როგორ შეაფასებდით 2021 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველად შედეგებს, განსხვავებულია თუ არა წინა წლებთან შედარებით?
ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ გამოცდების შედეგების სტატისტიკური და ექსპერტული ანალიზის შემდეგ გვექნება, თუმცა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობა სათანადოდ მომზადებული მოვიდა გამოცდაზე. 2021 წლის საგამოცდო ტესტები იმავე სირთულისა იყო, როგორიც 2020 წელს, ამდენად, შედეგებიც ისეთივე იქნება.
პირველადი მონაცემებით რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი?
პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 94%-მა.
დაიწერა თუ არა წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა?
6 საგამოცდო სესიაზე გვაქვს მაქსიმალური შეფასება, კერძოდ, 17 აბიტურიენტის ნაშრომი შეფასდა 70 ქულით, რაც ძალიან გვახარებს.
ყველაზე მეტად რომელი დავალების დაწერა გაუჭირდათ აბიტურიენტებს? რომელი ვარიანტი დასახელდა შედარებით რთულად ან მარტივად?
წინა წლების მსგავსად, წელსაც აბიტურიენტებს შედარებით გაუჭირდათ მხატვრული ტექსტის ანალიზი. რაც შეეხება ვარიანტების სირთულეს, ამაზე პასუხი გვექნება მოგვიანებით, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ.
რას ურჩევთ აბიტურიენტებს, რა შემთხვევაში გაასაჩივრონ მიღებული ქულა ან რას უნდა მიაქციონ ყურადღება სააპელაციო განაცხადის შევსების დროს?
აბიტურიენტებს ვურჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს და გულდასმით წაიკითხონ საკუთარი ნაშრომი. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მიღებული შეფასება არ შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს, შემოიტანონ სააპელაციო განაცხადი. ამასთან, უნდა მიუთითონ არა მთელი ტესტი, არამედ კონკრეტული დავალება ან დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებიან. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება, ამიტომ შესაძლოა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას ქულები როგორც მოემატოს, ისე დააკლდეს კიდეც.