28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

აბიტურიენტების კითხვებს პასუხობს სოფიო გორგოძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი 

spot_img

⇑⇓ სოფიო გორგოძე: მივესალმები აბიტურიენტებს, ყველა სხვა გამოსაცდელს და წარმატებებს ვუსურვებ ზაფხულის გამოცდებზე. 3 ივლისს ვიწყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამ ეტაპზე სამზადისი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული. ჩვენ ღია კარის დღეები გვქონდა, ნოემბრიდან მოყოლებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითად კითხვებზე პასუხები გაცემულია, თუმცა, მზად ვართ, თუ რაიმე ისეთი კითხვა დარჩა, რაც აინტერესებთ აბიტურიენტებს, ვუპასუხოთ.

⇓ თუ ID ბარათს გაუვიდა ვადა და აღდგენას ვერ ვახერხებთ, შეიძლება თუ არა გამოცდაზე გასვლა მართვის მოწმობით ან პასპორტით?

რა თქმა უნდა, პასპორტით შეგიძლიათ მობრძანდეთ და გახვალთ გამოცდაზე. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და არც პასპორტი აქვს, აუცილებლად დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე – 47 33 33 და დავაკვალიანებთ, როგორ უნდა მოიქცნენ.

⇓ ჩვენი პირადი ინფორმაცია, გამოცდებთან დაკავშირებით, ახლა, განრიგთან ერთად, უნდა დადებულიყო  თუ შემდეგ ცალკე დაიდება? როდის განთავსდება ეს ინფორმაცია?

სავარაუდოდ, აბიტურიენტი დაინტერესდა ე.წ. საგამოცდო ბარათით, რომელიც მათ პირად გვერდზე აისახება 20 ივნისის შემდეგ. რა თქმა უნდა, მედიითაც გავავრცელებთ ამ ინფორმაციას. ამ ბარათზე დატანილია ზუსტი მისამართი საგამოცდო ცენტრის და ზუსტი დრო, როდის უნდა გამოცხადდნენ, რომელ სესიაზე (მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დილის სესიები და შუადღის სესიები) – დილის სესიისთვის რეგისტრაცია დილის 8 საათზე იწყება, შუადღეზე – 2 საათიდან. ასევე, თუ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ატესტატის მოტანა, ესეც მინიშნებულია ამ საგამოცდო ბარათზე. სხვათა შორის, ძალიან ხშირად გვეკითხებიან, ატესტატი გვჭირდება თუ არა – მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება ეს ინფორმაცია.

20 ივნისის შემდეგ უკვე ეს აისახება მათ პირად გვერდზე, შეუძლიათ ამობეჭდონ და აუცილებლად თან უნდა იქონიონ, პირადობასთან ერთად, როცა მობრძანდებიან საგამოცდო ცენტრში.

⇓ როგორია სტატისტიკა, ბევრია მსურველი?

დიახ, 45 ათასზე მეტი, რაც რეკორდული რაოდენობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში.

⇓ რა უპირატესობა გვაქვს 2 არჩევითი საგნის ჩაბარებისას და როგორ აისახება გრანტზე დამატებითი საგნების ჩაბარება?

თუ ორ არჩევით საგანს ჩააბარებ და მეტად დაიხარჯები, ცხადია, უპირატესობები არის. ამ შემთხვევაში, მაგალითად, გრანტის გამოთვლა ხდება სამი საგნით და ვიცით, რომ ქართული და უცხოური ენა სავალდებულო საგნებია, მესამე საგანი ნუსხიდან უნდა ამოირჩიოს აბიტურიენტმა, რა თქმა უნდა, ის, რაც უნივერსიტეტისთვის და კონკრეტული პროგრამისთვის არის მისაღები. თუ მესამე საგანი ავირჩიე ისტორია და ასევე, ავირჩიე მათემატიკაც, ჩემი გრანტის საკითხი განიხილება როგორც ისტორიით, ასევე მათემატიკით. რომელი ქულითაც მეტი გრანტის გაცემის საშუალება გვექნება, ვთქვათ, ისტორიით იღებს 50%-იან გრანტს, მათემატიკით – 70%-იანს, ამ შემთხვევაში, მათემატიკით გავცემთ გრანტს, რომ უფრო კარგი იყოს აბიტურიენტისთვის. ეს ყველაფერი მორგებულია აბიტურიენტებზე.

⇓ ტექნიკურ საგნებთან დაკავშირებით თუ არის რაიმე რჩევა

განსაკუთრებული ცვლილებები ტესტის ფორმატში არ არის. თუ რაიმე აინტერესებთ აბიტურიენტებს და ღია კარის დღეს ვერ დაესწრნენ, აუცილებლად შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე, ნახონ კრებულები, თითოეულ საგანთან დაკავშირებით, როგორია ტესტის ფორმატი, რა არის ხშირად დაშვებული შეცდომები და ვფიქრობ, კარგი იქნება, კიდევ ერთხელ გადახედონ წინა წლის ტესტებს და ამ კუთხით მოემზადონ.

⇓ რას ნიშნავს კოეფიციენტი?

ზოგადად, ყველა ეს დეტალური ინფორმაცია მოცემულია „ცნობარში აბიტურიენტებისთვის 2023“ და თუ აქამდე არ გაეცნენ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ აბიტურიენტები. აქვე არის კოეფიციენტის შესახებ ინფორმაცია, ანუ ყველა პროგრამა (უნივერსიტეტის თითოეული პროგრამა) თითოეულ საგანს ანიჭებს კოეფიციენტს, რაზეც შემდეგ მრავლდება მიღებული ქულა. თუ ჩემი პროგრამისთვის, მაგალითად, ქიმია ძალიან მნიშვნელოვანია, და კოეფიციენტების ჯამია, დავუშვათ, 12, აქედან ქიმიას მივანიჭებ, ვთქვათ,  9-ს, დანარჩენს – 3-ს, ანუ რომელ საგანსაც უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იმ საგანში უფრო კარგი მოსწრება გვქონდეს, რომ ჩვენი ჩარიცხვის შანსები გაიზარდოს.

⇓ შემთხვევები, რომლის გამოც შიძლება აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნას

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე კარგად დავაკვირდეთ სად უნდა მივიდეთ და რა დროს უნდა მივიდეთ. კარგად დავაკვირდეთ მისამართს. თუ არასდროს არ ყოფილხართ იმ მისამართზე, არ იქნება ურიგო, თუ წინა დღეებში მიხვალთ და ნახავთ, რა დრო გჭირდებათ იქ მისასვლელად. ვიცით, რომ მუდმივად საცობებია და დაგვიანება კი ძალიან პრობლემურია იმიტომ, რომ დაგვიანებულ აბიტურიენტებს, სამწუხაროდ, ვერ ვუშვებთ გამოცდაზე. ამიტომ,  ჩემი პირველი რჩევა არის, არ დაიგვიანოთ. მინდა გითხრათ, რომ დაგვიანება ხშირად იმატებს მესამე გამოცდაზე. პირველ გამოცდაზე მოვიდა, მაგალითად, აბიტურიენტი დილის 8 საათზე, სანამ რეგისტრაცია გაიარა, ერთი საათის მერე დაიწყო გამოცდა, მეორე გამოცდაზეც ანალოგიურად მოხდა და მესამეზე ფიქრობს, რომ წინა გამოცდებზე მაინც ადრე მივედი და ცოტა გვიანაც მოვასწრებ და აგვიანებს. არ მინდა, რომ ეს შეცდომა დაუშვათ, ჯობია, ადრე მივიდეთ, ყველა ეს პროცესი წყნარად და მშვიდად გავიაროთ და არ დავაგვიანოთ.

მეორე, არაფერი არ უნდა შეგვყვეს გამოცდაზე – ელექტრონული მოწყობილობა, ის, რაც აკრძალულია და ის, რაც შეიძლება ე.წ. „შპარგალკად“ ჩაითვალოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს დაცვა, რომელიც საფუძვლიანად ამოწმებს აბიტურიენტს, ასევე ვახსენებთ გამოცდის დაწყების წინ, ხომ არაფერი შემოგყვათ. გამორთულ მდგომარეობაშიც რომ აღმოვაჩინოთ ასეთი მოწყობილობა, სამწუხაროდ, მაინც მოიხსნებიან გამოცდიდან.

⇓ გამოცდის ხანგრძლივობა

გამოცდის ხანგრძლივობა, ყველა გამოცდის შემთხვევაში, სხვადასხვაა – შეიძლება ორსაათ-ნახევარი, სამი საათი, ოთხ საათამდეც კი იყოს. რა თქმა უნდა, ამის შესახებ წინასწარ იციან აბიტურიენტებმა, ეს ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოცდაა ქართულის გამოცდა.

⇓ ვიცით, რომ მზის სათვალით აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება, მაგრამ მხედველობის სათვალე, რომელსაც შედარებით მუქი ფერის მინები აქვს, დასაშვებია?

მზის სათვალე არ დაიშვება, მხედველობის სათვალე, რომელიც მუქი ფერისაა, უნდა შეამოწმოს ჩვენმა კომპეტენტურმა დაცვამ და შესაბამისად გადაწყვეტენ, თუ, რა თქმა უნდა, ის მხედველობისაა. ჩვენ ექიმიც გვყავს თითოეულ საგამოცდო ცენტრში. კარგი იქნება, აბიტურიენტებმა ისეთი მოწყობილობა არ მოიტანონ, რომ ძალიან ბევრი შემოწმება დასჭირდეს და დრო დავკარგოთ ამაზე.

⇓ რა უნდა ჰქონდეთ თან

წყალი, ოღონდ პატარა ბოთლით და არა დიდი (ასეთი შემთხვევებიც გვქონდა, 3-ლიტრიანით რომ გამოცხადდა აბიტურიენტი). წყალი საგამოცდო ცენტრებშიც გვაქვს, მაგრამ თუ აბიტურიენტს უნდა თავისი წყალი, როგორც წესი, მოაქვთ. დასაშვებია პირადი ჰიგიენის ნივთები, მაგალითად, ხელსახოცი ან თუ ვინმეს მედიკამენტის მიღება სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს წინასწარ უნდა გვაცნობოს (გვაცნობებენ კიდეც) და, ამ შემთხვევაში, პრობლემა არ არის. დანარჩენი ყველაფერი უნდა ჩააბარონ გამოცდაზე შემოსვლის წინ იქ, სადაც არის ნივთების ჩაბარება.

გადაცემა „შუადღე“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები