სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის გმირის, ალია (ალეკო) ბარადაველიძის მინი-მუზეუმი არსებობს, რომელიც 2022 წლის 1 ოქტომბერს, სოციალური პროექტის „აგვისტოს ომის გმირები“ ფარგლებში, გაიხსნა. პროექტის განხორციელების იდეა 2022 წლის 26 მაისს დაიბადა, როდესაც სენაკის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მე და ჩემმა მოსწავლემ, მარიამმა აგვისტოს ომის გმირის, თემურ ბოკუჩავას შვილი – ალექსი ბოკუჩავა და მისი დედა – მაიკო ცეცხლაძე-ბოკუჩავა გავიცანით. გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა პროექტი, რომელიც აგვისტოს ომის მათი თანასოფლელი და სენაკელი გმირების ცხოვრებას გააერთიანებდა. პროექტს აქტუალობა შესძინა იმ გარემოებამ, რომ აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებდნენ საქრთველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში არა მხოლოდ საკუთარი სკოლის კურსდამთარებულის, ალია ბარდაველიძის თავდადების შეფასებას, არამედ აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავას გმირობის ისტორიასაც გაიცნობდნენ.
ალია ბარდაველიძის მინი-მუზეუმის შექმნამ გააერთიანა თემი: ოჯახი, სკოლა, საზოგადოება. მინი-მუზეუმში წარმოდგენილი ისტორიები, რომელიც 22 ადამიანის მოგონებამ შეავსო, მოგვითხრობენ აგვისტოს ომის გმირის, ალეკო ბარდაველიძის ბავშვობას, მოსწავლეობას, სტუდენტობას, სამხედრო მოღვაწეობას… საჭირო ფოტო და დოკუმენტური მასალის შეგროვების პარალელურად, მომზადდა ალია ბარდაველიძის მემორიალური დაფა, ალია (ალიკო) ბარდაველიძისა და თემურ ბოკუჩავას ცხოვრებისა და გმირობის ამსახველი პრეზენტაცია, ბუკლეტი.
მინი-მუზეუმის გახსნის დღეს საზოგადოებას თემურ ბოკუჩავასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი შევთავაზეთ. ფილმში ოჯახის წევრები და თანამებრძოლები იხსენებენ ქართველ ჯარისკაცს, თემურ ბოკუჩავას, რომელმაც ყველა გრძნობაზე მაღლა სამშობლოს სიყვარული დააყენა და ორი თვის შვილი მეუღლეს დაუტოვა აღსაზრდელად.
ერთი კვირის განმავლობაში, სკოლის პირველ სართულზე, გაგრძელდა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ორივე გმირის ფოტოები, ალია ბარდაველიძის პირადი ნივთები; დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობდა თემურ ბოკუჩავას შვილის, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლის, ალექსი ბოკუჩავას მიღწევები, დიპლომებისა და სიგელების სახით. გარდა იმის , რომ ეს გამოფენა სიურპრიზი იყო თავად ალექსისათვის, მინდოდა საზოგადოებას ენახა, როგორ ასრულებს მაიკო ცეცხლაძე-ბოკუჩავა მეუღლის დაპირებას და სამშობლოს წარმატებულ მამულიშვილს უზრდის.
აგვისტოს ომის გმირებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სოფლის საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდნენ: გმირების ოჯახის წევრები – ალია ბარდაველიძის დედა ციური რობაქიძე, და ნათია ბარდაველიძე; თემურ ბოკუჩავას მეუღლე მაიკო ცეცხლაძე-ბოკუჩავა და შვილი ალექსი ბოკუჩავა; თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე, მაიორი გიორგი გიორგაძე, აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა და ამავე სკოლის მასწავლებელი ნარგიზ მიქაძე; სიმბოლური იყო ღონისძიებაში ალია ბარდაველიძის დისშვილების: ალეკო და ანასტასია ხომასურიძეების მონაწილეობა, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ გმირი ბიძის გზას.
ღონისძიებაზე მეოთხე კლასის მოსწავლემ, მარიამ გიორგაძემ წაიკითხა ჩემი ლექსი, რომელიც ასეთი ფრაზით მთავრდება: „…აგვისტოს ომის გმირი ალია, ჩვენი ყველასი მარად ვალია!“. დიახ, ალია ბარდაველიძის, თემურ ბოკუჩავას და მრავალი ქართველის თავგანწირვის წინაშე ჩვენ მარად ვალში ვიქნებით. მსგავსი პროექტები და მინი-მუზეუმი სკოლაში კი მხოლოდ მცირედია, რითაც პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპული გმირი ვაჟკაცების ხსოვნას…
დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს!