ირაკლი ჯავახიშვილი
წამყვანი საერთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტის – ვებსტერის პირველი ქართველი პროფესორი
♦ ირაკლი, საუბარი საქართველოდან დავიწყოთ. როგორ აფასებთ საქართველოში მიღებულ საუნივერსიტეტო განათლებას, რა მოგცათ ქართულმა უნივერსიტეტმა?
◊ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოვიპოვე ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, შემდეგ მაგისტრის – ევროპისმცოდნეობაში. იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ზოგიერთი ბრწყინვალე ქართველი პროფესორის წყალობით. სამაგალითო ფიგურა იყო პროფესორი მურმან პაპაშვილი, რომელმაც მეცნიერება შემაყვარა და ვის გამოც გადავწყვიტე, აკადემიურ სფეროში გამეგრძელებინა საქმიანობა. მოგვიანებით, ამ გზის გაკვალვაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ. ბოლო წლებში დედობრივად ზრუნავდა (და დღემდე ასეა) პროფესორი მანანა დარჩაშვილი. ამ ადამიანების დასახელებაც კმარა იმის სათქმელად, თუ რა მომცა აღნიშნულმა ქართულმა უნივერსიტეტმა.
♦ საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების შემდეგ, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, სწავლას რომში აგრძელებთ. ხართ ავტორი სადოქტორო ნაშრომის – „საქართველოს საგარეო ურთიერთობები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“. აკადემიური განათლების გარდა, რა მოგცათ უცხოეთში გატარებულმა ოთხმა წელმა?
◊ 2015 წელს, რომში წავედი, სადაც ვატიკანის წმ. თომა აკვინელის სახელობის უნივერსიტეტში ჯერ ლიცენციატის ხარისხი (განათლების მეორე საფეხურია, თუმცა, ჩვენს მაგისტრატურაზე ხარისხობრივად მაღალია) მივიღე, შემდეგ კი – დოქტორის, სოციალურ მეცნიერებებში. დიახ, ჩემი სადოქტორო ნაშრომი საქართველო-ევროპის ურთიერთობებს ეხება 1991-2003 წლებში. ეს მართლაც უდიდესი გამოცდილება იყო – იქ არსებულმა ინტერკულტურულმა გარემომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების და სპეციალისტის, ჩამოყალიბებაში. აღარაფერს ვამბობ იმ არაერთ მეგობარზე ევროპიდან, აზიიდან თუ აფრიკიდან, რომლებიც რომში შევიძინე. იმ ოთხმა წელიწადმა სხვა ბევრ რამეზეც დამაფიქრა. როგორც ილია წერდა: „ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული“.
♦ რომის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სხვადასხვა კონფესიის სტუდენტებთან ერთად, სწავლობდით. როგორი იყო ურთიერთობები, რა იყო ის მთავარი მისწრაფება, რაც თქვენ გაერთიანებდათ?
◊ დიახ, იქ სწავლობდნენ არა მარტო კათოლიკეები, არამედ მართლმადიდებლები, პროტესტანტები, მუსლიმები და ტიბეტელი ბერებიც კი. იქ ნამდვილად მრავალფეროვანი გარემოა. ესაა სივრცე, სადაც მთავარია ადამიანი და მისი ღირებულება და არა კონფესიური, რელიგიური ან კულტურული განსხვავებები. ჩვენ გვაერთიანებდა ადამიანობა, ჯანსაღი აზროვნება, ტოლერანტობა და ერთმანეთის გვერდში დგომა. ჯერ ადამიანები ვართ, შემდეგ კი კონკრეტული რელიგიის ან კონფესიის მიმდევრები.
♦ ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიის გავლენა საზოგადოებაზე გაცილებით დიდია, ვიდრე, ვთქვათ, ევროპაში. რა ადგილი უჭირავს, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ხალხის ცხოვრებაში რელიგიას და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის?
◊ ძალიან რთული კითხვაა… ვიცით, რომ ევროპაში რელიგია და რწმენა, ძირითადად, კერძო საკითხია და, ხშირ შემთხვევაში, ის დიდ როლს სულაც არ ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთში გაცილებით მეტადაა უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება. მჯერა, რომ რელიგიური გრძნობები მეტადრე ადამიანის შინაგანი სამყაროს სფეროა, ვიდრე საჯარო სივრცისა (თუმცა, საქართველოში ბევრი ადამიანი განსხვავებულად ფიქრობს). აღმოსავლეთში, მაგალითად უზბეკეთში, საზოგადოება გაცილებით უფრო ჩაკეტილი და კონსერვატიულია. ცხადია, ეს რელიგიურ სფეროსაც უკავშირდება. ისინი ერთგულად მისდევენ მუსლიმურ წეს-ჩვეულებებს, მაგრამ ზედმეტად არავინ შეგაწუხებს და არც არავინ მოგახვევს თავს საკუთარ სარწმუნოებას (მაგალითად, მე, როგორც კათოლიკეს, ტაშკენტში არასდროს შემქმნია პრობლემა ამასთან დაკავშირებით).
♦ ირაკლი, გვიამბეთ ვებსტერის უნივერსიტეტის დაარსების ისტორია. იქ ალბათ ბევრი საინტერესო ადამიანი მოღვაწეობს…
◊ ვებსტერი წამყვანი საერთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტია, 1915 წელს დააარსეს „ლორეტოს დებმა“ (კათოლიკური რელიგიური ინსტიტუტი, მონაზონთა კონგრეგაცია) იმ მიზნით, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ათწლეულების მანძილზე ეს უნივერსიტეტი ცდილობდა პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტების და კურსდამთავრებულების გლობალური ქსელი შექმნას. დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვებსტერის 50 ადგილობრივ და საერთაშორისო კამპუსში, 10 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ამ მხრივ, უნივერსიტეტის გაცხადებული მისიაა, მაღალკვალიფიციური ცოდნის მიცემით სტუდენტები მოამზადოს გლობალური მოქალაქეობისა და ინდივიდუალური სრულყოფისათვის.
ვებსტერი საერთაშორისო უნივერსიტეტია ყველა გაგებით. აქ არიან პროფესორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან – არა მარტო შეერთებული შტატებიდან, არამედ ლათინური ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, აზიის სხვა არაერთი ქვეყნიდან, ავსტრალიიდან და უკვე საქართველოდანაც.
♦ რამდენად წარმატებულია ტაშკენტში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის – ვებსტერის ახალი ფილიალები?
◊ ტაშკენტში ვებსტერის უნივერსიტეტი 2018 წელს გაიხსნა, პირველი მიღება კი მომდევნო წელს ჰქონდა. რამდენიმე კვირაში პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება. ამ ქვეყანაში, თავისი მცირეხნიანი არსებობის მიუხედავად, ვებსტერის უნივერსიტეტი ძალიან წარმატებულია – მას უკვე 3 000 სტუდენტი ჰყავს და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ვებსტერის უნივერსიტეტი 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ჯერ „ფრთების გაშლის“ პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაშიც წარმატებით იმუშავებს, ვინაიდან ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტისთვის, რომ საქართველოში ისწავლოს და ამერიკული დიპლომი მიიღოს.
♦ რატომ არის ვებსტერის უნივერსიტეტი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული და რით გამოარჩევდით უცხოეთის სხვა უნივერსიტეტებისგან, არის თუ არა მკაცრი კრიტერიუმი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სწავლის მაღალი დონისთვის?
◊ პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო უნივერსიტეტია, რაც გულისხმობს, რომ ერთი კამპუსის სტუდენტს შეუძლია, ერთი ან მეტი სემესტრის განმავლობაში, ისწავლოს ნებისმიერ სხვა კამპუსში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებსტერში, დაახლოებით, 150 ქვეყნის სტუდენტები სწავლობენ. ამერიკის გარდა, მისი კამპუსები მდებარეობს ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაილანდში, ჩინეთში, ინდონეზიაში, განასა და ახლა უკვე საქართველოშიც. მის მთავარ უპირატესობებად შეიძლება დასახელდეს ეთნიკური და ეკონომიკური მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომობა, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსები. სწავლის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რის გარეშეც სტუდენტი უბრალოდ ვერ შეძლებს სასწავლო კურსების დაძლევას და დიპლომის მიღებას.
♦ როგორ და რატომ დაუკავშირეთ პროფესიული კარიერა ვებსტერის ტაშკენტის, და არა თბილისის, ფილიალს, რამდენად რთული იყო გზა ვებსტერის უნივერსიტეტამდე, როგორ მიგიღოთ და რით მიიქციეთ გასაუბრებაზე სპეციალისტების ყურადღება?
◊ ტაშკენტის ვებსტერის უნივერსიტეტში 2022 წლის აგვისტოდან ვმუშაობ, ანუ, იმ დროიდან, როდესაც საქართველოში კამპუსი ჯერ არ იყო გახსნილი. მანამდე სწავლების თითქმის 4-წლიანი გამოცდილება მქონდა სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, უმეტეს შემთხვევაში, ქართულ უნივერსიტეტებს არ აინტერესებთ არც სწავლების ხარისხი და არც პროფესორის მოთხოვნილებები. ამიტომ, იძულებული გავხდი, სხვა გზები მეძებნა. სრულიად შემთხვევით გავაგზავნე CV ვებსტერში. ძალიან მოეწონათ და მალევე დამიკავშირდნენ. განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩემ მიერ ევროპაში მიღებული განათლებით, სტატიებით, ნაშრომებით, თარგმანებით, თანაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ღმერთმა გამომიგზავნა („კეთილი სამარიტელის“ იგავისა არ იყოს)… კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ემინ ჰაჯიევს (რომელიც ამჟამად ვებსტერის თბილისის კამპუსის ვიცე-რექტორია), ჩემში პოტენციალის დანახვისა და დახმარებისათვის.
♦ ტაშკენტის ვებსტერის უნივერსიტეტში კითხულობთ პოლიტიკური თეორიის კურსს. პოლიტიკის თეორიის სწავლებისას, რა იქცევს ყველაზე მეტად თქვენს ყურადღებას, სწავლა-სწავლების პროცესში, როგორ აწვდით ახალგაზრდებს პოლიტიკურ ინფორმაციას, რა არის სწორი და მართებული?
◊ პოლიტიკური თეორია ეხება პოლიტიკის გამოჩენილი ფილოსოფოსების იდეებსა და თეორიებს, უძველესი დროიდან დღემდე. ეს თეორიები ყოველთვის მათი თანმხლები რეალობის და კონტექსტის პროდუქტი იყო, ამიტომაც, პრაქტიკული კუთხითაც უნდა შევხედოთ. ბევრი ძველი საკითხი დღესაც აქტუალურია. შესაბამისად, საჭიროა, ყველა ამ თეორიის დაკავშირება დღევანდელობის აქტუალურ პრობლემებთან. სხვაგვარად, უბრალოდ, ძალიან მოსაწყენი და არამიზანმიმართული იქნება სწავლა-სწავლების პროცესი. ლექციების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისკუსიისა და განსჯის პროცესებს, ვინაიდან ყველა კურსის და, ჩემი აზრით, მთელი სწავლა-სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და შედეგი მსჯელობისა და სწორი დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა (კრიტიკული აზროვნების საფუძველზე).
♦ ზოგადად, რა ადგილი უჭირავს პოლიტიკის თეორიის სწავლებას აზიის ქვეყნებში?
◊ ამ მხრივ, ნამდვილად მოიკოჭლებენ უნივერსიტეტები აზიაში. უმეტეს შემთხვევაში, სტუდენტებს ისეთი დიდი მოაზროვნეების შესახებ არც კი სმენიათ, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ჰობსი, ლოკი, რუსო, მონტესკიე, ბენთემი, მილი და ა.შ. ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, მათი სკოლები ბევრს არაფერს აკეთებენ.
♦ რას უამბობთ უცხოელ სტუდენტებს საქართველოს შესახებ?
◊ მათ ყოველთვის ვესაუბრები საქართველოზე, როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა. ვუამბობ ჩვენს ისტორიაზე, ხალხზე, კულტურაზე, დღევანდელ მდგომარეობაზე, ისინი თავისას მეუბნებიან – შედარებითი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია ყველა სფეროში. და, რაც მთავარია, ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ.
♦ როგორია ტაშკენტში საუნივერსიტეტო განათლება, რა მსგავსება და განსხვავებაა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან? რა ახდენს გავლენას სწავლისა და სწავლების ხარისხზე, როგორია სახელმწიფოს ჩართულობა განათლების სფეროში?
◊ რამდენადაც ვიცი, უზბეკეთში 60-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, აქედან 16 უნივერსიტეტია. როგორც წესი, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში. ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და განვითარებულია. სახელმწიფოს ასეთი ზედმეტი ჩარევა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს განათლების დონეზე (სწავლა-სწავლების ხარისხზე). ამ მხრივ, მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
♦ ის, რომ განათლების სფერო სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, უდავოა, როგორ ფიქრობთ, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი, რაც გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე?
◊ ნამდვილად, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა განათლება. ამასთანავე, არანაკლებად მნიშვნელოვანია აკადემიური პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი საქმიანობის დაფასება – ქართველ პროფესორებს არ უნდა უწევდეთ ქვეყნიდან „გაქცევა“ იმიტომ, რომ არ არსებობს მერიტოკრატია და დაფასება, რომ თითქმის ყველგან დილეტანტიზმი და გულგრილობაა. იმ ქვეყანაში, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობას მხოლოდ წმინდად მერკანტილური მისწრაფებები აქვს, ზედმეტია საუბარი მეცნიერების განვითარებაზე.
♦ უზბეკეთი, თავის დროზე, 15 მოძმე რესპუბლიკებს შორის შედიოდა. განათლებით, ეკონომიკით, ყოფითი კულტურით, რამდენად წინ არიან საქართველოზე? ტაშკენტში საქმის ინტერესებზე მაღლა დგას თუ არა პირადი ურთიერთობები, როგორც ეს საქართველოშია? რაში გეხმარებათ ქართველობა და რაში გიშლით ხელს?
◊ ეკონომიკით და განათლებით, რა მოგახსენოთ, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ყოფითი კულტურით ნამდვილად გვჯობნიან. მეტ პატივისცემას და ზრდილობას იჩენენ არა მარტო ერთმანეთის, არამედ უცხოელთა მიმართაც. პირადი ინტერესების წინა პლანზე დაყენება და ნეპოტიზმი, სამწუხაროდ, აქაც საყოველთაო მოვლენაა. ქართველობას ნამდვილად არაფერში შეუშლია ხელი. პირიქით, ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს და საქართველოს და უხარიათ, როდესაც იგებენ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ.
♦ როგორც პოლიტიკურ მკვლევარს, რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხედ, რაც მსოფლიოს ემუქრება და ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებისთვის (რაზეც დღეს ბევრს საუბრობენ) რა არის მთავარი განმსაზღვრელი?
◊ პირველ რიგში, მოცემულ მომენტში, მსოფლიოს წინაშე მდგარი უდიდესი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. სწორედ მის შედეგებზეა დამოკიდებული მთლიანად ევროპის და, მათ შორის, საქართველოს მომავალიც. თუკი რუსეთი არ დამარცხდება გადამწყვეტად, ეს ძალზე საგანგაშო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის (მაგრამ მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს). ზოგადად, რაც უნდა თქვან, მთავარი განმსაზღვრელი მუდამ ადამიანის ბუნება და სახელმწიფოს ინტერესებია. თუკი ადამიანები არ მოთოკავენ საკუთარ პრეტენზიებს თუ მისწრაფებებს (რაც ძალზე ნაკლებად სავარაუდოა), მსოფლიო მუდამ ომისა და კონფლიქტის საფრთხეთა წინაშე იდგება.
♦ ირაკლი, თქვენ გამოქვეყნებულ ესეს გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ მეც გკითხავთ – მშვიდობა თუ თავისუფლება? ამ შეკითხვას ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება. რამდენადაა შესაძლებელი ამ ორი ჭეშმარიტების გამიჯვნა?
◊ ვიტყოდი, რომ ამ გამოხმაურებათა ავტორების უმრავლესობას უბრალოდ გულდასმით არ წაუკითხავს ჩემი ესე. ლამის ომის აპოლოგეტად გამომაცხადეს. ესეში არც ის თქმულა, რომ მშვიდობა და თავისუფლება ერთმანეთისგანაა გამიჯნული. მთავარი სათქმელი ისაა, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მშვიდობა თავისუფლების გარეშე. თუკი თავისუფალნი არ ვიქნებით, მშვიდობაც მოჩვენებითი იქნება. არათავისუფალი „მშვიდობიდან“ მონობამდე ერთი ნაბიჯია. თავისუფლება ღირებულებაა, მშვიდობა – შედეგი. არ შეიძლება ადამიანებს მშვიდობის სახელით ჩაუხშო თავისუფლებისკენ მისწრაფება.
♦ რა არის ის, რასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
◊ რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი – ჩემი მეუღლე, სალომე და არაჩვეულებრივი ვაჟიშვილი, 3 წლის ანდრეა. ჩემთვის, როგორც კათოლიკესთვის, ოჯახი უდიდესი ღირებულებაა! ვერანაირი ცოდნა და კარიერა ვერ ჩაანაცვლებს ამ ღირებულებას.
♦ მომავალი როგორ გესახებათ, სად აპირებთ დამკვიდრებას – ევროპა თუ აზია?
◊ ცხადია, საქართველოში – მაშასადამე, ევროპაში (იცინის). თავის დროზე, იტალიაშიც მხოლოდ იმ განზრახვით წავედი, რომ უკან აუცილებლად დავბრუნდებოდი (და ასეც მოვიქეცი). ახლაც ასეა. ტაშკენტის ვებსტერის უნივერსიტეტში ყოფნა უდიდესი შესაძლებლობა და გამოწვევაა ჩემთვის. ამავე, დროს, უკვე საქართველოს ვებსტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც ვარ, ასე რომ, ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემს ქვეყანას უკავშირდება.
ესაუბრა მაკა ყიფიანი