21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

spot_img
ინა იმედაშვილი
იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა კლუბის წევრი

 

არდადეგები ბავშვებისთვის თავისუფლებასთან და დასვენებასთან ასოცირდება, მას ელოდებიან მთელი წელი, რომ თავით გადაეშვან თამაშისა და არაფრის კეთების სამყაროში. ამიტომ აპროტესტებენ  არდადაგებზე მეცადინეობასა და რუტინებს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მშობლები და მასწავლებლებიც, ძალიან მარტივია წიგნები შევაჯავროთ კიდეც, თუ დასვენების დღეებზე მათ წაკითხვას კატეგორიულად მოვთხოვთ.

როგორ გავხადოთ მათთვის არდადაგებზე შემეცნება ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესად, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ეს პროცესი დავუკავშიროთ რაიმე სასიამოვნოს, საინტერესოს, აღმოჩენას. იდეალური არც ერთი მშობელი არ არის და ყველას მოგვდის შეცდომები, ძალიან არ მიყვარს სადღაც ზემოდან რჩევა-დარიგებების ფრქვევა, მეც დამზარებია ბევრი რამ და ვაღიარებ ჩემი შვილი გაჯეტთანაც დამიტოვებია, რომ მე საქმეები გამეკეთებინა. თუმცა, მთავარია, რომ გავიაზროთ რა არის სასარგებლო, რა სჭირდებათ ბავშვებს და როგორ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენც მათთან ერთად გავიზარდოთ როგორც აღმზრდელები, როგორც გეზის მიმცემები და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პატარა ადამიანის ემოციურ ინტელექტზე, მათ გუნება-განწყობილებაზე და საბოლოოდ მშვიდ, კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაზე.

რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

ძველი წიგნების ხიბლი

ბავშვებს უყვართ ყველაფერი განსხვავებული, ეგზოტიკური.  განსაკუთრებით თუ ეს სიძველე რაიმე საინტერესო ისტორიას, ამბავსაც უკავშირდება. თუკი ზაფხულის არდადეგებს, სოფლად ატარებთ მშვენიერი ბიბლიოთეკისა და ძველი წიგნების აღმოჩენის დროც დადგა. შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ იპოვონ ყველაზე ძველი წიგნი, ან წიგნი, რომელიც  კონკრეტულ თარიღშია გამოცემული, ან ისეთი წიგნი, რომლის ყდაც მათთვის რაიმე მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს, ძალიან მოეწონათ და დააინტერესათ. შემდეგ, მხოლოდ ყდაზე დაყრდნობით და სათაურის მიხედვით, შეადგენინეთ ამბავი, ან სულაც დაახატინეთ. ამის შემდეგ წაიკითხონ ის ფურცელი, რომელზეც უცებ გადაშლიან, რა აღმოაჩინეს ამ ნაწყვეტით? როგორ გაგრძელდება? ან საერთოდ რა ხდება? იქნებ საბოლოოდ ისე დაინტერესდნენ, რომ წიგნი ხელში აიღონ და კითხვა დაიწყონ… ჩვენი მიზანიც ეს არის.

თოჯინების თეატრი

ჩემს ბავშვობაში ძალიან კარგად ვერთობოდით თოჯინების თეატრით. მოდი თანამედროვე ბავშვებიც ჩავრთოთ ამ პროცესში, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონებათ! პირველ რიგში, ვირჩევთ თოჯინებს, ეს პროცესიც ძალიან სასიამოვნოა, შესაძლოა ბავშვებს თავად შევაქმნევინოთ ნაჭრის თოჯინა, ძალიან, ძალიან მარტივად. ავიღოთ ძველი ზეწარი, კაბა, ფარდა – ნებისმიერი ქსოვილი გამოგადგებათ, მოვხაზოთ მასზე კონტური, როგორიც გვინდა, რომ ჩვენი თოჯინა გამოვიდეს, გამოვჭრათ, შემოვაკეროთ კიდეები, გავტენოთ ბამბით, ძველი ღილები თვალებისთვის გამოგვადგება, ხოლო ძველი ძაფები – თმებისთვის. ამის შემდეგ ვარჩევთ ისეთ ამბავს, რომელსაც კარგად გაითამაშებენ ბავშვები. ამ პროცესში მიეცით თავისუფლება, თავად შეარჩიონ თუნდ ინტერნეტში, თუნდ წიგნებში სასურველი თხზულება. ახლა იწყება ყველაზე სასიამოვნო პროცესი, ვკერავთ და ვქმნით ტანსაცმელს! ტანსაცმლისთვისაც ნებისმიერი მასალა გამოგადგებათ, მთავარია, შემოქმედებითად მივუდგეთ. ბავშვები ინაწილებენ პერსონაჟებს, ასევე  სიტყვებს, დადგმის დროს რომელი რას იტყვის. ეზოში ვარჩევთ ისეთ ხეებს, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგას და მათზე  თოკი კარგად გაებმება, თოკზე ფარდაგს, ფარდას ან ზეწარს ვფენთ და მორჩა, ჩვენი თეატრიც მზადაა!  იწყება წარმოდგენა! მოვიპატიჟებთ მეზობლებს, შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ სახლში მომზადებული წვენებითა და ტკბილეულით.

დავხატოთ რაც ამ წამს გავიფიქრე!

