— როგორ აფასებთ უმაღლეს განათლებაში მიმდინარე რეფორმას?
— უმაღლესი განათლების რეფორმაში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იყო. პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს სურს გამოცდების ისევ უმაღლეს სასწავლებელში დაბრუნება. ჩვენთან ამაზე საუბარი არ ყოფილა და ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი პოზიცია ასეთია — ერთიანი ეროვნული გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს.
— რა არჩევანს შესთავაზებს თქვენი უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს თუ მხოლოდ 3 სავალდებულო საგნის ჩაბარებით აპირებთ სტუდენტების მიღებას?
— რაც შეეხება გამოცდების რაოდენობაში ცვლილებების შეტანას, მოგახსენებთ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტზე ვერ ვიტყვით, რომ ტექნიკურია ან ჰუმანიტარული, ამიტომ, როდესაც გვკითხეს, ჩვენი მოსაზრება ასეთი იყო: რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ 2 გამოცდას (ქართული და უცხო ენა) და გვაქვს სურვილი, რომ 2020 წლიდან, მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, ამ ორ საგანთან ერთად, ბარდებოდეს კიდევ ორი საგანი, რომელსაც აბიტურიენტი ოთხი საგნიდან — ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ფიზიკა — აირჩევს, სურვილისამებრ. დანარჩენ პროგრამებზე (ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, საექთნო საქმე), რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშია, ვფიქრობთ, იყოს სამი გამოცდა — უცხო ენა, ქართული ენა და მესამე — კვლავ აბიტურიენტის სურვილისამებრ არჩეული ოთხი საგნიდან — ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა — ერთ-ერთი.
თხოვნით მივმართავთ კოლეგებს, ვისაც აქვს მედიცინის ფაკულტეტი, გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება და მათაც ოთხი გამოცდა ჩააბარებინონ, რომ შემდგომში სტუდენტებს ჩვენს უნივერსიტეტში მობილობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი მისაღებ გამოცდებზე სამ გამოცდას ჩააბარებინებენ და ჩვენ — ოთხს (ამის თაობაზე უკვე მივმართეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს), აბიტურიენტს, რომელსაც იმ უნივერსიტეტში გადასვლა მოუნდება, სადაც ოთხი საგანი ბარდება და მას კი სამი აქვს ჩაბარებული, მიეცეს იმ ერთი საგნის ჩაბარების უფლება. სჯობს, ეს საკითხი თავიდანვე დარეგულირდეს და გამოცდა ოთხ საგანში იყოს, რადგან დღეს საქართველოში ძალიან მოთხოვნადია მედიცინის სპეციალობა.
ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნა — მისაღებ გამოცდებზე იყოს ოთხი საგანი (პირველი-მეორე — ქართული-უცხო ენა და მესამე-მეოთხე საგანი აბიტურიენტმა თავად აირჩიოს) საკმაოდ დემოკრატიული და მისაღები შეთავაზებაა.
— მიგაჩნიათ თუ არა სწორ გადაწყვეტილებად პროფესიული უნარების სავალდებულო ნუსხიდან ამოღება?
— უნარ-ჩვევების სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან ამოღებას სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნევ. ჩვენ შემთხვევაში, ქიმია-ბიოლოგიის შემოწმება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უნარ-ჩვევების. ყველა სხვა უნივერსიტეტთან შედარებით (მათ შორის არასამედიცინო სპეციალობებითაც) ჩვენთან ყველაზე მაღალი ბარიერია, ზოგიერთ საგანში 70 პროცენტს +1 გვაქვს, ხოლო ამერიკულ პროგრამაზე — 80 პროცენტს +1.
— რამდენად მომზადებული მოდიან აბიტურიენტები იმ საგნებში, რომელთა ჩაბარებაც უწევთ თქვენთან?
— ამ ეტაპზე, მთლიანად ვენდობით სკოლას, არ არის საჭირო მათი მხრიდან სიღრმეებში წასვლა, რთულად სწავლება. ჩვენ გვირჩევნია, სკოლის კურსდამთავრებულმა იცოდეს ის, რაც მოეთხოვება — ზოგადი ცოდნა. ხანდახან ისე ხდება, რომ აბიტურიენტმა იცის ბიოლოგია და არ იცის ქიმიური სიმბოლოების მნიშვნელობა. ქიმია-ბიოლოგია ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება და რაც უკეთესად იცის ეს საგნები პირველკურსელმა, მით უკეთ დაძლევს საუნივერსიტეტო პროგრამას. და თუ რატომ მათემატიკა და ფიზიკა — იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, მათემატიკის და ფიზიკის ნიჭის მქონე სტუდენტების დაკარგვა არ გვინდა, მათ განსაკუთრებული აზროვნების სტილი და უნარი აქვთ, ამიტომ მათაც მივცემთ შესაძლებლობას, გახდნენ ექიმები, რაც ძალიან კარგია.
თუკი აბიტურიენტს აკლია ცოდნა ამ საგნებში (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია-ბიოლოგია), სწავლების პირველ ორ სემესტრში მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუვსოთ. რა თქმა უნდა, ვიწყებთ ანატომიის დეტალური სწავლებით. ბუნებრივია, ეს წლების განმავლობაში აპრობირებული და გამართლებული გზაა. მინდა, სკოლის პედაგოგებმა იცოდნენ — არ არის საჭირო სიღრმეებში წასვლა. ჩვენი სურვილია, რომ აბიტურიენტებმა იცოდნენ ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის და ფიზიკის ენა, არ გვიხდებოდეს ამ ოთხი საგნიდან რომელიმეს ანბანიდან დაწყება.
— რას ფიქრობთ მობილობის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებაზე? როგორც ცნობილია, ტექნიკური მიმართულების სტუდენტები ვერ შეძლებენ მობილობით ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გადასვლას და პირიქით. ხომ არ შეამცირებს ეს უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობას?
— თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია და ბუნებრივია, სტუდენტთა ნაკლებობას არ უჩივის. ზოგადად, მობილობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტისთვის და ეს შესაძლებლობა ყველა შემთხვევაში უნდა მივცეთ. მოგეხსენებათ, მრავალი წლის წინ, ეს აკრძალული იყო. სტუდენტს არა თუ უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში, არამედ ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე, პროგრამიდან პროგრამაზე გადასვლის უფლებაც კი არ ჰქონდა. ხშირად ახალგაზრდა გვიან ხვდება, რომ არჩეული პროფესია მისთვის შეუფერებელი იყო. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო სტუდენტურ დასებს შორის (წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა). ორ წელიწადში ერთხელ გამოჩნდება ხოლმე ისეთი სტუდენტი, რომელიც ხვდება, რომ ექიმობისთვის კი არა, მსახიობობისთვისაა დაბადებული. მოგეხსენებათ, ეს ორი სფერო იმდენად განსხვავებულია, რომ სტუდენტს, ფაქტობრივად, თავიდან უხდება უმაღლესში ჩაბარება.
ჩვენ თანახმა ვართ, მობილობით ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტიც კი მივიღოთ, თუმცა, მას ორი საგნის ჩაბარება მოუწევს, ხოლო ტექნიკურიდან გადმოსულს კი — მხოლოდ ერთი საგნის.
— საუბარია უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე. არის თუ არა საკმარისი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის დღემდე არსებული დაფინანსება?
— დიდი ხანია, დღის წესრიგში ვაყენებთ სახელმწიფო უმაღლესების დაფინანსების საკითხს. დღეს არსებული დაფინანსების სისტემა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების შემაფერხებელია და შესაცვლელია!
რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, სახელმწიფო უმაღლესები და, უპირველეს ყოვლისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოვითხოვთ, გაგვათანაბრონ კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულ პირობებში ვართ: პირველი — ვიხდიდით მოგების გადასახადს მაშინ, როდესაც კერძო უმაღლესი სასწავლებლები არ იხდიდნენ. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ეს, დაახლოებით, 2 მილიონ ნახევარი (2. 500 000) ლარი იყო. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მოგვისმინეს, პარლამენტმა კანონში შესწორება შეიტანა და 2019 წლის თანხას აღარ გადავიხდით; მეორე — როდესაც გატარდა განათლების რეფორმა, 2004 წელს, ცვლილებები იქნა შეტანილი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და განისაზღვრა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი 1500 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო (2010 წლიდან 2250 ლარი გახდა), კერძო უმაღლესი სასწავლებლების შემთხვევაში კი ზედა ზღვარი თავისუფალია. არ შეიძლება სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასური იყოს 2250 ლარზე მეტი, ეს განვითარებისთვის ძალიან შემაფერხებელი ფაქტორია. მესმის ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ კერძო სექტორშიც, სადაც ფასი თავისუფალია, ხომ საქართველოს მოქალაქეები სწავლობენ. სამწუხაროდ, 2250 ლარი საკმარისი არ არის. ჩვენთან სწავლება მცირე ჯგუფებში უნდა მიდიოდეს, ჯგუფში 12 სტუდენტია, წესით, რაოდენობა კიდევ უნდა შემცირდეს — 4-5 სტუდენტთან ერთი პროფესორი უნდა შედიოდეს. ხელფასებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სტუდენტის სწავლებისას ძალიან დიდი დანახარჯები გვაქვს — სახარჯი მასალა, სამედიცინო აპარატურის ცვეთა და ა.შ.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად მოთხოვნადი უნივერსიტეტი ვართ უცხოელებისთვისაც. 67 ქვეყნის 2300 მოქალაქე სწავლობს. საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის უფრო მაღალი ფასი გვაქვს, ვიდრე ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებს. ვიღებთ უცხოელების ფულს და საქართველოს მოქალაქეების სწავლებას ვახმართ იმიტომ, რომ 2250 ლარი საკმარისი არ არის, რაც არასწორია. ის პროფესორები, რომლებიც უცხოენოვან სექტორზე ასწავლიან, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას უნდა იღებდნენ (შედარებით მაღალი ანაზღაურება ახლაც აქვთ, მაგრამ მეტს უნდა იღებდნენ). ჩვენ მათ ვაცლით გარკვეულ თანხას და ვახმართ ქართველი სტუდენტების სწავლებას. ასეთი მიდგომით, რამდენიმე წელიწადში, მივიღებთ იმას, რომ ჩვენგან კადრების დენადობა დაიწყება სხვა სასწავლებლებში. ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ. წარმოუდგენელია, უკეთეს რაღაცას ყიდდე და ღირდეს უფრო იაფი. სამწუხაროდ, ასეთია სამედიცინო განათლების რეალობა.
— რაში ხედავთ გამოსავალს?
— თუ დაფინანსების ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, იქამდე მიგვიყვანს, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ხარისხი მკვეთრად დაქვეითდება და დღის წესრიგში მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, განსაკუთრებით ისეთი სპეციალობებისა, რომელთა სწავლება ძვირადღირებულია.
გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში — ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას, განსაზღვროს, რამდენი ექიმი სჭირდება საქართველოს. მოგეხსენებათ, ეს რეგულირებადი სპეციალობაა, დიპლომი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის წარმოებისათვის უფლებას არ იძლევა. ეს შესაძლებლობაა იმისა, რომ გააგრძელო სწავლა დიპლომის შემდგომ, უფრო სწორად, ისევ გამოცდით, რეზიდენტურაში სწავლის უფლება მოიპოვო და, როცა რეზიდენტურას დაამთავრებ, სანამ მუშაობას დაიწყებ, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ უნდა შეგამოწმოს. გამოდის, რომ სტუდენტი უნივერსიტეტში ექვსი წელი სწავლობს, რეზიდენტურაში — 6 წლამდე სხვადასხვა სპეციალობით… რეზიდენტურაში ადგილები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დიპლომამდელ სწავლებაში. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ექიმების დეფიციტი არ გვაქვს — გვაქვს! მთელი რიგი სპეციალობებია, სადაც ექიმების ნაკლებობაა, თბილისის გარდა, თითქმის ყველა რეგიონში.
თუ საქართველოს წელიწადში სჭირდება, პირობითად, 300 სტუდენტი (შემდგომში — ექიმი), მათ განათლებაში სახელმწიფომ ადეკვატური თანხა უნდა გადაიხადოს. ახლანდელი გრანტი თუ არის 2250 ლარი, ის უნდა გაოთხმაგდეს და გახდეს თუნდაც 9 000 ლარი (ნუ გაგიკვირდებათ, საქართველოში სკოლები გვაქვს ამაზე ძვირი). სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ვინც მოხვდება იმ სამას სტუდენტში, სახელმწიფომ სამასივეს უნდა გადაუხადოს სწავლის თანხა. სამას მეერთემ კი, თუ ექიმობა ძალიან უნდა, სწავლის ღირებულება თავად უნდა დაფაროს… ამ გზას თუ ავირჩევთ, შეიძლება ვიფიქროთ პერსპექტივაზე, თუ არა და, 2250 ლარი, პრაქტიკულად, განვითარების შეწყვეტას ნიშნავს.
თუ ეს ძალიან ძნელია და სახელმწიფოს ამ გზით არ შეუძლია ფინანსირების პრობლემის მოგვარება, მაშინ საკითხი მეორენაირად უნდა დადგეს — სახელმწიფომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს გარკვეული საბაზისო დაფინანსება მისცეს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი