ირინე კუჭავა
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
21-ე საუკუნე ახალი გამოწვევებისა და მიღწევების ეპოქაა. შესაბამისად, თანამედროვე ადამიანს განვითარებისათვის, საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა და რეალიზებისათვის სჭირდება ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, სიახლეების ძიების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ჯანსაღი დისკუსიის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში ინდივიდუალური თავისებურებებისა და ინტერესების გამოვლენას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების საშუალებით. მაინც რა არის არაფორმალური განათლება? არის თუ არა ამ გზით მიღებული განათლება რეალური შედეგის მომტანი?
არაფორმალური განათლება ცოდნის მიღების ისეთივე აღიარებული ფორმაა, როგორიც ფორმალური. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს ექმნებათ მოტივაცია იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. არაფორმალური განათლების აქტივობების საშუალებით მოსწავლეები იყენებენ, ივითარებენ და იღრმავებენ ფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში მიღებულ ცოდნას. იგი იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.
მოსწავლეებს ხშირად უჭირთ გამოავლინონ შინაგანი შესაძლებლობები, აწუხებთ დაბალი თვითშეფასება, წარუმატებლობის შიში, ქცევაში გამოვლენილი სირთულეები. ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან გამკლავებაში ბავშვებს ნაკლებად ეხმარება ერთგვაროვანი და მოუქნელი სასკოლო გარემო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ფორმალურ სასკოლო სივრცეზე, არამედ ფორმალურ განათლებაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, სასურველია, რეალიზდებოდეს არაფორმალურ განათლებაში.
ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალურ სასწავლო დაწესებულებაში, სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებასაც. ავითარებს ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისათვის მნიშვნელოვანია. საკომუნიკაციო უნარები, შიდა მოტივატორების აღმოჩენა და მოტივაციის გაუმჯობესება, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა წარმოადგენს დამხმარე საშუალებებს ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრაციისათვის. არაფორმალური განათლების მიღების ერთ-ერთი ხერხია კლუბური მუშაობა, რომლის სარგებელზეც მინდა გიამბოთ.
სკოლაში, ჩემი ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი. შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეთა ჩართულობასა და მუშაობის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაფიქრდნენ წაკითხულზე და მიღებული ცოდნა რეალურ სიტუაციაში გამოიყენონ. აქტივობებში თანაბარი ინტერესით არიან ჩართული განსხვავებული აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, ისინი კრიტიკულად განიხილავენ, აფასებენ წაკითხულს და საუბრობენ საკუთარი, მკითხველის პერსპექტივიდან. წერენ ესეებს, ჩანახატებს, ქმნიან ილუსტრირებულ ტექსტებს.
მინდა წარმოგიდგინოთ კლუბური მუშაობის პროცესში შექმნილი მოსწავლეთა ნამუშევრები, სადაც მათ ნაწერსა თუ ნახატში მათივე თვალით დანახული თავისუფალი ადამიანია გამოყვანილი. როდესაც ლიტერატურულ კლუბში ალბერ კამიუს რომანს „უცხო“ განვიხილავდით, იქვე გაჩნდა იდეა, რომ დაეხატათ ვის როგორი წარმოედგინა თავისუფალი ადამიანის სახე. მათი ჩართულობა და მოტივაცია მკვეთრად გაიზარდა, რადგან მოსწავლეები დამოუკიდებლად და ნებაყოფლობით ირჩევდნენ სამუშაოს და ნაშრომებიც ორიგინალური გამოუვიდათ.
✍️ხიბლი თავისუფლებისა
თავისუფლების ცნება იმდენად ფართოა, რომ რთულია მასზე საუბარი, მისი აზრებად ჩამოყალიბება. თავისუფლების საუკეთესო მასწავლებელი ხომ თავად ლიტერატურაა. ამაზე ფიქრი ათას სიტყვასა და კითხვის ნიშანს მიჩენს. დიდხანს ვეცადე ამ სიტყვების გონებაში დალაგებას და როცა სკოლაში, ლიტერატურულ კლუბში განვიხილავდით ალბერ კამიუს რომანს „უცხო“, მივხვდი, რომ მერსო იყო ის პიროვნება, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ფიქრები, გრძნობები, ემოციები და განცდები სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
როგორია თავისუფალი ადამიანი და როგორი მინდა ვიყო მე.
სიცოცხლე თავისუფლებაა. მაშ, სიკვდილი თავისუფლების აღსასრულია? რომანის „უცხო“ პერსონაჟის, მერსოს, სიკვდილი სიცოცხლის გზის დასასრულია. აქვე მახსენდება დასჯამდე მერსოს სიტყვებიც: „სიკვდილთან მიახლოებისას დედა თავს, ალბათ, თავისუფლად გრძნობდა. ამიტომ დაიწყო, ალბათ, დედამ სიკვდილის მოლოდინში თავიდან სიცოცხლე. რადგან… იქ, იმ თავშესაფრის გარშემო, სადაც სიცოცხლე ქრებოდა, საღამო მელანქოლიურ ამოსუნთქვას ჰგავდა“. მერსოს თვალით დანახული თავისუფლება სხვანაირია, სხვანაირია მერსოც, რომელსაც ვერავინ უგებს, თვით უახლოესი ადამიანებიც კი. ის სხვაგვარად აფასებს მოვლენებს, არ ექვემდებარება სოციუმის კანონებს და არ იქცევა ისე, როგორც საზოგადოება მოითხოვს, ის თავისუფალი ადამიანია. მერსო წარმოგვიდგება, როგორც ადამიანი, რომელსაც გაყინული სული აქვს და ვერც ერთმა სულიერმა ვერ მისცა მას ის სითბო, რომელიც მას დაადნობდა (ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ მის გარშემო მყოფნი). ვერავინ ხვდებოდა, რომ ამ სიცივის, გულგრილობის უკან იყო უდიდესი ჰუმანისტი. ამიტომ არ დაიტირა დედა, მოწია სიგარეტი და დალია ყავა დედის დაკრძალვაზე. მოიხადა თავისი ვალი. მეორე დღეს კომედიური ჟანრის ფილმის საყურებლად წავიდა. სიკვდილის წინ კი ფიქრობდა… რაზე?
თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ყოველთვის ძვირად უჯდებოდათ ეს ბრძოლა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი. განა ეს საზღაური ზედმეტად ძვირი არ არის? რას ფიქრობდა იგი, როცა დიდი დაძინების ქარაფზე ადიოდა (ჯემალ ქარჩხაძის „იგი“)? რა მოხდებოდა, უკან რომ არ მოეხედა და გამართული ზუ არ დაენახა? ან კიდევ რა აზრი აქვს თავისუფლებას სიკვდილის მერე? რა? მკვდარს რად უნდა თავისუფლება? ის ფრთებს ვერ გაშლის და მწვერვალებამდე ვერ გაინავარდებს, როგორც რიჩარდ ბახის ყველასგან გამორჩეულმა თოლია ჯონათან ლივინგსტონმა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით იცოდა თუ რა მოელოდა – გარიყვა, გაკიცხვა, მარტოობა.
მერსოსა და იგის შორის ერთი დიდი, რთულად შესამჩნევი მსგავსებაა. ეს მაშინ დავინახე, როდესაც ლიტერატულურ კლუბში გამართულ დისკუსიაზე („ვინ ვარ მე“ და „მერსო – სიმბოლო თავისუფლების“) აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ამ დროს შევამჩნიე, რომ ამ ორი პერსონაჟის სიკვდილს, ერთ შემთხვევაში, საკმაოდ დაწინაურებული საზოგადოება და, მეორე მხრივ, დაუმორჩილებელი, უმეტყველო, განუვითარებელი ბრბო უყურებს და ზეიმობს. რას ზეიმობენ თავადაც არ იციან, ადამიანის სიკვდილს? სიკვდილის მიზეზი თუ იციან? თუმცა მიზეზი შეიძლება მათაც კი არ იციან, ვისაც სულ მალე ფეხქვეშ მიწა გამოეცლება და თავი მხრებისგან განუცალკავდება, მიზეზი შესაძლოა არა, მაგრამ მიზანი კი ცნობილია. მათგან დარჩა რაღაც… „არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა“ – ყურებში ჩამესმის კრუს ხიმენესის ეს სიტყვები და კიდევ უფრო მიორკეცებს თავისუფლებისკენ სწრაფვის ჟინს (ოთარ ჭილაძე „ადამიანი გაზეთის სვეტში“) და რაც მონობაა, ის არის წარმწყმედი ყოველი სინათლის, სითბოსა და აზრის, რომელიც შიგნიდან ჭამს ადამიანს, ძვლებს უღრღნის, სანამ ბოლომდე არ მოიდრეკს ის ქედს, მაქსიმალურად არ მოიხრება და შუბლით მიწას არ დახედავს, რათა აღარ მიეცეს საშუალება ახედოს მზესა და ვარსკვლავებს, იცურაოს ტბაში საყვარელ ქალთან ერთად, წავიდეს კინოში და არ დაიტიროს დედა, არ მოჭრას მარჯვენა მტერს და დაუპირისპირდეს ტომს, თანამოძმეებს, სასამართლოს, თემსა და მის კანონებს. „მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენას მაგათ ჯაბრითა… ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა“ (ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“). ალუდას ფერიცვალებაც ამაში გამოიხატებოდა. საკუთარ თავთან ჭიდილსა და ასწლეულოვან ტრადიციებთან შეწინააღმდეგების შემდეგ გამოანათა მან ის შუქი, რომელიც მის სხეულში, სულში, გულსა და გონებაში ბუდობდა. ამ სინათლემ კი ისე დააბრმავა სხვები, რომ მათთვის მისაბაძი ადამიანი და მეომარი, სიტყვაწყლიანი და ბრძენი, პატივცემული ალუდა სოფლიდან გააძევეს. მე მაინც ვფიქრობ, ალუდამ ჩათვალა, რომ სხვები არ იყვნენ მზად ამ სიმართლის მისაღებად და ვერ აღიქვამდნენ მათ თავისუფლად მოაზროვნე, თავისუფლებისა და საკუთარი აზრის დასაცავად მებრძოლ ადამიანებად. „და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც“ („ადამიანი გაზეთის სვეტში“). სწორედ ეს არის მთავარი ძალა, რომელსაც თავისუფლება გვანიჭებს ადამიანებს, როგორებიცაა: ალუდა ქეთელაური, იგი, მერსო, თოლია ჯონათან ლივინგსტონი, კრუს ხიმენესი, დაბოლოს, მე და შენ.
არ ვიცი რამდენად შევძელი ზუსტად გამომეყვანა ჩემი სხეულიდან და გადმომეტანა ფურცელზე ისეთი თავისუფლება, როგორიც წარმოვიდგინე, თუმცა ერთ რამეს დავაკონკრეტებ, რომ თავისუფლებას არ აქვს განმარტება, ის შენშია, უნდა წარმოაჩინო და ყველა დაბრკოლებას დაუხვედრო წინ. თავისუფლება ხომ „ნაზია როგორც დემონის ფრთების შეხება“, მაგრამ ზოგს ეს შეხება ძლიერ წვავს და სამარადისო შრამს უტოვებს, ის ტოვებს ნაკვალევს, რომელსაც სიკვდილიც ვერ წაშლის. ვერც წვიმა გააქრობს და იქნება როგორც ამოუვსები ნაპრალი, გამართული ზუ, თანამოაზრეები… „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო“ და ვინ ვარ მე, სწორედ ის, რაც ჩემშია.
ნათია ქაროსანიძე, მე-12 კლასის მოსწავლე
✍️რაში გამოიხატება ჩემთვის თავისუფლება? ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს აკეთო მხოლოდ ის, რაც მოგინდება, არა, თავისუფლება იმდენად ფართო ცნებაა, შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვრო მისი მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ადამიანში ის განსხვავებული სახით, ხიბლითა და ფორმით არსებობს. პირადად მე, თავისუფლებას ხატვა მანიჭებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ფიქრები ამ სახით მეჩვენებინა თქვენთვის. აი, სახე თავისუფალი ადამიანისა… და ვარ თუ არა ის მე.
ლიზი ქაროსანიძე, მე-8 კლასის მოსწავლე
✍️ეს კი ანასტასიას თვალით დანახული თავისუფალი ადამიანის სახე-სიმბოლოა
ანასტასია ფუტკარაძე,
მე-8 კლასის მოსწავლე
ამგვარად, არაფორმალური განათლება ფორმალური სასკოლო განათლების ეფექტური ალტერნატივაა. სკოლებში საგნობრივი კლუბების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ხელს უწყობს მოსწავლეთა კმაყოფილებას საკუთარი სწავლის შედეგებით, ზრდის მათ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას, თავს გრძნობენ რეალიზებულად, რაც, საბოლოოდ, აყალიბებს ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდა პიროვნებებს, რომელთაც აქვთ პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი მიდგომა გამოწვევების დაძლევის პროცესში და აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://mastsavlebeli.ge/?p=34187