ელენე ძაგნიძე
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლა
ცხადია, ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, პრიორიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაა. უკვე მეორე წელია, დავდივარ 3 მასწავლებელთან – ქართულში, ისტორიასა და ინგლისურში. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო თითოეულ საგანში, რათა სასურველი შედეგი მივიღო.
საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ, რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია. ბევრ მათგანზე ინტერნეტიდან შევიტყვე, რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენელი კი ჩვენს სკოლაში იყო, რათა დეტალურად გაეცნო ჩვენთვის მათი სასწავლო პროგრამები, პირობები. გამიჭირდა სასურველი უნივერსიტეტის არჩევა (ალბათ, ისევე, როგორც ყველა ჩემს თანატოლს) იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ უნივერსიტეტი – რამდენად ერგება ის ჩვენს ინტერესებს და რამდენად შეგვიწყობს ხელს სასურველი მომავლის შენებაში. პირველ ნომრად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შევარჩიე, რადგან ჩემი ბევრი ნაცნობი სწავლობს იქ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (რომელზე ჩაბარებაც მსურს). მათი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ შესანიშნავი სწავლაა. გარდა ამისა, აქვთ გაცვლითი პროგრამებიც, რომლებმაც განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, ვინაიდან მსურს ცოტა ხნით ევროპაში სწავლა, იქაური კულტურის, ცხოვრების წესის გასაცნობად, რათა დაგროვილი ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. არ მქონია საშუალება, რომ ღია კარის დღეებს დავსწრებოდი, თუმცა სტუდენტებთან ერთად რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი, რამაც საშუალება მომცა, უშუალოდ მენახა სასურველი უნივერსიტეტები. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს სკოლაში ხშირად ეწყობოდა ინფორმაციული შეხვედრები აბიტურიენტებთან. ჩამოდიოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, გვიტარებდნენ პრეზენტაციას არა მარტო უშუალოდ თავიანთი სასწავლებლის შესახებ, არამედ ცალკეული ფაკულტეტების შესახებაც.
პროფესიის არჩევა მართლაც დიდი პრობლემაა. მინდა, რომ პოლიტიკოსი გამოვიდე, რადგან მინდა შევცვალო საქართველოში არსებული ვითარება. ვფიქრობ, ბევრი რამ გამოსასწორებელია და ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანას გამოვადგე. მეტწილად, სწორედ სკოლამ განსაზღვრა ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან, გარდა პროგრამული საკითხებისა, ჩემი მასწავლებლები გაკვეთილზე განიხილავდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით, ისტორიაში ნასწავლ მასალას განვიხილავდით დღევანდელ ჭრილში, რამაც ბიძგი და სურვილი მომცა, გამომესწორებინა ის, რაც აშკარად გამოსასწორებელი და შესაცვლელია.
ჩემს თაობაში პოპულარულია იურისტობა, ძალიან ბევრ მეგობარს სურს სამართალზე ჩაბარება და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია ამ ფაკულტეტზე. ჩვენს მუნიციპალიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ იურიდიული ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა ბევრი აბიტურიენტის არჩევანია, შემთხვევითი არაა. ამ სფეროებში საკმაოდ მაღალია ანაზღაურება, რაც განაპირობებს მათ აქტუალობას. ვერ ვიტყვი, რომ აბიტურიენტს სიღრმისეულად აქვს გააზრებული და გათავისებული არჩეული პროფესია. რასაკვირველია, შესაძლებელია დროთა განმავლობაში შეიცვალოს ჩვენი შეხედულებები, გადავაფასოთ ღირებულებები, თუმცა არც ეს არის პრობლემა. უამრავი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მრავალმხრივ განვვითარდეთ და საბოლოოდ, დავყაბულდეთ იმას, რაც მართლა გვსურს.
პროფესიულ სასწავლებლებზე მეტ-ნაკლებად ინფორმირებული ვარ. ჩვენთან, სკოლაში, იყვნენ საქნახშირის წარმომადგენლები, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.
რეპეტიტორთან ორი წელია ვემზადები. სამივე საგანი, ყოველთვიურად, 290 ლარი გვიჯდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ძალიან მომწონს ქართულსა და ინგლისურში, მაგრამ, ვფიქრობ, ისტორიაში ბევრად უფრო საინტერესო იყო გასული წლის, მოიცავდა ბევრ სხვადასხვა დავალებას და მრავალმხრივ შეგვეძლო გამოგვევლინა ცოდნა ღია დავალებებით, ახლა კი, ჩემთვის, მოსაწყენია ამდენი დახურული ტიპის დავალების კეთება.
ვფიქრობ, გრანტის მოპოვების შანსი მაქვს, რადგან ორი წელია მთელ გულს ვდებ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. იმედი მაქვს, რომ გამართლდება ჩემი მოლოდინი.
თეკლა ჩაკვეტაძე
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის №1 სასწავლებელი
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაში დიდი მონდომებით ვემზადები. საკმაოდ საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე ვარ და მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ჩემი დაუღალავი შრომა იყოს ნაყოფიერი და გამოცდებიც ჩემთვის სასურველი შედეგით დასრულდეს. მთავარი მოტივაცია ხომ წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია, ასე თუ ისე, მქონდა, მაგრამ არა ყველაზე, რამაც უნივერსიტეტის არჩევის პროცესი საკმაოდ გაწელა და გაართულა. ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორი გარემო და იქ არსებული პირობები, რომელიც უფრო მარტივს და საინტერესოს გახდის ახალ გარემოსთან შეგუებას. ბევრი ფიქრის შემდეგ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ავირჩიე, მაგრამ ამაში საბოლოოდ დარწმუნებული არ ვარ, მოსალოდნელია ცვლილებებიც, რასაც ქულების გამოქვეყნების შემდეგ გადავწყვეტ. უნივერსიტეტის არჩევა მოხერხდა რეიტინგითა და იქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების გათვალისწინებით, გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებითა და დასაქმების პერსპექტივით, გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მივიღე, რადგან ვფიქრობ, ყველაზე უკეთ მე ვიცი რას ვეძებ სამომავლოდ.
სამწუხაროდ, ღია კარის დღეებს არ დავსწრებივარ, თუმცა ჩანაწერებს ვუსმენდი და ვკითხულობდი. ვიგებდი მეტ ინფორმაციას, თუ რა სჯობს იცოდეს აბიტურიენტმა. მომრავლდა სპეციალობები, ამიტომ არჩევანის გაკეთება აბიტურიენტებისთვის რთულია, მე ფსიქოლოგია ავირჩიე. ფსიქოლოგიით დაინტერესებული ვარ წლებია და ეს არჩევანიც, შესაბამისად, დიდი ხნის წინ, დამოუკიდებლად მივიღე. ვეცნობოდი ინფორმაციებს ამ პროფესიის შესახებ, ვიღებდი რჩევებს სტუდენტებისგან, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ ფაკულტეტზე, ვკითხულობდი ფსიქოლოგიურ წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს და ყველაფერს, რაც ამ თემას ეხმაურებოდა. ასევე, აუცილებელია ადამიანი რამით დაკავშირებული იყოს მის მომავალ პროფესიასთან, მგონია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიაც ამ პროფესიაში ვიქნები.
აბიტურიენტთა უმრავლესობა პროფესიას გაუაზრებლად ირჩევს, რისი ბევრი მაგალითიც მაქვს გარშემო. სამწუხაროა, რომ არც ისე ხშირია შესაძლებლობა, მეტად იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების შესახებ. ეს რომ არა, დარწმუნებული ვარ, თითოეული აბიტურიენტი საკუთარი საოცნებო პროფესიით ისწავლიდა.
ჩემი კლასელებიდან, სწავლის გაგრძელებას ყველა უნივერსიტეტში აპირებს. რეპეტიტორთან მომზადებას რაც შეეხება, ვეცადე თავი შემეკავებინა. ვაპირებ ჩავაბარო სამი საგნით, გამოცდებისთვის კი ვემზადები კერძო სკოლაში, სადაც მასწავლებლები დაუღალავად ცდილობენ მომაწოდონ მეტი ინფორმაცია და მიმაღებინონ ის განათლება, რაც გამოცდების კარგად ჩაბარებაში დამეხმარება. რეპეტიტორთან მომზადება საკმაოდ დიდ დროს წამართმევდა და, ამავდროულად, ფინანსურადაც საკმაოდ რთული იქნებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლას ოქროს მედალზე ვამთავრებ, ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინები დიდი მაქვს ან არ მაქვს. სტრესული პერიოდიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საკმაოდ განვიცდი და ზოგჯერ გრანტს არც კი განვიხილავ. მოტივაციის მოზღვავების შემდეგ კი, ზოგჯერ, დადებითი განწყობითაც ვარ. საბოლოოდ, ვიმედოვნებ, ჩემი 12-წლიანი შრომა დამიფასდება და სათანადო შედეგს მივიღებ.
ბიჭიკო ქონიაშვილი
სსიპ ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის საჯარო სკოლა
მაქსიმალურად მობილიზებული ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, უნივერსიტეტის არჩევა რთული აღმოჩნდა, რადგან არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. საბოლოოდ, დამოუკიდებლად, პირველ ნომრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ავირჩიე (BTU). მათ მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები, უნივერსიტეტის გარემო, სწავლების მეთოდიკა აკმაყოფილებს ჩემს არჩევანს – კომპიუტერული ტექნოლოგიები, სწორედ ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ თავს, რადგან ბავშვობიდან მიდრეკილება და დიდი ინტერესი მაქვს ტექნოლოგიების მიმართ.
ჩემ თაობაში საკმაოდ პოპულარულია კომპიუტერული ტექნოლოგიები, ასევე, სამართალმცოდნეობა, ციფრული მარკეტინგი და სხვა ტექნოლოგიური პროფესიები.
ჩემი კლასიდან 90% სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებს, ხოლო დანარჩენი პროფესიულ განათლებას ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება რეპეტიტორთან მომზადებას, დიახ, მე ვემზადები 3 საგანში, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება, მომზადება კი, დაახლოებით, 300 ლარი ჯდება.
ერთიანი ეროვნულების გამოცდის მოდელი მომწონს და არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი მასში. თანამედროვეობაზე მორგებულია. დიდი იმედი მაქვს და ყველანაირად ვეცდები გრანტის მოპოვებას.
თებრონია ლომსაძე
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. სკოლა-ინტერნატი
როგორ ვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის? ალბათ ისე, როგორც ყველა აბიტურიენტი – თავდაუზოგავად, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი. ინტერნეტსივრცე გვაძლევს საშუალებას, მოვიძიოთ ინფორმაცია ნებისმიერი უნივერსიტეტის შესახებ, თუმცა არჩევნის გაკეთება საკმაოდ რთულია. მრავალშვილიან ოჯახში მე-5 ბავშვი ვარ, შესაბამისად, ჩემი უფროსი დედმამიშვილების გამოცდილება დამეხმარა. ამავდროულად, ვცდილობდი, ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ ნებისმიერი შესაძლო წყაროდან მიმეღო. ძიების პროცესში მივხვდი, რომ განზოგადებულად უნივერსიტეტის ძებნა არ გამომადგებოდა, ასე რომ, ძიება უშუალოდ იმ ფაკულტეტების განხრით გავაგრძელე, რომლებიც ჩემი ინტერესის საგანს წარმოადაგენდა.
ვინტერესდებოდი და ვესწრებოდი სხვადასხვა უნივერსიტეტის ღია კარის დღეებს. არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერისიტეტზე შევაჩერე. დამეთანხმებით, პროფესიის არჩევა ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა საბოლოოდ შევძელი, ჩემი ინტერესები, ხასიათი და სურვილი ერთმანეთთან შემეთანხმებინა და მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი ავირჩიე.
პროფესიის არჩევისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ინტერესთან ერთად დასაქმების პერსპექტივაც უნდა გაითვალისწინო. ვფიქრობ, ინფორმაციის დეფიციტი ჩემი თაობისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მთავარია, ეს ინფორმაცია კარგად გაიაზრო და მსჯელობის შედეგად მიხვიდე გონივრულ დასკვნამდე. მართალია ჩემი თაობისთვის ბევრად უფრო პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია სფერო, რომელშიც უკეთ წარმოვაჩენ თავს. ვფიქრობ, ჩემს თვითრეალიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს სკოლას.
რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, საკმაოდ ინფორმირებული ვარ მათ შესახებ. ჩემმა ორმა ძმამ, უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, ჩვენს რაიონში არსებული პროფსასწავლებელიც დაამთავრა.
იმის და მიუხედავად, რომ სკოლა საკმაოდ ჩართულია აბიტურიენტების მომზადებაში, რეპეტიტორებთან მომზადება მაინც დამჭირდა, ვინაიდან საჭიროა დიდი მასალის გადამეორება. რაც შეეხება უცხო ენას, ვფიქრობ, მომზადება არასდროსაა ზედმეტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი, სავსებით მისაღებია ჩემთვის. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ გამოცდები უფრო მეტად გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვს, ვიდრე თეორიულ ცოდნას.
გრანტს რაც შეეხება, მისი მოპოვება ნებისმიერ მოწადინებულ აბიტურიენტს შეუძლია, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, გამოცდებს წარმატებით დავძლევ.
ნათია ჯანაშვილი
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფ. სამრეკლოს საჯარო სკოლა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მიზნისკენ სავალი გზა და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრა, რა თქმა უნდა, მოითხოვს შრომისმოყვარეობას. რაც შეეხება უნივერსიტეტის არჩევას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე შევაჩერე, რადგან ჩემს სურვილებზე და მოთხოვნილებებზეა მორგებული. ცხადია, დღეს პროფესიის არჩევა გარკვეულ სირთულეს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობების მრავალფეროვანი არჩევანია, ეს კიდევ უფრო გაბნევს. ჩემი აზრით, წარმატებული იქნები იქ, სადაც შენს თავს ყველაზე მეტად ხედავ, მოგწონს და გიზიდავს. არსებობს გამოთქმაა, რომელიც ძალიან მომწონს: „აირჩიე სამსახური, რომელიც გიყვარს და ცხოვრებაში არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა“.
ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლას. სკოლა ის დაწესებულებაა, სადაც ხდება სრულფასოვანი და დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელს, ქალბატონ ნინო დევრისაშვილს, რომლის პროფესიონალიზმის წყალობით ვგეგმავ გავხდე ბიოლოგი.
რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, ვფიქრობ, შესანიშნავი შანსია მათთვის, ვისაც არ სურს სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, სურვილის მიხედვით აირჩიოს სპეციალობა და დაეუფლოს მას.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯი, სადაც უამრავი ადამიანი იღებს პროფესიულ განათლებას. ჩემი კლასელების უმრავლესობა უმაღლეს სასწავლებელს ირჩევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი პროფესიულ სასწავლებელზეც შეაჩერებს არჩევანს.
რეპეტიტორ მასწავლებლებთან მეცადინეობას რაც შეეხება, დღეს ნამდვილად აქტუალურია, სკოლის გარდა, დამატებით მომზადება. თამამად ვიტყვი, რომ ჩემი მასწავლებლები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ გაკვეთილზე და ნებისმიერ გამოცდაზე გასვლა სკოლიდან მიღებული ცოდნით საკმარისია. თუმცა ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი ჩემთვის მისაღებია. ის გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები. ვფიქრობ, კარგად ვარ მომზადებული ეროვნული გამოცდებისთვის, ვეცდები საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო და სახელმწიფო გრანტი მოვიპოვო.
დაბოლოს, წარმატებას ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს და ვურჩევ არ ინერვიულონ, რადგან მთავარია მონდომება და მიზნისკენ უწყვეტი სწრაფვა. მეტიც – მოსწავლეობა, და განსაკუთრებით აბიტურიენტობა, ყველაზე ტკბილად გასახსენებელი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.