რუსუდან ნუცუბიძე
სსიპ თბილისის №103 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორი მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
სწავლა-სწავლება რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომლის ცენტრშიც მოსწავლე დგას, მასწავლებელი კი მისთვის სამყაროს შესამეცნებლად, მისი ბუნების სრულფასოვანი სურათის შესაქმნელად — მთავარი მეისრე. ამ საპასუხისმგებლო გზაზე, მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით, საუკეთესო შედეგების მისაღწევად, პედაგოგები სწავლების მრავალფეროვან სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს ვიყენებთ. ბოლო პერიოდში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არაფორმალური განათლების, როგორც სწავლების ინსტრუმენტის, გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მხრივ, დიდი გამოცდილება დამიგროვდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არაფორმალური განათლების მიმართულებით, აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა აქტივობაში (მათ შორის: 1998 წელი, მინსკი, ასაკობრივი ჯგუფების პროგრამები; 1998 წელი, თბილისი, საერთაშორისო ტრენინგი, სწავლების მენეჯმენტი; 1998, კიევი, ევროპის რეგიონის ტრენერთა ფორუმი). არაფორმალური განათლების ელემენტების სწავლა-სწავლების პროცესში ეფექტურად გამოყენების მიზნით, მუდმივად საჭიროა ძველი გამოცდილების განმტკიცება და განახლების პროცესი: 2019 წელს ჩავერთე, თბილისში, საქართველოსა და ინგლისის გოგონა სკაუტების ერთობლივ ტრენინგში ტრენერთათვის, რომლის მიზანი იყო ლიდერობის, გუნდის მშენებლობისა და სხვა უნარების განმტკიცება; 2022 წელს, ასევე, გავიარე საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის სასერტიფიკაციო ტრენინგპროგრამა მასწავლებლებისა და ტრენერებისთვის; 2024 წელი, ქი ქონსალთინგის ტრენინგი — არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლაში. ამ და ბევრ სხვა აქტივობაში ჩართულობა, მიღებული გამოცდილება და ცოდნა ძალიან მეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
21-ე საუკუნეში არაფორმალური სწავლება ცოდნის მიღების ისეთივე აღიარებული ფორმაა, როგორც ფორმალური. უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური სწავლება, ზოგ შემთხვევაში, უკეთეს ეფექტს გვაძლევს, ვიდრე ფორმალური, ტრადიციული სწავლება. არაფორმალური განათლება, ფორმალურისაგან განსხვავებით, შეიძლება ნებისმიერი ფორმით განხორციელდეს: ინდივიდუალური პროგრამა, სკოლებში საგნობრივი კლუბები და ა.შ. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს: ვიზიტი მუზეუმში, ბიბლიოთეკაში, საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, მიზნობრივი გასვლითი ექსკურსიები, ვიზიტები და ა.შ. დადგენილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, როდესაც მისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში იმყოფება. როგორც კი ფორმალური სწავლების მეთოდებისგან თავისუფალ გარემოში მოხვდება მოსწავლე, უკეთ ითვისებს ინფორმაციას და გაცილებით ეფექტურად ხდება იმ უნარების განვითარება, რომელიც სწავლის მიზანს წარმოადგენს.
მინდა გაგიზიაროთ ბოლო პერიოდში განხორციელებული რამდენიმე აქტივობა, მათი განხორციელების მიზნები და შედეგები:
არაფორმალური გასვლითი გაკვეთილი კომპანია GWP-ის ღრმაღელის საფილტრ სადგურში
წყლის, როგორც სასაქონლო პროდუქტის, მიმართ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების (მიზანი 6 — სუფთა წყალი და სანიტარია; მიზანი 12 — მდგრადი მოხმარება და წარმოება) ფარგლებში, მიზნობრივი, პარტნიორული ურთიერთობა დავამყარე გარე ინსტიტუციასთან, კერძოდ, ვითანამშრომლე კომპანია GWP-ისთან, დავგეგმე და წარმატებით განვახორციელე საშუალო საფეხურის X კლასის მოსწავლეთა ვიზიტი აღნიშნული კომპანიის ღრმაღელის საფილტრ სადგურზე.
კომპანიაში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა:
√ საწარმოს დათვალიერება და მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
√ სასმელი წყლის წარმოების მნიშვნელოვანი პროცესების გაცნობა;
√ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაცნობა.
განხორციელებული არაფორმალური გასვლითი გაკვეთილი უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. წყლის საფილტრ სადგურში ისინი გაეცნენ:
√ წყლის საფილტრი სადგურის მუშაობის სპეციფიკას;
√ სასმელი წყლის წარმოების მნიშვნელოვან პროცესებს;
√ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს;
√ კომპანიის სასწავლო ტრენინგ-ცენტრში გაეცნენ წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური დამუშავების მეთოდებსა და იმ მახასიათებლებს, რომლებსაც სასმელად ვარგისი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს.
აღნიშნულ საწარმოში ვიზიტით, მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება მდგრადი განვითარების – სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე მდგრადი, გონივრული მოხმარებისა და წარმოების შესახებ. დასვეს საინტერესო შეკითხვები წყლის გადამუშავებისა და სასმელი წყლის ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ, რომლებზეც სრული და ამომწურავი პასუხები მიიღეს კომპეტენტური თანამშრომლებისაგან.
ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის გახშირებული სტატისტიკის საფუძველზე, ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რისთვისაც გავიარე ტრენინგი „გენდერული მეინსტრიმინგი განათლებაში: ძალადობა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა“, შემდეგ კი ვითანამშრომლე და გარე პარტნიორული ურთიერთობა დავამყარე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „კანონის უზენაესობა“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით, საინფორმაციო შეხვედრისთვის, სკოლაში მოვიწვიე ორგანიზაციის გუნდი, ქალბატონი იზი კასრელიშვილის ხელმძღვანელობით, რითაც შევუერთდით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც ყოველ წელს იმართება და, მსოფლიო მასშტაბით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
მდგრადი განვითარების მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა;
მდგრადი განვითარების მიზანი 10 — შემცირებული უთანასწორობა.
საინფორმაციო შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოზარდებში, მათ იმსჯელეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აქტუალურ საკითხებზე, ორგანიზაციის თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში, უკეთ გააცნობიერეს ძალადობის გამომწვევი მიზეზები და გენდერული დისკრიმინაციის პრობლემის აღმოფხვრის გზები
https://www.facebook.com/photo?fbid=8823125731038359&set=pcb.8823140234370242
ამავე მიზნების ფარგლებში, ვითანამშრომლე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „კანონის უზენაესობის ცენტრი“. 2024 წლის 5 მარტს, მოვაწყვეთ შეხვედრა თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. დეტალური ინფორმაცია
https://www.facebook.com/photo?fbid=365030546429272&set=pcb.365030649762595
ვიდეოკონკურსი: კლიმატგონივრული ქმედება
მდგრადი განვითარების მიზანი 13 – კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო ქმედებები.
კონკურსი „კლიმატგონივრული ქმედება“ განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის #ClimatePromise ფარგლებში, შვედეთის ხელშეწყობით. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების: Forest Matters, Climate Basics-ქლაიმათ ბეიზიქსი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი-Mtskheta-Mtianeti Regional Hub, და Nature Conservation Georgia. შეირჩა ათი საუკეთესო ვიდეო, ხუთი — Facebook მოწონებების (like) რაოდენობის მიხედვით, ჟიურიმ კი, დამატებით — ხუთი და გამოავლინა სამი საუკეთესო ვიდეორგოლის ავტორი. სწორედ ამ საუკეთესო სამეულში მოხვდა ჩვენი ვიდეორგოლიც, რომელშიც წარმოჩენილია კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზების შესახებ ჩვენი ხედვა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო სასკოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მათი მაღალი ხარისხის აქტიურობით, ვიდეოს ათასობით მოწონება, გაზიარება და ათეულ ათასობით ნახვა ჰქონდა. ამ კონკურსმა სასკოლო საზოგადოების ერთიანობის შედეგები დაგვანახა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სკოლა, ოჯახი და საზოგადოება სასწავლო პროცესის ერთი მთლიანობაა.
არაფორმალური განათლების კუთხით, სხვა ბევრი აქტივობა განვახორციელე სკოლაში, სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობით. მაგ.:
♦ არაფორმალური გასვლითი გაკვეთილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალების მუზეუმში, რაც მიზნად ისახავდა ქიმიის სწავლების პოპულარიზაციასა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე ნივთიერებათა მრავალფეროვნების და ბუნებაში მიმდინარე გეოლოგიური გარდაქმნების ქიმიის თვალსაზრისით დანახვას.
სსიპ ქალაქ თბილისის N 103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook
♦ ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური პოლიმერული მასალების შესწავლასთან დაკავშირებით. სასკოლო კურსში აცეტატური აბრეშუმის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ბუნებრივი აბრეშუმის წარმოებისა და ტექნოლოგიების შესახებ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა გააცნობიერეს ამ მართლაც მნიშვნელოვანი დარგის კვლავ აღორძინების აუცილებლობა, რაც თავიანთ შთაბეჭდილებებშიც გამოხატეს. მუზეუმში ვიზიტი პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისითაც საინტერესო აქტივობა გამოდგა
(6) სსიპ ქალაქ თბილისის N 103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook
♦ ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის ღონისძიებაში — ღია ცის ქვეშ — მონაწილეობა;
(6) 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში… – Elza Markarashvili | Facebook
♦ საპნების მომზადების ტექნოლოგია — მოწვეული მეწარმის, კომპანიის „Savon Belle“ დამფუძნებლის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის და ფარმაცევტის, ქალბატონი ნინო ყურაშვილის მასტერკლასი; სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო საპნის ცივი მეთოდით დამზადების ტექნოლოგია, მისი შემადგენელი კომპონენტების თვისებები, ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში რეკომენდირებული საპნები და მათი მოქმედების მექანიზმები. მინი-ლექციის შემდეგ, მოსწავლეებმა პრაქტიკულად ნახეს გააქტიურებული ნახშირის, კაკაოს, კარიტეს, ქოქოსის კარაქის და ზეითუნის, აბუსალათინის ზეთის შემცველი საპნის დამზადება, თავადაც ჩაერთვნენ პროცესში და მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები და რეკომენდაციები. შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა მეწარმეობის განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე, მნიშვნელოვნად ამაღლდა მოტივაცია და ქიმიის სწავლისადმი ინტერესი.
(6) სსიპ თბილისის N103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook
♦ ექიმების ვიზიტი სკოლაში – საინფორმაციო შეხვედრა განსაკუთრებით მაღალი რისკ-ჯგუფის დაავადებათა სპეციალისტებთან: კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორთან, ონკოლოგთან, ბატონ პაატა ხორავასა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმთან, გასტრო-ენტეროლოგთან, ბატონ გიგა სორდიასთან. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იქნა იმაზე, თუ რა გზით ხვდება სხვადასხვა დამაბინძურებელი კონკრეტულ გარემოში; რა ქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს მისი ზემოქმედებით, როგორ ერთვება ეს პროცესები სასიცოცხლო ციკლში, რომელი დაავადებების რისკები იზრდება ამით; როგორია პრობლემების მოგვარების ხედვები და რა პრევენციული ზომების გატარებაა საჭირო, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ სუფთა და ჯანსაღ გარემოში. მოსწავლეებმა მოისმინეს მინი-ლექციები და, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მიიღეს პასუხები თემასთან დაკავშირებულ, მათთვის უაღრესად მნიშვნელოვან, კითხვებზე.
(2) სსიპ ქალაქ თბილისის N103საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook
♦ ქიმიის სწავლის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი სასკოლო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების ჩართულობით, გამართული საღამო.
(2) სსიპ ქალაქ თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook
საკლუბო მუშაობაც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. მესამე წელია, ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ქიმიის კლუბი „Colorნი“ (ხელმძღვანელები: მანანა ჭიკაძე და რუსუდან ნუცუბიძე). მისი მიზანია: ხელი შეუწყოს ქიმიის პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა დაინტერესებას საგნით; საშუალება მისცეს მოსწავლეებს, აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას (საკვლევი კითხვის დასმა, საკითხის შესწავლა, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, მიღებული შედეგების აღრიცხვა და შეფასება, დასკვნების გამოტანა, მიღებული შედეგებისა და დასკვნების წარდგენა აუდიტორიისთვის); ასევე, ხელი შეუწყოს კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, თეორიული საკითხების პრაქტიკასთან და ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებას. მიხარია, რომ ქიმიის კლუბი „COLORნი“ წარდგა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ქიმიაში „ოქროს რიცხვი“ კვლევის შედეგებით — ბუნებრივი (კურკუმა — Amomum curcuma) და სინთეზური (მჟავური ყვითელი) საღებავებით შეღებილ შალის ქსოვილზე ფერის მდგრადობის კვლევა, სხვადასხვა სახის დამუშავების მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის მიერ განხორციელებული კვლევა და წარდგენილი ანგარიში, კონფერენციის ჟიურის მიერ, შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი და კლუბს სპეციალური პრიზები და სერტიფიკატი გადაეცა.
არასასკოლო აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოცდამეერთე საუკუნის უნარების შეძენისთვის. ამიტომ, ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად ვართ ჩართულები ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის არასასკოლო, ინტელექტუალურ აქტივობებში. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.
ამდენად, არაფორმალური განათლება მოსწავლის ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას უწყობს ხელს, რაც შემდგომში მას ანალიტიკურ/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის, სისტემური აზროვნებისა და სივრცეში ორიენტაციის უნარებს უვითარებს. ამ დროს მოსწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენს, რაც, ერთი მხრივ, პროფორიენტაციის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს, მეორე მხრივ, მას სოციუმში უკეთ ინტეგრაციაშიც ეხმარება.