ნანა კუჭუხიძე
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რუსთავის №5 საჯარო სკოლა
კლასის მართვა ყოველთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხია განათლების სფეროში. ზოგი მოსწავლე არ არის დაინტერესებული და ხშირად არღვევს სასწავლო პროცესს. პედაგოგების მცდელობის მიუხედავად, წაახალისონ ქცევა, მოსწავლე მაინც შეუსაბამოდ იქცევა, ეს კი უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. ჩემს სადამრიგებლო კლასში გამოიკვეთა რთული ქცევისა და დისციპლინის დარღვევები. ვფიქრობდი, როგორ დავხმარებოდი მოსწავლეებს ამ პრობლემების მოგვარებაში. გაჩნდა კითხვები: როგორ ხდება რთული ქცევის გამოვლენა? როდის იჩენს თავს რთული ქცევა? რა განაპირობებს მოსწავლის რთულ ქცევას? მასწავლებლები რა მეთოდებს მიმართავენ რთული ქცევის აღმოსაფხვრელად? რამდენად არიან მშობლები ჩართულები შვილების სასწავლო პროცესში? დავიწყე დაკვირვება მოსწავლეთა ქცევაზე კლასში, დასვენების დროს, უცხო ენისა და სპორტის გაკვეთილებზე. ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. გავეცანი ლიტერატურას.
ფსიქოლოგები მოსწავლეთა ქცევითი დარღვევის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ბავშვის ფსიქიკური სამყაროს სენსიტიურობა, არაცნობიერი მოტივები, მემკვიდრეობა, გარემო, აღზრდის დეფიციტი. ამერიკელი მეცნიერი გლასერი წერს: თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები სახლში არ რეალიზდება, მისი რეალიზება სკოლაში უნდა მოხდეს. ამერიკელმა პედაგოგმა რუდოლფ დრეიკურსმა გამოყო შემდეგი მოტივები: ყურადღების მიპყრობა, ძალაუფლება, შურისძიება ან წარუმატებლობისაგან თავის დაღწევა. ქცევის მოტივის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიცნოთ მოსწავლის რეაქცია ჩვენს პედაგოგიურ ზემოქმედებაზე. დისციპლინის დარღვევის დროს უნდა ავარჩიოთ ჩარევის ხერხები, რასაც ორი მიზანი აქვს: შეაჩეროს არასასურველი ქცევა და იმოქმედოს მოსწავლეზე ისე, რომ მისი შემდგომი ქცევა უფრო მისაღები იყოს.
ხშირად დისციპლინა ირღვევა მაშინ, როცა მოსწავლეს უწევს მოსაწყენი საქმის კეთება. სწავლების მეთოდის შეცვლამ, შესაძლოა, მოსწავლეები გაახალისოს და მოტივაციაც გაზარდოს. სწავლებაში წარმატების მიღწევა დამოკიდებულია კლასის მართვის სტრატეგიების სწორ არჩევაზე: როგორი მოქალაქე გვინდა აღვზარდოთ, რა უნარ-ჩვევებით უნდა იყოს იგი აღჭურვილი, როგორი უნდა იყოს მისი ქცევა საკლასო და სასკოლო გარემოში. ვცდილობდი, გამერკვია რატომ იქცეოდნენ მოსწავლეები არასასურველად და რა განაპირობებდა ამ ქცევას. პასუხები ასეთია: ისინი ირჩევენ იმ ქცევას, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას შეეფერება. მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ მიზანს ემსახურება – იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის საჭიროება.
ალან გუგენბული აღნიშნავს, რომ ხშირად მოსწავლეები აგრესიასა და ძალადობრივ ქცევებს ავლენენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რთულ ოჯახურ პირობებზე ან სტრესზე აქვთ რეაქცია, არამედ, ზოგჯერ, მათ აგრესიულობა და ძალადობრივი ქცევები იზიდავს და ხიბლავს. ანალიტიკური ფსიქოლოგია გვიხსნის, თუ რა იმალება ბავშვის მძაფრი ემოციური განცდებისა და მოზღვავებული აგრესიული ქცევების მიღმა. ბავშვს ერთგვარი გმირობის გამოვლინება სურს, ამიტომ ამ პრობლემებთან გამკლავებას ისეთი მიდგომა სჭირდება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სიმპტომების შემცირებასა და ქცევითი პრობლემების გაგებასა და ანალიზზე. ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა მითოდრამა – ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც სახეებს ანიჭებს უპირატესობას. მითოდრამა წარმოადგენს ჯგუფურ, ფსიქოთერაპიულ მეთოდს, რომელიც ალან გუგენბულმა 1990-იან წლებში შეიმუშავა. ალან გუგენბული ანალიტიკოსია, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, ციურიხის მითოდრამისა და კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მითოდრამის მთავარ იდეას წარმოადგენს წარმოსახვის გააქტიურება და შინაგანი სახეების, მითების გაღვიძება, რომლებიც ღრმად არის ჩაფლული ადამიანის ფსიქიკაში. ბავშვებს სჭირდებათ სიმბოლო, როგორც ხიდი შიდა და გარე რეალობის დასაკავშირებლად. მითოდრამა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, მოსწყდნენ ყოველდღიური ცხოვრების მშრალ ფაქტებს და ზღაპრების, მითების საშუალებით ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე (Guggenbuhl 1990). მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განდევნილი, არაცნობიერი მოტივებისა და ემოციების გამოხატვა მოხდეს სიმბოლური გზით, როლების გათამაშების საშუალებით. მითოდრამის კიდევ ერთი მახასიათებელია საშიში სცენების ამსახველი სიუჟეტების თხრობა.
ბავშვებს ისეთი მოთხრობების მოსმენა უყვართ, სადაც ურჩხულები ჩნდებიან, დრაკონები დაქრიან, გმირი სადღაც ხვრელში უჩინარდება. მაგრამ რა მიზეზი უნდა ვეძებოთ ასეთი ამბების მიღმა? ალან გუგენბული, პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე, წერს: როდესაც მშვენიერ, ჰარმონიით სავსე ამბებს ვუკითხავთ ბავშვებს, ბევრ მათგანს უჭირს კონცენტრირება. ისინი იწყებენ გარშემო სიარულს. შეიძლება მოიწყინონ კიდეც, მაგრამ როცა მასწავლებელი უკითხავს ამბავს როგორ გადაყლაპა უშველებელმა მცენარემ ადამიანი, რთული ქცევის ბავშვი მაშინვე მოულოდნელად წყვეტს ყვირილსა და სირბილს.
გადავწყვიტე, შემეცვალა სწავლების მეთოდები. რათა დამერეგულირებინა არასასურველი ქცევები, გამეხალისებინა და მოტივაცია ამემაღლებინა მოსწავლეებისთვის. ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარა გუგენბულის მეთოდი – მითოდრამა, რომელიც წარმოადგენს ჯგუფურ, ფსიქოთერაპიულ მიდგომას.
მეთოდი მითოდრამა მდგომარეობს შემდეგში: ჩემს მოსწავლეებს ვაერთიანებ ჯგუფებში. მათ უფლება ეძლევათ, თავისუფლად იმოძრაონ ოთახში, განასახიერონ ცხოველები, ზოგი დათვივით ბაჯბაჯებს, ზოგი სპილოსავით დადის, ზოგი ლომივით ღრიალებს. უყვირიან ერთმანეთს ხმამაღლა. ეს გრძელდება ხუთი წუთის განმავლობაში. ამ აქტივობის შემდეგ სხდებიან იატაკზე, სადაც პატარა ხალიჩებია დაგებული. ხუჭავენ თვალებს და მზად არიან ზღაპრის, მითის ან ლეგენდის მოსასმენად, ამბავს ზეპირად ვუყვები, წაკითხული არ უნდა იყოს. ამბავს ვწყვეტ კულმინაციურ წერტილში. თვალდახუჭული ბავშვები ელოდებიან გაგრძელებას. ამ დროს ამბის შეწყვეტა მათ ფსიქიკაში წარმოშობს ფანტაზიას. მათ უნდა გააგრძელონ ამბავი და დაასურათონ. შემდეგ განვიხილავთ ნიმუშებს. ბავშვები აკეთებენ პრეზენტაციას. ყველაზე მეტად რაც მოსწონთ, ეს არის სპექტაკლი. მუყაოსგან დავამზადეთ თეატრის პატარა შენობა. დახატეს, გააფერადეს და გამოჭრეს ზღაპრებისა და მითების პერსონაჟები. მინი-თეატრში ახმოვანებენ და ასახიერებენ მითიურ გმირებს.
ამ მეთოდით კვირაში ერთხელ ვატარებ გაკვეთილს. ზღაპრის ან მითის მოსმენისას ბავშვები ხელახლა განიცდიან და ხვდებიან იმ სირთულეებს, რომლებიც ოდესმე გადაუტანიათ ცხოვრებაში. აღმოაჩენენ, რომ ის, რაც რეალურ სამყაროში ხდება, მეორდება და ასახულია ზღაპრების სამყაროში. ისეთ ამბებს ვარჩევ, როგორიცაა შიშის დაძლევა, უსამართლობის მსხვერპლი, ჩაგვრა, ამბები გოლიათებზე, ჯადოქრებზე, ურჩხულებზე, რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ, სუპერგმირზე, ჯარისკაცზე. ზღაპრები და მითები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, არაპირდაპირი გზით გამოხატოს შინაგანი განცდები და ისაუბროს პირად პრობლემებზე, სირთულეებზე. ამბავს უკავშირებენ საკუთარ ცხოვრებას. აანალიზებენ, კითხვას უსვამენ საკუთარ თავს – რა როლი ვითამაშე, რატომ ამოვირჩიე ეს პერსონაჟი, ნეტავ ცხოვრებაშიც ასეთი ხომ არ ვარ? ამ დროს, უკვე, მოთოდრამის მეთოდი თერაპიულ ეფექტს იძენს. პრობლემა გაუცნობიერებლად გვარდება. ასეთი ამბები ბავშვს პირდაპირ კი არ მიანიშნებს, რა პრობლემა აწუხებს, აქ მთავარია გმირი, რომელთანაც ბავშვი საკუთარ თავს აიგივებს.
რომ გავუმკლავდეთ ძალადობრივ პრობლემას, არ არის საკმარისი ვიმუშაოთ მხოლოდ ანტიძალადობრივი უნარების განვითარებაზე. მოსწავლეებმა, საკუთარი ძალადობრივი ქცევების მიღმა, ძალადობის ღრმა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უნდა დაინახონ, სწორედ მეთოდი მითოდრამა, წარმოსახვის გააქტიურების საშუალებით, ცდილობს წაახალისოს მოსწავლეები, იპოვონ პასუხები იმ საკითხებზე, რომლებთან გამკლავებაც მათთვის გამოწვევაა. რთული ქცევა არ არის მხოლოდ ცუდი აღზრდის, სკოლის ან სოციალური პირობების შედეგი. რთული ქცევა სკოლაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიმპტომი, რომლის ძირშიც ღრმა ფსიქოლოგიური საჭიროება იკითხება. მოსწავლეები ცუდად იქცევიან, ქმნიან კონფლიქტებს, ეს სამყაროსადმი გამოწვევაა, იდენტობის ძიება. ბავშვის თვალით თუ შევხედავთ, ქცევითი პრობლემები გზავნილებს წარმოადგენს, რომლებიც უნდა გავიაზროთ და ფსიქოლოგიზაცია მოვახდინოთ (გუგენბული, 1993).
სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შედეგად, გარკვეულწილად, გაიზარდა ბავშვების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა რთული ქცევის დარეგულირებას, მაგრამ რაც უნდა წარმატებით გამოვიყენოთ დისციპლინის დარღვევის აღმოსაფხვრელი ღონისძიებები, ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები მაინც იქნება. რამდენად ადრე შენიშნავს მასწავლებელი დისციპლინის დარღვევის ნორმებს და რამდენად სწრაფად მოაგვარებს ამ პრობლემას, ეს მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.