რა (აღარ) დაგვიშავა რუსეთმა? მართლაც რა აღარ: ენის წართმევის მცდელობა, ქრისტიანობის ფეხქვეშ გათელვა წართმეული ავტოკეფალიითა და თეთრად გადაღებილი ფრესკებით (ერთმორწმუნეო, არა?), დამოუკიდებლობის წართმევა, აჯანყებების სისხლში ჩახშობა, ქვეყნის საუკეთესო შვილების დახვრეტა და გადასახლება… შეუძლებელია, ყველაფერი სრულად აღწერო, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი სახელი აქვს — საქართველოს ჯიჯგნა, როგორც სვავისგან პატარა, მშვენიერი ფრინველის.
ბოლო რამდენიმე წელიწადში ისეთ სამ წიგნზე მომიწია მუშაობა, რომლებმაც განსაკუთრებით თვალნათლივ შემაგრძნობინა რუსეთის აგრესია, რომელსაც არავითარი მიზეზი არ სჭირდება. ის დაუფიქრებლად გჭამს, ცდილობს, დაგიმონოს, ენა დაგავიწყოს, ეკლესიები დაგიხუროს, დამოუკიდებლობის იდეა ფეხქვეშ გაგითელოს.
ამ სამმა წიგნმა ასევე თვალნათლივ შემაგრძნობინა ის ფაქტი, რომ ისტორიის არცერთ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს არ შეშინებია, მის საუკეთესო შვილებს ბოლომდე უბრძოლიათ, თავიც შეუკლავთ, არ დანებებულან… ამის საუკეთესო მაგალითია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ხელაია), საქართველოს ეროვნულ გმირად შერაცხილი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების უკლებლივ ყველა მონაწილე…
ბავშვებო, მოზარდებო, მშობლებო, მასწავლებლებო, ეს წიგნები სასიცოცხლოდ გვჭირდება, რათა ვიცოდეთ, ვინ არის მტერი და რა განზრახვები აქვს მას ჩვენ მიმართ. წარსულის ცოდნა იქნებ ყველაზე ძლიერი იარაღია რუსეთთან საბრძოლველად, რადგან საინფორმაციო ომი, დღეს, ისე, როგორც არასდროს, ან დაგვამარცხებს, ან პირიქით, მუდმივ სიფხიზლეში გვამყოფებს და მტერს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს…
როგორც ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი გვასწავლის, ეშმაკი ჩვენით ერთობა, როცა არასწორად ვაზროვნებთ.
ეს წიგნები სწორად ფიქრს მისცემს მიმართულებას.
გოჩა საითიძე, გელა (გიორგი) საითიძე
ამბროსი ხელაია. 100 ამბავი
„როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება?“ – ეს სიტყვები პატრიარქ ამბროსი ხელაიას ეკუთვნის.
საბჭოეთის ცეცხლისგან საქართველოს დახსნას ამბროსი ხელაია უფლებად კი არა, მოვალეობად თვლიდა, რის გამოც, იგი, როგორც დამნაშავე, ისე გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობითაც დასაჯეს. მანამდე კი, გარუსების პოლიტიკასთან მებრძოლი კათოლიკოსისთვის არც სამშობლოდან გადახვეწის ტკივილი დაუკლიათ. და თან სად? – რუსეთში.
როგორც თავად თქვა, სული ღმერთს დაუტოვა, გული – სამშობლო საქართველოს, ხოლო სხეული ჯალათებს მისცა საჯიჯგნად იმ ქვეყნის სიყვარულისთვის, რომლის გამოც ცხოვრებაში „ტკბილი და მყუდრო დღეები“ არასდროს უნახავს…
წიგნში თავმოყრილი 100 ამბით მკითხველი ამ დღეებისთვის თვალის მიდევნებას შეძლებს.
ამბროსი ხელაიასთვის მართლაც მთელი ცხოვრების მოვალეობად იქცა სამშობლოს სასულიერო თუ საერო თავისუფლებისთვის თავგანწირული ბრძოლა. ჯერ კიდევ 1892 წლიდან, როდესაც მან სოხუმში მოღვაწეობა დაიწყო, შეუპოვრად იბრძოდა აფხაზეთში რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, რისი დასტურიცაა მისი კონფლიქტი სოხუმის შოვინისტ ეპისკოპოსთან, არსენ იზოტოვთან.
გამოცემაში ვკითხულობთ: „1895 წელს, სოხუმის საკათედრო ტაძარში გამართულ სააღდგომო ლიტურგიაზე, ამ უკანასკნელმა ბესარიონ ხელაიას სახარების ქართულ ენაზე წაკითხვა აუკრძალა. მოტივი ასეთი იყო – აქ საქართველო არ არისო! (და ეს იმ დროს, როდესაც მლოცველთა ორ მესამედს ქართველები შეადგენდნენ; ამასთანავე, ლიტურგიაზე სახარება წაიკითხეს სლავურ და ბერძნულ, აგრეთვე, ლათინურ ენაზეც). ტაძარში მყოფმა ქართველებმა პროტესტის ნიშნად, საღმრთო ლიტურგია დატოვეს.
შემდგომში, 1900 წელს, არსენ იზოტოვი ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსისადმი გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში წერდა: „მღვდელმა ხელაიამ კერძო ლაპარაკში, როდესაც მიმტკიცებდა და მთხოვდა ქართული წირვა-ლოცვის შემოღებას, მითხრა, რომ აქ საქართველოა და არა რუსეთი და წირვა-ლოცვაც ქართულად უნდა იყვესო“.
შემდგომში ამბროსი ხელაია იგონებდა, სოხუმში გადაგვარება-გარუსების პოლიტიკა უკიდურესად იყო გამეფებული და სწორედ ამიტომ, აქ ჩამესახა პროტესტის გამოცხადების აუცილებლობაო: „აქედან – სოხუმიდან იწყება ჩემი ეკლიანი გზით სიარული, აქ იყო დასაბამი ჩემი ტანჯვა-დევნილობა-ვაება-უბედურობისა. მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ სოხუმი იყო, აგრეთვე, დასაბამი ჩემის ახლანდელი შედარებით ბედნიერებისა, ვინაიდან მე ბედნიერათ მიმაჩნია ჩემი თავი, რომ ვიხილე ის, რასაც ელტვოდნენ ბევრნი მამულისშვილნი, მაგრამ ვერ იხილეს, ე.ი. მაქვს საშუალება თქვენთან ერთად გავიზიარო ბედნიერება ეკლესიურად და ეროვნულად თავისუფლებაში ყოფნისა“.
1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის, როგორც ერის სულიერ მამას, ხალხის ჩაგვრა-წამებისათვის მშვიდად ცქერა არ შეეძლო, ამიტომაც 1922 წლის 7 თებერვალს მან მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანას და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მოითხოვდა. ამის შემდეგ „ჩეკაში“ მისი დაკითხვები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მალე პატრიარქმა დაპატიმრების საფრთხეც იგრძნო, მაგრამ უკან წამით არ დაუხევია.
მეტიც – მის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვა ცხადყოფს, რომ მისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გადატანილი დევნა, გადასახლება და თვით პატიმრობაც მისი სამშობლოსადმი განუსაზღვრელი სიყვარულისთვის შეწირული ზვარაკი იყო: „მე ვფიქრობ და იმედი მაქვს თქვენც დამეთანხმებით, რომ თუ ვხედავდი ხალხის ეროვნულად მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი, ხმა ამომეღო, ხოლო ახლა ამ მოვალეობის ასრულებისათვის ვსდგავარ საქართველოს უზენაეს ეროვნულ სასამართლოს წინაშე, რომელიც მასამართლებს, როგორც დამნაშავეს“…
„ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები“;
„მქონდა თუ არა უფლება მე, როგორც სასულიერო პირს, შევხებოდი კითხვებს, რომელნიც წამოყენებულნი არიან ჩემს წერილში? მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. არ ვიცი მაქვს თუ არა საბჭოთა ხელისუფლების თვალსაზრისით რაიმე მოქალაქეობრივი უფლება, მაგრამ ის ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავიყვანოთ პრინციპები: „კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა“ – ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მთავრობის უარყოფასა და წინააღმდეგობაში და სხვ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, ერისთვის საზიანო შეცდომებს და საზოგადოთ არ ვიტვირთოთ ხალხის სამსახური, მისი ინტერესების დაცვა და მისი მწუხარების საგანი არ ვამცნოთ ქვეყანას“;
„ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალემისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა“ (ლუკა 23,28)“.
გოჩა საითიძე – „ქაქუცა. 64 ამბავი
ეს წიგნი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს ეძღვნება. ეროვნულ გმირს, რომელმაც სიცოცხლე რუსეთისგან სამშობლოს გათავისუფლებას მიუძღვნა.
ლამაზი, დახვეწილი, ამაყი მზერით, უშიშარი და ამავდროულად ფრთხილი და გონიერი – ასე ახასიათებდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც 21 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც ჯარში გაიწვიეს) სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.
ამ წიგნით საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრების გზას ქრონოლოგიურად მივყვებით და მივყვებით არა უბრალოდ მშრალი ფაქტებით, არამედ უმეტეს შემთხვევაში მისი თანამებრძოლების მოგონებებზე დაყრდნობით. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, ჩოლოყაშვილის პიროვნებასა და მის თითოეულ ნაბიჯს სწორედ იმ ადამიანების წყალობით გავეცნოთ, რომლებიც სიკვდილამდე მის გვერდით იდგნენ.
1918 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის წლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და იმ პერიოდში გამართული არაერთი ბრძოლის მონაწილე იყო. მასზე წერდნენ, ის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, მისი იდეალი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოაო.
ამ სიტყვების ჭეშმარიტება 1921 წელს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც ქვეყნის სამწლიანი დამოუკიდებლობა დასრულდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო, საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ კი, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ემიგრაციაში არ წასულა. საქართველოს ეროვნული გმირი სამშობლოში დარჩა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
„როცა 1921 წელს საქართველოს დიდი კატასტროფა ეწვია, როდესაც საქართველოს მთავრობა იძულებული იყო თავისი ტერიტორია დაეტოვებინა, როდესაც დაშლილი იქნა ქართული ჯარი და დამფუძნებელი კრება გარეკილი, როდესაც დევნილ იქნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო ეროვნული და საზოგადოებრივი დაწესებულებანი მოსპობილი, როდესაც მტერმა აღკვეთა საზოგადოებრივი ცხოვრება, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის უფლება სავსებით აკრძალა – ჯერი მიდგა პიროვნებაზედ, რომელიც ასეთ მძიმე პირობებში ერის მისწრაფებასა და მის იდეალს საჯარო მოქმედებით გამოხატავდა. ეს მისწრაფება არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს პირი იყო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.“ – ეს ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის სიტყვებია, წარმოთქმული 1930 წელს, ქაქუცას დაკრძალვაზე პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე.
1922 წლიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილი საბჭოთა ხელისუფლებას დაუძინებელ მტრობას უცხადებს და მასთან საბრძოლველად პარტიზანულ რაზმს აყალიბებს. ქაქუცაზე, როგორც გამოცდილ და გულად მეომარზე, ქართველი სამხედრო პირები დიდ იმედებს ამყარებდნენ, სწორედ ის მიაჩნდათ ბოლშევიკების წინააღმდეგ მომავალი ბრძოლების მეთაურად.
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ექვს თანამებრძოლთან ერთად ტყეში გავიდა, რაც რუს ოკუპანტებთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა. აქედან იწყება ქაქუცას და მისი „შეფიცულთა რაზმის“ უმძიმესი, დანაკარგებითა და მუდმივი ბრძოლებით სავსე გზა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებას უკავშირდება.
ქაქუცა ჩოლოყაშვილს მუდმივი კავშირი ჰქონდა აჯანყების ორგანიზატორებთან და ის ამ აჯანყების დროსაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი გახლდათ. ბოლშევიკებმა აჯანყებულების დამარცხება შეძლეს. ამ უმძიმესი მოვლენის გამო ქაქუცა ჩოლოყაშვილი იძულებული გახდა სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა. მან იცოდა, რომ სხვაგვარად დიდი მსხვერპლის კიდევ უფრო გამრავლება იყო მოსალოდნელი.
ასე ტრაგიკულად გაიყო საქართველოსა და მისი ეროვნული გმირის გზები. ქაქუცამ სიცოცხლე სამშობლოსგან შორს, ემიგრაციაში დაასრულა, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში კი მრავალი წლის განმავლობაში მისი ხსენება სასტიკად იკრძალებოდა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, კერძოდ 1988 წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებასთან ერთად, კვლავ გაჟღერდა მისი სახელი. მიტინგებზე გამოჩნდა მისი პორტრეტიც. 64 წლის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში ამ სახით „დაბრუნდა“ წიგნში შესულ ამბავთა რაოდენობაც, სიმბოლურად სწორედ ამ ფაქტითაა განპირობებული.
2005 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გმირის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 64 ამბავი არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის განვლილი გზა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყებიდან მისი ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებამდე.
1978 წლის 14 აპრილი. 78 ზეპირი ისტორია“
(შემდგენელი – ანა ბაქანიძე)
საბჭოთა რეჟიმის პირობებში ქართული ენის დასაცავად დაწყებული პროტესტი: ცეკაში გაგზავნილი წერილები, სტუდენტების შედგენილი პეტიცია და ასობით შეგროვებული ხელმოწერა, მეცნიერთა და მწერალთა თამამი გამოსვლები, თეთრ მაისურებზე ტუჩსაცხით გამოყვანილი „აი ია“, სკოლის ფანჯრებიდან გაპარული მოსწავლეები, მოტეხილი ფეხით აქციაზე და სისხლით დაწერილი „დედა ენა“, სიცოცხლის რისკის ფასად გამართული დემონსტრაცია, ტანკებით სავსე თბილისი და ქორწინებით დაგვირგვინებული 14 აპრილი…
კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას გაეცნობა მკითხველი ამ წიგნში, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს აცოცხლებს. დღეს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ განუცხადა რუსეთს, რომ ის არასდროს დაუხრიდა მის ბრძანებებს თავს.
წიგნის შემდგენელმა, ანა ბაქანიძემ, საგანგებოდ ამ გამოცემისთვის დაგვიწერა წინასიტყვაობა, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს თვალნათლივ აცოცხლებს და საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რისთვის იბრძოდნენ ამ დღის გულანთებული მონაწილეები და რამხელა საფრთხე აარიდა მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ ქართულ ენასა და სრულიად საქართველოს:
„1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ეროვნული ღირსების დაცვა და არ დაემორჩილნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ახალი კონსტიტუციის პროექტიდან ამოეღოთ საკანონმდებლო მუხლი, რომელიც ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა; მის ნაცვლად კი შეიტანეს ახალი, 75-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, რუსულსა და სხვა ენებს, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა, ქართული ენასთან გათანაბრებული უფლებები მიენიჭა.
1978 წლის მარტში გაზეთებში გამოქვეყნდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის ახალი პროექტი და დაიწყო დოკუმენტის საჯარო განხილვა სხვადასხვა დაწესებულებაში. კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე ერთ-ერთმა პირველმა ყურადღება აკაკი ბაქრაძემ გაამახვილა, ამას მოჰყვა ნოდარ წულეისკირის კრიტიკული გამოსვლა მწერალთა კავშირში, უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების სხვადასხვა კათედრის სხდომა და, საბოლოოდ, უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი. უნივერსიტეტიდან საპროტესტო ტალღა მალევე გადაედო სხვა უმაღლეს სასწავლებლებს. საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო სამხატვრო აკადემიის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც. იგზავნებოდა წერილები საკონსტიტუციო კომისიის სახელზე. სამწუხაროდ, განხეთქილება იგრძნობოდა საზოგადოებაშიც და ნაწილობრივ უნივერსიტეტშიც, მაგალითად, ლექტორებისა და მეცნიერების ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სტუდენტების პროტესტს, მეორე ნაწილი კი დემონსტრაციის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა. მათ ნაწილს გულწრფელად ადარდებდა ახალგაზრდების ბედი, ნაწილი კი ხელისუფლების პირდაპირ დავალებას ასრულებდა. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, ყველაფერი სპონტანურად და თავისთავად მოხდა – საბჭოთა ტერორის მიუხედავად და კონკრეტული ორგანიზატორების გარეშე. 14 აპრილს, დაახლოებით 12 საათისთვის უნივერსიტეტთან სტუდენტები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ლექტორები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ და დროის დაუკარგავად დაიძრნენ მთავრობის სასახლისაკენ.
ხელისუფლებამ კარგად იცოდა მოსალოდნელი აქციის შესახებ, მთავრობის მიერ ძალის არგამოყენების გარანტია არ არსებობდა. მომიტინგეებს გაცნობიერებული ჰქონდათ პროტესტის შედეგად მოსალოდნელი საშიშროება. თბილისში შემოყვანილი იყო სამხედრო ტექნიკა, არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ამიტომ 14 აპრილი მხოლოდ ენის დაცვის დღე არაა, ესაა ქართველი ახალგაზრდების თავგანწირვისთვის მზადყოფნის დღე!
საბოლოოდ, მომიტინგეებს ცეკას მაშინდელმა მდივანმა – ედუარდ შევარდნაძემ მიმართა და კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვების შესახებ ამცნო. როგორც ჩანს, საბოლოოდ საბჭოთა იმპერია არჩევანის წინაშე დადგა: მას ან სისხლი უნდა დაეღვარა, ან დათმობაზე წასულიყო; საბედნიეროდ, იმპერიამ 14 აპრილს ეს უკანასკნელი გზა აირჩია. ედუარდ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ ხალხი მალე დაიშალა. თუმცა მანამდე იყო ცრემლები, ქუჩაში გაშლილი სუფრები და სიხარული იმის გამო, რომ მძლავრმა საპროტესტო მოძრაობამ იმპერიის მესვეურებს განზრახვაზე ხელი ააღებინა.
მოგვიანებით ქართულ ენას ძეგლიც დაუდგეს, ხოლო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ესაა ერთადერთი დღესასწაული, რომელიც საბჭოთა იმპერიის პერიოდში ხელისუფლებამ კი არა, ხალხმა დააწესა. 14-მა აპრილმა ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას, ფაქტობრივად, მისი ახალი ეტაპის დაწყებას, რაც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
14 აპრილის აქტიური მონაწილეები დღეს ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, მათ მეხსიერებაში შემორჩენილი არაერთი დეტალი თუ ეპიზოდი კი, სათანადო წარმოდგენას გვიქმნის წლების წინ განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე. წიგნში სწორედ ამ პროცესის მონაწილეთა ზეპირი ისტორიებია გაერთიანებული – იმჟამად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა, სკოლის მოსწავლეთა, პროფესორ-მასწავლებელთა, დისიდენტური მოძრაობის წევრთა, ტელეოპერატორთა თუ უბრალო მოქალაქეთა მიერ მოთხრობილი, ქრონოლოგიურად დალაგებული 78 ამბავი“.
წიგნი ეფუძნება გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ 2018 წელს გამოცემულ კრებულს – „1978 წლის 14 აპრილი. ზეპირი ისტორიები და სხვა მასალები“ (ტექსტები ჩაიწერა და წიგნი გამოსაცემად მოამზადა ანა ბაქანიძემ).
Δ Δ Δ
ეს წიგნები, რომლებიც ერთიანდება სერიაში „თან საკითხავი“, ერთგვარი გზამკვლევია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად, რომელშიც, როგორც დიდმა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა, ოთარ ჭილაძემ დაწერა, ერთი წამი მეგობრობა არ ყოფილა!