ალფრედ ადლერი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ სამეცნიერო ცოდნა იმათ პირად საკუთრებად არ უნდა დარჩეს, ვინც სპეციალური მომზადების წყალობით ბუნებისგან ახალ ჭეშმარიტებას მოიპოვებს: ნებისმიერი ცოდნა კაცობრიობისთვის მოტანილი სარგებლით უნდა შეფასდეს.
ბერან ვოლფი, მედიცინის დოქტორი
ალფრედ ადლერი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის იყო ფსიქოლოგი, რომელსაც ძალიან უყვარდა ადამიანები და მთელი ცხოვრება სწორედ მათზე ზრუნვას მიუძღვნა. პიროვნების თვითგამორკვევისთვის ბრძოლა, წარსულის გადააზრებაში დახმარება და მისი უკეთესი მომავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება – ეს იყო ადლერის დაუღალავი მუშაობის მთავარი მიზანი.
თანამედროვე ფსიქოთერაპიის შექმნა, ზიგმუნდ ფროიდთან და კარლ გუსტავ იუნგთან ერთად, სწორედ ადლერის სახელს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ფროიდისა და იუნგის დარად, ადლერი ასეთივე პოპულარობით არ სარგებლობს, თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ყველაზე ხშირად სწორედ მის იდეებს იყენებენ.
ალფრედ ადლერის წიგნის „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის (გზა თვითშემეცნებისკენ)“ ქართულად მთარგმნელი, თამარ ბოგვერაძე აღნიშნავს, რომ ადლერმა ბევრ მიმართულებაზე მოახდინა გავლენა, ბავშვთა აღზრდიდან ანთროპოლოგიასა და კორექციულ თერაპიამდე. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა პიროვნული არჩევანის ძალას; შთამაგონებელი ცხოვრებისეული ფოკუსის მნიშვნელობას; სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრის საჭიროებასა და სოციალური ურთიერთობების უდიდეს მნიშვნელობას. მას უნდოდა, ადამიანებს დახმარებოდა ურთიერთობების მოგვარებაში ოჯახთან, მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან. ის აფასებდა ურთიერთთანამშრომლობის როლსა და თითოეული პიროვნების კავშირს გარემომცველ სამყაროსთან.
ალფრედ ადლერი მიიჩნევდა, რომ ადამიანში არაცნობიერისა და სექსუალობის როლი კი არ იყო გადამწყვეტი (ფროიდის თეორია), არამედ, სოციალური ფაქტორი, ადრეული ბავშვობის გამოცდილება და არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლებიც ერთიანობაში განსაზღვრავდა პიროვნების ხასიათს, მის მიერ სამყაროსადმი დამოკიდებულებას. სწორედ ეს ერთიანობაა ადლერის ფსიქოლოგიის ამოსავალი წერტილი. მის მიერ შექმნილი თეორია „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ ადამიანს ცალკე მდგომ ინდივიდად კი არა, სოციალურ კონტექსტში ჩართულ პიროვნებად მოიაზრებს. ყველა ზრდასრული ადამიანი, შეიარაღებული ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მეთოდებით, შეძლებს, შინაარსი შემატოს საკუთარ ცხოვრებას, უკეთესად გაიგოს გვერდით მყოფის ქცევა და თავად გახდეს უფრო სრულყოფილი ადამიანი.
ადლერის მიმართ ნდობა და მისი საჭიროება იმდენად დიდი იყო, რომ ის ვენის სახალხო ინსტიტუტის დიდ აუდიტორიაში ყოველ კვირას მართავდა ლექციებს და როგორც მისი პირადი ასისტენტი, ბერნარდ ვოლფი, იხსენებს, ლექციების შემდეგ გაჩენილ უამრავ შეკითხვას მისთვის დამახასიათებელი გულთბილი და კეთილგანწყობილი ღიმილით უპასუხებდა ხოლმე.
ნაშრომი „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“, რომელიც ავსტრიელი ფსიქოლოგის სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს, ფართო საზოგადოებისთვის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის საფუძვლების გაცნობის მცდელობაა. მთხრობელში ვხედავთ უკეთესი სამყაროს შექმნის მოსურნე პიროვნებას, რომელიც დარწმუნებულია შემდეგში – უკეთეს გარემოს ჯანსაღი, ემპათიით აღსავსე და სხვების მოყვარული ადამიანები ქმნიან. ეს წიგნი ადამიანის ბედნიერებაზე მოფიქრალი კაცის იდეებითაა სავსე.
როგორც თავად აღნიშნავდა, წიგნის მიზანია, აჩვენოს, როგორ აზიანებს ერთი ინდივიდის არასწორი ქცევა ჩვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ჰარმონიას; ასევე ასწავლოს ადამიანს საკუთარი შეცდომების ამოცნობა, რადგან, შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ, ძვირი ჯდება: „ცხოვრების წარმართვისას დაშვებული შეცდომები ხშირად სიცოცხლისთვისაა სახიფათო“.
წიგნი, პირობითად, ორ ნაწილადაა დაყოფილი და მთლიანობაში 13 თავისგან შედგება. საზოგადოებრივი ცხოვრების საჭიროება, ადრეული ბავშვობის გავლენები ცხოვრებაზე, ემპათიის მნიშვნელობა და აუცილებლობა, აღიარების სურვილი, არასრულფასოვნების გრძნობა თუ მისი კომპენსაცია… – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელთა წაკითხვაც ნაშრომში შეგიძლიათ; ალფრედ ადლერი წერს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი სჭირდება იმისათვის, რომ იცხოვროს და, მით უფრო იმისათვის, რომ კარგად იყოს: „იფიქრეთ, რამდენი დაავადება და ნაკლი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით, როგორი ზრუნვა სჭირდება მას სასიცოცხლოდ და რა სიძლიერის სოციალური ცხოვრებაა ამისთვის აუცილებელი! კაცობრიობის შემდგომი არსებობის საუკეთესო გარანტია საზოგადოებაა!“
სტატიაში ამ მრავალფეროვანი თემებიდან გამოვყოფ სამ ძირითად საკითხს, რომლებიც, ფაქტობრივად, ადლერის სხვა დანარჩენი შეხედულებების ამოსავალია.
I – ადამიანს სჭირდება გაგება, თანადგომა, მოსმენა და მხარდაჭერა
ადლერი წერს: „მთელ ჩვენს დამოკიდებულებას სხვასთან ის განსაზღვრავს, რამდენად გვესმის მისი, ამიტომ ეს გაგება ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია“. საზოგადოებაში კი ყველაფერი პირიქითაა – ჩვენ ერთმანეთისგან გამიჯნულად ვცხოვრობთ, ერთმანეთს არ ვუსმენთ, ახლობელ ადამიანს უცხოსავით ვექცევით. ჩვენ ვცხოვრობთ საკუთარ სივრცეში ჩაკეტილები, მეორე ადამიანით შეშინებულები. დიახ, ჩვენ გვეშინია ერთმანეთის, რადგან არ ვიცნობთ ერთმანეთს, ერთმანეთს კი იმიტომ არ ვიცნობთ, რომ არც საკუთარ თავს ვიცნობთ ისე, როგორც საჭიროა.
„ადამიანები უფრო ადვილად შეძლებდნენ თანაცხოვრებას, ადამიანის ბუნების შესახებ მეტი რომ იცოდნენ,“ – გვეუბნება ადლერი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვაფასებთ, სხვებს „ასეთებად“ და „ისეთებად“ ვყოფთ და გვგონია, ვიღაც ამოვიცანით, სინამდვილეში, ერთი დიდი ტყუილიაო, გვასწავლის, გვაფხიზლებს ავსტრიელი ფსიქოლოგი.
ადამიანი სოციალური არსებაა და მას სჭირდება, რომ საზოგადოება დახმარების ხელს უწვდიდეს, ამიტომ, სხვისი გაგება, შემჩნევა, აღიარება, მისკენ მიმართული ერთი დადებითი სიტყვა თუ ქმედება ძალიან ბევრს ნიშნავს და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად წინ გადადგმული დიდი და დიადი ნაბიჯია. დიახ, ადამიანს სჭირდება, იყოს მიღებული, სოციუმში ჰქონდეს საკუთარი ადგილი და ამაში საზოგადოების წევრებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ადლერი აღნიშნავს, რომ „ვერც ერთი ადამიანი ადეკვატური ვერ გაიზრდება, თუ მას კაცობრიობასთან ძლიერი კავშირის შეგრძნება არ გაუღვივდა“.
ფაქტია, ჩვენ ერთმანეთის მისაღებად დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც ადამიანის ბუნების შეცნობაზე გადის და როგორც ამ წიგნის ავტორი აღნიშნავს, ადამიანის ბუნების შეცნობის მეცნიერება ხელოვნებაა, რომელიც საბოლოოდ საკუთარი პიროვნების სრულყოფაში გვეხმარება; ისე, როგორც მუსიკა ან ლიტერატურა შეიძლება ეხმარებოდეს სულს სიხარულის მინიჭებაში.
II – ბავშვობა, რომელიც განგვსაზღვრავს
უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც ადამიანის სულიერი ცხოვრების სტრუქტურას განსაზღვრავს, მისი ბავშვობის ყველაზე ადრეულ პერიოდში ყალიბდება – ამ მოსაზრებამდე ალფრედ ადლერამდე, სხვადასხვა წლებში, უამრავი მეცნიერი მივიდა, თუმცა, ადლერის აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობდა: ბავშვობის გამოცდილებები, შთაბეჭდილებები და მოსაზრებები (რამდენადაც მათი განსაზღვრა შეძლეს), სულიერი ცხოვრების შემდგომ მოვლენებს დაუკავშირეს და აშკარად გამოხატული და მუდმივად მოქმედი ქცევის პატერნი მიიღეს. როდესაც ადრეული ბავშვობის გამოცდილება და დამოკიდებულებები მოწიფული ინდივიდის გამოცდილებასა და დამოკიდებულებებს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების ცალკეული გამოვლენები დაკვირვების დამოუკიდებელ ობიექტებად არ უნდა განვიხილოთ, მეტიც, მათი ახსნა შეუძლებელი იქნება, თუ მათ მთელის ნაწილებად არ ჩავთვლით.
ასე მაგალითად, თუ ბავშვისადმი სიყვარულს არ ავლენენ, სკოლაშიც ასწავლიან, რომ სიყვარულის გამოვლენა რიგ შემთხვევებში უადგილოა, უკვე ზრდასრულისთვის მიუღებელი იქნება სითბოსა და სინაზის გამოხატვა და ის ისე გაიბრძოლებს სინაზის წინააღმდეგ, თითქოს ეს მისი დამცირებისა თუ დამონების იარაღი იყოს.
ეს ერთი მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იღებს სათავეს.
როგორც ერთმა ცნობილმა მწერალმა თქვა, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.
III – კომპლექსები და არასრულფასოვნების გრძნობა
ჩვენი კომპლექსების საწყისების საპოვნელად ადლერი ისევ ბავშვობაში გვაბრუნებს: „ბავშვებს, რომლებსაც ბუნება გერებივით მოექცა, ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე იმათ, ვისაც წყალობის თვალით გადმოხედეს და არსებობის სიხარულს თავიდანვე აზიარეს“.
თუ ოდესმე შეგვიმჩნევია, რომ ჩვენთვის მთავარი საკუთარ სურვილებს მიყოლა, საკუთარი ბედნიერებისთვის ზრუნვა, საკუთარი ფიქრებისა და ემოციების წინ წამოწევა კი არა, ისაა, როგორ შთაბეჭდილებას ვახდენთ სოციუმზე, შევჩერდეთ და ვაღიაროთ, იქნებ მიზეზები საკუთარ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ? გვჯეროდეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის, ვინც საკუთარ წარსულს თვალს უსწორებს, აუცილებლად შეძლებს საკუთარ „მეს“ უკეთესი მომავალი შეუქმნას.
არასრულფასოვნების გრძნობა პირდაპირ განსაზღვრავს ცხოვრების მიზანს და ზოგჯერ ისე ხდება, რომ, ბავშვობიდან ჩანერგილი ამ გრძნობის საკომპენსაციოდ, ადამიანები მუდამ აღიარებისა და უპირატესობის შეგრძნებისკენ მიილტვიან. შედეგად კარგავენ მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებას, გამუდმებით სჭირდებათ სხვისგან მიღებული ქებათა ქება, თავი რომ საჭიროდ და მნიშვნელოვნად იგრძნონ და ეს არ სრულდება – ისინი გამუდმებით ამ მოჯადოებულ წრეზე დადიან.
„ადლერის თეორია“ სწორედ მსგავს პრობლემებს აკვირდება და მათ მოსაგვარებლად ისეთ გამოსავლებს გვთავაზობს, რომლებიც საკუთარი თავის შეცნობაზე გადის. სიჯანსაღეც სწორედ საკუთარი თავის შეცნობით, შიშების, კომპლექსების, წარსულის ცუდი მოგონებების აღიარებითა და შეფასებით მიიღწევა.
„შეიცან თავი შენი! – სოკრატეს ამ სიტყვებს მითითებები არ მოჰყოლია, საუკუნეები გავიდა დიდი ათენელის სიკვდილიდან და ღრმა მოაზროვნემ, დიდმა ექიმმა და ადამიანის სულის ბრწყინვალე მცოდნემ საკუთარი გამოცდილების ნაყოფი შეაგროვა და ჩვენი თანამოძმეებისა და საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად სახელმძღვანელო გამოაქვეყნა“ – ამ სიტყვებს ბერან ვოლფი ალფრედ ადლერს უძღვნის.
გადაჭარბებული არაფერია.
ეს წიგნი დაბნეულ სულებს ყველაზე ნათელ გზებს უჩვენებს.
მელანო კობახიძე