სახალისო თამაშია, ვსხდებით წრეზე, შუაში დიდი ფურცელი და ფერადი მარკერები გვაქვს. ერთ-ერთი მოთამაშე ხატავს იმას, რაც გაიფიქრა, სხვებმა უნდა გამოიცნონ რა გაიფიქრა? მთავარი წესია, რომ სიტყვებით არ თქვას, მდუმარედ მხოლოდ უნდა დახატოს. ოღონდ ერთი საგანი კი არა, რაღაც ამბავი, მოქმედება. მაგალითად: მე გავიფიქრე ხვალ მზის ამოსვლას უნდა შევეგებო! ვხატავ მზის ამოსვლას, შეიძლება მინიშნება ის იყოს რომ ჩემს ფანჯარას ან აივანსაც ვუხატავ, ან საკუთარ თავს.  თუ მოთამაშე იტყვის, რომ მე მზის ამოვლა გავიფიქრე, არასწორი იქნება, უნდა გამოიცნონ მთლიანი კონტექსტი, რომ მე მინდა მზის ამოსვლას ვუყურო; ან, მაგალითად, ვხატავ მდინარეს, იქვე 6 საათს ვუწერ, მოთამაშე გამოიცნობს, თუ იტყვის, რომ 6 საათზე მდინარეზე მივდივართ და ასე შემდეგ. ამ თამაშის დროს, შესაძლოა, უამრავი იდეა გაჟღერდეს, საინტერესო ამბებიც დაიგეგმოს და ზოგადად ბავშვები კარგად გაერთონ, თან წარმოსახვაც გაავარჯიშონ.

ჯერ მოვხატოთ ქვები და მერე ვითამაშოთ!

ვაგროვებთ ბრტყელ, სუფთა ქვებს. ვრცეხავთ და ვაშრობთ. შემდეგ მათზე, ბავშვებთან ერთად, ვხატავთ სხვადასხვა სიმბოლოს, საგანს: გვირგვინი, მზე, ელვა, ვარსკვლავი, გოგონა, ბიჭუნა, ყვავილი, სასახლე, ზღვა, ცისარტყელა, ხე, ქოხი და სხვა. გუაშით მშვენივრად იხატება, რომ არ გადასცილდეს, შეგიძლიათ შემდეგ ფრჩხილის გამჭვირვალე ლაქიც გადაუსვათ. „თხრობის ქვები“ მზადაა! ახლა ვსხდებით წრეში, ქვები ამოტრიალებული აწყვია შუაში, პირველი მოთამაშე იღებს ერთ ქვას და, მასზე გამოსახული სიმბოლოს მიხედვით, იწყებს ამბის თხრობას, მაგალითად, თუ ამოუვიდა გვირგვინი, ამბობს: ერთი სამეფოს ერთმა მეფემ ერთხელ თავისი უძვირფასესი გვირგვინი დაკარგა… ამის შემდეგ მეორე მონაწილე იღებს ქვას, ატრიალებს და მასზე გამოსახული საგნის მიხედვით აგრძელებს პირველი მოთამაშის მიერ დაწყებულ თხრობას, ამის შემდეგ მესამე მოთამაშე აკეთებს იგივეს და ასე უსასრულოდ, სანამ ამბავი თავის დასასრულს არ მიუახლოვდება და ქვებიც არ ამოგეწურებათ.

კითხვის საღამო კოცონის გარშემო!

ო, ეს ყველა ბავშვს აუცილებლად მოეწონება! კოცონის გარშემო კითხვის საღამოსთვის სერიოზულად ვემზადებით და ამ პროცესში ბავშვები აუცილებლად არიან ჩართულები. პირველ რიგში, ვაგროვებთ ფიჩხს და ვარჩევთ ადგილს, სადაც კოცონი უნდა დავანთოთ. ვაგროვებთ პატარა სკამებს, პლედებს, სიმინდს, კარტოფილს, „მარშემლოუებს“ – რომ კითხვა უფრო გემრიელი გამოვიდეს, თან კოცონიც უქმად არ იქნება და სასუსნავსაც მოგვიმზადებს.

ახლა დგება ყველაზე მთავარი ეტაპი: წიგნი უნდა შევარჩიოთ! წიგნის შერჩევა რომ ძალიან საინტერესო და მისტიური გამოვიდეს, მე გთავაზობთ ასეთ ხერხს: რამდენიმე სავარუდო წიგნის სახელი დაწერეთ ბარათებზე, დაკეცეთ და ჩაყარეთ კალათაში, შემდეგ თუ გყავთ კატა ან ძაღლი მას მიუტანეთ კალათა და თათს რომელსაც დაადებს, ის იყოს „კოცონის წიგნი“ ან გარეთ პირველივე გამვლელს ამოაღებინეთ ბარათი.

აი, მოსაღამოვდა და დავიწყეთ „მომზადება“ – ვანთებთ კოცონს, ვსხდებით მის გარშემო, სასუსნავებიც უკვე იწვება და იწყება წიგნის კითხვაც, წიგნის კითხვას იწყებს კოცონის აღმოსავლეთით მჯოდმი  (შეგვიძლია კომპასიც გამოვიყენოთ და კიდევ უფრო საინტერესო იქნება ეს ამბავი) და საათის ისრის მიმართულებით გრძელდება, იქამდე, სანამ თხზულება არ დასრულდება. უფრო მეტი ემოციებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ცოტა საშიში ამბები, მაგალითად, ძმები გრიმების ზღაპრები ან ქართული მითები.  იდეალური იქნება თუ „კოცონის გარშემო კითხვაში“ ოჯახის ყველა წევრი იქნება ჩართული.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები