ნინო ჯინჭარაძე
აბიტურიენტთა მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც მოსწავლისთვის, ასევე ოჯახისთვის. ეს პროცესი გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მოითხოვს დროსა და მონდომებას, სასურველი შედეგის მისაღებად. სკოლის მოსწავლე, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში – უნივერსიტეტში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები რეპეტიტორებთან ემზადებიან, უფრო რომ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდების ჩაბარება დაბრკოლებების გარეშე შეძლონ. აბიტურიენტების ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ შვილების სრულფასოვანი განათლებისთვის, ზოგიერთი, ფინანსური უსახსრობის გამო, ქვეყანასაც კი ტოვებს და სამუშაოდ უცხო მხარეში მიემგზავრება.
მოსწავლეთა განათლების საკითხის შესწავლა და გადახედვა აუცილებელია. ამასთან ერთად, საინტერესოა თავად მომავალი სტუდენტების აზრი – რამდენად საფუძვლიანია მათი საბაზისო ცოდნა; ახერხებს თუ არა სკოლა მათთვის, თუნდაც საშუალო დონეზე, ცოდნის მიცემას; აფასებს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები მათ მიერ მიღებულ ზოგად განათლებას და არა კონკრეტული საგნის ცოდნას; რამდენად გამჭვირვალეა გარემო, სადაც ცოდნის ამაღლება უწევთ.
⇑⇓ საშუალოდ, რამდენს იხდის მშობელი ერთი აბიტურიენტის მომზადებაში და რამდენად ადეკვატურია რეპეტიტორთა ანაზღაურება
♦ თამარ მარგველაშვილი თბილისში მცხოვრები ორი აბიტურიენტის დედაა.
– ჩემი ორივე შვილი აბიტურიენტია, 7000 ლარს ვიხდი თითოეულის მოსამზადებლად, ჯამში – 14000 ლარს.
მასწავლებლები ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ ბავშვებმა შესაბამისი ცოდნა მიიღონ. ცხოვრება ძალიან გაძვირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია ჩემი შვილების წარმატება. ვფიქრობ, ადეკვატურია რეპეტიტორთა ანაზღაურება – ყველას შრომა უნდა დაფასდეს. მეც ვცდილობ გავუმკლავდე გადასახადებს.
♦ ია გაბაიძე ბათუმში ცხოვრობს. მას მიაჩნია, რომ აბიტურიენტთა მოსამზადებელი გადასახადი არაადეკვატურია.
– ჩემთვის მიუღებელია და არ ვფიქრობ, რომ ადეკვატურია რეპეტიტორებისთვის გაღებული თანხა, მით უმეტეს, საშუალო ხელფასის გათვალისწინებით. თვეში 3 საგანი (4-სა და 5-ზე აღარაფერს ვამბობ), მინიმუმ, 450 ლარი ჯდება. ვინც მეტ საგანში ემზადება, შესაძლოა, 900 ლარზეც ავიდეს. ეს ალოგიკურია და ძნელია ამ ყველაფერთან გამკლავება. შრომა ყველას უნდა დაუფასდეს. ზოგის საშუალო ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე ჩემი (1100) ან პირიქით, მაგრამ მე მაინც ასე მიმაჩნია.
♦ თიკო კერესელიძე აბიტურიენტის მშობელია ქუთაისიდან, ამჟამად იტალიაში ცხოვრობს.
– აბიტურიენტების მომზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ოჯახურ მდგომარეობასაც გააჩნია. საბოლოოდ, ამაზეა დამოკიდებული და ამის მიხედვით შეიძლება შეფასდეს გადასახადის ადეკვატურობა თუ არაადეკვატურობა. ჩემი შვილის რეპეტიტორთან მომზადება, ოთხ საგანში, 2000 დოლარი მიჯდება. ეს არ არის ცოტა, ბევრს არ აქვს ამის საშუალება, თუმცა მე მაქსიმალურად ვცდილობ, ეს ყველაფერი მარტივად აღვიქვა და გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა გამოცდები კარგად ჩააბაროს.
⇑⇓ რას ფიქრობენ აბიტურიენტები:
♦ გიორგი დუმბაძე ბათუმის №2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.
– რამდენად მნიშვნელოვანია რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად?
– ამ მომენტისთვის რეპეტიტორი აუცილებელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე არ უნდა იყოს. ბარიერისა და კონკურენციის ქულებისთვის რეპეტიტორი არ გამოდგება, მაგრამ საგრანტო ქულისთვის მომზადება ღირს, მაგრამ მთელი წელი ზედმეტია, მხოლოდ 1-2 თვე შეიძლება. თუმცა, რეპეტიტორს გააჩნია და ისიც ინდივიდუალურია, როგორ ასწავლის.
– ფიქრობთ, რომ მოსამზადებელი თანხა ადეკვატურია?
– ფასი, საშუალოდ, 150 ლარია და მეტი. ბათუმშიც კი, სადაც თბილისზე დაბალი ფასებია, 100 დოლარამდეც ადის გადასახადი. ჩემთვის სასაცილოა, რეპეტიტორში მეტი ფული რომ იხარჯება, ვიდრე გრანტი აფინანსებს.
– სკოლაში მიღებული ცოდნა საფუძვლიანია?
– სკოლას გააჩნია. მეტწილად, ის არ იძლევა საბაზისო მინიმუმს, რომელიც თუნდაც ეროვნულებს დააკმაყოფილებს. ამიტომაცაა მოთხოვნა რეპეტიტორებზე.
– რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ საბაზისო ცოდნა მიიღონ მოსწავლეებმა?
– სკოლა ვერაფერს იზამს, განათლების სამინისტრომ უნდა შეცვალოს სისტემა, რაღაცები შეასწოროს. იდეურადაც, ალტერნატიული გამოსავალი მათ უნდა ჰქონდეთ.
– ერთიანი ეროვნული გამოცდები მოსწავლის ზოგად განათლებას ამოწმებს თუ კონკრეტული პროგრამის ცოდნას?
– ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ კონკრეტულ ცოდნას ამოწმებს. გამონაკლისი ალბათ ქართულის ესსეა, სადაც ზოგადი განათლების კრიტერიუმია და ისიც სამქულიანი 34-იდან.
♦ ნუცა წერეთელი ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის №52 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ისიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
– რეპეტიტორი აუცილებელია, რადგან კონკრეტულ მიმართულებას გვაძლევს, ზოგს საერთოდ პროფესიის არჩევაშიც ეხმარება. უფრო სიღრმისეულად ვსწავლობთ. ჩემი მაგალითით ვიტყვი, რომ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, უფრო მონდომებული ვარ და მოტივაციასაც მმატებს, მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული.
მისი აზრით, მომზადება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სურს, ოჯახს ეს ყოველივე დაუფასოს. ნუცა სკოლის საბაზისო ცოდნისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებაც გვესაუბრება.
– საკმაოდ ძვირია გადასახადები, მინდა, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარო და ჩემს მშობლებს ამით გადავუხადო მადლობა, დავუფასო გაწეული შრომა, რასაც ამჟამად ჩემთვის აკეთებენ. რაც შეეხება საბაზისო ცოდნას, ეს ყველას სჭირდება. აბიტურიენტებს ყოველთვის ეხმარება გასულ წლებში ნასწავლი მასალა, მე პირადად ასე ვარ. თუმცა, სკოლა დიდ ცოდნას არ იძლევა, წლების შემდეგ, თუ ვინმე, ცნობისთვის, არ გადახედავს, მგონია, რომ არც გაახსენდება კონკრეტული საგანი. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ზოგად განათლებას აძლევდეს სკოლა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ამოწმებს ბავშვების ერუდირებასა და დროის კონკრეტულ მონაკვეთში იმ ცოდნის დაფიქსირებას, რომელიც მხოლოდ რომელიმე საგნის ცოდნას ასახავს. უფრო მოხერხებაზეა დამოკიდებული, ვინც მეტად სხარტია, მისი შედეგი მაღალია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სხარტად ვერ წერს, უცოდინარია.
♦ თეკლა თვარაძე ქუთაისის ი. ოცხელის სახელობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.
– როცა განათლების სისტემა მოწესრიგდება, მაშინ დალაგდება ყველაფერი. ჩემს სკოლაში, ამ კუთხით, კარგი სიტუაციაა, მაგრამ არის სკოლები, სადაც ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან ცოდნას, მასწავლებლების არაკომპეტენტურობის გამოც კი, ამიტომ ეს საკითხი მისახედია. სკოლა ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უმაღლესი შედეგი ვაჩვენოთ გამოცდებზე, ამიტომ რეპეტიტორი აუცილებელია, რათა გავიწაფოთ იმისთვის, რასაც ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა გვთხოვს. ფინანსებს რაც შეეხება, ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ჩემი ოჯახისთვის და ამის გამო დედაჩემი საზღვარგარეთ მუშაობს. სკოლა კომუნიკაციის კუთხით უფრო ანვითარებს ბავშვს, ვიდრე ზოგადი განათლების თვალსაზრისით. ბოლომდე რეპეტიტორთანაც კი არ არიან დარწმუნებულები თავიანთ თავში. ერთიანი ეროვნული გამოცდები კონკრეტული საგნის ცოდნას გულისხმობს, ზოგი იზეპირებს და გამოცდაზე ისე გადის, ამიტომ ეს გამოცდები არ ამოწმებს ზოგად განათლებას.
მშობლებისა და მოსწავლეების გარდა, ამ საკითხზე პედაგოგის აზრიც მნიშვნელოვანია. ისეთი რეპეტიტორებიც არსებობენ, რომლებიც თვლიან, რომ არ არის საჭირო მოსწავლის გადამზადება და სკოლა უნდა აძლევდეს მათ შესაბამის ცოდნას.
⇑⇓ რეპეტიტორის მოსაზრება
♦ თაკო ტატალაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ცხოვრობს. სწავლობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
– როგორც პედაგოგი, ფიქრობთ, რომ სკოლა საფუძვლიან განათლებას აძლევს მოსწავლეებს?
– სამწუხაროდ, სკოლა არ აძლევს ბავშვებს შესაბამის ცოდნას. რეპეტიტორი ეხმარება თითოეულ მათგანს გამოცდების ჩასაბარებლად, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს საჭირო. რასაც კერძო მეცადინეობა სჭირდება, ის შეიძლება სკოლაშიც ისწავლებოდეს. სკოლის მასალა ზოგჯერ ძალიან მწირია, თუნდაც გრამატიკა, ლიტერატურაშიც ასეა, რეპეტიტორი მოსწავლეს ამას დამატებით უხსნის. ბევრი მასწავლებელი მინახავს, რომელიც, გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად, „ორიფლეიმის“ ან „ეივონის“ ჟურნალს ფურცლავს. ამით არავის ვაკნინებ, ფაქტს აღვნიშნავ. აქედან გამომდინარე, ასეთი პედაგოგები ხშირად აფერხებენ მოსწავლის განვითარებას.
– რატომ გადაწყვიტეთ რეპეტიტორობა?
– ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. პირველ რიგში, მსიამოვნებს ბავშვებთან კომუნიკაცია. სკოლაში აღარ ვმუშაობ, გადავწყვიტე მოვამზადო ისინი. სულ რამდენიმე თვეა, რაც რეპეტიტორობა დავიწყე. წელს, პირველად, გავდივარ მასწავლების გამოცდაზე, რთული პროფესიაა და დიდ მზაობას მოითხოვს. ბავშვებთან ურთიერთობა მომწონს, ამიტომ მოვკიდე ხელი ამ საქმიანობას.
– ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად განათლებას ამოწმებს?
– უმეტესად, საგნის ცოდნაზეა ორიენტირებული. ქართული ენისა და ლიტერატურის ესსეს გარდა, თითქმის, არც ერთ სხვა საგანში არ ჩანს მოსწავლის ზოგადი განათლება, ამიტომ ეს გარემობა არასახარბიელოა.
მნიშვნელოვანია შეფასდეს სწავლის ხარისხი, სკოლის კვალიფიციურობა გულისხმობს მოწესრიგებულ განათლების სიტემას, რომელიც ბოლომდე ორიენტირებულია მოსწავლის ცოდნის ამაღლებასა და გაღრმავებაზე.