27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის

spot_img

„დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, უკვე მრავალი წელია, დებატების, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის პოპულარიზაციაზე მუშაობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სამოქალაქო ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლებაა. სამოქალაქო ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო პროექტი კი ზუსტად ამ საქმიანობას ემსახურება, რაც პროექტის სათაურშივე ჩანს: „არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგნეტოს მიერ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებზე გავედით. ამ პროექტში გვქონდა საშუალება, საქართველოს 12 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ჩაგვერთო. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია დებატების ტექნიკის სწავლება ხარისხიანად და სრულფასოვნად, რაც, როგორც წესი, ინტენსიურ გადამზადებას მოიცავს ხოლმე. ამ პროექტშიც ზუსტად ასე, 5დღიანი ინტენსიური ტრენინგების შედეგად, სრულფასოვნად გადამზადდნენ ახალგაზრდები დებატების ტექნიკაში. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ პროექტში ჩავრთეთ მუნიციპალიტეტები როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან და მაღალმთიანი დასახლებებიდანაც; ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ნაკლები შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობაც, რაც კიდევ უფრო მეტად ინკლუზიურს ხდის ჩვენს პროექტს. ინტენსიური ტრენინგების გავლის შემდეგ კი ახალგაზრდებმა წარმატებით ჩაატარეს საჯარო დებატები, რომლებზეც მათ წარადგინეს ადგილობრივი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ადგილობრივ თემთან, 12 მუნიციპალიტეტში: გურჯაანი, სიღნაღი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, თბილისი, გორი, წალკა, ჩხოროწყუ, ფოთი და ბათუმი. პროექტის მთავარი შედეგი და მიღწევა კი შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ახალგაზრდულ ფორუმზე, გამოვლინდა, რომელზეც მართლაც გაოცებულები დავრჩით თუ რამდენად დიდი ეფექტი იქონია დებატების სწავლებამ ახალგაზრდებზე. 400კაციან ფორუმზე, პროექტის მონაწილეების უმრავლესობა სიტყვით გამოვიდა დიდი აუდიტორიის წინშე და სწორედ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მართლაც საამაყოა ჩვენთვის, რომ, როგორც საჯარო დებატებზე, ისე ახალგაზრდულ ფორუმზე, ნათლად გამოვლინდა ახალგაზრდებში განვითარებული შემდეგი უნარები: კონსტრუქციული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, საკითხების მოკვლევა, გუნდური მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა,“ – აცხადებს დებატების ინსტიტუტის დირექტორი, თინათინ ცერცვაძე.

ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის და ახალგაზრდობის სააგენტოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მიმდინარე წელს გამოვაცხადეთ მასშტაბური საგრანტო კონკურსები, რომლის ფარგლებშიც, დაფინანსდა მრავალფეროვანი, ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, რომელთა შორის არისარაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“. ეს პროექტი გამორჩეული იყო როგორც შინაარსით, ასევე ორგანიზაციული კულტურითა და მენეჯმენტით. 1500-მდე ახალგაზრდა აქტიურად იყო ჩართული ფორუმებსა და საჯარო დებატებში და გაიარეს ინტენსიური ტრენინგები დებატების ტექნიკაში. მსგავსი გამოცდილებები კი ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა და სხვა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საგრანტო კონკურსები 2025 წელსაც გამოცხადდება და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეეძლება საკუთარი იდეების რეალიზება, – აცხადებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.

პროექტის პარტნიორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი ამბობს: „ჩვენი ფონდი, ოთხი წელია, აქტიურად უჭერს მხარს პროექტსდებატები უკეთესი განათლებისთვის“. პროექტის ფარგლებში, ცოდნა ათეულობით მასწავლებელმა, ათასობით მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო. დღეს დებატების კულტურას მოსწავლეები ათობით სკოლის დებატ-კლუბში და უკვე არჩევითი საგნის სახითაც შეისწავლიან, რადგან პროექტის მიმდინარეობისას სწორედ მასწავლებლების მომზადებაზე, როგორც წარმატების კრიტიკულ ფაქტორზე, გაკეთდა აქცენტი. იმედის მომცემია ისიც, რომ ცალკეულ უნივერსიტეტებში მომავალი პედაგოგები და სტუდენტები, სკოლაში მასწავლებლად შესვლამდე, ეუფლებიან და სწავლობენ ამ მნიშვნელოვან ტექნიკებს.

გვახარებს, რომ ინიციატივა ვითარდება, იზრდება, იძენს ახალ პარტნიორებს და რაც მთავარია, ხელმისაწვდომს ხდის დებატების სწავლის კულტურას განათლების მიღების თითქმის ყველა ეტაპზე.

პროექტი „არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“, რომელიც ასე წარმატებით განხორციელდა, პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ სკოლაში შეძენილმა უნარებმა და დებატების ტექნიკასთან ზიარებამ ახალგაზრდებს გაუჩინა სურვილი, კიდევ უფრო გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა. იმავდროულად დასაფასებელია, რომ ბევრი სხვა ახალგაზრდაც მოიზიდა და მისცა საშუალება, დებატების ტექნიკა შეესწავლა. ამით მოზარდები ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენის კულტურას და პატივისცემას, გუნდურობას, რაც ესოდენ სჭირდება საზოგადოებას განვითარებისთვის. მთავარი ჩვენი მიზანიც ხომ ესაა, ჩავდოთ ინვესტიცია განათლებულ და ძლიერ მომავალში, იმ მომავალში, რომელმაც უნდა გააგრძელოს ამ ქვეყნის შენება.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები