მარინა ხარიტონაშვილი
✔ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი
✔ თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
ზაფხული – ყველა მოსწავლისათვის საყვარელი წელიწადის დრო, რომელიც ასოცირდება ბევრ თავისუფალ დროსთან, მოგზაურობასთან, გართობასთან, სიახლეებთან და დასვენებასთან. სწორედ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების შეთავაზება, რომლებიც არ შეზღუდავს მათ თავისუფალ დროს, გამოიწვევს დიდ ინტერესს, აუმაღლებს მოტივაციას, იქნება შემეცნებითი, სახალისო, თერაპიული და, რაც მთავარია, გათვლილი იქნება სხვადასხვა უნარის გასავითარებლად, შემატებს თავდაჯერებულობას; უკეთ შეიცნობს საკუთარ თავს, ისწავლის სტრესის მართვას, გაზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს, იზრუნებს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, გაიუმჯობესებს მათემატიკურ და ლოგიკურ უნარ-ჩვევებს.
იმ აქტივობების გამოყენება, რომლებსაც ახლა გაგიზიარებთ, შეიძლება როგორც ინდივიდუალურად, წყვილებში და ასევე ჯგუფებში, საზაფხულო ბანაკებში, რისი საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ხშირად ვყოფილვარ ლიდერი საზაფხულო ბანაკებში და ეკოლაშქრობების ორგანიზატორი. ახლა კი, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემ მიერ განხორციელებული სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ მოსწავლეებთან ზაფხულის პერიოდში.
აქტივობა 1 – ჩემი გულის რუკა
მოსწავლე ხატავს დიდ გულს, გაყოფს რამდენიმე ნაწილად, გააფერადებს და თითოეულ ნაწილს დაასათაურებს (ოჯახი, სკოლა, მეგობრები, ტექნოლოგია…). ისინი უღრმავდებიან თავის გრძნობებს, ემოციებს და თავის გულში უკვე დამკვიდრებულ ადგილს აცნობიერებენ. ამ აქტივობის მიზანია საკუთარ გრძნობებში ჩაღრმავება და ემოციების გააზრება-გამოხატვა.
აქტივობა 2 – გარდასახვა
მოსწავლე წარმოიდგენს თავს სხვადასხვა საგნად, ცხოველად ან ფრინველად, მსჯელობს და წერს ემოციებს – რა იგრძნო? როგორ ეპყრობოდნენ? რა უხაროდა?… ამ აქტივობის მიზანია წარმოსახვითი უნარის და ეპათიის გრძნობის განვითარება.
აქტივობა 3 – სიამის ტყუპები (წყვილებში მუშაობა)
მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად ქმნის ნახატს. ერთი თვალებახვეული, მთლიანად მეწყვილეზე დამოკიდებული ქმნის ნახატს, მეწყვილე ნაბიჯ-ნაბიჯ კარნახობს ხელის მოძრაობას (მარჯვნივ, მარცხნივ). ეს აქტივობა მათ თანამშრომლობის, მოსმენის და გააზრების უნარ-ჩვევებს უვითარებს.
აქტივობა 4- მისწერე წერილი საკუთარ თავს
მოსწავლე ავსებს წინასწარ გამზადებულ ბარათს. ჩამოთვლის მიზეზებს, რატომ უნდა იყოს გახარებული, რა გამოსდის კარგად, როდის შეცდა და როგორ გამოასწორა… აქტივობის მიზანია პოზიტიური აზროვნების, თავდაჯერებულობის გაზრდა, დადებით მხარეებზე კონცენტრირება და მადლიერების გამოხატვა.
აქტივობა 5 – ემოციების ცისარტყელა
ხატავენ ცისარტყელას და სასურველი ფერებით აფერადებენ. აწყობენ პრეზენტაციას და ერთმანეთს უზიარებენ რატომ გააფერადეს ამა თუ იმ ფერით და თითოეული ფერი, მათ წარმოსახვაში, რასთან არის დაკავშირებული. აქტივობის მიზანია ემოციური ინტელექტის განვითარება და მართვა, ასევე, ინტერპერსონალური უნარების განვითარება.
აქტივობა 6 – მხიარული მათემატიკა – ამოცანების ფაზლი
მათემატიკური მაგალითების გამოანგარიშებით სხვადასხვა ფიგურების აწყობა-გაფერადება. ბავშვები, ამოცანების ამოხსნის შემდეგ, აფერადებენ კონკრეტულ ნაწილებს, რის შედეგადაც, ყველა ნაწილის გაფერადების შემდეგ, შეიკვრება დიდი გაფერადებული ფაზლი. აქტივობის მიზანია ყურადღების კონცენტრირება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და სივრცის აღქმა.
აქტივობა 7 – არტ-თერაპია
აქტივობის ფარგლებში, ბავშვები ქმნიან ხელოვნების ნიმუშს (ხატავენ, ძერწავენ), ფერადი ქაღალდებისგან ქმნიან აპლიკაციებს და ჟურნალებიდან ჭრიან კომიქსებს. აქტივობის მიზანია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარ თავთან კონტაქტი, თვითგამოხატვის, თავდაჯერებულობის, გამბედაობის, საკუთარი ემოციების გაგება-გააზრებისა და შეფასების უნარების განვითარება.
აქტივობა 8 – ჟესტების ენა
აქტივობაში შეიძლება 5 ან მეტი ბავშვი მონაწილეობდეს. ყველა ერთმანეთთან ზურგით დგას, რიგში ბოლო ბავშვი წინ მდგომს აჩვენებს რაღაც მოძრაობებს და ასე, თანმიმდევრულად, რიგში ყოველი მომდევნო მოთამაშე ცდილობს, იგივე მოძრაობა გადასცეს წინ მდგომს. საინტერესოა ის, თუ რამდენად დაემთხვევა ბოლო და პირველი მონაწილის მოძრაობა. აქტივობის მიზანია ბავშვებს განუვითარდეთ: მხედველობითი მეხსიერების უნარი, ყურადღება, გადაცემის უნარი.
აქტივობა 9 – რა დევს ყუთში?
დახურულ ყუთში მოვათავსოთ რაიმე ნივთი და შემდეგ ბავშვმა, თვალდახუჭულმა, ხელი უნდა ჩაყოს ყუთში. იგი მხოლოდ შეგრძნებით უნდა მიხვდეს, რა არის დამალული ყუთში. ეს პროცესი ძალიან დიდ დადებით ემოციებს იწვევს. ამ დროს, მათ უვითარდებათ ფანტაზიის უნარი, მიზანდასახულობა, რომ აუცილებლად გამოიცნონ რა არის დამალული ყუთში და კონკურენციის უნარი, რადგან თუ ამ აქტივობას ექნება კონკურსის სახე, ბავშვი იძულებული იქნება, მაქსიმალურად დაძაბოს ყველა მოტორული ფუნქცია.
აქტივობა 10 – კარიკატურები
მოსწავლემ უნდა ჩამოთვალოს და დაწეროს 9 რამ, რათა დაახასიათოს საკუთარი თავი კარიკატურების მეშვეობით და შემდეგ მეგობრებმა, უფროსებმა ან მშობლებმა უნდა ამოიკითხონ კარიკატურებიდან ბავშვის პიროვნება. აქტივობის მიზანია თვითშეფასების, თვითკრიტიკის უნარების ჩამოყალიბება და გააზრება.
აქტივობა 11 – იგრძენი და წარმოიდგინე
ბავშვები ერთმანეთს ზურგზე ადებენ ფურცელს და მასზე ნახატს ხატავენ. ვის ზურგზეც იხატება, თვალები უნდა დახუჭოს და მოხაზულობის მიხედვით უნდა მიხვდეს, წარმოიდგინოს რა იხატება მის ზურგზე. ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ შეგრძნების, კრეატიულობის და ფანტაზიის უნარი.
რა წავიკითხოთ ზაფხულში?
ბავშვების გამოკითხვიდან გამომდინარე გაირკვა, რომ ყველა ასაკობრივი ჯგუფი, 4-8 კლასების ჩათვლით, უპირატესობას ჯოან როულინგის „ჰარი პოტერს“ ანიჭებს, რომელიც პოპულარულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ასევე ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ და ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილი“. სწორედ ამიტომ, საზაფხულოდ მეც ამ წიგნების წაკითხვას გირჩევთ, რის შემდეგადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით.