სოფო მელაძე
ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი
პ. ლ. ტრევერსი „მერი პოპინსი“
როცა მეკითხებიან, როგორ ავირჩიო პროფესია, კარიერული მიმართულება, ყოველთვის აქეთ ვუსვამ კითხვას, ვინ გინდოდათ გამოსულიყავით ბავშვობაში? რას თამაშობდით? რისი გაკეთება გიყვარდათ? მე, სწორედ რომ, საკუთარმა ბავშვობამ მიმიყვანა საყვარელ საქმიანობამდე.
ბავშვობაში ჩემი საყვარელი ზღაპარი პამელა ტრევერსის „მერი პოპინსი“ იყო. წიგნი ადგილობრივი ბიბლიოთეკიდან მომქონდა და კვირაში რამდენიმეჯერ ვკითხულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი რა მოხდებოდა, კითხვა არ მბეზრდებოდა.
მომწონდა შეგრძნება, რომ სადღაც არსებობს კეთილი, ჯადოქარი ძიძა, რომელიც გამოჩნდება და ბავშვების ცხოვრებას სახალისო თავგადასავლად აქცევს. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის რაღაცით განსაკუთრებულები არიან, ამიტომ მერი პოპინსი ქოლგით დაფრინავს, აქვს ჩანთა, რომელიც ყველაფერს იტევს და მისი წამლები გემრიელი და სასარგებლოა.
ბავშვებს სჭირდებათ ლამაზი, კეთილი ზღაპარი, რომელიც მათ ცხოვრებას უდარდელს და საინტერესოს გახდის. გადის წლები და ვხდები სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა ადრეული განვითარების“ სპეციალისტი. ჩვენს პროგრამაში 0-7 წლამდე განვითარების შეფერეხების მქონე ბავშვები ან ამ მხრივ რისკის ქვეშ მყოფნი ერთვებიან.
ჩვენი პროგრამა იმით განსხვავდება დანარჩენი მსგავსი სოციალური სერვისისგან, რომ მთლიანად ოჯახის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული -— „ძლიერი ოჯახი, ძლიერი ბავშვი“.
დასაწყისში, მახსოვს, თითოეული ჩემი ქმედება ან რჩევა სრულიად უსარგებლო მეგონა. საერთოდ ვფიქრობდი, რომ დღე-დღეზე ამ პოზიციას დავტოვებდი და რაიმე სხვა საქმიანობას მოვკიდებდი ხელს, მაგრამ ბავშვებმა და ოჯახებმა ჩემი დაბალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობის ნაკლებობა სიხალისით და მეტის გაკეთების სურვილით ჩაანაცვლეს.
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, მძიმე ფსიქიკური თუ ფიზიკური მდგომარეობის მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს, იმის გაცნობიერება, რომ ის, რაც აქამდე სირთულედ მიმაჩნდა, არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც ბავშვები და ოჯახები აწყდებიან ყოველდღიურად.
წარმოიდგინეთ, პროგრამაში გყავს 15 ბავშვი და 15 ოჯახის ცხოვრების აქტიური მონაწილე ხდები. მათთან ერთად იწყებ ოჯახის პრიორიტეტებსა და ბავშვის კეთილდღეობაზე მუშაობას. თითოეული პროგრესი შენს ემოციურ მდგომარეობაზე აისახება, თითოეული რეგრესი კი რამდენიმე დღეც კი გაგყვება სახლში წასულს.
ჩვენ ადრეული განვითარების სპეციალისტები ვართ! ჩვენ „ყველაფერჩიკები“ ვართ! ასეც გვეძახიან, კი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ოჯახებთან ყველა იმ საკითხზე, რაც ბავშვს უკავშირდება. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია? არა, მაგრამ ოჯახებს ამის სჯერათ. ჩვენ კი, იმის გვჯერა, რომ მათთან თანამშრომლობის გარეშე სრულიად არაფერი შეგვიძლია.
ხშირად გვისვამენ კითხვას: „როგორ გრძნობ თავს დღის ბოლოს?“ – ყველაზე დაღლილი, მაგრამ ბედნიერი ვარ. მე ხომ საოცარ საქმეს ვაკეთებ, მე ყოველდღე ბავშვები მელოდებიან, ჩემი იმედი ოჯახებს აქვთ. ჩემი საქმიანობა არასდროსაა მოსაწყენი რუტინა, არასოდეს ვიცი ხვალ რას მეთამაშებიან ბავშვები…
ოჯახებთან მუშაობისას, მხოლოდ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ აწყდები, ხედავ მათ სოციალურ და ემოციურ სირთულეებს. მუდამ გაქვს განცდა, რომ კიდევ მეტი შეგიძლია მისცე მათ, შეუმსუბუქო ყოფა და თუ ეს ყველაფერი ვერ გამოგივიდა, სინდისის „ყრუ ტკივილი“ არ მოგასვენებს.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები, თერაპევტები არ ბრაზდებიან, არ აქვთ დეპრესია, ემოციური სირთულეები და მუდამ იდეალურად მართავენ საკუთარ ცხოვრებას. იმედები უნდა გაგიცრუოთ, ეს ნამდვილად არ არის ასე, მაგრამ რაც მეტად ვეხმარები ემოციური თვითრეგულაციის გამომუშავებაში სხვას, მით მეტად ვეხმარები საკუთარ თავსაც.
როცა ბავშვებში ვზივარ და ვხედავ, რომელიმე მათგანი არ ერთვება თამაშში, ჩემი თავი მახსენდება, პატარა სოფო, რომელსაც ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავდა და არ იცოდა, როგორ დაემყარებინა კომუნიკაცია ბავშვებთან.
ბავშვებთან მუშაობა და ურთიერთობა ჩვენთვისაც თერაპიაა.
„- მერი პოპინს, ხომ არასოდეს წახვალ?
– მე დავრჩები თქვენთან, სანამ ქარი შეიცვლის მიმართულებას…“
(პ. ტრევერსი „მერი პოპინსი“)