ეძღვნება აფხაზეთის ფეხბურთის საუკუნოვან იუბილეს
აფხაზეთის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, მოუშუშებელ იარად დააჩნდა იგი თითოეული ქართველის სულსა და გულს. ტკივილიანია იმ გარდასულ დღეთა გახსენება, როცა აფხაზებთან ერთად ვქმნიდით ქართული ფეხბურთის ფენომენს. აფხაზეთის ფეხბურთი ჩვენი ისტორიის დაუვიწყარი ნაწილია. დღეს, როცა ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია, მის ამ მდგომარეობას აფხაზეთის დაკარგვასაც ვუკავშირებ – ეს სიტყვები 80-იანი წლების თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელს, აფხაზეთის მკვიდრ ღირსეულ კაცს, გრიგოლ ცაავას ეკუთვნის, საბედნიეროდ, იგი დღესაც ქართული ფეხბურთის სამსახურშია.
აფხაზეთში ფეხბურთის დაბადების თარიღი შეიძლება ჩავთვალოთ 1908 წელი, როცა სოხუმის ცენტრში, მოედანზე, სხვადასხვა ფერებში გამოწყობილნი, ორად გაიყვნენ და მოედანზე ტყავის პატარა საგანს გორება დაუწყეს. მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა გუნდების და მაყურებლების რაოდენობა.
აფხაზეთში ფეხბურთის აღორძინების ახალი ეტაპი 1916 წლიდან იწყება, როდესაც თბილისიდან ოჩამჩირეში დაბრუნებულმა ლევან ნორაკიძემ ახალი საფეხბურთო კერა შექმნა. 1926 წლიდან საფუძველი ჩაეყარა 8 გუნდიან ჩემპიონატს, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა. 1936 წლიდან ფეხბურთის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, როცა სოხუმს მოსკოვის „დინამო“, „სპარტაკი“, ლენინგრადის და კიევის „დინამო“ სტუმრობდნენ.
იმ პერიოდში აფხაზეთის 30 საუკეთესო ფეხბურთელს და მწვრთნელს ჩაუტარეს ერთთვიანი სასწავლო-სამწვრთნელო შეკრება. 1939 წლიდან სოხუმის „დინამო“ გახდა აფხაზეთის უპირობო ლიდერი. 1961-1970 წლებში სოხუმის „დინამო“ საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ კლასის გუნდებში მონაწილეობდა; მალე გუნდი მეორე ლიგაში დაწინაურდა.


არ შეიძლება დიდი პატივისცემით არ გავიხსენოთ აფხაზეთის ფეხბურთის პიონერები: ავთანდილ ღოღობერიძე, ნიაზ ძიაპშიპა, ანატოლი (გიგა) ნორაკიძე, იური ვარდიმიადი, გიორგი ანთაძე, იური გრამატიკოპული, ანდრო ზაბროევი, ალექსი ილიადი, გიორგი სიჭინავა და არჩილ ერქომაიშვილი, რომლებმაც შემდგომ ბრწყინვალე კარიერა თბილისის „დინამოში“ გააგრძელეს, გამორჩეული მაინც 1986-1992 წლების სოხუმის „დინამო“ იყო. 1987 წლის 18 ივლისს გუნდმა საკავშირო თასის გათამაშებაზე მინსკის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს: გოჩა ჟორჟოლიანმა, გიორგი ჩიხრაძემ, სოსო მალანიამ, თენგიზ სიჭინავამ, მიხეილ ჯიშკარიანმა, დიმა პაპავამ, გელა ინალიშვილმა, ვახტანგ პაპასკირმა, ლევან ანჯაფარიძემ, გიორგი გოგიაშვილმა და სხვებმა. აფხაზეთში აღზრდილ ფეხბურთელებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ გაგრის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებს: ვლადიმერ ბარქაიას, შოთა და გიორგი სიჭინავებს, გოჩა გავაშელს, დავით მუკბანიანს, რეზო წოწორიას, ვლადიმერ შელიას და სხვებს. ყველა მათგანი დიდ ფეხბურთს აზიარა ცნობილმა მწვრთნელმა, რეზო შარტავამ, რომელსაც აღნიშნული ღვაწლისათვის, 1964 წელს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭეს.

უდავოდ მნიშვნელოვანია ოჩამჩირის საფეხბურთო სკოლის მეკარეების – ამირან ტყებუჩავას, ვალტერ სანაიას, ვლადიმერ მარღანიას და მცველის, ნიაზ ძიაპშიპას საფეხბურთო კარიერა. სახელოვანი მწვრთნელის, ბონდო კაკუბავას აღზრდილმა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ვიტალი დარასელიამ – მსოფლიო აალაპარაკა.
1946 წელს გალშიც ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი. თბილისის დინამოს პირველი კაპიტნის, შოთა შავგულიძის ინიციატივით, გუნდს საჩუქრად გადაეცა საფეხბურთო ფორმა, სათავეში კი მათემატიკის პედაგოგი შალვა ბასარია ჩაუდგა.
აფხაზეთის ომმა ყველაფერი შეცვალა; სოხუმის გუნდი ორად გაიყო – „დინამო“ ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩა, ხოლო ახალი დაარსებული „ცხუმი“, თავის სახელოვანი პრეზიდენტით გურამ გაბისკირიათი, 1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაება. ომმა დაღი დაასვა აფხაზეთის გუნდებს, დევნილობაში მათ გვერდში დაუდგნენ, შეიქმნა „ცხუმის“ გადარჩენის ფონდი, პირველი შენატანი ფონდში გააკეთა თბილისის „მრეტების“ მეპატრონემ ვაჟა ჩხაიძემ – 100$. კლუბის პატრონობა სოხუმელმა ბიზნესმენმა, ნუგზარ გოგიამ ითავა. იმედიანად იყვნენ ოჩამჩირის „ამირანის“ ხელმძღვანელობაც ადიკ დურსუნიშის, ენვერ თოლორდავას, ბონდო კაკუბავას და თამაზ ბჟანიას სახით. სამწუხაროდ, ქალაქის ერთ-ერთი დაბომბვისას დაზიანდა საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მოსახლეობის ძალისხმევით იქნა აღდგენილი, მაგრამ შემდგომ სიტუაცია ძალიან დაიძაბა – 1993 წლის 16 სექტემბერს. ცხუმის, ოჩამჩირის და გალის გუნდები გამოეთიშნენ ჩემპიონატს, რომლებიც დღეს რეგიონალურ ჩემპიონატში მონაწილეობენ. თუმცა იყო მცდელობა „ცხუმის“ აღორძინებისა, მამუკა ბიძინაშვილის და საშა წულაიას მხრიდან, მაგრამ ზემდგომი ორგანოების უყურადღებობის გამო ეს ღირსეული ადამიანები შუა გზაში მიატოვეს.
დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში, აფხაზეთის ფეხბურთის თვალსაჩინო ლიდერი გაგრის გუნდია, რომელსაც აცოცხლებს ჭეშმარიტი ქართველი, აფხაზეთზე შეყვარებული კაცი, ბესო ჩიხრაძე. მას არანაირი გაჭირვების დროს არ მიუტოვებია გუნდი. დღეს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და მომავალს იმედიანად უყურებს, თან ზურგს ევროტურნირებში ორგზის მონაწილეობა უმაგრებს.
სპორტული მოედანი და საფეხბურთო მატჩი მეგობრობის აღდგენის საუკეთესო ადგილია; ამის შესახებ გაიხსენეს სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ, 2018 წლის 27 სექტემბერს – თბილისში, „ამერის“ სტადიონზე სოხუმის გუნდები „დინამო“ და „ცხუმი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მატჩი 1-1 დამთავრდა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო მალანიამ თავის კომენტარში აღნიშნა: „აფხაზეთთან ურთიერთობა მაქვს, ეს წინაპირობაა იმისა, რომ მალე აღვადგინოთ ურთიერთკავშირები, ამის საპასუხოდ იყო დრო სოხუმის ქუჩებში ერთი კაცი თბილისის „დინამოს“ მაისურით დადიოდა და ამაყობდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის წარსული წარმატებებით“.
მსოფლიო საფეხბურთო ისტორია მრავალ ოკუპირებულ გუნდებს ითვლის, აზერბაიჯანული აგდამის „ყარაბაღი“, კვიპროსის „ანორთოსისი“, მოლდავეთის ტირასპოლის „შერიფი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩებში ნამდვილი ფურორი მოახდინა, დაამარცხა დონეცკის „შახტარი“ და მადრიდში მსოფლიო ფეხბურთის გრანდი „რეალი“, – ასეთ წარმატებებს ნებისმიერი საშუალო თუ ძლიერი ევროპული გუნდი ინატრებდა, ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაშიდან უსახელოდ ტოვებს ევროგათამაშებას.
„შერიფის“ ღირსებას 12 წელი იცავდა ვაჟა თარხნიშვილი, რომელმაც კარიერის შემდეგ კლუბის მმართველ ორგანოში გადაინაცვლა. ამ ქვეყნების მთავრობებმა მსოფლიოს გააგებინეს, რომ აგდამი და ტირასპოლი ამ ქვეყნების ნაწილია.
ჩვენც უნდა გავაძლიეროთ ოკუპირებული სოხუმის, გაგრისა და ცხინვალის გუნდები, მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ეს ქალაქები საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნის; ბესო ჩიხრაძის, მამუკა ბიძინაშვილის და საშა წულაიასნაირ პატრიოტ ხალხს გვერდით უნდა დავუდგეთ, რომ ქართველმა ფეხბურთმა კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპაში! უნდა ვიამაყოთ ისე, როგორც ამას აკეთებს აფხაზეთის მკვიდრი, სპორტული ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია; იგი ყოველი მაღალი რანგის ტურნირზე ტანსაცმლის ეკიპირებით ამცნობს მსოფლიოს, რომ აფხაზეთი საქართველოა!
დღეს როგორც არასდროს, გვჭირდება ჩვენი ფეხბურთისადმი პატივისცემა. მუდამ გვახსოვდეს, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“.