თამარ ზაკალაშვილი
📌პროფესიული მომავალი მხოლოდ ჩემს პირად ხედვებსა და აზრებს უკავშირდება
დაწყებითი კლასებში სკოლა-გიმნაზია „გორდაში“ ვსწავლობდი. ძალიან პატარა სკოლა გვქონდა, სულ 80 მოსწავლით. ამიტომ ყველა კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, როგორც პატარა ოჯახი, ისე ვიყავით. მყავდა ძალიან კარგი მასწავლებლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენთვის ხარისხიანი განათლება მოეცათ.
სამწუხაროდ, რამდენიმე წელში, სკოლამ აკრედიტაცია ვერ გაიარა, ფინანსური პრობლემების გამო და სწავლა კერძო სკოლა „თამარიონში“ გავაგრძელე. საინტერესო საგნებს ვსწავლობდი, მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები ისტორიაში, ქართულში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და სხვა საგნებში, მათთან დღემდე ვმეგობრობ და მიხარია, რომ ჩემს განათლებაში წვლილი მიუძღვით. სკოლა დამეხმარა, მიმეღო განათლება თითქმის ყველა საჭირო საგანში. რა თქმა უნდა, მქონდა ძალიან რთული პერიოდებიც, რასაც ალბათ, ყველა თუ არა, თინეიჯერების უმეტესობა მაინც გადის, თუმცა ამ უარყოფითმა მხარემაც იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი. რაც შეეხება პროფესიულ მომავალს, ეს მხოლოდ ჩემს პირად ხედვებსა და აზრებზე იდგა და სკოლას ვერ დავუკავშირებ.
📌ჯანსაღ და მოაზროვნე ადამიანად კახა ბენდუქიძის კამპუსმა ჩამომაყალიბა
პროფესიის არჩევანი პაპას უკავშირდება, რომელიც გურჯაანიდან იყო, თუმცა, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა. მე, დედასთან ერთად, ბებომ და პაპამ გამზარდეს და ჩემს ჩამოყალიბებაში მათ ძალიან დიდი როლი მიუძღვით. მახსოვს, მერვე სართულზე, პაპა ყურძენს რომ დაწურავდა თავისივე ხელით მადუღარ ტკბილ მაჭარს ჩუმად მასმევდა, ის გემო, ალბათ, ცხოვრებაში აღარ განმეორდება…
აქედან გამომდინარე, ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, ვყოფილიყავი მეღვინე. ამის შემდეგ, ჩემმა დამ, თეკლემ, რომელიც ჩემზე 3 წლით უფროსია, აგრარულში ჩააბარა. მისგან სულ მესმოდა არაჩვეულებრივი ისტორიები მის ჯგუფელებზე, აწ უკვე მეგობრებსა და მეღვინეებზე, ლექტორებზე, კურიკულუმზე, ინფრასტრუქტურაზე, გაიზენჰაიმის გაცვლით პროგრამაზე (სადაც ისიც სწავლობდა) და სხვა. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე, მეც აქ ჩამებარებინა და ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ვერაფერს შევადარებ აგრარულში მიღებულ განათლებას, გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს. მე იმ ადამიანად, რომელიც აზროვნებს და ჯანსაღი ხალხის გარემოცვაშია, სწორედ კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩამოვყალიბდი. რაც შეეხება ჩემს დას, თეკლეს, ახლა ის ერთ-ერთი წამყვანი მევენახეა და ჩემი ლექტორიც კი იყო აგრარულში… ალბათ ნათლად ჩანს, თუ რამხელა ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში ამ უნივერსიტეტს, ძალიან მადლიერი ვარ მისი.
📌 გაცვლითი პროგრამა – ღვინის ბიზნესის მიმართულება გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი, მაშინ საკმაოდ გამოუცდელი და „პატარა“ ვიყავი. ახლაც მახსოვს, როგორი უცხო იყო ჩემთვის ყველაფერი. აღფრთოვანებული ვიყავი გერმანიით, ხალხის შრომისუნარიანობით, ცოდნით, ღვინოებით, უნივერსიტეტშიც ძალიან ძლიერი ლექტორები მყავდა, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი არა მხოლოდ მეღვინეობის მიმართულებით, არამედ ღვინის ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებითაც.
ვფიქრობ, საქართველოში ღვინის ტურიზმი ძალიან პერსპექტიულია, 8000-წლიანი კულტურა გვაქვს და მთელი მსოფლიო გვიცნობს, როგორც ღვინის სამშობლოს. აქედან გამომდინარე, როცა გერმანიაში გაიგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავი, „Oh,cradle of wine“ (ღვინის სამშობლო) — ასე მომმართავდნენ და ძალიან მიხაროდა. ძალიან ბევრი ტურისტია, ვინც ჩვენი ისტორიით, ღვინით ინტერესდება, ღვინო კი ძალიან კომპლექსური თემაა ჩემთვის, დაწყებული ვენახითა და რთველით, დამთავრებული ღვინის ტექნოლოგიითა და დეგუსტაციით; ძალიან კარგი მწარმოებლები გვყავს, როგორც დიდი, ისე პატარა მარნები. მართალია, სტუმრიანობა არ გვაკლია, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრი საკითხია, რასაც ძალიან სჭირდება დახვეწა. იმედი მაქვს, მეც შევიტან წვლილს ზოგი რამის გამოსწორებასა თუ შეცვლაში.
📌 Erasmus Mundus Joint Master Scholarship – სამაგისტრო სტიპენდია და არჩევანი ევროპულ განათლებაზე
ამ პროგრამაზე სწავლა ყოველთვის მინდოდა, რადგან დატვირთულია ბევრი საინტერესო საგნით და აერთიანებს ყველაფერს – მეღვინეობას, ტურიზმს, ბიზნესს, ასევე, აქვს ძალიან საინტერესო გასვლითი ტურები მეღვინეობის სხვადასხვა ქალაქებში, რითაც დიდი გამოცდილება მივიღე და რასაც, ფინანსების გამო, ვერ მოვახერხებდი. სიმართლე გითხრათ, რატომღაც, შეუძლებლად მეჩვენებოდა ამ პროგრამაზე მოხვედრა, რადგან ძალიან დიდი კონკურსია, დაახლოებით, 400 კაციდან ამარჩიეს და ამჟამად 26 არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად ვსწავლობ.
უცხოეთში სწავლა იმიტომ გადავწყვიტე რომ, კიდევ ერთხელ მიმეღო ევროპული განათლება შემეგრძნო აქ ცხოვრების ხიბლი და ემოციები. მახსოვს, პირველად რომ წავედი გაცვლით პროგრამაზე, როგორი ბედნიერი და თავისუფალი ვიყავი, ყველანაირად ჯანსაღად ვგრძნობდი თავს, ფიზიკურად და ემოციურად, თან, როგორც გითხარით, იშვიათი შანსია ამდენი ადგილის მონახულება, ამდენი საგნის შესწავლა სრულიად უფასოდ.
📌 სასწავლო პროგრამა და პრაქტიკა ევროპის ქვეყანაში
პროგრამაWintour- International Master on Wine Tourism Tranzition and Innovations ისეთ საგნებს მოიცავს, როგორიცაა: ენოლოგია, ცქრიალა ღვინის ტექნოლოგია, ტკბილი და შემაგრებული ღვინის ტექნოლოგია, ღვინის მარკეტინგი, ღვინის ტურიზმი, ღვინის ისტორია და ტერიტორიები, ეკონომიკა და სხვა.
ამჟამად ვსწავლობ ესპანეთში, ტარაგონაში (universitat rovira i virgili), თებერვლიდან სწავლას ბორდოს უნივერსიტეტში (universitღ de bordeaux) გავაგრძელებ, ივნისიდან სექტემბრამდე კი, ორი პრაქტიკა მექნება: ერთი – ღვინის ტურიზმის მიმართულებით (კერძო და საჯარო კომპანიების სიას უნივერსიტეტი გამოგვიგზავნის, თუმცა, ჩემითაც შემიძლია მოვიძიო. მთავარია, ღვინის ტურიზმში გავიღრმაო ცოდნა და გამოცდილება); მეორე კი, მეღვინეობაში მუშაობას და რთველს უკავშირდება, რაც აქამდეც გამიკეთებია და მიხარია, კიდევ ერთხელ რომ მომეცემა რთველში მუშაობის შესაძლებლობა. ქვეყნებს რაც შეეხება, ეს კომპანიები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია, შემიძლია ავირჩიო იტალია, გერმანია, ხორვატია, ლუქსემბურგი და სხვა, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიმიღია.
2026 წლის ოქტომბრიდან, ბოლო სემესტრს პორტუგალიაში, პორტოში(University of Porto) ვისწავლი და, საბოლოოდ, მაგისტრის ხარისხის დაცვით, დავამთავრებ. აქაც შემიძლია ავირჩიო ის ქვეყანა და კომპანია ან მეღვინეობა, რომელსაც დავუკავშირებ ჩემს Masters Thesis-ს.
დამატებით, ყოველ სემესტრში, ვისწავლით უცხო ენას, საბაზისო ნაწილს – ესპანურში, ფრანგულსა და პორტუგალიურში, რაც ძალიან მახარებს. უფრო გაახლოებს ადამიანებთან, როცა მათ ენაზე შეგიძლია, თუნდაც, მისალმება…
📌მსგავსება და განსხვავება ქართულ და უცხოურ უმაღლეს განათლებას შორის
თუ აგრარულ უნივერსიტეტთან გავავლებ პარალელს, თავისუფლად და დარწმუნებით ვიტყვი, რომ ეს უნივერსიტეტი უტოლდება ევროპის იმ უნივერსიტეტებს, სადაც გამოცდილება მიმიღია და მისწავლია. უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებშიც და ქართულშიც დატვირთული დღეებია, მრავალფეროვანი კურიკულუმები, საინტერესო საგნები და არიან ლექტორები, რომლებიც არ გზღუდავენ არაფერში და თავს გაცილებით უკეთ გრძნობ.
რაც შეეხება განსხვავებას, ვფიქრობ, უცხოეთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის, მაგრამ უფრო თეორიული ნაწილი დომინირებს. გარდა ამისა, შეფასების სისტემა და გამოცდებიც განსხვავებულია. საქართველოში, გამოცდების მხრივ, უფრო დატვირთული ვიყავი და საკმაოდ რთულიც იყო – ქვიზები, შუალედური, ფინალური, პრეზენტაციები, უცხოეთშიც მაქვს პრეზენტაციები, თუმცა მხოლოდ ფინალურ გამოცდას ვაბარებ საბოლოოდ და ისეთი რთული არ არის, როგორც საქართველოს უნივერსიტეტში.
📌 ერასმუს მუნდუსის სტიპენდია – შერჩევა, პრივილეგიები, სტუდენტების მოთხოვნები
ძალიან ბევრი მოთხოვნაა რაც უნდა დააკმაყოფილოს სტუდენტმა, ესაა: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ielts, toefel სერტიფიკატი), კარგი CV(რეზიუმე), რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ, ბაკალავრის დიპლომი და მაღალი ჯიპიეი, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ სამოტივაციო წერილს, სწორად მორგებულს პროგრამაზე.
კარგი იქნება თუ სტუდენტს, ერთი კონკრეტული პროფესიის გარდა, სხვა სფეროშიც ექნება მიღებული განათლება (დამატებითი სერტიფიკატები დიდი პლუსია, სხვებისგან რომ გამოგარჩიონ). ჩემი პროფესიის გარდა, ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით და როიალზე დაკვრით, ასევე ხშირად ვთანამშრომლობდი ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბებთან. აღებული მაქვს ბევრი დიპლომი და სერტიფიკატი. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ჩვენი თავი პროგრამას დავანახოთ როგორც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საგანსა და სფეროზე მორგებული, არამედ უფრო ღია და მრავალფეროვანი.
ერასმუს მუნდუსის სტიპენდია სრულად აკმაყოფილებს სტუდენტების მოთხოვნებს, საიდანაც ცხოვრების ხარჯებს ჩვენით ვიხდით (ბინა, კვება, ტრანსპორტი და სხვა) და თუ სწორად გაანაწილებ ფინანსებს, გრჩება თანხა იმისთვის, რომ იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში და შენ საყვარელ ადამიანებს ბევრი სამახსოვრო საჩუქარი უყიდო, რაც, პირადად მე, ძალიან მაბედნიერებს.
📌 Universitat Rovira i Virgili – ისტორია და ყველაზე საინტერესო სივრცე
ჩემთვის სასწავლებელში ყველა სივრცე ძალიან საინტერესოა, გვაქვს კარგი ბიბლიოთეკა, აუდიტორიები, თუმცა გამოვყოფდი სადეგუსტაციო ოთახს, სადაც ღვინოებს ვაგემოვნებთ. ეს ოთახი პატარ-პატარა სადეგუსტაციო მაგიდებითაა დაყოფილი, სადაც ცალ-ცალკე ვთავსდებით, ერთმანეთისგან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, მაგრამ მთავარია, ერთმანეთს არ ვუყუროთ და არ ვეკონტაქტოთ, რადგან მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ ღვინის დეგუსტაციაზე. გარდა ამისა, სადეგუსტაციო მაგიდებზე არის ონკანი, ნიჟარა და სანათი, რითიც მარტივად შეგიძლია შეაფასო ღვინის ვიზუალი, არომატი და გემო.
Universitat Rovira i Virgili 1991 წელს დაარსდა, კატალონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთის უნივერსიტეტთა რეფორმის კანონის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო უმაღლესი განათლების დეცენტრალიზაცია და ტარაგონის რეგიონის საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება. უნივერსიტეტს დაერქვა კატალონიელი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის და ისტორიკოსის, ანტონი როვირა ი ვირჯილის (Antoni Rovira i Virgili) სახელი.
მიუხედავად იმისა, რომ URV შედარებით ახალი უნივერსიტეტია, მას უკვე ჰყავს გამოჩენილი კურსდამთავრებულები, განსაკუთრებით, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში, მაგალითად, კარმე ფორკადელი – URV-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, კატალონიელი პოლიტიკოსი და კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი. იგი აქტიურად იყო ჩართული კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობაში და უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულია; ანხელ პერეს გონსალესი — ქიმიური ინჟინერიის სფეროში მნიშვნელოვანი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სამრეწველო ქიმიაში.
URV-ს ბიბლიოთეკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის კვლევებში. ბიბლიოთეკა სტუდენტებს სთავაზობს როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ რესურსებს, რომელთა შორის შედის ათასობით წიგნი, აკადემიური ჟურნალი და სპეციალიზებული კოლექცია, ასევე, უზრუნველყოფს წვდომას საერთაშორისო მონაცემთა ბაზებსა და კვლევით საცავებზე, რაც აუცილებელია სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის.
URV-ს ბიბლიოთეკა აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად გამოიყენონ რესურსები და ონლაინ სერვისებით ისარგებლონ.
📌 არაფერზე თქვათ უარი, გამოდით კომფორტის ზონიდან და გააკეთეთ ის, რაც აქამდე გაბრკოლებდათ
რა თქმა უნდა, სწავლა და განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თუ გამუდმებით არ სწავლობ და არ ვითარდები, ძალიან მარტივად შეიძლება „დაიკარგო“. პიროვნულ ჩამოყალიბებასა და ზრდაში დიდი როლი აქვს ჩვენს განათლებას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახალგაზრდები ვართ და საკუთარ პიროვნებას ვაყალიბებთ არა მხოლოდ სწავლით, არამედ ყველაფრით, რაც გვაბედნიერებს, იქნება ეს მეგობრებთან ერთად გართობა, მოგზაურობა, წიგნის კითხვა თუ სხვა.
აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, რომ თითქმის არაფერზე თქვათ უარი, გადააბიჯეთ საკუთარ თავს, გამოდით კომფორტის ზონიდან და გააკეთეთ ის, რაც გაბრკოლებდათ აქამდე. აუცილებლად ეკონტაქტეთ ადამიანებს, რაც უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით თუ ინტროვერტი ხართ, რადგან პროგრამის დამთავრების შემდეგ, შეიძლება, სინანულის შეგრძნება დაგეუფლოთ, რატომ არ გქონდათ კომუნიკაცია ზოგიერთ ადამიანთან და რატომ ამბობდით ბევრ რამეზე უარს (პირადი გამოცდილებიდან ვამბობ).
ასევე, გაიღრმავეთ უცხო ენა, გაიცანით სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ეს ყველაზე მეტად მიყვარს უცხოეთში. საღამოს, ჭიქა ღვინოზე, როცა ემოციებს უზიარებთ ერთმანეთს, აღმოაჩენთ რამდენი საერთო გქონიათ ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ არც იცნობდით.
📌რატომ ირჩევენ ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მისაღებად, უცხოეთს
ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდები უცხოეთში საკუთარი თავის გამოცდისთვის და გამოცდილებისთვის მიდიან, ასევე, ახალი ადგილებისა და ახალი მე-ს აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ხშირად, საზღვარგარეთ უფრო დაცულად, უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობ თავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია ქვეყანას და ადგილს. ასევე, ერასმუსი გასცემს ისეთ დაფინანსებას, რომ შანსი გაქვს, თავისუფლად იყიდო ყველაფერი, რასაც აქამდე ვერ ყიდულობდი, გასინჯო ის კერძები და სასმელები, რაზეც აქამდე ხელი არ მიგიწვდებოდა და იმოგზაურო იქ, სადაც სხვა დროს ვერ იმოგზაურებდი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ემოციური მდგრადობისთვისა და სიმშვიდისთვის.
უცხოეთში ახალგაზრდები პროფესიების დასაუფლებლად მიემგზავრებიან. მაგალითად, ჩემი მეგობრები მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმს სწავლობდნენ, ზოგიერთი მათგანი სწავლობდა არქიტექტურას, კვების ტექნოლოგიასა და ბიზნესს…
📌ესპანური სტუდენტური ცხოვრება
თავისუფალ დროს ვატარებ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე მეგობრებს ვეძახი, ჯერ ერთი თვეა, რაც ერთად ვართ და უკვე თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებთ. დავდივართ სხვადასხვა რესტორანში, ბარში, კაფესა და მოლში. პირადად მე, რაც ძალიან მაბედნიერებს, როცა სახლში ვიკრიბებით და საყვარელი მუსიკისა და ღვინის ფონზე, ერთად ვამზადებთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ საჭმელებს. ამით იმდენ ემოციებსა და შეგრძნებებს ვაზიარებთ, რომ მთელი კვირა მყოფნის ბედნიერებისთვის.
ესპანელ ახალგაზრდებს რაც შეეხება, საკმაოდ ხალისიანი, თავისუფალი და ლამაზი ხალხია, დილით სკოლასა და სამსახურში, საღამოს კი ბარებსა და კლუბებში დადიან, თუმცა, რადგან მე უფრო წყნარი სიტუაციები მხიბლავს, ღამის ცხოვრებაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა ეს ადამიანები კარგად უთავსებენ დღისა და ღამის ცხოვრებას და რაც მთავარია, არ ურევენ ერთმანეთში, იციან – სად? როდის? და როგორ მოიქცნენ.
📌ჩემთვის №1 ქვეყანა საქართველოა
ახალგაზრდებისთვის უცხოეთში მიღებული განათლება უმნიშვნელოვანესია. აქ მიღებული განათლება უკვე დამეხმარა საქართველოში სამსახურის პოვნაში და დიახ, დარწმუნებული ვარ, კიდევ დამეხმარება, თუმცა, სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან წინ, პროგრამის ფარგლებში, ორი წელი მაქვს. არ ვიცი რა იქნება, თუმცა ერთი რაც დანამდვილებით ვიცი – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნომერ პირველი ქვეყანა საქართველოა და მინდა, საქართველოში ვიცხოვრო, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობა მომეცა.
საქართველოში ყოფნისას და საზღვარგარეთაც, სულ ქართულ მუსიკებს ვღიღინებ, ძალიან მიყვარს ყველაფერი ქართული, იქნება ეს ტრადიციები, კუთხეები, სიმღერა, ცეკვა, კერძები, ღვინო თუ სხვა, ჩემთვის ეს ყველაფერი ლამაზი, ამაღელვებელი და საინტერესოა. როგორც კი ქვეყანას ვტოვებ და შორიდან ვუყურებ, ეგრევე მიმძაფრდება ის სიყვარული და სითბო, რაც ჩემი ქვეყნის მიმართ მაქვს. გამიჭირდება სიტყვებით გადმოვცე, როგორ მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ და აღარ გვქონდეს დამაბრკოლებელი გარემოება.
ყველაზე მეტად გაერთიანებული ხალხის დანახვა მიყვარს ჩემს ქვეყანაში. მახსოვს ფეხბურთი რომ იყო, მაგ დროს იტალიაში ვსწავლობდი, ჩემს მეგობარ თინათინთან ერთად, რომელიც ასევე ახალგაზრდა ქართველი მეღვინეა. თამაშებს შორიდან ვუყურებდით და სიხარულისგან ვტიროდით – ქუჩაში სიმღერით დაწყებული, ჩვენი ბიჭების გოლებით დამთავრებული, ყველაფერზე გული გვიჩუყდებოდა…
ასეთ მუხტს სხვა არაფერი გაგრძნობინებს, მშობლიურის გარდა. ახლოდანაც და შორიდანაც, ყველაზე მაგარი ქვეყანა გვაქვს!
ესაუბრა მაკა ყიფიანი