ახალი სასწავლო წელი სკოლებში განსხვავებულ რეჟიმსა და განსხვავებულ ფორმატში განახლდება – სკოლები, საჭიროებიდან გამომდინარე, თავად ირჩევენ სწავლების მოდელს. სწავლის დაწყების დღედ 15 სექტემბერი გამოცხადდა. ჯანდაცვისა და განათლების სამინიტროებმა შეიმუშავეს რეგულაციები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის და თუ რომელიმე სკოლა, წინასწარი შემოწმების შედეგად, ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, სწავლა 15 სექტემბერს არ განახლდება.
არის თუ არა სისტემა მზად საკმაოდ რთული სასწავლო წლის გასაახლებლად და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2020-21 სასწავლო წლის განმავლობაში – ამ თემებზე გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა.
– როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად და რა ძირეულ ცვლილებებს უნდა ველოდეთ განახლებული სასწავლო წლიდან?
– მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ემზადებოდა და კონსულტაციებს გადიოდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა სასწავლო პროცესი რაც შეიძლება უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით დავიწყოთ და მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი. ამიტომ, ის სავალდებულო მინიმუმალური აღჭურვილობა, რაც სკოლებს შეიძლება დასჭირდეთ ამ ნორმების დასაცავად, ცხადია, შესყიდულია და ყველა სკოლას მიეწოდება სწავლის დაწყებამდე, მაგალითად, თერმოსკრინინგისთვის შესაბამისი აპარატები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები და სხვა. გათვალისწინებულია დიდ და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებები. მივყვებით და ვითვალისწინებთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს და აქედან გამომდინარე, ვაძლევთ სკოლებს დამატებით კონკრეტულ მითითებებს. მაგალითად, მნიშვნელოვანია ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. სკოლებმა ისე უნდა დაგეგმონ სასწავლო პროცესი, რომ მცირე სივრცეში, ერთდროულად, ბევრი მოსწავლე არ იყოს. ამისთვის, მათ მეტი მოქნილობის საშუალება მივეცით — სწავლის დაწყების დრო სკოლებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ, მაგალითად, არა 9 საათზე, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ უფრო ადრე და შეუძლიათ, სასწავლო დღე სწავლების საფეხურების მიხედვით სხვადასხგვარად დაგეგმონ; ასევე შეუძლიათ შეამცირონ საგაკვეთილო დატვირთვა კონკრეტული საგნების მიხედვით, თუმცა გაკვეთილი 30 წუთზე ნაკლები არ შეიძლება იყოს. ერთადერთი მკაცრი რეკომენდაციაა, სასწავლო პროცესი ისე დაარეგულირონ, რომ I-IV კლასების მოსწავლეებმა სრულად იარონ სკოლაში, მათთვის არც ერთი დღე არ იყოს ონლაინ სწავლება. მოგეხსენებათ, ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, ურთიერთობების ჩამოყალიბება, განსაკუთრებით I-II კლასელებისთვის. სწორედ ამ ასაკში ეჩვევა და სწავლობს ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობებს, თანაკლასელებთან შედის კონტაქტში, ზოგადად, სასწავლო პროცესის ორგანიზებას ერგება.
რაც შეეხება ზედა კლასებს, თუ სკოლას არ აქვს შესაბამისი ფართი, შეუძლია ერთი ან ორი დღე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, ანუ ჰიბრიდული მოდელი აირჩიოს. მაგალითად, მეშვიდე კლასი კვირაში ერთი დღე, პირობითად, ოთხშაბათი, სკოლამ შეიძლება მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს და ა.შ. საშუალო საფეხურზე კიდევ უფრო მეტად შეიძლება შერეულ მოდელზე ფიქრი, შესაძლოა კვირაში ორი დღეც დაიგეგმოს დისტანციურად. ან სკოლამ ონლაინ სწავლება შეიძლება დაგეგმოს საგნების მიხედვით, მაგ. კვირეული 5 საათიდან ერთი ან ორი საათი ჩაატაროს დისტანციურად, შეიძლება შაბათი დღეც გამოიყენოს მოსწავლეთა რაოდენობის განსატვირთად. სკოლამ საჭიროებიდან, ადამიანური და ტექნიკური რესურსებიდან გამომდინარე, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელ მოდელს მოირგებს და როგორ დააორგანიზებს სასწავლო პროცესს.
მეტი დაკვალიანებისთვის შევიმუშავეთ დისტანციური სწავლების წესი, რომელიც მზადაა დასამტკიცებლად. რეკომენდაციები, რომელიც ამ წესში შევიდა, რესურსცენტრებთან ყოველკვირეული ონლაინ შეხვედრების დროს დამუშავდა. მათი მოსაზრებები გავითვალისწინეთ, რადგან უშუალო კავშირში არიან სკოლებთან და იციან კონკრეტული რეგიონის სპეციფიკა. დამტკიცებული წესი სკოლებს დაეგზავნება, თუმცა ისინი უკვე მუშაობენ სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე და, პრინციპში, ყველა სკოლას მზად აქვს საკუთარი გეგმა.
– სასწავლო გეგმებში ხომ არ არის რაიმე ტიპის ცვლილება?
– ამ თვალსაზრისით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ძალიან მოქნილია, სავალდებულო მოთხოვნები საგნობრივი ცნებებისა და მსხვილი თემების/კონტექსტების დონეზეა გაშლილი და არა კონკრეტული საკითხების დონეზე. ამდენად, მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი საკითხით გავიდეს შედეგებზე; მაგ. არ არის აუცილებლი სახელმძღვანელოში არსებული 50 ტექსტიდან 50-ვე გაიაროს, მთავარია, რა ტექსტსაც გაივლის, გაიაზროს, სიღრმისეულად დაამუშაოს. ცხადია, საბაზო საფეხურზე ჩავდეთ ის სავალდებულო მინიმუმი, კლასიკა, რაც დროშიც გამოცდილია და ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის გარკვეული ღირებულება გააჩნია, მაგრამ დანარჩენს სახელმძღვანელოს ავტორები ამატებენ ან შეუძლიათ თავად პედაგოგებმა დაამატონ, თავიანთი გემოვნების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს მთავარ ორიენტირებს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ კონკრეტულ საგანში, რა უნდა შეეძლოს მას და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს, ხოლო სკოლამ თავად უნდა განსაზღვროს ის კონკრეტული გზა, რომლითაც მიიყვანს ამ მიზნებამდე.
ეს კი ხდება კომპლექსური დავალებების, კონკრეტული აქტივობებისა და რესურსების მეშვეობით. გრძელვადიან მიზნებს განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა, წლიურ სასკოლო სასწავლო გეგმას კი უნდა ადგენდეს სკოლა. ამ მხრივ მათ სრული თავისუფლება აქვთ.
– არის თუ არა მზად სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, ისევ გადავიდეს სრულად დისტანციურ სწავლებაზე?
– ამისთვის საჭიროა გამართული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. იცით, რომ სამინისტრო იყენებს Microsoft-ის პლატფორმას, სადაც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დარეგისტრირებულია და ყველას აქვს თავისი პერსონალური ანგარიში, ე.წ. ექაუნთი. სხვათა შორის, როგორც კი დაიწყო პანდემია და დაიხურა სკოლები, მაშინვე დაიწყეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ამ ექაუნთების გააქტიურება. სამინისტროს ეს ინფრასტრუქტურა უკვე ჰქონდა, უბრალოდ სკოლები არ იყენებდნენ, რადგან ნაკლებად ინტერესდებოდნენ ელექტრონული პლატფორმებით. ახლა ყველა სკოლამ, მასწავლებელმა და მოსწავლემ იცის, საჭიროების შემთხვევაში როგორ გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე. სხვა საკითხია, რამდენად აქვს ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, რომ ჩაერთოს პროცესში. ყველა რესურსცენტრს ჰქონდა დავალებული იმ მოსწავლეების იდენტიფიცირება, ვისაც არ აქვს ტექნიკური მოწყობილობა ან ინტერნეტის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოხდეს ინდივიდუალურად პრობლემის გადაჭრა და მოსწავლეები არ დარჩნენ პროცესებს მიღმა. ასეთი შემთხვევებისთვის კვლავ იქნება ტელესკოლა. თუმცა სატელევიზიო გაკვეთილები გაცილებით დახვეწილ ფორმატში გაგრძელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა გაკვეთილების ჩაწერა და სექტემბრისთვის განახლებულ გაკვეთილებს შევთავაზებთ და ესეც დაეხმარება არა მხოლოდ მათ, ვისაც არა აქვს წვდომა ონლაინ საშუალებებზე, არამედ ზოგადად მოსწავლეებს და პედაგოგებს.
– რას გეგმავთ იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც არ აქვს დივაისები დისტანციურ სწავლებაში ჩასართავად? რას სთავაზობთ მათ? ხომ არ აპირებს სამინისტრო ამ კუთხით მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას?
– ძალიან რთულია, თვითონ სამინისტრომ დაიწყოს პერსონალურად ტექნიკის შეძენა მოსწავლეებისთვის. სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია, თუ ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ და რომელიმე მოსწავლეს ამ მხრივ პრობლემები შეექმნება, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რომ ჩართონ სასწავლო პროცესში. მაგალითად, ასეთ მოსწავლეს უფრო მეტად უნდა მიეცეს ადგილზე დასწრების ან სკოლაში არსებული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა. იგივე ეხება მასწავლებელსაც, თუ მას არ აქვს სახლიდან ჩართვის შესაძლებლობა, მაშინ სკოლამ უნდა დაუთმოს სივრცე და ხელი შეუწყოს, რომ გაკვეთილი დისტანციურად ჩაატაროს. შეიძლება სახლშიც გაატანოს ლეპტოპი, რომელიც სკოლის საკუთრებაშია. ამ კუთხითაც, საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლებმა თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
– სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასწავლო წელი არ დაიწყება, თუ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ინსპექცია არ შეამოწმებს ყველა სკოლას და თუ სასწავლო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იმ სკოლაში, შეიძლება, სწავლა 15 სექტემბერს არ განახლდეს.
– დიახ, შესაძლებელია, რადგან სკოლებში დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ეს ეხება, პირველ რიგში, საპირფარეშოებს. ცხადია, მოსწავლეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ამიტომ, უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში, სკოლები სრულად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბევრ სკოლას არ დასჭირდება, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობებიც იყვნენ ჩართულები სველი წერტილების მოწესრიგების საკითხებში და მთელი ზაფხული მუშაობდნენ ამ მიმართულებით.
– ქალბატონო მარიამ, საინტერესოა რას გეგმავს სამინისტრო იმ ჩავარდნების აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად არსებობდა დისტანციური სწავლების პროცესში. გვყავდნენ მოსწავლეები, რომლებიც აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლების პროცესებს მიღმა. ხომ არ იგეგმება მათთვის მიზნობრივი აქტივობები და პროგრამები, რომელიც გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრის მასალის ათვისებაში დაეხმარებათ?
– ცენტრალიზებულად ასეთი პროგრამების განხორციელება არ იგეგმება, მაგრამ რესურსცენტრებთან შეხვედრებზე მუდმივად განვიხილავდით ამ საკითხს, რომ თვითონ სკოლებმა მოახდინონ ასეთი მოსწავლეების იდენტიფიცირება. მაგალითად, თუ სკოლას ჰყავდა გარკვეული რაოდენობის მოსწავლე, რომლებიც მხოლოდ ტელეგაკვეთილების ამარა იყვნენ დარჩენილი და ვერ ერთვებოდნენ ონლაინ გაკვეთილებში, საგნობრივმა პედაგოგებმა მათთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაონ, რომ დააწიონ პროგრამას. ეს მოსწავლეები იმავე სასტარტო პირობებში უნდა აღმოჩნდნენ, ახალ სასწავლო წელს, როგორც მათი თანაკლასელები. ცხადია, პირველ რიგში, სკოლის დონეზე, სწორედ ასეთ მოსწავლეებზე უნდა გაათმაგდეს ყურადღება, ცენტრალიზებულად ამ პრობლემის გადაჭრა ეფექტურად ვერ მოხდება.
– გადავიდეთ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესზე. როგორ წარიმართა წელს გრიფირების პროცესი და რა ხარვეზებმა იჩინა თავი?
– წელს, მოგეხსენებათ, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი საკმაოდ გაზრდილი ბარიერით (გადასალახმა ბარიერმა 90%-მდე აიწია) წარიმართა. შეიძლება ითქვას, მოთხოვნები იყო გამკაცრებული. თუმცა, ავტორებს მეტი ხელშეწყობაც ჰქონდათ: გრიფირების პროცესის მეორე ეტაპზე, ბარიერგადალახული სახელმძღვანელოების ავტორები და შემფასებლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და დარჩენილ შენიშვნებს პირისპირ განიხილავდნენ, ერთთვიან ვადაში გამოსასწორებელ ნიუანსებზე თანხმდებოდნენ. ცხადია, ეს სახელმძღვანელოს კიდევ უფრო დახვეწას ემსახურებოდა. გარდა ამისა, გაორმაგდა ჰონორარების რაოდენობა, რაც დამატებითი სტიმულია სახელმძღვანელოების ავტორებისა და გამომცემლობებისთვის. საერთო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ როგორც კი გადაეცათ სახელმძღვანელოები შესაფასებლად, მაშინვე ჩაიკეტა ყველაფერი და პროცესები სრულად გადავიდა ონლაინ ფორმატში (სახელმძღვანელოების სშეფასება ისედაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა), საგნობრივი ჯგუფების განხილვების ორგანიზება, სააპელაციო კომისიის მუშაობა. მიუხედავად ამისა, გრიფირების პროცესზე პანდემიამ გავლენა ვერ მოახდინა და ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით წარიმართა..
უკვე მეორე წელია, რაც ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდი ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს, ორი წელია ვაანალიზებთ განვლილ პროცესს და ვცდილობთ ტექნიკური თუ შინაარსობრივი კუთხით პროცესების დახვეწას. ვფიქრობთ, გამომცემლობებისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელ პირობებს შევქმნით, რადგან ორივე მხარეს — სამინისტროსაც და გამომცემლებსაც/ავტორებსაც ერთი მიზანი გვაქვს — მივიღოთ ხარისხიანი სახელმძღვანელოები.
– მერვე კლასის რომელმა სახელმძღვანელოებმა ვერ გაიარა წელს გრიფირება და თუ შეირჩა შარშან ჩავარდნილი მეშვიდე კლასის რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო?
– მე-7 კლასში რუსულში გვაქვს უკვე გრიფირებული სახელმძღვანელო, ხოლო მე-8 კლასში ჩაგვივარდა რუსული და გეოგრაფია. გეოგრაფიის სამი სახელმძღვანელო შემოვიდა კონკურსზე და სამივე ჩავარდა, რეალურად დავრჩით ახალი სახელმძღვანელოების გარეშე. ამიტომ, ეს წელი ძველი სახელმძღვანელოთი სარგებლობა მოგვიწევს. მე-9 კლასთან ერთად კვლავ გამოცხადდება გრიფირების კონკურსი გეოგრაფიასა და რუსულში. ასევე არავინ შემოიტანა შესაფასებლად ფრანგული ენის სახელმძღვანელო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, წავედით ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლებთან მოლაპარაკებების გზით და ტენდერის მეშვეობით შეირჩა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ახლოს მდგომი, უცხოური გამომცემლობის მიერ უკვე მომზადებული, სახელმძღვანელოები.
– საუბარი იყო ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზეც, თუ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და როდის უნდა ველოდოთ გაციფრებულ წიგნებს?
– ცხადია, ასეთ რეჟიმში, როცა დისტანციურ სწავლებაზე გიწევს გადასვლა, თავისთავად დგება დღის წესრიგში ელექტრონული რესურსის შექმნა. პრინციპში, ეს საკითხი ადრეც იდგა, მაგრამ ახლა რეალური საჭიროება გახდა, გვქონდეს ელექტრონული სახელმძღვანელოები და, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ელექტრონული რესურსების განვითარებისკენ მივდივართ. მნიშვნელოვანია ციფრული სასწავლო რესურსის შექმნა, რომელიც სასწავლო პროცესის ინტერაქტიულ და მოსწავლისთვის საინტერესო რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ბევრი რამ გადასაწყვეტია და გასათვალისწინებელი. თუნდაც ის, თუ რამდენად დაძლევადია ასეთი რესურსების შექმნა საქართველოში არსებული გამომცემლობების მიერ. პრინციპში, ზოგიერთმა გამომცემლობამ გვაჩვენა, რომ უკვე მუშაობს სხვადასხვა სასწავლო რესურსის გაციფრულებაზე. ახლა საჭიროა გრძელვადიანი დაგეგმვა, შესაბამისი ბიუჯეტით. არ შეიძლება დაიწყო ერთი კლასით და მერე გაჩერდე. ასევე, გადასაწყვეტია, რა რესურსი გაციფრულდეს — რომელიმე გრიფირებული სახელმძღვანელო თუ სტანდარტით განსაზღვრული და შესაბამისად, ყველა სახელმძღვანელოში არსებული საერთო თემები და საკითხები. მიმდინარეობს წინარე სიცოცხლისუნარიანობის კვლევა, რომელიც ამ პროცესებს შეისწავლის (ხარჯთაღრიცხვის შესწავლა მოხდება) და ამის მიხედვით დაიგეგმება, თუმცა ეს მომავალი სასწავლო წლის პერსპექტივაა.
– შეიძლება თუ არა, ელექტრონული სახელმძღვანელოების სახით, ბეჭდურ წიგნებს კონკურენტი გამოუჩნდეს?
– ცხადია, ელექტრონული სახელმძღვანელოები მხოლოდ დისტანციური სწავლებისთვის არ არის გათვალისწინებული და მისი გამოყენება ჩვეულებრივი სასწავლო რეჟიმის დროსაც თავისუფლად შეიძლება. მაგალითად, თუ ახლა პედაგოგები ცალკეულ ვიდეოებს იყენებენ საგაკვეთილო პროცესში, ამ რესურსის სახით, მათ თავმოყრილი და გამზადებული სრულყოფილი მასალა ექნებათ და აღარ მოუწევთ დამატებითი დროის დახარჯვა მათ მოძიება-შექმნაზე.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა, მე ამას ვუყურებ, როგორც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და უფრო მეტად მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების რესურსს. ბეჭდური წიგნები რომ სრულად ჩანაცვლდეს, ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ციფრული მიმართულებით აუცილებლად უნდა განვვითარდეთ და ასეთი ალტერნატივებიც გავაჩინოთ.
– რა იყო დისტანციური სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებლად მოგიწევთ?
– ეს, პირველ რიგში, სასწავლო პროცესის დაგეგმვას ეხება. ცხადია, სრულიად მოულოდნელი იყო ონლაინ პლატფორმაზე გადართვა და საკმაოდ დიდ ძალისხმევასაც მოითხოვდა. თუმცა, მასწავლებლების უმრავლესობამ ძალიან კარგად გაართვა თავი და პროცესი მეტ-ნაკლებად შედგა. ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მეტად, პრობლემა დაგეგმვის პროცესში იმიტომ გაჩნდა, რომ პედაგოგები დაიბნენ, გაუჭირდათ გადაწყვეტა — რა იყო ის აუცილებელი და საგნისთვის არსებითი, რაც უნდა ესწავლებინათ, ასევე როგორ ესწავლებინათ განსხვავებულ ფორმატში, ახალი სასწავლო წლიდან, ამას უფრო გააზრებულად და დაგეგმილად შეხვდებიან, რაც მთავარია, ძალიან აქტუალური გახდა კომპლექსური დავალებები, შეიქმნა ძალიან ბევრი ნიმუში. ეს არის პროექტული ტიპის დავალება, სადაც მოსწავლემ თვითონ უნდა შექმნას შემოქმედებითი პროდუქტი და ამით თეორიული და პროცედურული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელოს, ტრანსფერი გააკეთოს ცხოვრებისეულ მაგალითებში, ეს არის „ახალი სკოლის მოდელის“ მთავარი მოთხოვნაც. კომპლექსური დავალების უამრავი ნიმუში შეიქმნა თბილისის და რუსთავის სკოლების პედაგოგების დახმარებით, ასევე ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავა „კოალიციამ განათლება ყველასთვის“, მათ ძალიან ბევრი საინტერესო კომპლექსური დავალება შექმნეს, რომელიც ღიაა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
– პანდემიის პერიოდის განათლების მთავარ ხარვეზად სახელდებოდა ის, რომ სამინისტრომ შექმნა რესურსი, მაგრამ მისი სწორად გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით ნაკლებად იმუშავა. ამ კუთხით ხომ არ აპირებთ გააქტიურებას?
– გეთანხმებით. თქვენ იცით, იდეაში სავალდებულოა შემაჯამებელი დავალების გაკეთება სკოლაში და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს იყოს კომპლექსური დავალება. ასეთი მოთხოვნა ადრეც იყო, მაგრამ რეალურად, მეტწილად, ვერ ინერგებოდა. თუმცა, არც ამდენი კომპლექსური დავალების ნიმუში არ მიგვიწოდებია არასდროს მასწავლებლებისთვის. „ახალი სკოლის მოდელში“, როგორც გითხარით, მთავარი სიტყვა კომპლექსური დავალებაა. სექტემბრიდან 315 სკოლა ერთვება პროექტში, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი— საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვაქვს 24 ადგილი, სადაც იქნებიან განთავსებული საგნობრივ ექსპრეტთა ჯგუფები, რომლებიც ამ 315 სკოლას, ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმში, კონსულტაციებით დაეხმარებიან სასკოლო კურიკულუმების შედგენაში, ანუ კომპლექსური დავალებებით სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, დანერგვასა და შემდეგ პროცესების გაანალიზებაში. მაგრამ, ცხადია, 315 სკოლის გარდა, კიდევ ბევრი სკოლაა ქვეყანაში. თითოეულ ასეთ ჯგუფს დავალებული აქვს, მის ტერიტორიაზე, ახლომდებარე სკოლებთან დაამყაროს ურთიერთობა და თუნდაც პასიურ რეჟიმში გაუწიოს მათ პედაგოგებს კონსულტაციები. ახლა დირექტორებთან ვიწყებთ თანამშრომლობას, რომ გამოყონ ე.წ. ცვლილებების აგენტები სკოლებში, რომლებიც იმუშავებენ საგნობრივ ექსპერტებთან და ამით, ერთგვარად, საფუძველს მოამზადებენ პროექტის დასანერგად. მომავალი წლიდან, დაახლოებით, 450 სკოლა დაემატება, შემდეგ კიდევ 450 და 2024 წლამდე ყველა სკოლაში შევალთ „ახალი სკოლის მოდელის“, ანუ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით.
– რეალურად რა შედეგები აჩვენა „ახალი სკოლის მოდელის“ პილოტირებამ?
– პროექტის დაწყების დღიდან ამ დრომდე მიმდინარეობდა პილოტირება, ინსტრუმენტების დახვეწა. ვამბობთ, რომ ეს არის საკლასო ოთახიდან დაწყებული რეფორმა, ამიტომ ის გზამკვლევები, რაც ამჟამად გვაქვს ყველა საგანში, დაახლოებით, 4000-მდე მასწავლებლის უკუკავშირის საფუძველზე არის შემუშავებული და დახვეწილი. დაიხვეწა არა მხოლოდ ინსტრუმენტები, შევცვალეთ მიდგომებიც. თუ მანამდე ერთ სკოლაში ვაგზავნიდით მხარდამჭერ ჯგუფს, ახლა მთელი ქსელი შეიქმნება. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, 24 ადგილზე გვეყოლება კოორდინატორებისგან, საგნობრივი ექსპერტებისგან, ასევე ინკლუზიური განათლებისა და ლიდერობის სპეციალისტებისგან შემდგარი მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება როგორც სკოლებთან, ასევე რესურსცენტრთან. მონიტორინგმა რაც აჩვენა, ზოგადად, თავიდან ძნელად მიდის პროცესი, მაგრამ მასწავლებლები, როგორც კი ალღოს უღებენ კომპლექსური დავალებების შექმნას და გამოცდიან კლასში, ხედავენ როგორი ჩართულები და მოტივირებულები არიან მოსწავლეები, მერე ყველაფერი უმარტივდებათ. რაც მთავარია, არც ერთი ბავშვი არ რჩება საგაკვეთილო პროცესის მიღმა, ყველა ქმნის შემოქმედებით პროდუქტს. ამიტომ, როგორც კი ერთ ან ორ დავალებას შეასრულებენ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, აქტიურდებიან მოსწავლეები და, შესაბამისად, მასწავლებლები.
სექტემბერში ვგეგმავთ შეფასებას, გვინდა გავზომოთ პროგრამის პროგრესი — რა მივიღეთ, რომელი მიმართულებაა უფრო გასაძლიერებელი და ა.შ. თუმცა, მონიტორინგს მუდმივად აწარმოებდნენ ჩვენი ექსპერტები, იმისთვის, რომ დაგვენახა, სად უჭირდა სკოლას და სად სჭირდებოდა დახმარება. შემდეგ, ჩვენი გუნდი მათ ადგილზე ეხმარებოდა. პოსტშეფასება კიდევ უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს — სად ვიყავით და ახლა სად ვართ.
– ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ, უშუალოდ თქვენი ქოუჩებისა და მხარდამჭერი ჯგუფების გარეშე, ეს მოდელი შენელდეს ან შეჩერდეს. შეძლებენ თუ არა დამოუკიდებლად გაგრძელებას? შემდგომშიც გააგრძელებთ მონიტორინგს?
– ამის საშიშროებას ნამდვილად ვერ ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ 315 სკოლაში მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაშია დაგეგმილი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა, ეს არ ნიშნავს, რომ გაზაფხულიდან მათთან ურთიერთობას შევწყვეტთ. სწორედ ამისთვის შევქმენით რეგიონული მხარდამჭერი ჯგუფები, რომლებიც მუდმივად კავშირში იქნებიან სკოლებთან. მე ვიტყოდი, რომ ეს არის გზა რეალური დეცენტრალიზაციისკენ, როცა სკოლას აქვს თავისუფლება თავად განსაზღვროს მისი სავალი გზა, ხოლო მის გვერდით კი არსებობს ძლიერი მხარდამჭერი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ადგილზე გაუწიოს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.
მხარდამჭერი ჯგუფები, ამჟამად, პროგრამიდან ფინანსდებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვინდა, რომ რესურსცენტრების ბაზაზე იფუნქციონირონ.
რაც შეეხება მონტორინგს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვთანამშრომლობთ ნაეკთან და ვგეგმავთ მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასებში ყოველწლიური შეფასებების ჩატარებას, მოსწავლეების აკადემიური მიღწევის პროგრესისა და სასკოლო კულტურის განვითარების სანახავად.
– ერთი წინადადებით რომ გვითხრათ, ახლი სკოლის მოდელი რა არის სკოლისთვის, მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის?
– ეს არის სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მოდელი, რომ მისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, საუკეთესოდ დაგეგმოს საკუთარი მოსწავლეების განვითარების გზა, დაგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი ისე, რომ მოსწავლეებისთვის შეიქმნას პოზიტიური გარემო, სადაც ყველა ბავშვი იგრძნობს თავს მოტივირებულად და შეძლებს საკუთარი უნარების გამოვლენასა და განვითარებას.
– როგორც ცნობილია, არაქართულენოვან სკოლებში ახალი სკოლის მოდელის დანერგვის მიზნით, მზადდება ბილინგვური პროექტი. როდის დაიწყება პილოტირება და რას გულისხმობს ეს პროექტი?
– სექტებრიდან ვიწყებთ პილოტირებას. ბილინგვური განათლების პროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, გარკვეული საგნების სწავლება ქართულ ენაზე შევიდეს, რაც სახელმწიფო ენის რეალურად გაძლიერებას ემსახურება არაქართულენოვან სკოლებში. ამ მოსწავლეებმა, მშობლიურ ენასთან ერთად, ასევე სრულყოფილად უნდა აითვისონ სახელმწიფო ენა, წიგნიერ დონეზე, რომ აღარ ჰქონდეთ პრობლემა შემდგომი განათლების მიღების, ან დასაქმების კუთხით. ქართულ ენაზე შესასწავლი საგნები სკოლაში არსებული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით შეირჩევა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხელოვნება მეორე კლასში, თუკი სკოლას ჰყავს ხელოვნების მასწავლებელი, რომელმაც კარგად იცის როგორც ქართული ენა, ასევე მოსწავლეების მშობლიური ენა. გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ასეთ გარემოში როგორ წარმართოს სასწავლო პროცესი. სექტემბრიდან, ექვს სკოლაში ვიწყებთ პილოტირებას (სამი სომხურენოვანი და სამი აზერბაიჯანულენოვანი სკოლა). პირველ ეტაპზე გამოიცდება სასწავლო რესურსები და მომზადდებიან მასწავლებლები.
პილოტირება იმას ემსახურება, რომ „ახალი სკოლის მოდელი“, საბოლოოდ, არაქართულენოვან სკოლებშიც შევიდეს, უბრალოდ, პროცესს ბილინგვური მიმართულება ემატება.
– დაბოლოს, რას ეტყოდით მასწავლებლებს ძალიან რთული პერიოდის შემდეგ, ისევ რთული სასწავლო წლის დაწყების წინ?
– ჩვენმა მასწავლებლებმა ღირსეულად მიიღეს გამოწვევა და ისეთი უნარები გამოავლინეს, რომ დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ არანაირი სირთულის აღარ შეეშინდებათ. ვისურვებდი, რომ ამ შემართებით გააგრძელონ ახალი სასწავლო წელიც და ვუსურვებ მათ წარმატებებს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე