატის ფოტოს.
ახლა გადავიდეთ შინაარსზე. შინაარსი შენზეა დამოკიდებული, შენ რა იცი ფისოს/კატის შესახებ – როგორია გარეგნულად? რა ჰქვია კატის შვილს? რა საჭმელი უყვარს? გინახავს ნამდვილი კატა? და ა.შ.
მე გაჩვენებთ როგორი ბარათი დაამზადეს ჩემმა მოსწავლეებმა.
აქტივობა 2. მეოთხე ზედმეტი
წაიკითხე და შემოხაზე/გადახაზე ზედმეტი სიტყვა
- ქათამი, ინდაური, კოდალა, იხვი.
- ფანქარი, კარადა, წიგნი, კალამი.
- მაისური, შარვალი, შორტი, ქვედაბოლო.
- ლომი, ძროხა, ირემი, სპილო.
- კომში, ვაშლი, ლეღვი, პომიდორი.
- ბურთი, წიგნი, თოჯინა, პირამიდა.
- საწოლი, კომოდი, უთო, დივანი.
- სკამი, ტელევიზორი, ტელეფონი, მაცივარი.
- ქვაბი, ჩანგალი, კოვზი, სამზარეულო.
- ბოტასი, ბოტი, ჩექმა, მაისური.
აქტივობა 3.
სპეციალური მასწავლებლები, ერთდროულად, რამდენიმე უნარის განვითარებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური უნარები. ამის შემდეგ შევეცდები, აუცილებლად შემოგთავაზოთ აქტივობები ამ მიმართულებით.
დღეს ავირჩიე „ბრაზის მართვა“ – ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია. მე პირადად, რესურსოთახში მაქვს გამოკრული და ხანდახან ვიჭყიტები ხოლმე.
აუხსენით მოსწავლეებს რა არის ბრაზი. აუცილებლად უთხარით, რომ ხანდახან ბრაზი ყველას გვსტუმრობს და ეს ნორმალურია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ცხრილში ბრაზის მართვის რამდენიმე მარტივი სტრატეგიაა, გააცანით მოსწავლეებს და დაეხმარეთ, აარჩიონ რომელია მათთვის მისაღები (შესაძლებელია ერთის ან რამდენიმეს არჩევა).
აქტივობა 4. „იდეები პინტერესტიდან“ – ხატვის გაკვეთილები
მასწავლებლები დამეთანხმებით, რომ ხატვის მინიმალური უნარები ყველას გვჭირდება. გვაქვს თუ არა ეს უნარები, სულ არ გვამართლებს და თუ არ გვაქვს, უნდა გამოვიმუშავოთ!
მე მგონი ეს აქტივობები ყველას დაგვეხმარება, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც.
აქტივობა 5. შექმენი თავად – „სენსორული ბუშტები“
ეს სავარჯიშო, სინამდვილეში, დიდი ხნის წინ მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ყოველთვის აქტუალურია.
მე სახლში გავაკეთე, ჩემი „ინგრედიენტებით“, თუმცა, შეგიძლიათ მოსწავლეებთან ერთად შექმნათ. დაგჭირდებათ: ბუშტები (რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული), სიმინდის, ლობიოს, წიწიბურას, ბრინჯის მარცვლები, ფქვილი, შაქარი, მარილი. დანარჩენს ფოტოდან მიხვდებით.
⇑⇓ თუ თვლით, რომ ეს აქტივობები გამოგადგებათ თქვენი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, რათა მათთან მუშაობა უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იყოს, მომწერეთ სპეციალური მასწავლებლის ბლოგზე და გამოგიგზავნით ამოსაბეჭდ ვერსიას!