ირინე ბოჟაძე
ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოქმედი „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ მასწავლებლებს შესაძლებლობას გვაძლევს, საგნობრივი ცოდნის შეძენის გარდა, მოსწავლეებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც დავეხმაროთ.
ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზანია, მოსწავლეს განუვითარდეს გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
♦ პრობლემების გადაჭრა;
♦ კრიტიკული აზროვნება;
♦ შემოქმედებითი აზროვნება;
♦ თანამშრომლობა;
♦ კომუნიკაცია;
♦ ეთიკური ნორმების დაცვა;
♦ მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა;
♦ დროსა და სივრცეში ორიენტირება;
♦ კვლევა;
♦ სწავლის სწავლა და დამოუკიდებლად საქმიანობა;
♦ სწავლის პროცესის მონიტორინგი;
♦ პასუხისმგებლობა;
♦ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
♦ წიგნიერება.
სწორედ ამ უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში შეიქმნა კლუბი „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ (კლუბის ფასილიტატორები: ირინე ბოჟაძე – ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, ნინო სეთური – ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი), რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. კლუბში გაერთიანებულია 30 მოსწავლე. სესიები კვირაში ერთხელ ტარდება, წინასწარ გაწერილი სილაბუსის მიხედვით. მოსწავლეებს, სამწლიანი მუშაობის შედეგად, გამოუმუშავდათ სხვადასხვა უნარი, როგორიცაა: ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის, ემოციების მართვის, პრეზენტაციის, სამეწარმეო და სხვ. მათ ისწავლეს პროექტების წერა, გაიმარჯვეს საგრანტო კონკურსში, მოპოვებული თანხითა და მერიის თანადაფინანსებით, სკოლის ეზოში, მშობლების, მერიის, თემის და მოსწავლეების ჩართულობით, მოეწყო ღია სივრცე ინოვაციური გაკვეთილებისათვის, რომელსაც აქტიურად იყენებს ყველა საგნის მასწავლებელი; ტარდება სხვადსახვა ღონისძიებები, იმართება მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ღია სივრცის გასალამაზებლად დაირგო ვარდები, მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა კი ხმარდება სხვა პროექტების განხორციელებას.
სესიების მიმდინარეობისას, მოსწავლეები ხვდებიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და ისმენენ მათ გამოცდილებას. კლუბის ფარგლებში განხორციელდა ექსკურსიები სხვადასხვა საწარმოში, პროფესიების გაცნობის მიზნით. პირველი ექსკურსია მოეწყო კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“, სადაც მოსწავლეებმა საინტერესო პროფესიების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება; ასევე ეწვივნენ თელავის ღვინის მარან „ქინძმარაულს“, სადაც ღვინის დამზადების ტექნიკასა და მრავალწლიან ისტორიას გაეცნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსკურსია იყო თბილისის საპნის მწარმოებელ საწარმოში – „საპონერია“, რომელიც მათი შთაგონების წყარო გახდა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, სკოლის ბაზაზე, შეექმნათ საპნის მწარმოებელი საწარმო, დაემზადებინათ სხვადასხვა სახეობის საპონი ყველა ტიპის კანისათვის. ფასილიტატორებმა ხელი შეუწყეს მოსწავლეთა ინიციატივის განხორციელებას. თვეში ერთხელ, დაიწყეს საპნის წარმოება. საპონს სახელად დაერქვა „Beauty“. პროდუქციის რეალიზება სკოლაში და ადგილობრივ თემში მოხდა, მოსწავლეების მიერ დამზადებულმა პროდუქციამ მყიდველების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კლუბმა მიიღო შეკვეთები როგორც სკოლის მოსწავლეებისგან, ასევე მასწავლებლებისა და თემში მცხოვრები მოსახლეობისგან. შემოსული თანხის ნაწილით, კლუბმა წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის პირადი მოხმარების ნივთები შეიძინა.
თანხა, ასევე, გროვდება მოსწავლეების ექსკურსიის დასაფინანსებლად ზაფხულში, რომლის ნაწილი სოფელ თამარიანში მშენებარე ეკლესიას გადაეცემა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართული როგორც საპნის დამზადების პროცესში, ასევე სესიების მსვლელობაში. ვისაც ყველა სამეწარმეო სესია აქვს გავლილი, ფასილიტატორებთან ერთად, წელს უკვე მენტორობას უწევენ კლუბში ახალჩართულ მოსწავლეებს.
შედეგები
ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს: ლიდერობის, თავდაჯერებულობის, კომუნიკაბელურობის, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციის და პროექტებზე მუშაობის უნარებს. მათ შეუძლიათ: სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა; ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით. მოსწავლეები მზად არიან გამოწვევების მისაღებად და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად, რაც საგაკვეთილო პროცესზეც დადებითად აისახება.